გამოცანებით საუბრობთ. რის საფუძველზე გამოთქვამთ ამ ვარაუდს?

ჩამოყალიბებული დემოკრატიების ქვეყნების უამრავი მოქალაქე იმედგაცრუებულია სოციალური და ეკონომიკური განსხვავებულობებით, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში იწარმოება ან დაიშვება. ამასთან პრობლემას ქმნის არა თავად ეს განსხვავებულობები, არამედ მდგომარეობა, როცა ეს უსამართლობად აღიქმება. სრულიად კონკრეტულად თუ ვიტყვით: ყოველდღე თავაუღებლად მუშაობ და დღის ბოლოს ხვდები, რომ ეს მხოლოდ თავის გასატანად თუ გეყოფა. თუ დაოჯახებული ხარ, მაშინ ორნი მუშაობთ და ნახევარი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, სულ ერთსა და იმავე  ადგილს ტკეპნით. ეს არის უამრავი მოქალაქის რეალობა ევროპულ ქვეყნებში, თან სამხრეთში უფრო მეტად, ვიდრე ჩრდილოეთში. შვეიცარია ალბათ ერთადერთი სანაქებო გამონაკლისია.

ერთი წუთით – განა სწორედ ევროპულ სახელმწიფოებში არ არსებობს ფულის ისეთი გადანაწილება, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ აქვს? მაშ რატომღა ჩნდება მაინც უსამართლობის შეგრძნება?

ბიუროკრატია უსამართლობის პრობლემას ვერ გადაჭრის, უფრო მეტიც, სავარაუდოდ დაამძიმებს კიდეც. უკვე უამრავი ადამიანია ამ მდგომარეობაში და საკუთარი ძალებით მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობასაც კი ვერ ხედავენ. ვიდრე იმის იმედი აქვთ, რომ სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია მათ სასიკეთოდ შეიცვლება, წყნარად არიან. საუკეთესო შემთხვევაში სხვების წარმატება და სიმდიდრე აგულიანებთ კიდეც. მაგრამ როგორც კი იმედი ეწურებათ, მაშინვე ღრმა სკეპტიციზმი იპყრობთ იმ წყობის მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ, რესენტიმენტი ეუფლებათ და ადვილად წამოეგებიან ხოლმე პოპულისტებისა და ნაციონალისტების პოლიტიკურ ანკესზე.

სწორედ ეგ ნაციონალისტები და პოპულისტები არ არიან, ამ ბოლო ხანებში სისტემის კრიტიკაში რომ ვარჯიშობენ? რასაც ერთ დროს რადიკალი მემარცხენეები აკეთებდნენ… ამ კრიტიკით ზუსტად მიზანში ხომ არ არტყამენ?

აბსოლუტურად. თან არც გადაჭრის გზებს გვთავაზობენ. მათ არ უნდათ სისტემის რეფორმირება, მათ უნდათ უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა… რათა მერე ქვეყანა ავტორიტარული ხელით მართონ. ნაციონალისტები არ არიან დემოკრატები, ისინი თაყვანს სცემენ ავტორიტარიზმის კულტს. ამ ნაციონალისტური მოძრაობებისგან მაჟრიალებს, მათ იოლად არ უნდა შევხედოთ, ისინი განასახიერებენ ევროპის ძველისძველ დემონებს, რომლებმაც ენითუთქმელი ომი და უბედურება მოიტანეს.

თქვენ მართლა მკვეთრ ხაზებს ავლებთ. თუმცა, ნება მომეცით, ერთ პუნქტს ჩავუღრმავდეთ. კონკრეტულად რაში ედავებით დასავლურ დემოკრატიებს?

ჩვენ საქმე გვაქვს მთავრობათა, უფრო სწორად თუ ვიტყვით, პოლიტიკური ისტებლიშმენტის სრულ კრახთან. შეხედეთ საფრანგეთს, ყვითელჟილეტიანთა საპროტესტო გამოსვლებს: შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ, თუ როგორ აღმოჩნდა დემოკრატია საკუთარი მარცხის აღიარების წინაშე, რადგან ხალხი მას საერთოდ აღარ ენდობა. ისტებლიშმენტის წარმომადგენლები პოლიტიკას დიდი ინტერნაციონალური კონცერნებისთვის ქმნიან, და არა მოქალაქეებისთვის. არსებობს ბრწყინვალე განათლებამიღებულთა ფენა, რომლებსაც წარმატება გარანტირებული აქვთ. ესენი არიან პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები, მრჩევლები, მაღალი რანგის მოსამსახურეები. აქ ხდება სწორედ ძალაუფლების, სტატუსისა და ფულის კონცენტრაცია, რომელიც არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნურია. იგი ეფუძვნება პრივილეგიებს. ვინც ისტებლიშმენტს ეკუთვნის, კარგად არის, ვინც არა –  მოკვეთილია.

