როგორ შეიცნობა კარგი ლიტერატურა? როგორ უნდა გაუმკლავდე წიგნების ნიაღვარს და რატომ არის წყალობა ლიტერატურის მნიშვნელოვნების დაკარგვა? ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი კითხვის მანიასა და კითხვისგან მიღებულ სიამოვნებაზე

 

 

ინტერვიუ: ზიგლინდე გაიზელი Sieglinde Geisel  28.9.2014, 05:30 Neue Züricher Zeitung

 

ჰერ ჰანს მაგნუს ენცენსბერგერ, კარგად მესმის თქვენი დამოკიდებულება ინტერვიუების მიმართ. როცა სულ ერთსა და იმავე შეკითხვებს გისვამენ, გარდაუვლად იქმნება გამეორების საფრთხე. გეშინიათ მოწყენილობის?

არავითარ შემთხვევაში, მოწყენილობა ფუფუნების საგანია. აი, აკუმულატორი როცა იტენება, ხომ გარკვეული დრო ჭირდება, როცა უნდა აცალო, არ უნდა გამოიყენო. პატარ-პატარა დეპრესიებიც ასეა, უბრალოდ ყველაფერი ყელში გაქვს ამოსული, ფიქრობ, რა აზრი აქვს, მაინც არაფერი გამომივაო. ეს ბუნებრივია, სულ ერთნაირად მომართული და აქტიური ვერ იქნები.

დეპრესიაში ვერ წარმომიდგენიხართ.

ეს ზრდილობის ამბავია, როცა შენი დეპრესიებით სხვებს არ აწუხებ. შენთვის ინახავ.

თქვენს ბოლო წიგნში „ბატონი ზეტის დაკვირვებანი“, წერთ, რომ ყველა ადამიანს რამდენიმე კარიერა აქვს. ეს ყველაზე მეტად თქვენ გეხებათ.

მთლად მასეც არაა. მე სულ ერთსა და იმავე პროფესიაში ვრჩები,  არასდროს მისწავლია რაიმე წესიერი ხელობა, რასაც გამოიყენებ, მაგალითად, ექიმობა. აი, თვითმფრინავში რომ იკითხავენ ხოლმე: ექიმი ხომ არაა ვინმეო.  მომხდარა სადმე, რომ ვინმეს ტაში შემოეკრას და ეკითხოს, პოეტი ხომ აარაა ვინმეო?

თქვენ ლიტერატურულ საქმიანობაშიც სულ სხვადასხვა როლები გაქვთ.

ყველა პროფესია დროთა განმავლობაში რუტინაში გადადის. ერთ მშვენიერ დღეს მიაღწევ ოსტატობის რაღაც საფეხურს და ჩნდება ჭარბი პროდუქციის შექმნის რისკი, ერთმანეთის მიყოლებით წერ 12000 ლექსს. ესაა რუტინა, როცა იცი, როგორ დაწერო, იმაზე კარგად იცი, ვიდრე საჭიროა. ამ დროს უნდა შეცვალო ჟანრი. ამ სახლში ხომ უამრავი სხვა ბინაცაა.

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

ყველაზე მნიშვნელოვანი რამე შენს ცხოვრებაში  არ უნდა უკავშირდებოდეს შენს პროფესიას. ხომ არსებობს სხვა რაღაცეებიც: აღტაცება, სიხარული, სიყვარული. ეს ილუმინაცია აუცილებლად ხელობას არ უნდა უკავშირდებოდეს.

ბოლოს როდის განიცადეთ ასეთი ილუმინაცია?

ამის გამოხმობა შეუძლებელია.

მაგალითს ვერ დაგვისახელებთ?

ამას არ გეტყვით!

ლიტერატურა არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და და იმედია არც არასდროს იქნება – ასე განაცხადეთ თქვენ 1970 წელს ინტერვიუში. მაშინ თქვენ პოლიტიკაზე იყავით ორიენტირებული.

