* * *

 

სწრაფად ურტყამდა მაშო ძირს მწოლ მარინას წრეს, მის გაშლილ ტყავს თუ კანს ადგილ- ადგილ, მიწიდან ისე კრეფდა, თითქოს ერთი უზარმაზარი ხინკალი უნდა მოეხვია. ბოლომდე რომ მოკრიფა ეზოში გაფენილი მარინას გადახსნილი ტყავი, მართლაც ხინკალის კუჭივით დაატრიალა. ბოლომდე რომ მოახვია, მთელი ძალით მოუჭირა, მოკუჭა და ეს კუჭი მარინას ჭიპის ადგილას, მუცელში ჩაუბრუნა. აქ სოფლის გოდება ერთხმად შეწყდა.

მარინა ისევ მთელი იყო – შეკრული, მოხვეული და ოდნავ მსუნთქავი, მაგრამ მაინც უკვე ცოცხალი. ასე უცებ გამრთელებული და ჭიპშეკრული მარინას დანახვაზე ყველამ ერთდროულად გადაჯეგა ეზოს ღობე და ძირს მწოლს მიცვივდნენ.

– გაცოცხლდა!!!– აღმოხდა ვიღაცას. – გამოუძახეთ სასწრაფოს სასწრაფოდ!!! – და ატყდა ირგვლივ მობილურების წკრიალი.

ზურიკომ სახიდან ხელები ჩამოუშვა და პირველი ვინც დაინახა, მაშო იყო,  რომელიც უკვე მარინას ირგვლივ შეგროვილი სოფლელების ფეხებშორის მიძვრებოდა. ზურიკო სიხარულიძე ფეხზე წამოდგა და მარინას შეშლილი სახით დახედა.

მარინა სუნთქავდა და ცოცხლდებოდა.

– მაშოოოოოოოო!!!– დაიყვირა ზურიკომ, მაგრამ მისი ხმა ხალხის ჩოჩქოლმა ჩაყლაპა.

– რა დროს მაშოა, ბიჭო?! ცოლს მიხედე!.. – ხმის კანკალით გადაუსვა თავზე ხელი შავებში გამოხვეულმა ელენამ. ზურიკო ისევ მუხლებზე დაეცა და მარინას დააცქერდა. მარინა თითქოს იღიმებოდა.

მალე შორიდან „სასწრაფოს“ სირენის ხმა მოისმა.

 

* * *

 

იმ დღის მერე მაშო აღარავის უნახავს კაკლიანში. სად აღარ ეძებეს, ეძახეს, ყველა კაკლის ხე დაიარეს, მდინარის კალაპოტიც სულ ფეხდაფეხ დაჩხრიკეს, მაგრამ მაშო არსად ჩანდა.

 

– სად წავიდა ჩვენი შვილი, ივანე?

– სად წავიდა ჩვენი შვილი?

– სად წავიდა?.. – შეშლილი სახით დაიარებოდა სოფლის ორღობეებში ელენა და ყველა კაკლის ხეს ხელს ადებდა.

მაშო რომ არა და არ გამოჩნდა, ელენა მიხვდა – წყლის ნაყვა იყო ასეთი ლოდინი, სასაფლაოსკენ ბებრულად წაბორძიკდა და ქმრის საფლავს ჩაეხუტა.

მალე სოფელში პატრულის მანქანა გამოჩნდა. ყველა კუთხე-კუნჭული დაიარეს. ვინ აღარ დაკითხეს. მაინც არაფერი. რაიონსაც გადასცეს. ყველა პოსტი გააფრთხილეს.

ისევ არაფერი.

ამის შემდეგ, ელენა სახლიდან მხოლოდ დღეში ერთხელ გამოდიოდა, ივანეს საფლავზე დინჯად ადიოდა და იქ იჯდა შებინდებამდე.

მაშოს მიერ გადარჩენილ თუ გაცოცხლებულ მარინას კი ცხრა  თვეში  ტყუპი  ბიჭები ეყოლა და ზურიკომ ორივეს მაშო დაარქვა.

 

 

(9 წლის შემდეგ)

 

 

– ჰოდა, ჩავედით მე და მაშოები ქალაქში!.. მექაჩებიან ესენი!.. ჯერ ზოპარკიო. იქ სელაპები იყვნენ და გველების სახლიც იყო კიდე!.. მერე ბამბის მაროჟნიო… გაიწეპნენ ერთიანად!.. გამოიღე ცხვირიდან თითი, მაშო!.. მერე მაკდონალდიო! მერე „დინამო“ სტადიონიო! ჩვენები და ისინი ხვდებოდნენ. მოვიგეთ მაგრად!.. შემჭამეს და გამწეწეს ამ ვირიშვილებმა! ისადილეს სემიჩკით!.. ყველაფერი ვნახეთ, რაც უნდა გვენახა! მოვდივართ და მომყავს ხელჩაკიდებულები… უცებ ვხედავთ, ერთი ღია ადგილია მარჯვნივ – მუშტაიდის ატრაქციონები აწერია. შევდივართ – იქ საქანელებია, კარუსელებია, აქეთ ეშმაკის ბორბალი დგას. ავედით ცაში, ვეშვებით მიწაზე. უცებ ზემოდან მანახებენ და მექაჩებიან მაშოები! – შეხე, მამი, მამი, პატარა კაცების ცირკიო!.. გამოდიოდნენ ა, ამხელა, მართლა ერთი ბეწო კაცები და ქალები. ვდგავართ და ვუყურებთ ა ამხელაზე პირდაღებულები. ა, ასე!.. ბუზი გადამეყლაპა მგონი, ხთფუი!.. ხალხია! მთელი უბანია შეყრილი. არის ტაში და ერთი ამბავი… პირიდან ცეცხლებს

