რას გულისხმობთ?

მოკლედ, ვიცით, რომ მრავალ ინტელექტუალს სძაგს  საშუალოობა და სრულყოფილებისკენ მიისწრაფის. პერფექციის მიღწევა კი ყველაზე უკეთ შესაძლებელია პოეზიაში, ლიტერატურაში, მუსიკაში ან მხატვრობაში, ოღონდ არა საზოგადოებაში. მემარცხენე ინტელექტუალები დაავადებული არიან მწვავე უტოპიზმით. გაიხსენეთ სარტრი – იგი თავისი ცხოვრების ბოლო წლებში იცავდა კონტრრევოლუციას ჩინეთში, რომელიც მილიონობით ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ეს დაცინვასავით ჟღერს  – მაგრამ ცინიზმში არ ჩამითვალოთ. სარტრის მსგავსი მემარცხენე ინტელექტუალები საუკეთესო სისტემის რეალურ შესაძლებლობაში ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი. თუმცა არ არსებობს სრულყოფილი საზოგადოებრივი სისტემა, არის მხოლოდ პრობლემის წარმატებული გადაჭრის   მეორე და მესამე შესაძლებელი ვარიანტები… ვისაც მშვიდობა უნდა, საშუალოობასთან ერთად უნდა იცხოვროს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი სხვადასხვა ადამიანთა თანაცხოვრება…  თანაც ურთიერთგანსხვავებული შეხედულებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანების… და ასეთი თანაარსებობის გარეშე პროგრესიც არ არსებობს.

ბევრი ლიბერალი ძალიან სკეპტიკურად განეწყო ინტელექტუალთა ჯგუფის მიმართ. ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი, მაგალითად, ერთგან წერდა, რომ ინტელექტუალები თავიანთ საკუთარ ინტელექტს სისტემატურად გადაჭარბებით აფასებენ – და რასაც ვერ გაიგებენ, ის მათთვის არ ფუნქციონირებს, მიუხედავად ყველანაირი ემპირიული მოცემულობისა. ასეთია, მაგალითად, მოთხოვნა-მიწოდების თამაში. თქვენ იზიარებთ ამ შეფასებას?

ჰაიეკი, ბუნებრივია, თვითონაა დიდი ინტელექტუალი და ამდენად მისი მოსაზრება გარკვეულწილად არაა ირონიას მოკლებული. თუმცა ჰაიეკი ერთ მნიშვნელოვან პუნქტში მართალია: ბევრ ინტელექტუალს აქვს ერთი ბრმა ლაქა – ესაა მათი საკუთარი გონება.  ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი, რაც კი მათ თავებში მოიხარშება, ყველას დასანახად უნდა გადმოპირქვავდეს. ეს ისტორიული შეცდომაა. ჰაიეკი სხვებზე უფრო გონებამკვირცხლი აღმოჩნდა, რადგან წარმოაჩინა შემდეგი: უამრავი წარმატებული ინსტიტუცია – დაწყებული ენიდან და ბაზრის ჩათვლით – იქმნება სპონტანურად, ადამიანთა ინტერაქციის მეშვეობით, მაშასადამე ყოველგვარი მარეგულირებელი სუპერინტელექტის გარეშე.

კარლ პოპერი (Karl Raimund Popper) კი ინტელექტუალებს გარკვეული პარანოიდული წინასწარგანწყობით ცდის: ყველა მოვლენის მიღმა, თუკი მას დავუჯერებთ, იმალება ისტორიული, გარკვეულწილად მეტაფიზიკური ძალები, რომლებიც ყველაფერს განსაზღვრავენ. და ერთადერთი, ვინც ამ კანონზომიერებებს შეიცნობს, არის ინტელექტუალი. ყველა სხვა დანარჩენი არის ბრმა, უბრალო თოჯინა და მეტი არაფერი.

