***

 

მაშო ზურიკოს მენჯამდე წვდებოდა, მისი ყველა ნაბიჯი იცოდა და მის ნაკვალევს ტალახიან თუ გვალვიან ამინდში ერთნაირად გამოარჩევდა. ზურიკოს მზერას რომ დაიჭერდა, მის დასანახად ადგილზევე თავის გამოგონილი ცეკვის შესრულებას იწყებდა. გაბადრული ზურიკო ამის დანახვაზე მაშოს ხელში იყვანდა და ჰაერში რამდენჯერმე

„ჰოპლათი“ ისროდა. მერე კისერზეც შემოისვამდა და ასე მოატარებდა მთელ კაკლიანს. მაშო ზურიკოს ამ დროს კეფაზე ნაზად ეფერებოდა და ხანდახან თმასაც უყნოსავდა.

– რას მსუნავ, გოგო? – ეცინებოდა ზურიკოს. – ყვავილი კი არ ვარ!..

– მამას სუნი გაქ შენ! – თვალდახუჭული პასუხობდა ბედნიერი მაშო.

 

***

 

ზურიკო სიხარულიძე სოფლის ყველაზე ჭკუატანადი ბიჭი იყო და სოფლისვე ყველა გასათხოვარ თუ გაუთხოვარ გოგოს ორივე თვალი ჰქონდა მასზე დადგმული. ამ მხრივ ყველაზე მეტად სოფლის კეკლუცი მარინა აქტიურობდა, რომელსაც არა მხოლოდ ზურიკოს ბაღ-ბოსტანი ჰქონდა საკუთარი ზურგით ბევრჯერ ნატკეპნი, არამედ საეჭვოდ მუხლისთავებდაწითლებულიც ხშირად დაიარებოდა კაკლიანის ორღობეებში ყინჩად.

– მერე? – ეღიმებოდა კისერზე შემომჯდარი მაშოს ნათქვამზე ზურიკოს.

– არ გინდა ჩემი თვალების კაკლის მურაბა მოგიხარშო?

ზურიკო მალევე მიუხვდა პაწაწინა მაშოს გულის უცნაურ რაკა-რუკს.

ერთი კვირით სახლში გამოკეტილმა იმაზე მეტი ვერაფერი მოიფიქრა, რომ ერთხელაც სოფლის კეკლუცი მარინა სოფლის განაპირას მდგარ კაკლებთან დაიმარტოხელა და უთხრა:

– მაშოს გულს ვერ გავუტეხავ მე!

– პირდაპირ თქვი, რა ჯანდაბა გინდა?! – უცებ დაინაოჭა შუბლი მარინამ.

– ცოლად უნდა გამომყვე, რომ დამივიწყოს და გულიდან ამომიგდოს!.. მამამისი ივანე და მამაჩემი უჩა ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ და არ გამოვა სხვანაირად! თან შენც გზაზე დადგები, რომ ხარ გადასაწოდებელი პაპიროსივით!

– მამამისი ივანე კი არა!!.. ვითომ არ გახსოვს, ქალაქის სანაგაოზე მიგდებული და ჩვენი სოფლის აყვანილია როა ეგ ჩემის ლილიპუტი!.. და ზუსტად ეგ გიტყდება, ეგეთი რომაა,

 

თორეეე!!.. – აიწია კაკლის ქვეშ მჯდომმა მარინამ ჭრელი კაბა და  აღმოჩნდა,  რომ  კაბის ქვეშ საერთოდ არაფერი ეცვა.

ამის გაგონებაზე უცებ აძაგრულმა ზურიკომ კეკლუც მარინას ჯერ სილა გააწნა,  მერე ზეზე წამოაგდო, კაკლის ხეზე ხელისგულებით მიაყუდა და შუა თითით იმდენ ხანს და ისეთი უქნა, რომ იმ კაკალს მერე და მერე მორეკვა აღარ დასჭირვებია.

ის კი არ იცოდა არცერთმა, რომ ზურიკოზე ყურებამდე შეყვარებული მაშო ამ დროს სწორედ იმ კაკლის ხის კენწეროზე იჯდა, ყველაფერი ესმოდა და ცოტა დააკლდა გულგადამწვარს, მიწაზე რომ არ გაადინა ზღართანი.

იმ შუაღამით ისედაც აცრემლებული მაშო მარჯვენა ხელის შუა თითის საზარელმა ტკივილმა გააღვიძა. გამწარებულმა დიდხანს იტრიალა ლოგინში. ჯერ პირში ჩაიდო თითი და კაი ხანს წუწნა. მერე ცივ წყალში ჩაჰყო. მარილიანი მდუღარეც არ დააკლო. თითი მაინც არ ისვენებდა და ჯიუტად ფეთქავდა.

