ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი ინტელექტუალური „მრავალჭიდელია“: მწერალი, კულტუროლოგი, მთარგმნელი და გამომცემელი, როგორც ამბობენ, თავგადაკლული მწეველიც, თუმცა პირველ რიგში  მაინც გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალი, თანაც აგერ უკვე 65 წელია.

ჰ. მ. ენცენსბერგერი დაიბადა 1929 წლის 11 ნოემბერს კაუფბოირენში (ალგოი Allgäu), კავშირგამბულობის ტექნიკოსისა და აღმზრდელის ოჯახში. ოთხი ბიჭიდან პირველი იყო. იზრდებოდა ფრანკონულ ქალაქ ნიურნბერგში. ბავშვობიდან ლიტერატურული ვარჯიშები უფრო იზიდავდა, ვიდრე სამხედრო, ამიტომაც გარიცხეს ჰიტლერიუგენდიდან. 1944 წელს, 15 წლის ასაკში სახალხო შეტევის დანაყოფებში ჩართეს, თუმცა ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე იქიდან გამოპარვა მოახერხა. თვლის, რომ მშობლებში გაუმართლა, რადგან, მართალია, მათ ფაშისტების წინააღმდეგ არ უბრძოლიათ, თუმცა არც ნაცისტები ყოფილან. 1949 წ. იწყებს ლიტერატურათმცოდნეობის შესწავლას, ეწაფება ენებს და 1955 წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას ფილოსოფიაში. ამავე პერიოდში პირველ ტექსტებს აქვეყნებს და ცოტა ხანში “Gruppe 47”-ის1 წევრად იწვევენ.  იმდროინდელი დებატების დოკუმენტურ მასალად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წელს გამოქვეყნებული მიმოწერა ენცენბერგერსა და პოეტ ინგებორგ ბახმანს შორის, რომელმაც 1953 წელს თავისი ლექსებისათვის ამ ჯგუფის პრემია მიიღო.

ომისშემდგომი გერმანია მალე ევიწროვა ენცენსბერგერს და ბობაქარმა ხასიათმა და ცნობისწადილმა მთელი მსოფლიოს შემოატარა. ხანგრძლივმა მოგზაურობებმა აშშ-ში, მექსიკაში, ნორვეგიასა და იტალიაში მას შეუქმნა ერთგვარი ინტერნაციონალურობა, რაც მისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მნიშვნელოვანია. 1960 წელს განახლებული ზურკამპის გამომცემლობის ლექტორი/რედაქტორი ხდება, 1965 წელს კი აარსებს კულტუროლოგიურ ჟურნალს “Kursbuch” – აუცილებელი საკითხავსა და ღია ფორუმს ინტელექტუალური წრეებისთვის და 1968-იანელი რევოლუციონერი სტუდენტებისთვის. ენცენსბერგერი საკმაოდ ხშირად და თავდაჯერებულადაც ერთვება იმდროინდელ პოლიტიკურ დებატებში. ვირტუოზული სიტყვიერი დუელის სიყვარული დღემდე შემორჩა. იმდროინდელი ლექსები გერმანული კულტურის ისტორიის ეტაპებს ასახავს. პირველი კრებული („მგლების დაცვა კრავებისგან“) 1957 წელს დიდ მოწონებას იმსახურებს. ახლადშექმნილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სხვა პოლიტიკურად აქტიური მწერლების მსგავსად ახალგაზრდა ენცენსბერგერიც აქტიურად იბრძვის ომისშემდგომი ეგზისტენციალური ლირიკის სერიოზულობის/სიმკაცრის წინააღმდეგ. მისი პასუხია ირონიული პოეზია და მახვილგონივრული სათაურები: „ფასდაკლების კუპონები“, „სანიმუშო ქვეყანა/მკვლელთა სამარე“ ან „მაღლა ადის, წინ არ მიდის“.