 

უშვებენ, დახტიან, დაბზრიალებენ, ყირაზე გადადიან. ჟრიამული და ზეიმია ირგვლივ! თან უკრავენ… მოისვენე მაშო!.. მერე პატარა, სუ პატარა, ა ამხელა კაცი და ქალი გამოვიდნენ სცენაზე. გააჩერე ფეხი, გაიგე მაშო შენ, რას გეუბნები?! ისეთი კოხტები იყვნენ. ორივეს სახეზე ფერადი ნიღბები ეკეთა. პატარა კაცს – შავი, პატარა ქალს – მწვანე. ჩვენი კაკლიანი გამახსენდა, ისეთი ხასხასა მწვანე კაკლებით ასხმული მძივი ეკიდა ყელზე. და ისე ცეკვავდა… ისე ცეცხლივით ცეკვავდა… ეს კაცი კიდე პატარა გიტარაზე უკრავდა ჯოხით!.. გაიქეცი, მაშო, ბიჭო, დეეშენს უთხარი, რომ გვშია! დიდი ბიჭი ხარ უკვე! მერე კიდე… ცეკვის დროს ეს ნიღბიანი ქალი დარბაზის ყველა მხარეს ხელის დაქნევით ესალმებოდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამეზე… ჩვენ აქეთ, ბოლოში ვართ. გამოაქნია ხელი ჩვენკენ, ცოტა ხანს გაშეშდა და უცებ ვხედავ, რო იცინის!.. ის პატარა კაცი უკრავს პატარა გიტარაზე ჯოხით და ეს პატარა ქალი კიდე აღარ ცეკვავს და გულიანად იცინის!.. მერე როგორ იყო, მაშო?.. ჰო! მერე მაშინათვე თავისი პაწია, მარჯვენა, ამოტრიალებული მუშტი არ დაგვანახა?.. და ცეკვა გაარძელა. მე ვთქვი – ვერაა ეს კარგად! გამოვედით, წამოვედით ავტოსადგურზე. ჩავჯექით კაკლიანის მარშუტკაში. ესენი მეუბნებიან – იმ პატარა ქალს მუჭაზე შუა თითი რატომ არ ქონდაო?.. მოიცა, ეგრე ხო გამოდის, რო შუა თითი გვანახა, რომელიც არ ქონდა! ბავშვების მაინც არ მოერიდა?.. მე კი არ დამინახავს. აჩკის გარეშე რას დავინახავდი?.. შემაღლებულზე კი ვიდექით, მაგრამ… მერე ვიფიქრე რო… მოიცა, რა ვიფიქრე მაშინ, კი მახსოვს, მაგრამ ვთქვა ახლა ეგ ხმამაღლა?..

 

* * *

 

შორიდან ავტო-სიგნალებისა და მხიარული მუსიკის ხმა ისმოდა. ხმა ნელ-ნელა ახლოვდებოდა.

– რა ხდება?  ქორწილია? – მიუგდო ყური ხმას წყაროსთავზე მჯდომმა ვეტერანმა ფიზკულტურისტმა ვაჟა შერმადინმა.

– არჩევნების ამბავი იქნება! წაიღეს უკვე ტვინი აგიტატორებმა! – დაბეჯითებით თქვა გრძელცხვირა ექიმმა და წყაროდან პეშვით წყალი მოსვა. – კაი გრილი საღამო უნდა იყოს დღეს. დომინო და ჩოთქი გამოიტანე!

– რა იცი? – შეეკითხა ზურიკო სიხარულიძე.

– გოგირდის გემო წამოიღო წყალმა… – უპასუხა ექიმმა და წყალში ცხვირსახოცი დაასველა.

– მამიი, მამიი! – მოისმა უცებ შორიდან ბავშვების ყვირილი.

 

წყაროსთავზე მსხდომი კაცები ფეხზე წამოდგნენ და შარას გახედეს. შარაზე კისრისტეხით მორბოდნენ მაშოები.

– რა ხდება?! ძაღლი თუა, აიღეთ ქვა და ესროლეთ!! – უყვირა ზურიკო სიხარულიძემ შვილებს.

გახვითქულმა ტყუპებმა მალევე ამოირბინეს აღმართი და მტვერში ამოგანგლულები წყაროსთან ქოშინით შეჩერდნენ. ცოტა ხანს სულს ითქვამდნენ.

მერე ერთმანეთს გადახედეს და ლამის ორ ხმაში თქვეს:

– მამი, სუ პატარა კაცების და ქალების ცირკი მოდის!.. ფერადი ავტობუსით და ფერადი ბუშტებით!!..

მხიარული მუსიკის ხმა უკვე ძალიან ახლოდან ისმოდა.

 

 

 

1 2 3 4