ემოციებისგან ბოლომდე გადამწვარს და თითქოს იმავ ემოციებისგან მაგრად დალილავებულს ლამის მთელი კვირა მეძინა. ბებოს საჭმელი ოთახში შემოჰქონდა და საწოლთან მდგარ ტუმბაზე მიტოვებდა. თავში მკვეთრი ორპირი მედგა, თუმცა, სიმართლე ითქვას, მარჯვენა ნახევარსფერო აშკარად მძლავრობდა მარცხენაზე, ისევე როგორც მარჯვენა ხელი, და საერთოდ, ვერტიკალურად რომ გავეყე ვინმეს ორ ნაწილად, ჩემი მარჯვენა ნახევარი უპირატესი იყო მარცხენაზე: მისი უჯრედები მოლეკულებიან-ატომებიანად ლუფერიანი ედგარით იყო მოცული. მარცხენა ჯერ კიდევ მოისუსტებდა, მაგრამ იმ მხარეს მდებარე გული თავისას, ინტერესით, თუმც გამოკვეთილად მაინც ატუკტუკებდა. ახალი გრძნობადი ხლართებისთვის, ვგრძნობდი, აშკარად არ ვიყავი მზად – ძველი, პილპილმოყრილი იარები ჯერ კიდევ მტკივნეულად აჩნდა ჩემს გულს, მზის წნულსა და მზერას. ის ძველი ურთიერთობის ემოციური ნაფლეთები კვლავ ჯართის ნარჩენებივით ეყარა გულის მხარეს. კი ვგრძნობდი, რომ ეს გროვა უკვე  ლაზათიანად მოიჟანგებდასავით, მაგრამ მისი ჩამბარებელი და გადამამუშავებელი პუნქტი, ომიდან დაბრუნების შემდეგ, არა და არ ჩანდა! ანდა, როგორ და რანაირად, როდესაც სახლიდან მთელი ორი წლის და უფრო მეტის განმავლობაში თითქმის არ გამიდგამს ფეხი. იმ პერიოდში ბესას გარდა ბევრიც არავინ მინახავს. ჰაჰა, კორპუსის და უბნის მეზობლები და ისიც მცირე ნაწილი!.. და კიდევ, დასალევზე ჩარბენები ჩვენი უბნის მაღაზიის ლუდა-ნოქართან.

-რა გვეშველება?!..- ამ შეძახილით მეგებებოდა ყოველ ჯერზე ლუდა და გემრიელ სევდიან მონოლოგსაც შემოსცხებდა:

-რას უნდოდათ ამ სავეცკი საიუზისგან? იჯექით ეხლა – დენი არაა, გაზი არაა, არაფერი არაა! სუპი-ბორში ხალხი ქუჩაში ხარშავს. მოპარულ პაკრიშკებს წვავენ, ცეცხლზე!

-გაძვირდა?

-რა?

-პაკრიშკა!

-მე რა ვიცი!.. ეგ ავტომობილისტებმა იკითხონ. მე ვარ პეშეხოდი! არც ვენების გაგანიერება არ მაქ და ფილტვებიც სუფთა! ეგრე იცის ფეხით სიარულმა დილით ადრე. ადე, შენც!

-უ, მაგ დროს მძინავს!

-ჩემგან რა გინდა?

-შავი პური, მაიონეზი და ერთი „ვარაყი!“

-არ ეშვები მაინც!

-შენ მაინც შემეშვი რა, ლუდა!

სახლში აბრუნებული არაყს მისაყოლებლის გარეშე ვისხამდი ჭიქას ჭიქაზე სტომაქში და ასე გაბრუებული ვატარებდი დილიდან დაღამებამდე დროს.

ბებიაჩემი ჩემზე წინ იყო სახლიდან გაუსვლელობის ამბავში – მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, ბარემ მთელი ექვსი წელი არ დაედგა ტერფი კორპუსის შიდა ეზოში, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე გასვლაზე სულ აღარ იყო ლაპარაკი. თუ რამე იყო ამოსატანი, და ისიც იშვიათად, ამ მისიას ისევ მე ვიღებდი თავზე და ამომქონდა სახლში კვირის სანოვაგის მთელი არსენალი: პურის, კვერცხის, მაიონეზის, ჭადის ფქვილის, მაწონის, მაკარონის, თევზის კონსერვის, შაქრის, ჩაის, რძის, ყველის სახით. ხილ-ბოსტნეულის ბაზარი თავად მუჰამედივით მოდიოდა ჩვენს ბოლო, მეოთხე სართულზე განთავსებულ ბინამდე – ბაღჩა-ბოსტნის ნაირ-ნაირობები მარნეულელ თათრებს მოჰქონდათ: დედასა და ოთხ შავტუხა შვილს, რომელთაც სულ ჭრელა-ჭრულები ეცვათ და ყველას ოქროს კბილი უბრწყინავდა პირში შიგადაშიგ.

