-მე კი უკვე მჯერა, ბატონო ედგარ, მაგრამ… – ცოტათი მაკანკალებდა კიდეც. – იქნებ…  კიდევ უფრო… რამე ისეთით…

-ოთხ კვირაში, ჩემო ვასო!.. ოთხ კვირაში შენი თვალით ნახავ! აი, მოვიდეს მარტი და გაზაფხული!..

-ეგ როგორ?

-ხომ წამომწყვები?

-სად უნდა წამოგყვეთ?

-გარდაბანში…

-სადა?? – ვეღარ ვხვდებოდი, ხუმრობდა თუ მართალს ამბობდა ედგარი. პარანოიდულმა კანკალმა და უსუსურობამ  ერთბაშად ამიტანა.

-მე… ისა… – დამება იქვე ენა.

-დიახ-დიახ…

-და ჩემი წა-წამოსვლა აუცილებელია?..

-აბა – მტკიცებულებაო?

ასეთ წარმოსახვით კუთხეში მიმწყვდეულმა უმწეოდ ჩავიბურტყუნე:

-მერე… ჩემებს რა ვუთხრა?

-ვინ შენებს, ვასო?

სტუდიაში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ოდნავ თუ ედებოდა ფონად ეთერში გაშვებული „ლედ ზეპელინის“ „Stairway to heaven“.

– თან ჩათვლები მაქვს ორ კვირაში… – ვიცრუე იქვე უნამუსოდ.

ედგარმა ის თავისი მელნისფრად ელვარე მზერა მკაცრად გამიყარა, ცოტა ხანს ეჭვის თვალით მიყურა, მერე ყურებზე ხელისგულები მიიჭირა და დაუმშვიდობებლად გავარდა სტუდიიდან.

ის ღამე დილამდე სხვანაირად გაიწელა. თვალი საერთოდ არ მომიხუჭავს და საეთერო მიკროფონიც პირველად გავხსენი ცხოვრებაში:

ღამის მშვიდი მშვიდობა დედაქალაქს! ეს ჩემი პირველი ეთერია, ძვირფასო აბესალომებო! ბარემ გაგეცნობით: მე მხოლოდ ოცდაოთხი წლის ვარ და მქვია ძველმოდური სახელი ვასო. როგორი? ისე, ცოტა რომ გავაახალგაზრდავოთ ეს სახელი, ერთ უბრალო ასო-ბგერა კ-ს ჩავრთავ თქვენის ნებართვით ამ ხავსმოდებულ ნაფტალინობაში და ყველაფერი თანამედროვედ დალაგდება! ამასთან ხომ ძალიან, აი ძალიან მიყვარს ყველაფერი, რაც კი ასო-ბგერა კ-ზე იწყება: იქნება ეს კანაფი, კინოში სიარული, კარლოს კასტანედა, კაკტუსები, კეტამინი თუ კაკალი, რომელიც მედიკოესები ამბობენ, კვებავს ტვინის ორივე ნახევარსფეროს და პასუხისმგებელია ადამიანის საღად აზროვნებაზე!.. ეს ჩემი შინაგანი კ-იზმი თუ კ-ზაცია ალბათ იმ სიტყვის ბრალიცაა, რომელიც უსაშველოდ დიდი ხნის წინ სულ პირველად დამცდა, და ჟღერდა ის, როგორც „კაკა“! არ გამიკვირდება, რომ ეს გაუცნობიერებელი სიყვარული ასო-ბგერა კ-ს მიმართ, სულაც ჩემი ცხონებული მშობლების სახელებიდან მოდიოდეს, რომელთაც კარლო და კესო ერქვათ. ასე რომ – მოგესალმებათ „რადიო-ჯას“ ეთერიდან მისი პარასკევ ღამის ახალი წამყვანი ვას-კ-ა! კ-ს ხათრით ბარემ „კინგ კრიმსონის“ „One time“-ს მოგართმევთ ეთერში მოსასამენად, ანუ კაასი პატრიცია, კალასი მარია, კარუზო ენრიკო და კახიძე ჯანსუღ ჯერ ისვენებენ! მაშ დავიძარით წინ, ანუ ლეთს გოუ, როგორც იტყოდა პარკინსონამდელი  კასიუს კლეი!

