“რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის სადმე სხვაგანაა”.

(ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი. „პატარა პრინცი“)

„გივი… გივი! გივი, წავიდნენ!“

(რეზო ჭეიშვილი. „ცისფერი მთები“)

 

/ნაწყვეტი რომანიდან/

 

სახლში ტრადიციულად ბებიაჩემი დამხვდა. ტელევიზორით „აეროსმიტის“ უახლეს კლიპ „პინკს“ უყურებდადა თავის უკმაყოფილო ქნევით წამდაუწუმ „ნწ-ნწ-ნწ“-ს იძახდა.

-მოხვედი, ბებოს ჩიტო? – სასტუმრო ოთახში შესულს ცერად გამომხედა  და ისევ კლიპს მიუბრუნდა.

-რაებს უყურებ? – გამიკვირდა მე.

-უყურე, ბებოს ჩიტო, თურმე რას დაუმგვანებიათ მსოფლიო ამ გაოხრებულებს ამასობაში! რატომ არ მითხარი აქამდე, რო მაყურებინებ სულ „იზაურას“ და „პროსტა მარიას“?! – მძიმედ ამოიოხრა ბებომ და კლიპის ყურება განაგრძო.

ბებიაჩემს, ბიოლოგის წითელი დიპლომით აღჭურვილ ამ დამრტყმელ დედაკაცს, ანკი, როგორც ცხონებული მამაჩემი ეძახდა ხოლმე ზურგსუკან, „მის უტანკესობას“, ადრე, ასე ოცი წლის წინ (და ალბათ იმის წინაც), სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც უტვინიკოსეს ქალს და ვაკის უბნის ბალზაკის ასაკის მძიმეწონიანი ქალებიც ბრძნული რჩევა-დარიგების  მისაღებად ჩვენთან ლამის ყოველდღე დაიარებოდნენ.

მახსოვს, პატარაობისას, საბავშვო ბაღის ასაკში, სასტუმრო ოთახის მაგიდას ზურგზე ცალი ხელით შემოდებული ვითომ-საციგურაო წრეებს რომ ვურტყამდი ვიღაც ფაშფაშა, დახატული ქალბატონების დასანახად. ის კულიჩივით ქალები ბებიაჩემთან, ვითარცა შეურყვნელ ავტორიტეტთან, საჭირო რჩევის მისაღებად იყვნენ მოსული. ყოველი ეგეთი მომსვლელი თვლიდა, რომ თითისტოლა ღლაპი ვერაფერს გავიგებდი და ამიტომაც, მათი მხრიდან, მორიდებას არასდროს ჰქონია ადგილი. ასაკენწლი თუ გასარჩევი საქმე კი, როგორც წესი, ღალატში შემჩნეულ მათ თანამეცხედრეებს ეხებოდა და იდებოდა იქ ნაირ-ნაირი ისტორიების მთელი მოზაიკური დარდუბალა:

-მცხეთის სალობიეში დაუნახავს ამირანი დახლიდარ ლარისასთან ერთად ჩემი ნათლიის მულს! ლობიოს ჭამდნენ, ჭადსა და პრასს აყოლებდნენ ყველით… ლობიოზე რომ ქალს დაპატიჟებ ქალაქელი კაცი, კაცი ხარ მაგის მერე?!

ანდა:

-შვეციელი ქალების ფეხბურთზე იმის მაგივრად მე წავეყვანე ვარლამიკოს „დინამოზე“ – თავისი ორი ბოზანდარა ლაბორანტი წაუთრევია ისეთ მოკლე კაბებში, სირცხვილით ზედ არ შეეხედებოდათ არცერთსო – ბიჭიკო ბუნტურმა.

ანდა:

-ღამით ბოდავს ლეო მოლდავურად, არადა იფიცება დილაობით: მარტო ქართული და რუსული ვიციო… სულ იმ გათახსირებულ სვეტლანა ტომას ახსენებს ხვნეშით! იმდენი კაბა ერთად რამ ჩააცვა?.. ან რამ გაახდევინა   ტელევიზორში ყველა ისე უსირცხვილოდ?!

ანდა:

-გახდილი ქალების საზღვარგარეთული კარტი ვუპოვე ბარდაჩოკში იურის. მაგას დავაყარე შავი მიწა! ქალმა შეიძლება ეგრე ბოლომდე გაიხადოს და თან კარტისთვის ფოტო გადააღებინოს?.. დავაბრუნე უკან ჩუმად… გავდნენ მაინც რამეს!

