* * *

 

წყაროსთან, კაკლის ხის ძირას ორი შაოსანი,  დაღარულსახიანი დედაბერი იჯდა. კალთაში ქვასანაყები ედგათ და დადუმებულები ნიგოზს ნაყავდნენ.  როდინების რიტმულ ჩლახუნს ფონად წყაროს წყლის ჩხრიალი გასდევდა. სადღაც შორიდან ბაყაყების ყიყინი ისმოდა.

უცებ მოსახვევში უზარმაზარი შავი ძროხა გამოჩნდა. დინჯად მომავალს ელენა მოსდევდა პალოთი ხელში. ძროხა წყაროსთან შეჩერდა და მილიდან გადმომჩქეფარ წყალს ისე დაეწაფა, დედაბრებისთვის ზედ არ შეუხედავს. ძროხისა და ელენას დანახვაზე

 

დედაბრებმა ნიგოზის ნაყვა ერთდროულად შეწყვიტეს და ძროხას მიაცქერდნენ. ის წყალს ხმაურით სვლეპდა და თან მთელი ტანით თრთოდა. ელენამ დრუნჩზე პალო მიარტყა და მილიდან გადმომდინარ წყალს თავად შეუშვირა პეშვი. მერე ფრთხილად მოსვა და ქვასანაყიანებს წარბშეკრულმა შეხედა. იქვე დასიებული ფეხები ამოალაგა კალოშებიდან, რიგ-რიგობით ჩაჰყო ცივ წყალში და უკვე ის ათრთოლდა მთელი სხეულით.

– ჩაიარა ავტობუსმა?

– ჩაიარა… – ერთხმად დაუდასტურეს დედაბრებმა.

– გაყვა ის ჩემი ცოდვით სავსე, თუ წაბლაყუნდა ფეხით?

– ვინა, გოგო? – გაიკვირვეს დედაბრებმა.

– ვინა და, სოფლის ახალი ექიმია, თუ ვიღაც ჯანდაბაა!..

– ხოო… ეგ კი წაყვა… აბა ჩვენთან ხომ არ დარჩებოდა… – თქვა დედაბერთაგან ერთ-ერთმა.

– იქამდე კი გაიჭყიპა ეგეც წყლის სმით…

– ჰოი, მაგან აღარ დალიოს არაფერი!.. – ჩაიქნია ხელი ელენამ.

სადღაც შორიდან კვლავაც ბაყაყების ყიყინის ხმა მოისმა. უცებ მას ზედ ძაღლების ყმუილიც დაერთო.

– გაავდრდება!.. – თქვა ელენამ, ფეხები კალოშებში წაჰყო და მიაყურადა. – იმათ რაღა სიკვდილი აყმუვლებთ? – მერე ძროხას გადახედა და ისევ დედაბრებს მიუტრიალდა. – გოგოებო… – დაიწყო უცებ ყოყმანით და იქვე გაჩერდა.

– თქვი… რისი გერიდება? – დაანამუსა ერთ-ერთმა და მეორეც უცებ აჰყვა:

– უცხოები ხომ არ ვართ?..

ელენამ ოფლიანი პირი მაჯით მოიხოცა და ღრმად ამოისუნთქა.

– შეიძლება ადამიანი სუ კაკლის ხეზე აძრომაზე იყოს?

– ვინა?

– მე ხომ არა… მაშო, ვინა!.. ჯერ ის შუა თითი ხომ მოიჭრა! მერე საერთოდ გაუცხოვდა და გაველურდა!.. მე კიდე სად ვდიო ამ ფეხებით?.. – განაგრძო ელენამ. – ყოველდღე

 

მისივდება… იმ ექიმსაც ტყუილად დავატარებ… მაინც არ ეკარება!..  ჰოდა, გავყიდი  ძროხას  და ჩავიყვან მაშოს ქალაქში… დავაწვენ საგიჟეთში და იქნებ იქ უშველონ რამე. მეც იქ დავრჩები და მოვუვლი როგორც შემეძლება… ო, ივანე შენი პატიოსანი სული წარწყმდეს!

– რეებს ამბობ გოგო ივანეზე? – ლამის ერთ ხმაში შეიცხადეს დედაბრებმა.

– ვეუბნებოდი თავის დროზე! არ გვინდა! არა და არა! სად წახვედი? რატომ დაგვტოვე? გესმის ჩემი ივანე? – ახედა ელენამ ცას და ზუსტად ამ დროს წყაროსთავზე მდგარი ხიდან ჩამოვარდნილი კაკალი ზედ შუბლზე დაენარცხა. მოულოდნელობისგან ელენა ადგილზე შეხტა.

– ხმამაღლა სიტყვა ვეღარ მითქვამს, ოხერი!

დედაბრები ერთხმად ახითხითდნენ და ქვასანაყები ისევ მუხლებში ჩაიდგეს.

 

* * *

 

კაკლიანის პირას ვრცელი მინდორი გადაჭიმულიყო. ელენა მინდვრის შუაგულში შეჩერდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და პალოს დასასობად დიდ ქვას დაუწყო ძებნა. მალევე იპოვნა და პალოც გემრიელად ჩააჭედა მიწაში. მერე ზედ თოკიც დაახვია და ძროხას სევდიანად შეხედა.