ზუსტად ამ დროს სტუდიის ტელეფონიც აწკრიალდა. ყურმილი ყურთან მივიტანე.

-რადიო-ჯა გისმენთ!

-გაქრა ის კაცი, ბებოს ჩიტო? – ბებიაჩემი იყო.

-გაიქცა! – ვუპასუხე მე.

-ხომ გეუბნებოდი, ბებოს ჩიტო? მაგ ჯვრის ძალა არ იცი შენ!.. რა კარგად ილაპარაკე წეღან… კ-ზე ამდენი რამე როგორ მოიფიქრა ჩემმა კუტუნია ბიჭმა?.. ეგრე გააგრძელე!

ღამის თორმეტს რომ გადასცდა, ახალი მონოლოგი შემოვცხე ეთერში:

-დაგვიდგა 1 მარტიც! 1997 წლის გაზაფხულის პირველი დღე! ვნახოთ რა ყაიდის გაზაფხულს მოგვიტანს ის და რა ამბებით დაგვხუნძლავს. ისე კი, ეს დღე – სხვადახვაგან სხვადასხვანაირად აღინიშნება – თავად მსოფლიო კი 1 მარტს Zero Discrimination Day-ს უწოდებს უკვე კაი ხანია! დანარჩენს მივყვეთ თანმიმდევრობით: 1 მარტს მარშალის კუნძულებზე დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, უელსში დღეს წმინდა დავითის დღეა, ხოლო ისლანდიაში კი, არც მეტი და არც ნაკლები – ლუდის დღედაა შერაცხული გაზაფხულის პირველი დღე! არ ვიცი, რადიომსმენელებიდან ვინ ხართ ამ სახელების მატარებლები, მაგრამ მაინც – ყველა ვალენტის, სამუელს, ნიკონს, ისაიას, ირემეიას, პორფირეს და იულიანეს ვულოცავ სახელობის დღეს!.. 1 მარტს, სხვადასხვა დროს დიდი და პატარა ამბები ხდებოდა ყველგან. მე გამორჩეულად დიდ საპირველმარტო ამბებს გავიხსენებ: პირველ მარტს ოღონდ ძაიან ადრე ჩემმა თითქმის სეხნია ვასკო და გამამ მოზამბიკამდე ჩააღწია გემით. ამ დღეს, ოღონდ სულ სხვა დროს და სხვაგან, პატივცემულმა ნოსტრადამუსმა გამოაქვეყნა თავისი წინასწარმეტყველების წიგნი, ამ დღეს დიდმა მენდელეევმა შექმნა ელემენტების სისტემის ცხრილი! ამ დღეს გაძარცვეს შვეიცარიაში ჩარლი ჩაპლინის საფლავი და წაიღეს, რაც საფლავში დახვდათ!  და ამ დღეს, ანუ პირველ მარტს ეფემ მაუწყებლობა დაიწყო პირველმა კომერციულმა რადიოსადგურმა ამერიკულ ქალაქ ნეშვილში, აგრეთვე პირველად, სწორედ ამ დღეს გავიდა ეთერში „რადიო-თავისუფლება“! მივულოცოთ! მივულოცოთ აგრეთვე ცნობილ იუბლარებს დაბადების დღეები: დღეს სანდრო ბოტიჩელის, ფრედერიკ შოპენის, რიუნოსკე აკუტაგავას და გლენ მილერის დღეობებია. და ბარემ გლენ მილერი მივცეთ ეთერში – ლეგენდარული „ჩატანუგა ჩუჩუთი“ ვიწყებთ გაზაფხულს „რადიო-ჯას“ ეთერში!

