მაშო რომ აყვანილი იყო, მთელმა კაკლიანმა იცოდა.

შავლაყაძეების უშვილო ოჯახის თავიკაცმა ივანე შავლაყაძემ, მანეთობისას, ქალაქიდან სოფლად სულ რაღაც რამდენიმე დღის მაშო ამოიყვანა და წყაროსთავზე შეყრილ თანასოფლელებთან შეჩერდა.

– ვაიმე!!.. შენია მაგ ბავშვი, ივანე?.. – გულზე მიკრული თოთობავშვიანი ქმრის დანახვაზე ძალიან დაიბნა ელენა.

– შეხედე, როგორი კაკლი-მურაბა თვალები აქ!.. – თითქოს ყველას ერთდროულად ჩაუკრა თვალი ივანემ. – ქალაქის სანაგაოზე ვიპოვე გადაგდებული!.. ნაგავს გავს ეხლა ეს, იქ რო დამეტოებინა?

წყაროსთან შეყრილი სოფლელები ვერაფრით მიხვდნენ ხუმრობდა თუ სიმართლეს ამბობდა ივანე, მაგრამ მაინც ყველამ ფართოდ გაიღიმა. კაკლიანში ივანეს უწესიერეს კაცად იცნობდნენ და მისი ნებისმიერი სიტყვის გადაუმოწმებლადვე სჯეროდათ.

ამასობაში ელენაც მოვიდა გონს, ქმარს ბავშვი ფრთხილად ჩამოართვა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.

 

* * *

 

მთელმა კაკლიანმა ქინქლებიანი ღვინის ყლურწვითა და გაწევ-გამოწევის გარეშე აღნიშნა შავლაყაძეების ოჯახის შვილიანობა. ეგ კი არა, შუა ქეიფისას, შავლაყაძეების ეზოში პაწია მაშოსთან ერთად ელენა გამოვიდა, სამკერდე შეიხსნა და მკლავისხელა ჩვილს ყველას თვალწინ ბედნიერი სახით მოაწოვა ურძეო მარცხენა ძუძუ.

– უკვე ჩემი სუნი ასდის!.. – უბრწყინავდა აცრემლებული თვალები ჩვილჩახუტებულ ელენას.

 

კაცები განზე იხედებოდნენ, ქალებს უბრალოდ  ღაწვები  შეფაკვლოდათ,  ივანე  შავლაყაძემ კი ერთი თქვა:

– დედალმაშო  იყოს, ვინც  ჩვენ მაშოს  რამე ავნოს!

იმავ საღამოს მეზობელმა ქალებმა ივანეს „ბორჯომის“ შუშის ბოთლებით ახალმოწველილი თბილი რძე გადმოუტანეს. ივანემ და ელენამ ერთად ჩაუდეს ბავშვს პირში საწოვარა და მერე სამივეს ერთად ჩაეძინა.

 

* * *

 

მაშო თანატოლებისგან განსხვავებით სიმაღლეში ძალიან ნელა იზრდებოდა და აყვანიდან მერვე წელიწადს სამი წლის ბავშვივით გამოიყურებოდა. რიგიანად არც მერე წასულა სიმაღლეში: ოდნავ წამოიჩიტა და დარჩა ეგრე, ადამიანის მსგავსი თოჯინასავით.

– სიმაღლეში ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები! – სოფლის წყაროსთან სიტყვით გამოდიოდა ხოლმე სოფლის ვეტერანი ფიზკულტურისტი ვაჟა შერმადინი და რაღაც გაყვითლებულ ქაღალდებს აფრიალებდა. – A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი! B ვიტამინები ბევრია ნიგოზში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში!

– კვერცხის გული ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე? – ლაზღანდარობის ხასიათზე იყო ვიღაც.

– ორგანიზმის სიმაღლეში ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება! – აშკარად ნაბახუსევზე იყო სოფლის ვეტერანი ფიზკულტურისტი.

– რამდენში ზიხარ, ვაჟა უფროსო? – ეცინებოდა კიდევ უფრო ვიღაცას.

– გარდა ამისა, გირჩევთ იაროთ ბაყაყურ ცურვაზე და ხშირ-ხშირად აკეთოთ ზემოთკენ წახტომები, რათა მიწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს! – თავისას მიერეკებოდა და ხელაშვერილი ადგილზე ხტოდა სოფლის შეზარხოშებული ვეტერანი.

– გამოუტანეთ ამას რაიმე უფრო გრადუსიანი, თორემ შემოვეზარდეთ ხელში ყველა! –

მწარედ ეღიმებოდა ივანე შავლაყაძეს.

 

ივანეც და ელენაც მაშოს სიდაბლეს იმდენად განიცდიდნენ, რომ შავთმიანები მალევე გაჭაღარავდნენ. ელენა უცებ მოტყდა, ივანემ კი დარდისგან ყოველდღიურ სმას მიჰყო ხელი და თოვლისფერი თმა უკანასკნელ ღერამდეც დაცვივდა.

– აწი შენ ხარ ივანე ფანტომასი! – ამხნევებდნენ დაელმებული თანასუფრელები ივანეს სოფლის დუქანში.

– ეგ რომელი? – იუმორის გრძნობა არასდროს ღალატობდა ივანე შავლაყაძეს. – ფანტომას რაზბუშევალსა?

– არა, კაცო!.. ფანტომას სნიმაეტ მასკუ!

ივანე შავლაყაძე მაშოზე დარდს უფრო გადაჰყვა, ვიდრე სმასა და ასაკს. კაკლის კუბოში ჩასვენებული მთელმა სოფელმა გულიანად გამოიტირა. ყველაზე ხმამაღლა პატარა მაშო მოთქვამდა, რომელმაც მამობილს კუბოში თავისი ხელით მოწყვეტილი სამი მწვანე კაკალი ჩაატანა და უკეთესი სამყაროსკენ კეთილი მგზავრობა უსურვა.

 

* * *

 

მაშო ბავშვობიდან ყველას აოცებდა. ეს საოცრად ტანმორჩილი გოგო ჭკუა-გონებითა თუ შეგნებით უფროსებს ხომ ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა, თანატოლებს კი საერთოდაც ყველაფერში უსწრებდა.

ყოველი მეზობლის კარ-მიდამო უამრავჯერ მიელაგებინა მაშოს და სოფლის ყოველი მოსახლის ეზოს ხეხილიც ზეპირად იცოდა, ვინაიდან არაერთხელ გაეკრიფა მასპინძლისავე თხოვნით; სხვებისთვის პურსა ან წყალზე წასვლა-მოტანაც არასდროს დაზარებია, და ეტყობოდა, რომ საკუთარ პაწაწინა მუშტზე ბევრად დიდი გული უცემდა საგულეში.

დრო გადიოდა, თუმც ამის მიუხედავად, მაშოს გოგოდ მაინც ვერავინ აღიქვამდა – სოფლისთვის ის ხან სათამაშო იყო და ხანაც ცოცხალი თოჯინა. მისი წარმომავლობის შესახებ ივანე შავლაყაძის სიკვდილის შემდეგაც არ დაუძრავს არავის სოფელში კრინტი. მაშომაც კაი ხანს არაფერი იცოდა, და საკუთარ სიდაბლესა თუ სიმაღლეზე იქამდე არ უდარდია,   ვიდრე  წყაროსთან   მცხოვრები   ზურიკო   სიხარულიძე   არ    შეუყვარდა სიგიჟემდე.

 

1 2 3 4