– რა ვქნა, ჩემო ლამაზო?.. ამდენი სიკეთე ვიცი შენგან და მაინც ეგრე გიხდი სამაგიეროს…

– ელენამ თვალი ამოიმშრალა და განზე გაიხედა. – ხომ იცი, როგორ მიყვარს?.. ვეღარ მომყავს გონზე!  სუ  ჩემ  ივანეს მაინც  არ  ვხედავდე  სიზმარში!..  ისე  მიყურებს,  ისე!.. უშველეო – სულ ამას მთხოვს. რა ვუყო?  თან  ის  თითი!  სუ  თვალი  უშტერდება.  ახალმა ექიმმა თქვა – ქალაქის საგიჟეთში ავადმყოფების  უმეტესობა  ერთმანეთზე  ქორწინდება  და კი არიან მერე კარგადო. უნდა ვუშველო! რისი დედა ვარ? მაგიტომ გყიდი.  ეგეთი უმადურები ვართ ადამიანები! კი ნუ გეწყინება, ლამაზო… ვინც გიყიდის, ვეტყვი, რომ არაფერი მოგაკლონ და მოგეფერონ. შენზე მეწველ ძროხას სად იშოვიან?..

ძროხას თითქოს ყველაფერი ესმოდა: პასუხად ჩუმად ზმუოდა და აცრემლებული იცოხნებოდა. ელენამ ძროხას აცრემლებული თვალის უპეები სახელოთი ამოუმშრალა და ფერდზე ხელი ჩამოუსვა.

– აბა ახლა შენ საქონელი უნდა გერქვას და მე – ადამიანი? – აღმოხდა ოხვრით. ცოტა ხანს ასე იდგა, თითქოს სევდისგან დაპატარავებული. – საღამოსკენ მოგაკითხავ, ჩემო ლამაზო და ჩავიდეთ დილით ბაზარში… – ძროხას ისევ ფერდზე ჩამოუსვა ხელი

 

ხმააკანკალებულმა ელენამ და გატრიალდა. მინდორი მოკლეზე გადაჭრა და სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.

 

* * *

 

ალიონზე კაკლიანის ცა ზურიკო სიხარულიძის ღრიალმა ჩამოაქცია.

სახლიდან პირველი ელენა გავარდა. კაკლიანის ორღობე უკვე ხალხით იყო სავსე და ყველანი წყაროსკენ გარბოდნენ კისრისტეხით. მაშომ ერთი მოიფშვნიტა თვალები და გაქცეულებს ნახევრადმძინარი გაედევნა უკან.

ზურიკო სიხარულიძის ეზოსთან ლამის მთელ სოფელს მოეყარა თავი და იყო საშინელი კივილ-წივილ-ტირილი. ვიღაცეები ეზოში ღობის ზემოდან იყურებოდნენ და მაშინვე გული მისდიოდათ, ზურიკოს ღრიალი კი მაინც არ წყდებოდა.

– რა ხდება? რა ამბავია? მოკვდა ვინმე? – ეკითხებოდა ყველას ნიკაპაკანკალებული ელენა და ცდილობდა რამე მაინც დაენახა, მაგრამ ამის საშუალებას მეზობლების ზურგები არ აძლევდა.

– რა მოხდა? რა მოხდა? რა მოხდა? – ისმოდა აქეთ-იქიდან.

– მარინას ჭიპი გაეხსნა!.. – თქვა სოფლის ექიმმა და ისიც გულწასული ჩაიკეცა.

– რაო?

– რას ქვია ჭიპი?!

– გაეხსნა და არის გადაფლაშული მთელი ტანი გარდიგარდმო!.. ღმერთო შენ გვიშველე!

მაშო ამის გაგონებაზე უცებ გაძვრა სოფლელების ფეხებს შორის და კაი ხნის ძრომიალის შემდეგ ეზოს ღობესთან აღმოჩნდა. ღობის ღრიჭოში რომ გაიხედა, თვალები მართლა კაკლისხელა გაუხდა.

ეზოს შუაგულში ჭიპგადახსნილი მარინა ეგდო – ნაწლავებგადმოყრილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ზურგზე მწოლი ძლივს ფეთქავდა, მისი  ჭიპზე  გახსნილი სხეული  კი  ლამის მთელ შუაგულ ეზოს ფარავდა. იქვე  მუხლებზე დაჩოქილიყო  ზურიკო სიხარულიძე და სახეზე ხელისგულებაფარებული მთელ ხმაზე ხაოდა.

მაშომ ერთი დაიწივლა:

 

– მამააა!!!– მერე ხალხის ფეხებშორის გავლით უკან გამოხოხდა და წყაროსთავზე მდგომ კაკლის ხეს ახედა. უცებ აძვრა, ფოთლები სწრაფად წააგლიჯა ხეს, იმავე ფოთლებით ხელისგულები ნაჩქარევად დაიზილა და ტოტიდან პირდაპირ ეზოში ისკუპა. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდა ჭიპზე მთლიანად გადახსნილ მარინას.

 

 

 

1 2 3 4