დილისკენ ქეთოს თვალებამოღამებული დავხვდი. ის სულ სხვანაირი მოვიდა – აღარსად იყო არეულ-დარეული, გიჟი-გადარეული უცხოელის კომუფლიაჟი – უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით ეცვა: შავი ტყავის შემოტკეცილი შარვალი, თეთრი დუტი უსახელოებო ქურთუკი და თავზე იასამნისფერი „პომპონჩიკიანი“ ქუდი. ტუჩებიც აღარ ჰქონდა მწვანედ გაღებილი, ხოლო საყურეები – ისევ ოხრად ეკიდა თუ ეკეთა ყველგან.

-მთელი ღამე გისმენდიიი, ვასკაა! აუ, აი ძაან დონე ეთერი გქონდააა!.. – შემაქო ქეთომ. – ნუ, აი ძაან ძერსკად მიგყავდაა!.. არადა, სულ არ გავხარ ეგეთ ბიიჭს!

-აბა ვის ვგავარ?

-მარლონ ბრანდოს და ჯეკ ნიკოლსონის ნაჯვარს, მაგრამ ცხოვრებაში კიდე უფრო  საყვარელი და საინტერესო ჩანხააარ!

-მგონი ეთერში კომპლექსები მეხსნება და ეგაა ძაღლის თავის მთელი საფლავიც!!

-რა ძაღლის თავი, მამა მია?

-სადაც მარხია! გილოცავ გაზაფხულს!

ქეთომ აქ ცალი წარბის ოდნავ აწევით შემომხედა და მერე უცებ ლოყაზე ფრთხილად მიჩქმიტასავით. მივხვდი, რომ ისევ ვწითლდებოდი და სტუდიის ფანჯარასთან მივედი, უკნიდან კი ქეთოს დილის საეთერო ყიჟინა მომესმა.

-პირველი მარტის დილასთან ერთად მოვიდა გიჟი-ქეთოი „რადიო-ჯას“ ეთერში! უმუშევრებს და უსაქმურებს ჯერ კიდევ სძინავთ გაზაფხულის ამ პირველ დღეს!.. მაგათზე მერე ვიზრუნებ – ჯერ მხოლოდ რვა საათია როგორც წესი თბილისში, ანკარაში, დიდუბის გამოფენის ტერიტორიაზე, ერაყისა და მაიაკოვსკის ბაღდათებში, იემენში, ნალჩიკში, ადის-აბებაში, ვერის ბაღის ჭადრაკის სასახლეში, მაპუტუში, წყნეთ-კიკეთში, ნაირობიში, საფიჩხიასა და დამასკოში! აბა, აეყარენით საქმიანო მოქალაქენო, თორე დაგაგვიანდათ სამსახურებში! დაგვიანებისთვის შენიშვნა გინდათ მიიღოთ? ისე, სრულწლოვან ადამიანს შენიშვნა საერთოდ არ უნდა მიცე, მაგრამ სად იციან მაგდენი უფროსებმა და ბოსებმა – მათი არსი და გაგება: მუდამ შენიშვნების ბითუმად რიგებაა!.. ჰაჰა!.. ისე, ჩვენში დარჩეს და, როგორც თანამედროვე ფსიქო-მედიკოსები ამბობენ: შენიშვნების მიცემით დაკავებული ადამიანები თავად არიან ძლიერ ავად და ამ დაავადებას მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოპატია ჰქვია, რომელიც ხანდახან გაუცნობიერებელ ვერბალურ თუ ფიზიკურ სადიზმში გადაიზრდება ხოლმე… ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ თუ არ გინდათ ეგეთების მსხვერპლი გახდეთ – აააწეპეთ თავ-ტან-ფეხი ლოგინებს, გადაივარცხნეთ თმა, თუ გაქვთ ის როგორც ასეთი, და სწრაფად მოიხიეთ სამსახურებისკენ! აქედან შეხურება-წაქეზების ამბავში შემოგაშველებთ „სექს პისტოლზის“ „მაი ვეის“! გზა დამილოცავს სამსახურებისკენ არა-ჯაყოებო!

 

 

 

 

 

 

1 2 3 4