მისი ნაწერებისათვის დამახასიათებელი კრიტიკული პათოსი და „სკეპტიკური სუვერენიტეტი“, როგორც ერთხელ მან არც თუ თავმდაბლურად აღნიშნა.
1963 წელს მან მიიღო გეორგ ბიუხნერის პრემია – მათ შორის ასეთი დამოკიდებულებისთვის. ამას სხვა პრესტიჟული ჯილდოები მოჰყვა, მათ შორის ჰაინრიხ ბიოლის პრემია, გერმანიის კრიტიკოსთა პრემია და ლუდვიგ ბიორნის (Ludwig-Börne) პრემია. ბოლო – ფრანკ შირმახერის – პრემია მან მიიღო 2015 წელს.   ესაა ჯილდო “ჩვენი დროის მოვლენების აღქმისას მიღწეული წარმატებებისთვის” და ამავე დროს  პატივის მიგება Frankfurter Allgemeinen Zeitung (FAZ)-ის თანარედაქტორის ფრანკ შირმახერისადმი.

1979 წ. დაწერილმა, დღემდე ერთადერთმა რომანმა („ანარქიის მოკლე ზაფხული“) მიუნხენში  თავისუფალ მწერლად ცხოვრების საშუალება მისცა. თავის მეგობართან, ჩილელ მწერალ გასტონ სალვატორესთან ერთად 1980 წ. დაარსა ლიტერატურული ჟურნალი “TransAtlantik”, რომელმაც მხოლოდ ორი წელი იარსება.

წიგნის მხატვარ ფრანც გრენოსთან ერთად Eichborn-Verlag-ში 1985 წ. დაარსა წიგნის სერია „სხვა ბიბლიოთეკა“ – ესაა ველტლიტერატურის ტექსტები, მისი საყვარელი გამოცემა. დღეს ეს ტომები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ითვლება. თავის ლიტერატურულ რეპორტაჟებში, რაც გერმანული წიგნის ბაზრისთვის სიახლე იყო, მრავალ ავტორს გაუკვალა გზა ტალანტების აღმოჩენის უნარის წყალობით. პოლონელი ავტორი და ჟურნალისტი რისზარდ კაპუჩინსკი Ryszard Kapuściński მისი ერთ-ერთი აღმოჩენაა. თუმცა კიდევ ბევრი ცნობილი მწერლისა და პოეტის კარიერაში შეუტანია წვლილი (რაულ შროტი Raoul Schrott, ირენე დიშე Irrene Dische, კრისტოფ რაინსმაირი და ვ. გ. ზებალდი Christoph Ransmayr და W.G. Sebald ზებალდი და სხვ.).

1991 წ., ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ენცენსბერგერი უბრუნდება ლიტერატურულ სცენას ლექსების კრებულით „მომავლის მუსიკა“. ესეისტის რანგში კვლავ ებმება აქტუალურ დებატებში, იკავებს პოზიციას ერაყის ომის, გენების კვლევების ან ინტელექტის გამსაზღვრელი ტესტების მიმართ. მისი ტექსტმა „ინტელექტის ლაბირინთში. იდიოტების გზამკვლევი“ საჯარო დისკუსია გამოიწვია და ყველა გამოცემის ლიტერატურულ გვერდზე მოხვდა. 2008 წელს დაუბრუნდა ფესვებს – ბუმბულივით მსუბუქი სასიყვარულო ლირიკით. „პოეზიის ანარეკლი წყალზე/წყლის ნიშანი“ (Das Wasserzeichen der Poesie) იქცა  ველტლიტერატურის კლასიკად. ყველაზე მეტად მაინც ღრუბლების ისტორიების წერა მიყვარსო, აღნიშნა მაშინ.