ელენას ამ დროს ტკბილად ეძინა და არაფერი გაუგია.

ტკივილმა რომ არაფრით გაუშვა, მაშო შლეგი სახით გავარდა გარეთ და თავისი სიმაღლის წალდი იპოვა. მერე ეზოში კუნძსაც მიაგნო, ახურებული შუა თითი ზედ დადო და ვიდრე წალდს თვალდახუჭული დაიქნევდა, მხოლოდ ერთი თქვა:

– ეს შენ ხარ, ზურიკო!

– მაშოო! – დაიძახა ელენამ და დილის მზე მოიჩრდილა.

მაშო კაკლის ხის კენწეროზე იჯდა, კრიალა ცას აჰყურებდა და თავისთვის იცრემლებოდა.

– ჩამო, ექიმი გელოდება!!! – დაიძახა ელენამ და ისეთი ძალით შეინასკვა შავკოპლებიანი თავსაფარი ყელზე, თითქოს თავის დახრჩობას აპირებდა.

მაშოს დედობილისთვის ხმა არ გაუცია.

– მაინცდამაინც უნდა დაგაბა და ისე დავახვედრო შენი თავი?! – ბრაზით ჩაილაპარაკა ელენამ. – აღარ უნდა თქვა, რა გჭირს, შვილო?!

 

– ჯერ შენ მითხარი! – ჩამოსძახა უცებ ხიდან მაშომ.

– მე რა უნდა გითხრა, დედი? – შეცბა ელენა.

– რატომ ვარ ეგეთი?!

ელენამ პასუხად ხელი ჩაიქნია და სახლში შებრუნდა.

დიდ ოთახში, პიანინოსთან სოფლის ახალი, გრძელცხვირა ექიმი იჯდა, თითები დასაკრავად გაეფარჩხა და კარისკენ მომლოდინედ იყურებოდა.

ეულად შემობრუნებული ელენას დანახვაზე გრძელცხვირამ ხელები ჩამოუშვა და ბზრიალა სკამზე ნახევარბრუნი ქნა.

– მაინც არაო? – შეეკითხა ელენას.

– არაო!

– მაშინ თქვენ მაინც დაგიკრავთ! – მოწიწებით თქვა გრძელცხვირა ექიმმა.

ელენამ არაფერი უპასუხა და სარწეველაში ჩაეშვა. ექიმმა ეს დასტურად მიიღო და ორი ხელით ჩარაკრაკებული გამის შემდეგ ყველაფერი მარტივ ჯაზურ სავარჯიშო ეტიუდში გადაზარდა.

დაკრულის ექომ ძველ სერვანტში მდგარი ჭურჭელი ააწკარუნა.

საბოლოოდ, ყველაფერი ორი ხელით აღებული აკორდით დაგვირგვინდა. ექო კაი ხანს იდგა ოთახში და წვალებით იწრიტებოდა ღია კარ-ფანჯრიდან. ოთახი ბოლომდე რომ განიავდა, გრძელცხვირა სწრაფად დატრიალდა ბზრიალა სკამზე და ელენას ამაყად მიაცქერდა.

– შენა კაცო, ვერ გავიგე, ექიმი ხარ თუ მუზიკანტი? – ჩაეცინა ელენას.

– პროფესიით ფსიქოთერაპევტი-მეთქი! – აღელდა გრძელცხვირა ექიმი. – რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთიდაიგივე?! მუსიკა უბრალოდ ბავშვობიდან მიყვარს!.. ბახი, გერშვინი… ივან გლინკა!

– ივანე ერქვა ჩემ საცოდავ ქმარსაც!.. – დაღონდა უცებ ელენა. – მაინც მოდი კიდევ!.. იქნებ მოვარჯულო და ძირს დაგახვედრო შემდეგ ჯერზე!

 

– მთელი ორი კვირაა ტყუილად დამატარებთ სოფლის ბოლოდან! დღეს რა დღეა?  – თითების ცივად  კეცვას  შეუდგა  ექიმი.  –  ესე  იგი,  დღეს  სამშაბათი!..  ხვალ  ოთხ…   ზეგ ხუთ… – მერე ჩაფიქრდა, ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაიწია. – მაშინ, პარასკევს იყოს!

– სად მიდიხარ? – ელდა ეცა ელენას და სარწეველადან სწრაფად წამოდგა. – ნახევარ საათშია ავტობუსი!.. რას იფიქრებს ხალხი? სკამი არა მაქვს სახლში თუ? იქნებ ჩამოძვრეს იქამდე!..

– ვიდრე მე ვარ აქ, ის იქნება იქ! ასეთია ამ ეტაპზე მისი ბავშვური, აუტისტური ნატურა!..

– წესიერად ილაპარაკე! – აიმრიზა ელენა.

