თქვენ როგორ უმკლავდებით?

(ხმამაღლა იცინის) მე არ მაქვს კონკრეტული რჩევა ახალგაზრდა კოლეგებისადმი. თუმცა ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ერთადერთი ანტიდოტი ამ ახალი უხამსობის წინააღმდეგ არის კულტურა!

ზუსტად როგორ გესმით თქვენ კულტურა?

დღეს ყველაფერი შეიძლება ფეიკი/ყალბი იყოს: „ფეიკ-ნიუსები“, „ფეიკ-გამონათქვამები“ – ლიტერატურის კლასიკოსების შემთხვევაში კი თქვენ ნამდვილად იცით, თუ  რასთან გაქვთ საქმე. მათ ხომ ათწლეულებს, საუკუნეებსაც კი გაუძლეს. სწორედ ამ კლასიკოსებზე იმსხვრევა ფეიკები! როცა თქვენ ტოლსტოის კითხულობთ, უსასრულოდ ბევრ რამეს იგებთ ადამიანზე, ადამიანური ბუნების წინააღმდეგობრიობაზე, სიმდიდრესა და სირთულეზე. თქვენ ხდებით უფრო მეტად მგრძნობარენი, გინვითარდებათ დიფერენცირებისა და კრიტიკული აზროვნების ჩვევები, იძენთ ფეიკების გამოცნობის უნარს. დიახ, მე ასე ვიტყოდი: კულტურა არის საუკეთესო თავდაცვა ფეიკებისა და უხამსობის წინაღმდეგ.

მაშ, კულტურა უკეთეს ადამიანებად გვაქცევს? თქვენ ახლა თითქმის ხალხის მოძღვარივით ლაპარაკობთ. . .

… დიახ, ასეა, შეგიძლიათ ზუსტად ასე ჩაიწეროთ. ჩვენ ვართ ცხოველები და როცა კულტურულად ვვითარდებით, უფრო მგრძნობიარე, მდიდარი და სანდომიანი არსებები ვხდებით. თუმცა – და ამას ახლავე ვიტყვი – ამით მეტ ბედნიერებას ვერ მოვიპოვებთ. ცხოვრება ყველა შემთხვევაში ტრაგიკულია. (იცინის). როგორ შეიძლება თავისუფალი საზოგადოება ჩაიფიქრო, თან ამ დროს იმ ადამიანებზე არ ფიქრობდე, რომლებიც კრიტიკული სულები არიან? და კრიტიკული სული როგორ აღიზრდება, თუ წიგნს არ წაიკითხავს?

ეგ უკვე საჯარო განაცხადია, რომელსაც შეკითხვის ფორმაში ახვევთ… და მაინც, ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ უყურებთ თხრობის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე ეფექტურ ფორმებს. ნეტფლიქსს2 ადევნებთ თვალს?

ცხადია.

იქ მაღალი სირთულის/ხარისხის ეპიკურ სერიალებსაც ნახავდით. . .

… ჰო, რა თქმა უნდა. უმეტესობა, რასაც ვუყურე, საბოლოოდ მაინც ბანალურია ხოლმე. თუმცა დიახ, ხანდახან შეგხვდება ხოლმე სერიალი, რომელიც ეპოსებს,  ფიქციური თხრობის ნამდვილ შედევრებს გაგახსენებს.

აბა, გამოტყდით და აღიარეთ: რომელია, თქვენი აზრით, საუკეთესო სერიალი?

ამერიკული წარმოების კრიმინალური დრამა „მოსმენა“ («The Wire») – სცენარი დაწერა ჟურნალისტმა იმ პოლიციელთან ერთად, რომელიც ოცდაათი წლის განმავლობაში ბალტიმორში მუშაობდა. ფანტასტიკური სერიალია. ახლა უკეთ მესმის შავების, რომლებიც ამერიკაში, ცივილიზაციის ცენტრში ცხოვრობენ და მაინც გეტოებში არიან.

სხვა კიდევ?

ნაკლებად კომპლექსური, თუმცა ფანტასტიკურად გაკეთებული და გულიანად ინსცენირებული: „სამეფო კარის თამაშები“ («Game of Thrones») – საოცარი მასალა, ბევრი ნასესხობებით შუა საუკუნეების ეპოსიდან და სარაინდო რომანებიდან. მართლაც კარგად გავერთე. ამგვარი სატელევიზიო სერიალები მაგონებენ მე-19 საუკუნის რომანებს, რომლებიც ნაწილ-ნაწილ, გაგრძელებებით იბეჭდებოდა – ისინი დაძაბულად იკითხება, კარგი თავშესაქცევია. თუმცა საინტერესოა, რომელი მათგანი გაახსენდებათ ათი ან ორმოცდაათი წლის მერე? საუკეთესო რომანები კი საუკუნეებს უძლებს. თითოეული მათგანი ამოუწურავი კოსმოსია. არსებობს კი უფრო დიდი, უფრო ძლიერი და უფრო ხანგრძლივი სიამოვნება, ვიდრე შექსპირის ნაწარმოებთა წაკითხვა, მერე კი კვლავ და კვლავ კითხვაა?

და რა მოხდება, თუკი ორმოცდაათ წელიწადში ვერავინ შესძლებს ყურადღება მოიკრიფოს საიმისოდ, რომ  შექსპირი წაიკითხოს?

ეგ უკვე მეტისმეტად პესიმისტური დამოკიდებულებაა კულტურის მიმართ! არ არსებობს ბუნების კანონი, რომელიც ამტკიცებდეს, რომ ადამიანური ყურადღება რაოდენობრივად მცირდება. ეგ ჩვენზეა დამოკიდებული. თუკი ჩვენ მომავალი გვაინტერესებს, განათლებას არ შევწყვეტთ. ჩვენ ვიკითხავთ წიგნებს, ცოდნას დავეწაფებით და წიგნები გვეყვარება.

 


2 – Netflix — ნაკადოვანი მედიის და მოთხოვნილი ვიდეოს მიმწოდებელი კომპანია (კალიფორნია, აშშ).

 

გერმანულიდან თარგმნა  შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5