და ბებიაჩემიც, ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღების“ ექიმის ლუმინალის არ იყოს,ყველას ერთი და იმავე რჩევით ხუნძლავდა, ოღონდ ეს რჩევა, ახლა როგორც ვიხსენებ, სხვა ყველაფერთან ერთად, ტრასცენდენტალურ დიეტასა და გონებრივ ფორმაში ჩადგომას უფრო უკავშირდებოდა. ტექსტი მუდამ ერთი იყო და თან ისეთი გაუმტარი, ვერცერთი სოდა ვერ დაშლიდა და მიწისძვრა ვერ შეაქანებდა.

-ამოიღე ლონდა რაციონიდან პური – ლავაშიც, შოთიც და ისეც! ყველანაირი ხაჭაპური, ხინკალი, პილმენი, ვარენიკები, ბლინები, მაკარონი, ვერმიშელი, კულიჩი, ბულკი, ყველა ნამცხვარი და ტორტი, ვაფლი, პეჩენია, სუხარი, მოკლედ ყველაფერი საფუარიანი – რაც აფუებს!.. მაგიტო ქვია საფუარი, თუ არ იცი! დღევანდელ კაცებს გამხდარი ქალები მოსწონთ, აი ისეთები – ხელში რომ ადვილად აიყვან და საწოლამდე თავისუფლად მიიტან! შენ კიდევ – კავკასიის გლობუსივით რო გაქვს ერთი ადგილი… კავკასია რა შუაშია… ნუ, როგორცაა!.. ხომ გაწყდა წელში კაცი! გიკვირს მერე?.. შეეშვით მერე ამ ტკბილეულს! ხორცეულსაც შეეშვით! შაქარსაც, კვერცხსაც, რძის პროდუქტებსაც, შოკოლადსაც, ყველა კამფეტს, ჭადს და ღომსაც! ნახავ შენ თვითონ, რაც მოხდება!.. მე უნდა გასწავლიდე მაგას?! დაიკლებ წონაში, დაიკლებ ასაკში, დაიკლებ წინიდან-უკნიდან… და მერე კიდევ, მოეფერე ხშირად, მოფხანე ზურგი, ბეჭები ფრთების ადგილას, კისერი, ყველაფერი!.. უყვართ ეგ! არ წყევლო!.. წყევლა ადედებს მაწყევრის სისხლს და გაგიჩენს კოშტებს ფეხის ვენებში დროზე ადრე! ტრომბი და სპილოს დაავადება გინდა?.. საერთოდ გაიქცევა! რა უნდა სახლში სპილოს და ზოოპარკს?.. თუ არ გაქვს ნებისყოფა – ისწავლე წესიერი საჭმლის კეთება და იქით გაასუქე!.. გაასუქე დასაკლავადო, იმას კი არ ვამბობ?.. ხომ მიმიხვდი, რაც მინდოდა მეთქვა? ისწავლე მერე დამკა, დომინო, ნარდი, ფურთი, ქალაქობანა, ლოტო!.. ფანტი არ გამაგონო!.. მაგრამ მთავარი, მაინც შახმატია! აგერ ნონას ხომ უყურებ ტელევიზორში, გაფრინდაშვილს? ყველა ჭკვიანი კაცი აფრენს ნონაზე… გარეგნობა თუ არ გივარგა, რამე არ უნდა გეყაროს ტვინში?.. აბა, ისე ტვინი რად გინდა? წიგნები იკითხე!.. გაზეთებიც იკითხე! „ლელო“, „სავეცკი სპორტი“! ჟურნალებიც! „კრესტიანკა“, „რაბოტნიცა“! დედაქალაქების სახელები დაიხსომე! მდინარეებისაც! მთები, ზღვები, ქვეყნები! იდიოტკა მარინა რაგუას ბრაზილია დღემდე ბრაზიანი ხალხის ქვეყანა გონია! ტირის და ჯღნავის მერე ფსიქოპატიურად! მაგას რომელი ქმარი გაუჩერდებოდა?!.. ოთხივე კუკიაზე ჩადო მიწაში დროზე ადრე!.. არ უნდა იცოდე ვინ ესროლა ლენინს ან ერც-გერცოგ ფერდინანდს?.. ანდა რომელია ყველაზე ღრმა ღრმული დედამიწაზე?.. ან რატომ ურტყამს ჩელებაძე რევაზი პენლებს ისე, როგორც ურტყამს? ან რას მოგვითხრობს „ვეფხისტყაოსანი“, „უთავო მხედარი“ და  საერთოდ, რატომ არ ჭამენ თეთრი დათვები პინგვინებს?

-რა ვჭამოთ აბა? – უკვირდა ყველას.