2014 წელს გამოქვეყნებული ტექსტში „აურზაური“ (“Tumult”) პირველად შეეხო ავტობიოგრაფიულ მომენტებს, ოღონდ ძალიან მსუბუქად. 85 წლის ასაკში დაწყებული დიალოგი თავის ალტერ ეგოსთან გააგრძელა 2018 წელს გამოქვეყნებული ფოტოწიგნების სერიით. თუკი პირველი ტომი ფოკუსირდება 1967-1970 წლებზე, „ანეკდოტების გროვა“ (2018) ბევრად უფრო ადრინდელ ამბებს იხსენებს. „მ“-სთან, იგივე ახალგაზრდა “მე”-სთან დიალოგში  ენცენსბერგერი აღადგენს ბავშვობისა და ომისწინა თუ ომისდროინდელ მოვლენებს. Süddeutschen Zeitung ვარაუდობს, ამ პიროვნული შეხედულებების მიუხედავად ენცენსბერგერი „თავის კარტებში მაინც არავის ახედებს.“

შენიღბვის პრინციპის შესაბამისად ენცენსბერგერი იბეჭდება არა მხოლოდ თავისი სახელით, არამედ სხვადასხვა ფსევდონიმებით. ყველაზე გავრცელებულია ანდრეას თალმაირი (Andreas Thalmayr), რომლითაც მან 2019 წელს გამოაქვეყნა პროზაული კრებული “Louisiana Story”.

ორ ფსევდონიმი კი ქალის სახელებია: ელიზაბეთ ამბრასი (Elisabeth Ambras) და ლინდა ქვილტი (Linda Quilt). ელიზაბეთ ამბრასი ლიტერატურულად აქტიურობს, 2019 წ. გამოაქვეყნა „უცნობი საიდუმლოებები“. კიდევ ბევრი ფსევდონიმია ისეთი, რაც საზოგადოებამ არ იცის და ერთ დღეს ენცენსბერგერის ბიბლიოგრაფია ახალი სათაურებით შეივსება.

90 წლის ენცენსბერგერი უწინდებურად ბევრს წერს. ამ საუბილეო დღეებში „მხიარული სკეპტიკოსი“ და „რეალისტური უტოპისტი“ უწოდა გერმანულმა პრესამ.

ქართულად თარგმნილია ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსები (დათო ბარბაქაძე, თამაზ ჩხენკელი), წერილები (თამარ კოტრიკაძე, შორენა შამანაძე), პიესა „ვოლტერის ძმისწული“ (შორენა შამანაძე).

ვინაიდან ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს არ უყვარს ინტერვიუს მიცემა, ვთარგმნეთ ორი ინტერვიუ, რაც ინტერნეტში მოვიძიეთ. გთავაზობთ აგრეთვე ენცენსბერგერის ერთი წერილის თარგმანს.

 

მთარგმნელისგან

 

 


1 – Gruppe 47 — გერმანულენოვან მწერალთა გაერთიანება, რომელიც შექმნა გერმანელმა მწერალმა ჰანს ვერნერ რიხტერმა და რომელიც წარმატებით მოღვაწეობდა ოცი წლის მანძილზე.  დაჯგუფების წევრები ორიენტაციას იღებდნენ „აქ და ახლა“ რეალურად განცდილის წარმოდგენასა და გააზრებაზე, ეწინააღმდეგებოდნენ წარსულის, აწმყოსა და მომავლის აბსტრაქციასა და იდეალიზაციას. არ არსებობდა მყარი წევრობა. სტუმრებს წელიწადში ორჯერ მოსაწვევებით იწვევდნენ გამოუქვეყნებელი ხელნაწერების წასაკითხად და სამსჯელოდ. ყველაზე უფრო რაც მოეწონებოდათ, პრემიით აჯილდოებდნენ. სხვადასხვა დროს ამ პრემიის ლაურეატები გამხდარან გიუნტერ აიხი, ჰენრიხ ბიოლი, ილზე აიხინგერი, ინგებორგ ბახმანი, მარტინ ვალზერი, გიუნტერ გრასი, იოჰანეს ბობროვსკი, პეტერ ბიკსელი.

 

 

1 2 3 4