პოპერი თავის ნაწარმოებში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ ილაშქრებს უტოპიზმის წინააღმდეგ და მართალიცაა: უტოპისტებს აქვთ მეყსეული პასუხი ყველა შეკითხვაზე – ასევე ამ პასუხის ყველა შესაძლო შეპასუხებაზე. მათ თეზებს ვერ უარყოფ. ოღონდ ისინი ვერ ხვდებიან, რომ არ შეიძლება სიმართლე იყოს ის, რასაც ვერ უარყოფ. უტოპისტები აახოხოლავებენ ხოლმე აზრების შენობას, რომელსაც სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. უტოპიური თეორიები ნამდვილი ფეტიშია! პოპერმა მთელი ეს ინტელექტუალური ფეტიშიზმი ოსტატურად განაჯადოვა. ვინც მუშაობს რომელიმე ცისტოლა სისტემაზე, სადაც ვითომცდა უნაკლო კოლექტივისტური წესრიგის მეშვეობით ადამიანის ჩაგვრისა და ექსპლუატაციის მოსპობა იგეგმება, იგი ქმნის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. პოპერი ჩემთვის არის და იქნება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და თავისუფლების მეხოტბე.

გული ხომ არ გწყდებათ, რომ საჯარო ინტელექტუალები თანდათან გავლენას კარგავენ?

ისაია ბერლინი (Isaiah Berlin), მეორე დიდი ლიბერალი, ტოლსტოისადმი მიძღვნილ ესსეში ერთმანეთისაგან ანსხვავებს ზღარბისებურ და მელიისებურ ინტელექტუალებს. ზღარბისებურები სულ თავიანთ ბოსტნებში დაბაჩუნობენ, მელიები ყველგან დაძვრებიან და ბრაკონიერობენ. დღეისათვის ზღარბები მოგვეძალა – მეტისმეტად დიდია იმ ერთგანზომილებიან ინტელექტუალთა რაოდენობა, რომლებიც  პოპულისტურ მოძრაობებს სათავეში უდგანან; რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ ძველ სტერეოტიპებს ახალ სიცოცხლეს სძენენ. ძალიან გვაკლია მელიები, რომლებიც სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ და არა მხოლოდ სხვებს, არამედ შეძლებისდაგვარად საკუთარ თავებსაც ეწინააღმდეგებიან. ძალიან კარგად მესმის, ინტელექტუალებს ცხვირს რატომაც უბზუებენ. თუმცა ამისგან დამოუკიდებლადაც ვადასტურებ, რომ სახეზეა სააზროვნო და კულტურული გადაღლილობა.

მაღალი კულტურის დასასრულს აცხადებთ?

არა, იგი კვლავ არსებობს, და ყოველთვის იარსებებს. ოღონდ ჩვენ ვცხოვრობთ სპექტაკლის/სანახაობის საზოგადოებაში, ან უფრო უკეთესად: სანახაობის საზოგადოება კვლავ ფართოვდება. იგი დღეს ყველგანაა.

„სპექტაკლის საზოგადოება“ (La Société du spectacle) არის გამონათქვამი, რომელიც გი დებორმა (Guy Debord) 1967 წელს გამოიყენა, რათა ინდუსტრიული საზოგადოება გაეკრიტიკებინა. თუმცა მეორე მხრივ: გვიყვარს ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ პოლიტიკა შოუდ გადაიქცა, ზედაპირულობა – ახალ სათნოებად და ილუზია უფრო ფასობს, ვიდრე რეალობა. თუმცა ეს სპექტაკლის საზოგადოება მშვენივრად მოგვწონს. მოკლედ, ცოტაოდენი კულტუროლოგიური კრიტიკა/კულტურკრიტიკა ხომ უკვე დიდი ხანია კარგ ტონად ითვლება.

დიახ, ფამილარობა და უხამსობა მოგვეძალა, რაც ალბათ საკომუნიკაციო საშუალებების რევოლუციას უკავშირდება: ყველა ყველასთან ურთიერთობს. ეს ერთი მხრივ, შესანიშნავიცაა და მეორე მხრივ,დროთა განმავლობაში დამღლელიც; ძალიან სახალისოცაა და დიდ პრობლემებსაც ბადებს. თვით უდიდესი ძალაუფლებაც კი უძლურია ინფორმაციის ნაკადი გააკონტროლოს, რაც უდავოდ პოზიტიური პროცესია, მეორე მხრივ კი იქმნება ადამიანის მოტყუებისა და მანიპულირების ახალ-ახალი ფორმები. სიმართლე და სიცრუე ერთმანეთისაგან თითქმის აღარ განირჩევა. ეს  ახალი ამბივალენტურობა/ორმაგობა მთელს ჩვენს ცხოვრებას მსჭვალავს. იგი თავის მხრივ უხამსობის ახალ-ახალ პარტიებს აწარმოებს. ამას როგორ უნდა გავუმკლავდეთ, აწი გვაქვს სასწავლი.

 

1 2 3 4 5