– რა ვთქვი ეგეთი? – გაუკვირდა გრძელცხვირას და მხრები აიწურა. – გარე სამყაროს მიმართ პროტესტი მის ასაკში სწორი განვითარების ნიშანია. კი არ უნდა აძაგებდეთ ამის გამო – მთავარია გაგება! ამასვე ამბობს კარლ გუსტავ იუნგიც!.. გამომდინარე იქიდან, რომ მაშო ჯერ კიდევ შორსაა სრულწლოვანებისგან…

– ოცი წლისაა უკვე, ოცის – შე მამაცხონებულო!.. რამდენჯერ უნდა გითხრა?! მაინცდამაინც დაბადების მოწმობა განახო?! – ელენა საძინებლისკენ წავიდა და იქიდან მომწვანო წიგნაკით გამობრუნდა.

ექიმმა წიგნაკი ჩამოართვა, გადაშალა, თვალიერებას მალევე მორჩა და ისევ ელენას დაუბრუნა.

– ნუ, ახლა… – გაკვირვებით გაშალა ხელები გრძელცხვირამ. – ისეთია, ექვსზე მეტს ვერ მიცემს კაცი!.. როგორც ვხედავ, ჰიპოფიზურ ნანიზმთანაც გვაქვს საქმე!  თქვენ  კიდევ ამბობთ, რაღაც დაემართაო! თითი მოიჭრაო! აგერ, მადროვეთ!  –  ამოიღო ჩანთიდან სქელი წიგნი და კაი ხნის ფურცვლის შემდეგ კითხვას შეუდგა:

– მცირე ზომის ადამიანის დაბადება დიდი იშვიათობაა! დაახლოებით 10000 მშობიარობიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი დაიბადოს ასეთი! შემდეგ… აჰა!.. მათი განაწყენება და შეურაცხყოფის მიყენება ძალიან ადვილია, შესაძლოა ამიტომაც ისინი ხშირად იღუპებიან გულის დაავადებებით! ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია მათი ცხოვრებისა კი ის გახლავთ, რომ მცირე ნაწილს აქვს გამრავლების შანსი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ადამიანებს ძალიან უჭირთ წყვილის პოვნა!.. გაიგეთ?!

– მე რა ვქნა, ის მითხარი, ექიმო? დღე კაკლის ხიდან ვერ ჩამომყავს. ღამით  თუ  შემოვა ხოლმე სახლში…

 

– ღამისთევით მე ვერ დავრჩები აქ!.. – თქვა ექიმმა და ისევ კითხვა განაგრძო: – …ხშირად ჩვენ არაფერი ვიცით მათი პრობლემების შესახებ, ვაფასებთ მათ მხოლოდ ვიზუალურად… ჰო!.. გამომდინარე აქედან, ისინი ხშირად იქცევიან უგულო ადამიანების დაცინვის ობიექტებად. არადა, ბევრს ალბათ წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ როგორც თქვენ, ისევე ნებისმიერ სტანდარტულ ადამიანს შეიძლება ეყოლოს ეგრეთ წოდებული ლილიპუტი!.. „ლილიპუტიზმი” არც დაავადებაა, არც რაიმე სენი და ხშირად მსგავსი ადამიანის დაბადებას არანაირი ახსნა არ გააჩნია…

– გაგალილიპუტებ ახლა მე შენ! ეგ სიტყვა მეორედ აღარ გავიგონო ამ სახლში!!!

– სხვა რა ვქნა, ქალბატონო ელენა? ხეზე ძრომიალი მე არ ვიცი!.. ის კი არა ვარ, რა ჯანდაბა ქვია?.. ფოკუსნიკი! მოკლედ, მირჩევნია წყაროსთან მივიდე და ფეხით გავეშვა კაკლიანის ბოლომდე!

– შვილი, იქნებ ქვემოდან უთხრა რამე ექიმურად და ჩამოვიდეს…

– გამორიცხულია! პარასკევს თუ კიდევ ხეზე დამხვდა, საბოლოოდ ვიტყვი უარს ამ პაციენტზე! იპოვეთ ბატონო სხვა მკურნალი! გამოიძახეთ ქალაქიდან! ალპინისტური მონაცემების! ხეზე ასვლა რომ იცოდეს! ახლა კი გამატარეთ თუ შეიძლება!

– არაფერი შენ არ იცი! – გაატარა ელენამ გრძელცხვირა ექიმი. – არაფერი!! გინდა გითხრა სიმართლე ?

– ბრძანეთ! – შეყოვნდა ზღურბლთან გრძელცხვირა.

– ექიმი, მე ვიცი ხელში თერმომეტრით და წნევის აპარატით ყურში!

– ცდებით, ქალბატონო ელენა! პროფესიული უნარ-ჩვევებითა და ჰიპოკრატეს ფიცით!

 

 

1 2 3 4