-ბოლოკი! – ჰქონდა ბებიაჩემს ერთი პასუხი, რაცისეთი ინტონაციით იყო ბებიაჩემის მხრიდან  დანახეთქები, ემოციურად ძალიან ჰგავდა გაბრიელ მარკესის პოლკოვნიკის ბომბა-პასუხს.

ეს ყოვლად გამოდარეჯანებული და გადათანთალებული ქალები კი, სეანსის ბოლოს, ამ მონოლოგური რჩევა-დარიგების ექვივალენტად ბებოს შოკოლადის „ბამბანერკებს“ უტოვებდნენ. ბებო თავიდან, როგორც მათ წრეში იყო მიღებული, უკადრისობდა, მაგრამ ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მაინც იტოვებდა და სერვანტში კეტავდა.

სახლში ეულად რომ დავიგულებდი თავს, მუსრს მათ ისევ მე ვავლებდი: დაკეტილ სერვანტს ისე კოხტად ვხსნიდი თმის შპილკით და მაგნიტით, დღემდე ამერიკულ კინოებში ვერ აღებენ ეგრე გასატან ბაითებს. „ბამბანერკის“ გამჭვირვალე გარეკანს ისე ვჭრიდი ბრიტვით, საერთოდ არაფერი ეტყობოდა გარედან. ერთიანად ამოჭმულ საშოკოლადე ღრმულებში შოკოლადების მაგივრად, მათივე ქაღალდებს ვტენიდი და უკან ხელუხლებელივით ვაბრუნებდი. დიდი ცირკი მაშინ იწყებოდა, სხვა რომელიმე მორიგი პატივცემული სტუმრის სტუმრობისას, ზარზეიმით რომ იღებოდა სერვანტი დამაგიდაზე იმავ სტუმრის საპატივცემულო დესერტად უკვე კაი ხნის გამოშიგნული „ბამბანერკა“იდებოდა. იხსნებოდა და ყველას სახტად დარჩენის შემდეგ, გამოთქმით იწყევლებოდა: მისი მომგონი, გამომშვები, შემფუთავი, ანუ „უკლადჩიცა“, ეგეთი ბრაკი „ბამბანერკის“ მწარმოებელი ფაბრიკა, მათი მექრთამე დირექტორები და გათახსირებული მუშა-ხელი, გაუმართავი სისტემა, არანორმალური წყობა, ავადმყოფების პარტია, შიზოფრენიკი ლენინი, ქაქიჭამია კამო, ტუტუცი კიროვი, დამპალი ორჯონიკიძე, საზარი ბუხარინი, უხერხემლო ზინოვიევი, შეშინებული ფელიპე მახარაძე, ბანდიტი სტალინი, გველი ბერია, სოფლელი ხრუშჩოვი, უწესო მჟავანაძე, ბლაყვი ბრეჟნევი, ერთუჯრედიანი გრომიკო და თავგასიებული შევარდნაძე.

ამ სიტყვებს ძალა ჰქონდათ!.. ამის მერე უფრო მეტად მჯერა ადამიანური ემოციების და ენერგეტიკული ტალღების… მათი შორ დისტანციებზე მიღწევადობისაც…  დღემდე უკვირთ – რამ დაშალა სსრკ-ო? გაწიე-გამოწიე და, სადღაც და სხვათა შორის, პასუხისმგებლობის ხვავრიელ წილს, წითელი იმპერიის ძირის გამოთხრასა და კაპიტალურად დაშლაზე, დღეს უკვე მეც ხმამაღლა ვიღებ საკუთარ თავზე!.. როგორია?.. მშვენიერი! ისე, ნეტავ რამდენი „ბამბანერკა“ მექნება ეგრე შეჭმულ-გაჩანაგებული ცხოვრებაში?

-არ შეჭამ, ბებოს ჩიტო? – მომესმა ჩემს ოთახში მოგონებების ამ მსუყე დაივინგში მოსხმარტალეს  გარედან ბებიაჩემის ხმა.

-არი რამე? – ვიკითხე შიგნიდან.

-რას ქვია არ არი?! ღამენათევმა და მშიერმა რა ნამუსით უნდა დაიძინო?! ჯერ კიდევ ზრდადი ორგანიზმი გაქვს!.. ადამიანის ჩონჩხი იზრდება ოცდახუთ წლამდე, არ უნდა იცოდე ამხელა ბიჭმა! რამდენის ხარ ახლა?

-წელს ვხდები მაგდენის! – გავძახე საძინებლიდან უკვე ბალიშზე თავმიდებულმა.

