ჩვენთვის გრძნობებს რომელი ავტორები იგონებენ?

დღევანდელობას აკლია დისტანციიდან აღქმა. ამას სიამოვნებით გადავუმისამართებდი მომავალ თაობას.

თქვენ საზოგადოების წინაშე გამოდიხართ არა მარტო როგორც ავტორი, არამედ როგორც ზუსტი მკითხველიც, თანაც იმ წიგნების, რომლებიც ეკუთვნის სხვის ბიბლიოთეკას. როგორ გამოიცნობთ ხოლმე ლიტერატურულ ხარისხს?

ჩემი ესთეტიკა საკმაოდ რუდიმენტურია. ეს პოეტიკასავითაა: იმ მომენტში, როცა თქვენ ლექსს წერთ, თქვენ არ ფიქრობთ იმ თეორიებზე, რაც კი ლექსის დაწერის ხელოვნებაზე შექმნილა. რატომღაც მაშინვე ვხვდები, ვინმეს ეს შეუძლია თუ არა. ეს არის დედექტორი, რომელიც იწყებს წიკწიკს, არა აქვს მნიშვნელობა, ნაცნობია პოეტი თუ სრულიად უცნობი.  ერთ დღეს მაგიდაზე დამხვდა ვინმე ჰერ ზებალდისგან მიღებული ლექსი, რომელსაც ერქვა „ბუნების მიხედვით“ და დედექტორი გაცოცხლდა. მე მივწერე მას: თქვენ ახლა გაქვთ მისამართი, და რასაც კი დაწერთ, ყველაფერს სიამოვნებით გავეცნობი-მეთქი. ამის მერე მომივიდა მისგან ეს რომანები.

შეგიძლიათ ამ დედექტორის გაცოცხლება უფრო დაწვრილებით აღწეროთ?

ასეთი უჩინარი კრიტერიუმების შემთხვევაში მთავარია წვრთნა. ისევე, როგორც წერა ისწავლება მხოლოდ წერით და კითხვის შესწავლაც მხოლოდ კითხვით შეიძლება.

როგორ იქმნება გემოვნება?

არ ვიცი. ეს ძალიან პირადულია, რომ გაიფიქრებ: რა უგემოვნებაა! თუმცა არავინ არაა ვალდებული, რომ ეს გაიზიაროს. მე ამ საკითხში უაღრესად ტოლერანტული ვარ.

„შთამომავლობა აკეთებს, რაც უნდა და როგორც წესი, სწორადაც იქცევა“, ამბობს ჰერ ზეტი2. რატომ არის ასე ძნელი მიხვდე იმას, თუ თანამედროვეობის რომელი ქმნილება გაუძლებს დროის ტესტს?

დრო არის წისქვილი, ეს არის თითქმის გეოლოგიური პროცესი. რაც მართლა არსებითია, მას ეროზია ვერ შეეხება  და ნამცეცებად ვერ დაშლის. ალმასი ხომ პურის ნამცეცზე ბევრად მყარია. ალბათ ამის ბრალია, რომ ტექსტი სხვადასხვა დროს სხვადასხვა თვისებას ავლენს: შექსპირის პიესა სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იკითხება და ითამაშება და ყოველ ჯერზე გამოჩნდება ხოლმე ისეთი წახნაგი, რაც მანამდე არ ჩანდა. ესაა სწორედ ხანმრთელობის ერთ-ერთი მომენტი.

არსებობს საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ჩაიძიროს?

აბა, საიდან უნდა ვიცოდეთ, სიბნელეში ხომ არაფერი ჩანს, სიბნელეში ვერაფერს ხედავ. სტენდალი ამბობდა: ას წელიწადში საყოველთაოდ ცნობილი ვიქნები. შეიძლებოდა შემცდარიყო, მაგრამ მართალი აღმოჩნდა.  გაიხსენეთ ვერმეერი: ერთ დროს არავინ (Nobody) და დღეს ნახევარღმერთი. ყველა, ვისაც კი ხელოვნება აინტერესებს, ამ დიდი თამაშის მონაწილეა. მაგალითად, როცა ამბობენ: „ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო!“, ან: „რა, არ შეგიძლია? აბა, კარგად მოინდომე და დააკვირდი!“ კაფკაც კარგი Nobody იყო, თავდაჯერებული Nobody. პირველ წიგნს („დაკვირვებანი“) რომ ბეჭდავდა, კურტ ვოლფს მოსთხოვა, ტყვიისგან ჩამოსხმული 0,45 სმ სიდიდის ასოებით დამიბეჭდეო. ერთი წვრილი მოხელე იყო პრაღაში, რომელსაც არავინ იცნობდა. მაგრამ მაინც  ამხელა თვითრწმენა ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავში ეჭვიც გვარიანად ეპარებოდა. მაგრამ მან იცოდა რაღაც, მიუხედავად საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებისა.

სად აწყდებით ხოლმე ამ აღმოჩენებს?