რასაც თქვენ უჩივით, ანგლოსაქსები ეძახიან „ნათლიმამურ/ძველბიჭურ კაპიტალიზმს“ – «crony capitalism».

ვფიქრობ, ესაა დიაგნოზი, რომლის სერიოზულად მიღებაც არ გვინდა. ჩვენს სისტემაზე დიდ ზეგავლენას დიდი ბიზნესისა (Big Business) და დიდი მთავრობის (Big Government) ურთიერთშეთანხმებული ალიანსი ახდენს. ამგვარი წესრიგი, რომელიც თუნდაც დემოკრატიული წესებით ფუნქციონირებდეს, წარმოადგენს ალტერნატივას იმ თავისუფალი და ღია საზოგადოებისა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სოციალური მობილობა. კონკურენცია ბევრი კი არა,  ძალიან ცოტაა. მეტი კონკურენცია რომ გვქონოდა, იქნებ საზოგადოებაც უფრო სამართლიანი ყოფილიყო. ნებისმიერი ჩვენი საზოგადოება ზედმეტად კოლექტივისტურია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ წესრიგში, სადაც კაპიტალიზმი და სოციალიზმი ერთმანეთს ერევა და მათი ერთმანეთისაგან გამორჩევა შეუძლებელია.

თქვენ ათწლეულების განმავლობაში ყურადღებით აკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ზედმეტად შავბნელად ხომ არ აღიქვამთ – უშუალოდ სიმწვავიდან გამომდინარე?

არავითარ შემთხვევაში. პრობლემები, რომელთაც მე აღვწერ, დიდი ხნის წინ გამოიკვეთა, უბრალოდ მათი დანახვა დიდი ხნის განმავლობაში არავის უნდოდა. ახლა კი ყველასთვის ხილული გახდა და ნაციონალისტებიც სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტენ. მათი რიტორიკა იზიდავს შედარებით ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ცხოვრებაში პერსპექტივას ნაკლებად ხედავენ. ამ დროს უშედეგოა ცხვირაწეული პოზა და ნაციონალისტებისა თუ პოპულისტების ლანძღვა-გინება: ვიდრე უსამართლობა იქნება, ვიდრე უამრავი ადამიანი რესენტიმენტს, ბრაზსა და რისხვას გრძნობს, მანამდე დემაგოგებს გასავალი ექნებათ. ჩვენ ისევ გვჭირდება პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისუფალი საზოგადოების იდეას ირწმუნებენ და გაძლიერდებიან.

აქ საქმე მნიშვნელოვან განსხვავებას ეხება: ერთია, თავს რომელიმე ერს/ნაციას აკუთვნებდე – ამაზე ნორმალური ამქვეყნად რა შეიძლება იყოს – მაგრამ ეს მიკუთვნებულობის გრძნობა უპირატესობის გრძნობაში როდის გადადის? ან სხვაგვარად რომ ვიკითხოთ: სად გადის თქვენთვის ზღვარი პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს შორის?

კარგი კითხვაა. ეს სრულიად ბუნებრივია, როცა ვინმე ამაყობს თავისი ენით, თავისი კულტურით, თავისი ტრადიციებით. პატრიოტიზმიც სხვას არაფერს გულისხმობს და ამდენად იგი პოზიტიური ძალაა; რადგან რა იქნებოდა ადამიანი სამშობლოს გარეშე? ნაციონალიზმი კი სრულიად სხვა რამეა. იგი იწყება იქ, სადაც კოლექტივი ხდება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინდივიდი: ინდივიდი არაფერია, საკუთარი ერი/ნაცია, როგორც ორგანული ერთობაკი – ყველაფერი… თანაც ეს საკუთარი ერი/ნაცია სხვა კოლექტივებს სჯობია, მათზე აღმატებულია. პატრიოტიზმი საშობლოსთან ერთიანობაა, ნაციონალიზმი კი ყოველთვის მიმართულია სხვების საწინააღმდეგოდ. ამიტომ არის იგი დესტრუქციული და ძალადობრივი. სწორედ ამიტომ არის ასეთი სახიფათო.

 

1 2 3 4 5