-ჰოდა, ეგ თავი მერე შეიკავე რამდენიც გინდა! გამოდი ახლა! გავშალე უკვე მაგიდა! ხალადეცი გვაქ მდოგვით!.. პიურეცაა კატლეტით! ტყემალი არ დავინახო ბოთლიდან დალიო! კარაქიანი პურიცაა! დავასხა ჩაი უკვე? თუ რძეში ჩაფშვნილი ჭადი გინდა ყველით? შენ რომ გიყვარს! სიმაღლეში კიდევ უნდა გაიზარდო, ბებოს ჩიტო! ცხონებული მამაჩემისხელა მაინც ხომ უნდა იყო მინიმუმ?.. კაცი იმსიმაღლე იყო, ტრამვაიში რომ ადიოდა საბჭოს ქუჩაზე, ღია ლუკთან დგებოდა, თავი რომ არ აერტყა ჭერისთვის!! შემოვიტან თუ გინდა ყველაფერს მანდ!

-მოვდივარ!! – ავდექი სხარტად და შინაურულად გადავიცვი.

სამზარეულოში მჯდომმა ფანჯრიდან ქალაქის ხედს გავხედე. ზამთრისგან აქათქათებული მთაწმინდა ისევ იქ იდგა. ზედ დარჭობილი სატელევიზიო ანძა  ნაძვის ხესავით იყო მორთული. იქვე მოფუსფუსე ბებოსგან კი უკვე ისეთები მესმოდა, ჩაწყობილი მეგონა მთელი ეს დილაც და წინა ღამეც რადიოში.

-ხელები ხომ კარგად დაიბანე საპნით?.. სარეცხი საპონი დავდევი შენთვის! ისევ ეგ ჯობია იმ თურქულ ნაგავს! ბაქტერიები შეგვჭამენ ისე! ბაქტერიები და ბაცილები ვართ ჩვენც, ადამიანებიც, და უფრო პატარა ბაქტერიებს როგორ უნდა შეაჭმევინო თავი?.. ვინ გამოგყვება შეჭმულს და დაპრიშიკებულს ცოლად?! როგორი ამოშავებული გაქვს თვალები, ჩემი სიკვდილი… გაათენე ხომ ბებოს ჩიტო? მეც გავათენე! ჩვენი ბესიკოს რადიო მქონდა ჩართული და გისმენდი!.. როგორი მორიდებული ხარ მამაშენივით! ამოგეღო ხმა ერთხელ მაინც!.. ისე ველოდებოდი – ა, ახლა იტყვის რამეს, ან ახლა-მეთქი!.. ის კაცი რომ ჩაგიხტა შუა გადაცემაში, იმდენი ილაპარაკა, წნევამ ამიწია, კორვალოლი დავლიე მთელი ლისტი… არა, ისე  დალაგებულად კი ლაპარაკობდა… აკაკი შანიძესავით!.. სულ არ გავდა უცხოპლანეტელს! ეგეთი გამართული ქართული თუ იციან მაგის პლანეტაზე, შემოგვიერთდნენ ბარემ!.. რუკას ვუყურებდი ამასწინათ და, საერთოდ არ ვჩანვართ! სირცხვილი არაა?! ვიღაც ბრაზილია და ანტარქტიკა იმხელები უნდა იყოს და ჩვენ კიდევ, ჟუკის ფანრით ვერ გვიპოვი სად ვართ… ვიფიქრე, დავურეკავ-მეთქი რადიოს ტელეფონზე – წავეჩხუბებოდი იმ კაცს, რომ არ გათქმევინა არცერთი სიტყვა, მაგრამ აჩკი ვერ ვიპოვე, არადა ჯვარივით მეკიდა თურმე ხალათის ქვეშ! არა, უფროსების პატივისცემა რომ იცი, კაია, მაგრამ დიდთან დიდი რომ უნდა იყო, და პატარასთან პატარა, აღარ გახსოვს? დიდი ამბავი, თუ ჩამოფრინდა!.. ეგრე იმდენი კოღო და ბუზი დაფრინავს მსოფლიოში, გული შეგიწუხდება… ჩიტები მერე?.. ან არწივების და ქორების მეტი რაა? ყვავი მერე? ან მტრედი? პატარა პრინციც ჩამოფრინდა ეგრე!.. და რა მერე? ვალენტინა ტერეშკოვაზე ვერავინ იფიქრებდა დაბრუნდებაო – მაგრამ ისეთი დაბრუნდა, მაგის საცოდავ ქმარს თურმე ინფარქტი დაემერთა აბშირნი და თავი სულ გაუბუჟდა! საწოლში რომ იწვა მერე, თავს საერთოდ ვერ იღებდა ბალიშიდან, ხელ-ფეხით და ტანით კი ტრიალებდა საწოლში ეშმაკის ბორბალივით!.. გაათავე ეგ ბოლომდე… ვის უტოვებ?!