-მამა დომა? – მეკითხებოდა ხოლმე თათარ-დედა ბებიაჩემზე და აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რომ ბებიაჩემი ბებია იყო ოდენ ჩემი, ხოლო დედა კი, კაი ხნის გარდაცვლილი მყავდა.

ქართულ-რუსულთან ძალიან მწყრალად მყოფ მარნეულელ ოჯახს ბებიაჩემთან ძირითადად ხელ-ფეხის არტისტული ჟესტიკულაციით ჰქონდა ურთიერთობა. მათი მოტანილი აგრარული ნობათი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო: კარტოფილი, ხახვი, პრას-ბოლოკი, ბადრიჯანი, ლობიო, კიტრ-პომიდორი, მწვანილეული, ნაირ-ნაირი ხილი და უმწვავესი მოსაწევი, რომელსაც უფროსი ოქროსკბილება ვაჟი, ჯიბეში ყველასგან უჩუმრად, ვერცხლისფერ ფოლგაში გახვეულს მიცურებდა ხოლმე და გაღიმებულს იმ თავის ოქროს კბილებზე სადარბაზოს ნათურის მრუმე ათინათი გადასდიოდა.

კვირამ სწრაფად და შეუმჩნევლად, თითქოსდა სამ დღეში გაირბინა. ძირითადად ვიწექი. რამდენჯერმე ბებიაჩემს ჩავეგზავნე ეზოსთან მდებარე სასურსათო ჯიხურში და ეგ იყო. დანარჩენი დრო, წამოწოლილს და უღვთოდ გაკვამლულს,  წიგნებში მქონდა თავი ჩარგული.

-გაიმრუდებ ხერხემალს! – მბურღავდა გაშლილი გაზეთით ხელში თავზე წამომდგარი ბებო. – გაიფუჭებ მხედველობას! გვერდზე დაწოლილი კითხვა რა უბედურობაა? სწორად მაინც დაწექი, ბებოს ჩიტო!.. ა, ნახე, რა ვიპოვე! რა კარგად უწერიათ შარშანწინდელ „ნატვრისთვალში“: „ნუთუ არსებობენ სხვა ცივილიზაციები?   ჩამოდიანკი ისინი დედამიწაზე?..კი მაგრამ, რა უნდათ მათ ჩვენგან და რაა მათი მისია?..“ ჯანდაბა მაგათ!.. სარეცხი-მანქანა მაინც გამიკეთონ, ან წყალი რო ჟონავს ობოლაძეების მხრიდან, იმ კედელს მიმიხედონ!.. გადავირიე ქალი! ჰო… მერე, აგერ კიდევ… „უცხოპლანეტელები რომ არსებობენ, ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ისინი არათუ არსებობენ, არამედ ჩვენზე უფრო მეტადაც არსებობენ!..“ რა კარგად უთქვამს, გაუხმეს თავი!.. ჰო… მერე!..„ჩვენ იმ ეპოქას ვუახლოვდებით, როდესაც სულ სხვა, შორეულ სამყაროებთან უფრო ახლო კონტაქტიც უნდა გვქონდეს. განვითარებაში წინ წასულები, მომავალში აუცილებლად შევძლებთ, კონტაქტი დავამყაროთ როგორც ერთმა ცალკეულმა პლანეტამ მეორე სამყაროსთან!..“რა ენაზე უნდა ვილაპარაკოთ, კი მაგრამ?.. დაეწერათ ეგეც ბარემ!.. „თანამედროვე დედამიწაზე ტექნიკური საშუალებები, უცხოპლანეტელების ენერგიის შეგრძნებას ან გაზომვას რომ შეძლებენ, ჯერჯერობით არ გამოუგონიათ, თუმცა ეს  არამიწიერი არსებები მაინც გვამცნობენ თავიანთი არსებობის შესახებ და ადამიანთა დასახმარებლად სხვა გალაქტიკიდან მოფრინავენ. ზოგიერთის მთავარი მისია დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის გაფილტვრაა!..“ გაიგონე, ბებოს ჩიტო?.. უარყოფითისო!.. რო ჩამოგტირის სახე მთელი სამი წელია… იგრძნეს ალბათ ეგ და აჰა!.. მოგზავნილია ეგ კაცი, გეუბნები მე შენ! – სახლში ამხელა ფილარმონია ღვარცოფი-ბებო დაქოთქოთებდა მოუღლელად და თავისი სუპერ-ენერგიულობით ავსებდა სივრცეს, მე კი პირწმინდად მაცლიდა არაქათს.

