ედგარი ღამის თერთმეტისკენ ისევ ისეთი გამოცხადდა – მთლიანად თეთრებში და თოვლზე უთეთრესი ღიმილით. თეთრი პორტფელიდან კვლავ ერთიანად აჭრელებული თეთრი ფურცლების დასტა ამოიღო და საქმეს შეუდგა. ამჯერად სტუდიიდან ფეხი აღარ გამიდგამს. იქვე მჯდომმა ყველაფერს გულდასმით ვუსმინე და თმა მთლად ყალყის ყალყზე დამიდგა.

ედგარი ფურცლებიდან რადიომსმენელს დაწვრილებით  უამბობდა პლანეტა ლუფერას ამბებს: იქ იყო ლუფერას ისტორია და გეოგრაფიაც, ამ შორეული პლანეტის მარადიული მოწყობის სქემა და საყოველთაო წესებიც, ზედა და ქვედა სივრცეების ფუნქციებიც, პლანეტის კანონები და შესაშური ტრადიციებიც, პაპანაშები, კოსმოსური ტრანს-მიგრაციებიდან დაბრუნებული მისიონერი ძენგები… წინ თითქოს ლუფერას ენციკლოპედია ედო და იქიდან კითხულობდა ამ ყველაფერს. გადაცემის ეს გამოშვება კი, ასე დაამთავრა:

-არის ტელეპატიური კონტაქტის საშუალება დისტანციაზეც, როდესაც ძენგის ფიქრები პირდაპირ ფრაზებად შემოდის დედამიწელის გონებაში – მთავარია გახსნილობა, მინდობილობა და უეჭველობა, რომ ეს ფრაზები მისი გონების  შესაბამის სიხშირეზე დაჯდეს და მან მიიღოს უტყუარი ინფორმაცია მოსალოდნელ მოვლენებსა თუ უახლეს კატაკლიზმებზე. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ყურში, ანუ სმენით ორგანოში ხმაური ერთვება – შეიძლება იყოს ეს შიშინი, ზუზუნი, შრიალი, ტელეფონის ზუმერივით თუ რადიოსიგნალივით ხმა. ასეთი ადამიანი, როგორც წესი, ფრთხება და მაშინვე გარბის ექიმთან, იღებს ფარმაკოლოგიურ საწამლავს, იკეთებს ოპერაციებს, რათა ჩაახშოს ეს ხმა, არადა ეს ხმაური სხვა არაფერია, თუ არა კონტაქტზე გამოსვლის მცდელობა, იგივ კოსმიური სიგნალი… მთავარია, გადაილახოს უნდობლობა და ყურში ამ სიგნალჩართულმა პიროვნებამ საკუთარ ყურშივე აიღოს წარმოსახვითი ყურმილი და უპასუხოს კავშირზე გამომსვლელს უბრალო, საერთაშორისო კოსმოსური სიტყვა – „ალო!“.. ამ დროისთვის, პლანეტა დედამიწაზე არსებულ 211 ქვეყანაზე „ლუფერადან“ სხვადასხვა ოდენობის ტრასმიგრირებული ძენგი მოდის… გააჩნია ქვეყნის ფართობს, მოსახლეობას, მის პერსპექტივას და რაღა თქმა უნდა ქვეყნის აურასა და ენერგეტიკას. ისმის კითხვა: მაინც რაა ლუფერელი ძენგის მისია და ფუნქცია? რა დავალებითაა ის წარმოგზავნილი დედამიწაზე? სურთ კი მათ დედამიწის გამოყენება, როგორც მხოლოდ რესურსების წყაროსი თუ კიდევ უფრო კეთილშობილური ზრახვებით არიან აღვსილი? ამ კითხვებზე პასუხებს მომავალ პარასკევს რადიო-გადაცემა „ლუფერას“ ეთერში მიიღებთ. ამით “ლუფერას” დღევანდელი გამოშვება დასრულებულია! უძღვებოდა მას  ავტორი – ედგარ მელია!.. შევხვდებით კვლავ მომავალ პარასკევს, ტრადიციულად „რადიო-ჯას“ ეთერში, საღამოს თერთმეტი საათიდან! შეხვედრამდე, პატივცემულო რადიომსმენელო!

ედგარმა ფურცლების უფრთხილესად ჩალაგება დაიწყო თეთრ პორტფელში. მე ეთერში იგგი პოპის „The passenger” გავუშვი. თან ადგილზე ვერ ვისვენებდი, ანდა რა მომასვენებდა…

-კი მაგრამ…

-დიახ-დიახ!.. ყურადღებით გისმენ, ვასო!!

-ეს ყველაფერი რა… მართლა მართალია?..

-კითხვის არსს  ვერ ვწვდები?..

-ანუ ეს სიმართლეა?.. და თქვენი მოგონილი არაა? – ბოლომდე მოთავებული ვიდევი სკამზე.

-რას ქვია მოგონილი?! – აქ საერთოდ მუქი მელნისფერი გაუხდა სახე ბრაზისგან ედგარს და ისეთი მელნისფრად აბრდღიალებული, მრისხანე მზერა მომანათა, კინაღამ სკამიანად ავყირავდი. თავი წკიპზე შევიმაგრე და მივხვდი, მსგავსი კითხვა მისთვის აღარასდროს  უნდა დამესვა.

