მარიო ვარგას ლიოსა (1936), რომელიც სექტემბერში საქართველოს უნდა ესტუმროს, მსოფლიოში სახელგანთქმული პერუელი მწერალია. ასევე – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და, რასაც პირველ რიგში აღნიშნავენ ხოლმე, 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც გახლავთ. ლიოსა ამჟამად პრინსტონის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორია.  იგი დიდი სამხრეთამერიკელი მთხრობელების რიგშია. რომანებით – „მწვანე სახლი“ (1966), „ომი სამყაროს დასასრულს“ (1981) მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ბევრისგან გაგვიგია ეს შეკითხვა – მარიო ვარგას ლიოსა ამ პრემიას მაინც აიღებდა, 1990 წელს პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში რომ გაემარჯვაო? მაშინ იგი ლიბერალურ-კონსერვატორული ალიანსის მთავარი კანდიდატი იყო და ალბერტო ფუჯიმორისთან მხოლოდ საფინიშო მონაკვეთზე დამარცხდა. პოლიტიკური წარუმატებლობის შემდეგ მარიო ვარგას ლიოსა კვლავ შემოქმედებას მიუბრუნდა. მარიო ვარგას ლიოსა აქტიურად ითარგმნება ქართულად. ბოლო წლებში გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა მისი რომანები: ცუდი გოგოს ოინები, ვაცის ნადიმი, ქალაქი და ძაღლები, ხუთი კუთხე; „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობამ კი – დეიდა ხულია და სცენარისტი.

გთავაზობთ ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ ყურადსაღებ ინტერვიუს მარიო ვარგას ლიოსასთან, რომელიც სულ ახლახან, 2018 წლის 20 დეკემბერს გაზეთში „Neue Zürcher Zeitung“ გამოქვეყნდა. ინტერვიუს ავტორია რენე შოი (René Scheu).

 

ჰერ ვარგას ლიოსა, ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო, ხანდახან საკმაოდ დაძაბულ დროში. შეგიძლიათ დამისახელოთ სამი ყველაზე უფრო დაუჯერებელი მოვლენა, რაც წელს მოხდა?

ოჰ, ღმერთო ჩემო… (დიდხანს ფიქრობს). მე თავში უფრო პროცესები მომდის, ვიდრე მოვლენები. უპირველეს ყოვლისა დავასახელებდი გასაოცარ თანმიმდევრულობას და სიჯიუტეს, რასაც დონალდ ტრამპი თავისი პროგრამის «America first» განხორციელებისას იჩენს. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო ყველას ეჩხუბება, სრულიად შეიცვალა, ვეღარ ვცნობთ უკვე. მეორე: რუსეთმა პუტინის მეთაურობით პოლიტიკურ სცენაზე თავი მსოფლიო ძალად დაიმკვიდრა. სულ ცოტა ხნის წინ ეს დამკვირვებელთა უმეტესობისათვის სრულიად წარმოუდგენელი იყო! და მესამე: დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალს იმ ტრაგედიას, რაც ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობის პირობებში ხდება. ეს სოციალიზმი, რომელსაც დასაწყისში ევროპაშიც კი ზოგიერთი ნოსტალგიით დაავადებული მემარცხენე ტაშს უკრავდა, ვენესუელის მოსახლეობას  დაუჯერებელ ჭირად დაატყდა თავს.

და უფრო უკან თუ გავიხედავთ, რომელია, თქვენი აზრით, ბოლო სამი ათწლეულის სამი გამორჩეული მოვლენა, რომლებსაც ცოტა ხნით ადრე ვერავინ წარმოიდგენდა?

პირველი: საბჭოთა იმპერიის დაუჯერებლად სწრაფი კოლაფსი, დიახ,  უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, გაქრობა. მეორე: ჩინეთის ტრანსფორმაცია კომუნისტურ-ტოტალიტარული სახელმწიფოდან კაპიტალისტურად, ავტორიტარული გამოვლინებებით. და კიდევ, ჰო: ბრექსიტი.  რაც ამ ბოლო პუნქტს წინა ორისაგან განასხვავებს, არის ის, რომ იგი შექცევადია – თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ისტორიული თვალსაზრისით რადიკალურად მნიშვნელოვანი მოვლენაა. აბა, ამგვარ ცვლილებებს ვინ წარმოიდგენდა?

როგორც ჩანს, საგანგებო მდგომარეობა მართლაც ნორმალური ხდება. შეგიძლიათ ჰამლეტის დარად თქვათ, რომ ჩვენი დრო კალაპოტიდან ამოვარდა და დროთა კავშირი დაირღვა?

დრო წყნარად არასდროს მდგარა, კალაპოტს ყოველთვის ასე თუ ისე სცდებოდა! დიახ, ჩვენ ახლა ისეთ აჩქარებას განვიცდით, რომ სუნთქვა გვეკვრის. მოდი, დავრჩეთ ევროპასთან. ეს დიდებული იდეაა,  მრავალი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ამ იდეაზე შენდებოდა ევროკავშირი – და აი, უცბად მისი სიცოცხლისუნარიანობა სათუო შეიქმნა. თან ევროკავშირის არსებობას მაინცდამაინც ის ნაციონალისტური ძალები დაემუქრა, რომელთა სამუდამო განადგურებაც მის დამფუძვნებლებს სურდათ. რაც ყველა ამ მოძრაობას აერთიანებს, არის საბრძოლო შეძახილი: ნაციონალისტებო ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით ევროკავშირის წინააღმდეგ! რა მასხარად აგდებაა – და როგორი სიბრმავეა! ვერავინ შეძლებს, უბრალოდ  დასძახოს „სდექ!“, მარჯვენა ბრუნით უკნისაკენ შეტრიალდეს და უკან, წარსულისაკენ ნაბიჯით გაემართოს. და საერთოდ არის კი ვინმე, ვისაც ეს მართლა უნდა? ადრე სამყარო ხომ უკეთესი არ იყო – და ეს ხომ ყველამ იცის ბოლოს და ბოლოს.

როგორ შეიძლება გონიერ ადამიანს ამაში ეჭვი შეეპაროს: ჩვენ ვცხოვრობთ დასავლეთში, რომელიც აქამდე არსებულ ყველა სხვა სამყაროთა შორის საუკეთესოა. შესაძლებელია, რომ ნაციონალიზმისა და პოპულიზმის გაძლიერებაც ამას უკავშირდებოდეს – ნუთუ ასე აგვივარდა თავში? ან იქნებ ეს უკურეაქციაა გლობალიზაციასა და თავისუფალ ვაჭრობაზე და იმის შეხსენება, რომ კაცობრიობის ისტორია საბოლოოდ მაინც დიალექტიკურად ვითარდება?

ვშიშობ, ვერც ერთი მაგ ამბავს ვერ ხსნის. რასაც ჩვენ განვიცდით, ეს არის დემოკრატიის პირველი კრიზისი და ეს ასე ჩქარა ვერ გაივლის, მე, ყოველ შემთხვევაში, ასე ვვარაუდობ. სიტუაციის აღწერა ალბათ ასე შეიძლება: ჩვენ არ გვაქვს ლიბერალური დემოკრატიის რამე ალტერნატივა, თუმცა ლიბერალურ დემოკრატიას თავად უჭირს საკუთარ საზღვრებში დატევა. ამას უკვე ბევრი აცნობიერებს.

 

1 2 3 4 5