„რადიო-ჯაც“ ჩართული მქონდა მთელი კვირა და რადიო-წამყვანების წაყვანის სტილს ვაკვირდებოდი, თუმცა რა სტილი!.. უსტილობა და უხრტილობა უფრო ერქვა იმ კატასტროფას, რაც „რადიო-ჯას“ ეთერში მეტწილად ხდებოდა. ქეთო არ ჩანდა, დანარჩენები კი, ძირითადად მაგარს წაუბლაყვებდნენ – მხოლოდ შემსრულებელის ვინაობასა და სიმღერის სათაურს აცხადებდნენ და მორჩა…  არანაირი კრეატივი, იმპულსი, ყირაზე დგომა და მისთანა ემოციები ეთერიდან არ მოდიოდა. სიმღერებიც ისე რა… უხეიროდ მომზადებული აჯაფსანდლის უგემური ფეირვერკი!

„სად ნახა ამდენი ცოცხალი მკვდარი?“ – ვბრაზობდი ბესაზე და საკუთარი თავის გამათრახება-შეხურებასაც ვცდილობდი, რომ ამათ არ დავმსსგავსებოდი. მაგრამ მეტი წილი ფიქრი, მაინც საავტორო გადაცემა „ლუფერასა“ და მის ედგარ-წამყვანზე მეხარჯებოდა. „მეკაიფებიან… მეკაიფებიან… მეკაიფებიან…“ – ამას ხომ ქოროდ ვაგუგუნებდი გონებაში, თან კიდევ, პარალელურად, მახსენდებოდა ამ სრულიად თეთრონი კაცის უცნაურად ელვარე, მელნისფერი მზერა, და რაღაცნაირი ჯიუტი სიალალე, რომლის გახსენებაც რაციონალობასა და წონასწორობას საერთოდ მაკარგვინებდა.

პარასკევს, მოჭარბებული ნერვიულობისგან ორჯერ ვიბანავე და კაი ხანს, უაზროდ, უცხო სიტყვათა ლექსიკონიც კი ვფურცლე. სახლიდან გასვლისას უმძაფრესი სუნამო დავისხი და ბებიაჩემის იმ დღით ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარიც  ჩამოვიკიდე კისერზე.

-წაიღე ბებოს ჩიტო ეს! გეკიდოს! ცხონებული ბაბუაშენის ნაქონია… ამით იარა საწყალმა ვასილიმ ბერლინამდე!.. ის უცხოპლანეტელი კაცი კიდევ, ისევ თუ არ დაგაცლის ლაპარაკს მიკროფონში, ამოიღე და დაანახე.!.. თუ უწმიდურია, გაქრება! თუ არ გაქრა, მე დავრეკავ და გავბდღვნი შუაზე! არ იცის მაგან ჩემი ამბავი! არ შეგვჭამეს ამ ჩამოთრეულებმა?! არც ზრდილობა იციან და, არც კულტურა! დაბლაყუნობენ ვარაუდით! ან რა ახურავთ, ან რა აცვიათ? რა აცვია მაგ კაცს?

-სუ თეთრები!

-მედიკოსია? – დაუტკბა ხმა ბებიაჩემს.

-რა ვიცი მე ვისია?

-უკანა კბილები ანახე… გითხრას, რომელი გაქვს ამოსაღები და რომელი დასაპლომბი! ადრე თუ დაგცვივდა, ვინ გამოგყვება უკბილოს?.. სიბერე იწყება უკბილობიდან!.. თუ ვერ დაღეჭე წესიერად საჭმელი და დაუღეჭავი ყლაპე – კუჭი დაიღლება ორმაგად… მერე ნაწლავები? ნაწლავები არ იცი შენ, რა დღეში ჩაცვივდებიან!..  დაგეღლება ყველა ორგანო, და დაბერდები დროზე ადრე… არ დავინახო, დაუღეჭავი ლუკმა გადალაპო!

-ბებო, ვაგვიანებ უკვე!

-იცოდე, ჩართული მაქ რადიო და გისმენ!..

 

 

 

1 2 3 4