ჩვენი საუბარი დაემთხვა დღეს, როცა ჩვენგან ჩრდილოეთით ნობელის პრემია გაიცემოდა ხოლმე. წელს ლიტერატურაში პრემია არ გაიცა – ეს იმიტომ მოხდა, რომ აკადემიის წევრები კორუფციასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს და აკადემიიდან გაიწვიეს. როგორაა საქმე, კრიზისი ამ ინსტიტუციასაც შეეხო?

არა მგონია. მთელი კრიზისი უკავშირდება ერთადერთ კაცს, რომელიც აკადემიის წევრიც კი არ ყოფილა. ეს კაცი თავისი საქციელისთვის უკვე გასამართლდა და სასჯელსაც იხდის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შვედური აკადემია ახალ წევრებს დაასახელებს, ასე რომ, მომავალი წლიდან  ყველაფერი ისევ ისე იქნება და პრემია რეგულარულად  გაიცემა.

აკადემიის რეპუტაცია კი ძალიან შეილახა.

მე სხვაგვარად შევხედავდი. ლიტერატურაში ნობელის პრემია ყველაზე რეზონანსული მოვლენაა მთელს მსოფლიოში და ეს ასე მალე არ შეიცვლება. ან კი სხვა რა ალტერნატივა გვაქვს?

თქვენთვის ყოველთვის მისაღები იყო აკადემიის გადაწყვეტილებები?

მოლიპულ ადგილას გინდათ გამიტყუოთ? რა უნდა ვთქვა ახლა? (იღიმება. . . და ფიქრობს).

რას ფიქრობთ მართლა.

პირველი პრემია მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო ფრანგმა პოეტმა სიული პრუდომმა – აბა, დღეს ვიღა კითხულობს მის ლექსებს? ლევ ტოლსტოიმ კი ვერ მიიღო. მაშასადამე, ნამდვილად არსებობს საფუძველი, რომ გარკვეული სკეპტიციზმი გაგიჩნდეს აკადემიის გადაწყვეტილებათა მიმართ. ამის უარყოფა შეუძლებელია. მეორე მხრივ, აკადემიას ხშირად ათიანშიც გაურტყამს – გაიხსენეთ უილიამ ფოლკნერი, რომელსაც პრემია 1950 წელს მიენიჭა.

თქვენი აზრით, კიდევ ვის უნდა მიეღო პრემია აუცილებლად? ახალახან გარდაცვლილ ფილიპ როთზე რას გვეტყვით?

როთი პრემიის მიღებას იმსახურებდა. თუმცა ყველაზე დრამატული მაინც ხორხე ლუის ბორხესის, ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის შემთხვევა იყო. პოლიტიკური თვალსაზრისით სულელური გამონათქვამები კი ჰქონდა, მაგრამ ეს არც სხვებს დაუკლიათ. ძალიან გული მწყდება, რომ მას ნობელის პრემია არ ერგო.

თქვენ ნობელის პრემია ძალიან ფართო სამწერლობო-სახელოვნებო მოღვაწეობისთვის მოგენიჭათ 2010 წელს. ამავე დროს თქვენ იმ ავტორებს მიეკუთვნებით, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ მიმდინარე პრობლემებზე. როგორ ეთავსება ეს ორი როლი ერთმანეთს?

ჩემს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს განაპირობებენ. არ ვიცრუებ: მე გულისგულამდე ინტელექტუალი ვარ… და ინტელექტუალი ვარ იმიტომ, რომ იდეები მიყვარს. ისინი შთამაგონებენ, მათ ვუვლი, ვეფერები, ველოლიავები, ვავითარებ და ხალხში გამაქვს. ისინი განსაზღვრავდნენ ყოველთვის ჩემს ცხოვრებას – როგორც მწერლის, ასევე საჯარო ინტელექტიუალის.

თქვენს ავტობიოგრაფიაში „თევზი წყალში“ თქვენ წერთ, რომ ინტელექტუალები, როგორც წესი, ეტატისტები/ სახელმწიფოს როლის მეხოტბენი არიან. თქვენ თვლით, რომ ამაზე პასუხისმგებელია ორი ნიშან-თვისება: პენსიონერის მენტალიტეტი და ეკონომიკური უმეცრება. თქვენს კოლეგებს ძალიან მწვავედ ხომ არ აკრიტიკებთ?

მე-19 საუკუნეში ლიბერალიზმი ყველაზე გავლენიანი ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკაში იყო. თუმცა ინტელექტუალები, რომლებიც მისი მიმდევრები იყვნენ, გროშადაც კი არ აფასებდნენ ეკონომიკურ კავშირებსა და ინსტიტუციებს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ იმ ხალხს, რომელსაც ყოველდღე თავის დამკვიდრება და წყალზე გაჩერების სწავლა უწევდა, იმედი გაუცრუვდა და პირი იბრუნეს. საბოლოოდ კი ეს იქცა სწორედ იმის საფუძვლად, რომ ლიბერალიზმმა ესპანურენოვან სამყაროში ფიასკო განიცადა. აიღეთ ორტეგა ი გასეტი, რომელიც მე ძალიან მომწონს. იგი მშვენივრად წერდა ლიბერალიზმზე, ერთხელ მას „უკიდურესი დიდსულოვნებაც“ კი უწოდა. იგი ფიქრობდა ჩვენი სამყაროს ყველა შესაძლო პრობლემაზე – თუმცა უგულებელყოფდა ეკონომიკას, თითქოს საბაზრო ეკონომიკის, გაცვლა-გამოცვლის და ფულის არსებობის საკითხები ინტელექტუალურ გააზრებას არ იმსახურებდა. ამ დროს მთავარი სწორედ ეს საკითხებია…

… ახლა თქვენ თითქმის უკვე იმ მარქსისტივით ლაპარაკობთ, რომელიც ამ ქვეყნად ყველაფრისა თუ ყოველი ცალკეული შემთხვევის ახსნას ეკონომიკურ კავშირებში ხედავდა.

არა, ღმერთმა დამიფაროს. ვაღიარებ, რომ ჩვიდმეტი წლის ასაკში თავგადაკლული მარქსისტი ვიყავი – მაგრამ მერე აღარასოდეს! ეკონომიკა ყველაფერი არ არის, თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, თუ ისიც რაოდენ მნიშვნელოვანია და მასზე მუშაობა  როგორი საშურია. ლიმაში მოვუსმინე აუგუსტ ფონ ჰაიეკის1 (August von Hayek) ლექციას. სამხედრო დიქტატურა თავის ბოლო დღეებს ითვლიდა და მისმა იდეებმა საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის შესახებ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ასე გავხდი ლიბერალი, რადგან მივხვდი შემდეგს: კაპიტალიზმი მთელი თავისი სისუსტეებით არის საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც მოაქვს არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, არამედ ბევრი თავისუფლება, ღია კულტურული  სივრცეები და საზოგადოებრივი პროგრესი.

იმას როგორ უყურებთ, რომ ამ ლიბერალური პოზიციით ინტელექტუალთა შორის თითქმის მარტოსულად გამოიყურებით?

დაუძაბავად. ისე, მათი უმეტესობა მარცხნივ იხრება… უფრო დიფუზიურად, ვიდრე გაცნობიერებულად. ყველაფერი დამოკიდებულია ჰაბიტუსზე.


1 – ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (დ. 8 მაისი. 1899, ვენა — გ. 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგის მხარე) — ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-69,1977-92) უნივერსიტეტების პროფესორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი (1968-77). ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).

 

1 2 3 4 5