ძილში მეც ეშმაკის ბორბალივით ვტრიალებდი იმ დილით და შუადღისკენ ბესას სატელეფონო ზარმა გამაღვიძა. რადიოდან რეკავდა.

-ვასა, მგონი გიჟ-ქეთოს ევასე, გეუნევი რა!

-საბრძოლო სალუტი მივცე ფანჯრიდან პასუხად, თუ ბებია გავახარო?

-რედკი გოგოა. მოუსმინე მაინც! რადიო ხო გაქ სახლში, ვასა?

-სარეცხი და საკერავი მანქანაც მაქვს!

-დაკერილია უკვე!..

-და ვინაა ეგ გარეკილი საერთოდ?

-ოოოოო… – მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა ო-ხმოვანი ბესამ. – ეგ გოგო ცალკე ტრილერია, ვასა!.. ფრთხილად იყავი, წინასწარ გაფრთხილებ! მერე არ დამიწყო…

-ტოკს ირტყმეინება?

-უარესს!.. თითი არ დააკარო პირველმა, იცოდე!..

-რომელი თითი?

-ოცდამეერთე, ვასა!.. და იქითა პარასკევს შენ ჟღურტულს ელის სრულიად საქართელო „რადიო-ჯას“ ღამის ეთერში!.. არ გადამრიო! ივარჯიშე იქამდე! ხომ ნახე ქეთო, რა რაკეტასავით ბომბა მყავს?.. შენგანაც უნდა დადგეს არანაკლები პოღოს-მოღოსი, გეუნევი რა!

-იქითა პარასკევამდე მძინავს. აქ აღარ დარეკო! – დავუკიდე ყურმილი.

მერე ტუმბოზე მდგარი რადიოლა ჩავრთე. ბებიაჩემს ჩვენი რადიოსადგურის სიხშირეზე მოემართა. საათს რომ გავხედე, თორმეტს ბევრი აღარაფერი უკლდა. ქეთო ეთერში ფინიშის ხაზზე იყო გასული:

-დღეს ამით გვეყოს საეთერო ცამპა-ცუმპა-პამპარი! მალე შუადღის თორმეტი ჩამოჰკრავს თორმეტჯერ და მეც საეთერო ესტაფეტას ჯაზის მთავარ ბიცოლას ვიოლა ჩხეიძეს გადავულოცავ! ოთხამდე ის გააჯაზებს ეთერს თავისი ელა ფიცჯერალდებით, ეტა ჯეიმსებით, რეი ჩარლზებით, სონი ბოი ვილიამსონებით, არეტა ფრანკლინებით, ლუი არმსტრონგებით, ნინა სიმონეებით და სხვა დაბიდუბებით!! ჩემი დღევანდელი ბოლო მუსიკალური აგური კი, კუბელი, მწვანეტუჩება კომკავშირლების საყვარელი ჰანგია!.. კუბა გეცოდინებათ სად ჯანდაბაშია! კუბა იქაა, სადაც ფიდელ კასტროა! ფიდელ კასტრო დღემდე საბჭოთა ვოლგა21-ით დადის! საოცარი დამთხვევაა, რომ 21 თებერვალია დღეს აქ და ყველა მიწისქვეშა მეტროშიც! ხავერდოვანი ხმა აქვს მიწისქვეშეთიდან ამოსულ გოგო-ნიკოს სხვა ნიკო-მუნჯებისგან გასნხვავებით! მოკლედ, აგერ „ველვეტ ანდერგრაუნდი“ და გოგო-ნიკო სიმღერით -„I’m waiting for the man“! და პაკაათ იქითა შაბათ რიჟრაჟამდე! მთელი ოთხი საათი ასე საყვარლად და მუსიკალურად გამათრახებდათსავით გიჟი-ქეთოი!

ამ ტაიფუნივით გოგოს ტორნადოსავით „ბლა-ბლა-ბლა“ საღერღელს სხვანაირად შლიდა და შორიდანაც კი, თვალსა და გულს სხვანაირად ასველებდა. სასწრაფოდ მზის სათვალე დავიბნიე და სიმღერას ბოლომდე ავუწიე. მხოლოდ მე ვიცი, რას ჩურჩულებდნენ სათვალის მიღმა ჩემი თვალები.

 

 

 

1 2 3 4