-მერე და, სადაა აბა მომსმენი?!.. – სტუდიაში აქეთ-იქით სიარულისას აღშფოთებას ზე-მძლავრი ელექტრო-წისქვილივით ფქვავდა ედგარი. – ან დამრეკავი და მომკითხავი?! ტელეფონიც როგორ დუმს გადაცემის დროს, თუ დააკვირდი?! ვინმე მიამიტ ტუტუცს თუ შეეშალა, დარეკა და შუა გადაცემაში „დორსების“ „ფიფლ არ სტრეინჯის“ ეთერში გაშვება მოითხოვა, ეგ კიდევ არაფერი… თავგასული ჯიმი მაინც ბოლომდე ჩვენიანი იყო!.. მაგრამ ვის აინტერესებს შიშველი, პირდაპირი და შეუვალი სიმართლე?.. აგერ, მე ამ რადიოს უფროსობას ვერჩი, მაგრამ მსმენელს ხომ ვერ დააძალებ?.. უბრალოდ, არ გისმენენ დ მორჩა!.. არავინ რეკავს, თორემ ხომ ეცოდინებოდათ, რაც ხდება სინამდვილეში ლუფერაზე დედამიწისგან განსხვავებით?..

ედგარი კიდევ ცოტა ხანს დარჩა და “ლუფერას” შესახებ მართლა „კლასგარეშე“ საუბარი ჩამიტარა. როგორც გაირკვა, რასაც „რადიო-ჯას“ ეთერში კითხულობდა, ზუსტად იგივეს ერთ-ერთ თბილისურ, პრიალა ყვითელ ჟურნალში აქვეყნებდა.

-კი მაგრამ, მაგ ჟურნალსაც არ კითხულობენ?

-ჰმ! როგორც ამ გადაცემას უსმენენ, ზუსტად ისე!.. მიდი და გაიგე, რა ჯადო და წყევლა გჭირთ ამ დედამიწელებს!.. როგორი უბადრუკები და სასაცილოები ჩანხართ ლუფერადან!. ასეთი ზერელეობა და ზედაპირულობა, მე მაპატიეთ, მაგრამ საერთოდ არ გამიგია!.. მარტო ჩაიცვი-გაიხადე, შეყავი-გამოყავია ეს ცხოვრება?! თქვენი გადამკიდეა, ადამიანის სასიცოცხლო-ენერგეტიკული რესურსი კატასტროფულ მინიმუმამდე რომაა დასული! მთლად გავამპირებულები და უმ ხორცად ხართ ქცეული ყველა! სხვათა გულისტკენა-ზაფვრით, დაშინებით, სახტად დატოვებით ძლიერდებით მავანნი და იკრებთ ძალებს! კი მაგრამ, სადაა კაცობრიობის ზე-მისია?! ფულის კუპიურის  მონა-ყმები, სულ-გაყიდულები და ყველაფერში ყალბები!.. სულ ყველაფერი ვიცი მე!.. ამიტომაც ვარ აქ!.. გესმის შენ, ვასო, საერთოდ რაზე ვლაპარაკობ?!

რა უნდა მეთქვა? ვიჯექი ჩემთვის და აჭარხლებულს ლამის ყველას მაგივრად მრცხვენოდა.

-თქვენს გარდა… კიდევ არიან? – ვიკითხე გაუბედავად. – აქ… საქართველოში…

-ვინა?.. ჩვენები?.. – მოუცოცხლდა სახე ედგარს. – არიან ხოლმე!.. მაგრამ, ვინ გიგდებს ყურს?.. კი. არიან. იყვნენ. იქნებიან. ხან რა ხდება და ხან რა!.. რა აღარ!.. ყველაფერი! ხან ცეცხლში გწვავენ, ხან თვალებს გთხრიან, ან მკლავს გკვეთენ და ხანაც…  ჰო… ზოგი ისეა, რომ არც იცის, ლუფერადან რომაა ტრანსმიგრირებული, იმიტომ რომ იქიდანაა ზე-პაპანაშთა უმაღლესი კონსილიუმის ენერგიით კვანტურად ჩასახული, და თავი, მიამიტურად, აქაური დედ-მამის შვილი ჰგონია… მერე, რაღაც დროის შემდეგ კი ეხსნება ეს ინფორმაცია, ანუ, თქვენებურად რომ ვთქვათ, მესამე თვალი… იწყებს მერე სხვანაირ აქტივობას, გარბის სახლიდან, იცვლება ფიზიკურად, ქიმიურად, კათარზისულ ბეწვის ხიდზეც უწევს გასვლა ბევრგზის… მსხვერპლადაც ეწირება ამათ ტუტუცობებს… ეჰ! – აღარ დაასრულა ედგარმა.

ცოტა ხანს ჩუმად იჯდა. მერე არაბუნებრივად ამელნისფრებული, ლამის მელნისფრად აპარპალებული თვალებით მომიტრიალდა.

-აი შენ… ვასო!

-დიახ…

-ოღონდ მართლა!.. შენ, ახლა მაინც თუ გჯერა ჩემი?

დავფიქრდი, მაგრამ პასუხი უცებ ვერ მოვიფიქრე და უბრალოდ მხრები ავიჩეჩე.

-იცით, ბატონო ედგარ?.. მე თან კი მჯერა… – დავაყოლე იქვე გაუბედავად.

ედგარმა  ნაღვლიანად ამოიოხრა.

-ეჰ, ისევ ეს „მაგრამ“…

-მე არ მითქვამს „მაგრამ“!.. – აქ შესამჩნევად დავიძაბე.

-ჩემი მისია ვარდება, ვასო!.. ამდენი ხანია, ერთი უეჭველი ადამიანიც კი ვერ ვნახე, რომელიც გულწრფელად მომენდობა და დამიჯერებს!.. წარმოიდგინე, რამხელა ამბავი მაკისრია, მე კიდევ მართლა ცუდად გავიჭედე ამ თბილისურ რადიოსა და იმ ბოგანო ჟურნალში…

 

 

 

1 2 3 4