ეს არის ცნობისმოყვარეობა და დიდი მიმოქცევა. აი, ვეშაპთან რომაა: ვეშაპის ულვაშებში დიდი ოდენობის საკვებმა უნდა გაიაროს, კბილის ფილტრში რამე რომ დარჩეს. კითხვის მანიაც ამავე რიგის მოვლენაა.  კითხვაც ისეთივე მანიაა, როგორც მოწევა, ძალიან ძნელია გადაეჩვიო, თუკი ერთხელ დაიწყე.

რატომ უნდა გადაეჩვიო კითხვას?

ეს არის მავნე ჩვევა. მიდიხარ უცხო ბინაში და მაშინვე ხედავ, რა წიგნები ალაგია. კითხვა თავისთავად უწყინარი საქმიანობაა, მავნეობა მდგომარეობს დამოკიდებულად გახდომაში. თუკი ვინმე თოთხმეტი დღე მთის ქოხშია და საკითხავი არაფერი წამოუღია, მაშინ ის ამ უქონლობით ისევე იტანჯება, როგორც მწეველი.

გულდასმით წაკითხვისათვის რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია გჭირდებათ?

მე ვკითხულობ ყველგან, სულ ერთია სად, თუნდაც სააბაზანოში…  მაგრამ ასე არასდროს მოვიქცევი: სტრიქონებს ყვითლად არ მოვნიშნავ. ვერ ვიტან, როცა ფურცლის კგვერდებზე ძახილის ნიშანი ან „არა!“ აწერია. მიყვარს, როცა წიგნები  მშვიდად არიან.

გეორგ შტაინერთან ვკითხულობთ, ნამდვილი მკითხველები ფურცლის კიდეებზე ჩანაწერებს ტოვებენო.

შტაინერი კრიტიკოსია, ეს სულ სხვა რამეა. მე მხოლოდ ტკბობა მინდა.

რას უშვებით იმ წიგნებს, რომლებიც არ მოგწონთ?

ყოველთვის მოდის შენამდე ისეთი წიგნები, რომლებიც არ გინდა, რომ გქონდეს.  მოსინჯავ და ცოტას წაიკითხავ, მერე ამბობ: Life is too short! ერთი კუთხე მაქვს გამოყოფილი, სადაც ამ წიგნებს ვაწყობ, ყოველ სამ თვეში მოდიან და მიაქვთ. ჩემს კაბინეტში ასეა: თაროს წიგნი თუ ემატება, მაშინ სხვა წიგნი ტოვებს, რადგან ამ თაროს ტევადობა დიდიხანია გასცდა ყველა საზღვარს. ხომ არის ჯოჯოხეთი, ზეცა და არის კიდევ  განსაწმენდელი: სწორედ ესაა ის წიგნები, რომელთა ბედი ჯერ გაურკვეველია. ეს კლასიკოსებსაც ეხება: თუ მათი წაკითხვა მესამე ცდაზეც არ გამომდის, მაშინ არ მინდა, უნდა მოვიშორო. რა ვიცი, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყოს.

თქვენს წიგნებს ანბანის მიხედვით ალაგებთ ხოლმე?

ერთხელ ადორნომ მითხრა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი: როგორ მშურს თქვენიო. ეს მოხდა წიგნის მაღაზიაში და ძალიან გამიკვირდა, იმან კი მითხრა: „მე სულ მარცხენა ზედა კუთხეში ვარ ხოლმე მიმწვდეული, ჩემამდე მისაწვდენად კიბეა ხოლმე საჭირო. „ე“ კი ზუსტად ადამიანის თვალების სიმაღლეზეა!“ ჩემს წიგნებს ვალაგებ ენების მიხედვით, ქრონოლოგიურად. განსაკუთრებული სიმჭიდროვეა ომისშემდგომ პერიოდში, ეს არის ბრძოლებნახულთა ტერიტორიაა, სადაც ყველანი ნამდვილი დემონებივით წერენ. სამაგიეროდ, ღამ-ღამობით წიგნების მოსაძებნად სინათლის ანთება არ მჭირდება.

დღეს ლიტერატურას აღარა აქვს ის პოლიტიკური წონა, რაც სამოც და სამოცდაათიან წლებში ჰქონდა.

ამას ყველა უჩივის. თუმცა ეს დაძაბულობასაც ხსნის. ადრე ხომ თავხედურად ითხოვდნენ და მოელოდნენ, რომ მწერალი უნდა ყოფილიყო  „მამულის წინასწარმეტყველი“, „ნაციის სინდისი“ – რატომ, რანაირად? ეს იმ ზედმეტად დიდი ზომის ტანსაცმელივითაა, მაღაზიებში რომაა ხოლმე ძალიან მსუქნებისა ან უსაშველოდ მაღლებისათვის. ამ ტანსაცმლის ტარება უბრალოდ შეუძლებელია. ამდენად ჩემთვის შვებაა, როცა ასეთი ყალბი მნიშვნელოვნება უქმდება.

 


 

2 – ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი „ბატონი ზეტის დაკვირვებანი ან ნამცეცები, რომელსაც იგი აბნევს და მსმენელები კრეფენ“ Suhrkamp Verlag, 2013, 227 გვერდი.

 

 

გერმანულიდან თარგმნა 

შორენა შამანაძემ

 

 

 

 

1 2 3 4