თუმცა არც პოლიტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ის მხოლოდ აუცილებელი თავდაცვაა. ყოველთვის არსებობს ძალაუფლება, რომელსაც ეს მადლი სულ თან სდევს და ვინც პოლიტიკის სუბიექტი ვერ ხდება, ის იქცევა პოლიტიკის ობიექტად და აქეთ-იქით საბურთავებელად. შენც შესაბამისად უნდა მოიქცე და ამისათვის არსებობს რამდენიმე მეთოდი. პოლიტიკას შეიძლება აერიდო, დაუპირისპირდე, გააკრიტიკო… იგნორირებაა რთული, როცა ზეწოლა ძლიერია. არადა იგნორირება მართლაც კარგი იქნებოდა, რადგან ბევრად უფრო სასიამოვნო რამეებიც არსებობს.

თქვენს ცხოვრებაში იყო დრო, როცა პოლიტიკის იგნორირებას ახერხებებდით?

ეს რეალურად არაა ნებადართული, როგორც წესი. დიქტატურა ისეთი რამე არაა, რომ პოლიტიკის იგნორირება შესძლო.

დიქტატურაში თქვენ მხოლოდ ახალგაზრდობაში იცხოვრეთ.

ჰო, მაგრამ ის გძაბავს, ამ ტვირთისგან საბოლოოდ ვერასდროს თავისუფლდები. შვეიცარიელი ამას სხვანაირად აღიქვამს. პრობლემები იქაც არის,  რადგან იდეალური შვეიცარია სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ ეს  ხომ უნდა აღიარო. შვეიცარიელი მწერლებიც კი ამბობენ: ჩვენ პოლიტიკურად არაფერი განგვიცდიაო.

თქვენი ნაწარმოების კითხვაზე პოსტდამში თქვით, რომ თქვენ, როგორც მწერალს, გაკლიათ უბედური ბავშვობის გამოცდილება. ჩვენ, შვეიცარიელებს, ამ მხრივ გვაკლია ისეთი გამოცდილება, როგორიცაა ნაციონალ-სოციალიზმი.

ზოგიერთი წუწუნებს ამაზე, ან აბუქებს შვეიცარიის პრობლემებს, როგორც დიურენმატს უყვარდა ხოლმე. შვეიცარიული ლიტერატურისათვის ეს სამუშაო ადგილია გამოყოფილი: საჭიროა მოინახოს ხოლმე ვინმე, რომელიც  შეძლებისდაგვარად რადიკალური ფორმით ეჭვს შეიტანს შვეიცარიაში, იქნება ეს მაქს ფრიში, ადოლფ მუშგი თუ ნიკლაუს მაიენბერგი. შვედებსაც აქვთ ხოლმე მსგავსი სიმპტომები, ისინიც კითხულობენ: ჩვენ რაღა გვჭირს, ჩვენ რაღა დავაშავეთ ასეთი, ყველა ბოროტი სხვაგან რატომ უნდა იყოსო და იკვლევენ შვედების კოლაბორაციას ნაცისტებთან. მწერლებიც ხომ ვამპირები არიან, მათაც სჭირდებათ მასალა. მათ შორის ყველაზე უარესები რომანისტები არიან, ყველა ახლობელი უნდა გამოსწურონ: მასწავლებლები,  მშობლები, თავიანთი სიყვარული… ეს ყველაფერი მასალაა მათთვის, მათ ხომ  რომანი აქვთ დასაწერი. მე ეგ არ მჭირდება.

თქვენც ხომ დაწერეთ რომანები.

პატარ-პატარა.

თქვენს რომანებში იგრძნობა დოკუმენტური მასალის დიდი გავლენა.

ეს დაკავშირებულია უფანტაზიობასთან და მეხსიერების ნაკლოვანებასთან. ბევრ რომანისტს ეს ეიდეტური/კინემატოგრაფიული უნარები კარგად აქვს განვითარებული: ახსოვთ, იმას რა ეცვა, ამას სახეზე როგორი გამომეტყველება ჰქონდა, ოთახი როგორ გამოიყურებოდა – მაგალითად, ვინმე ჩეხოვმა იცის, ამას როგორი სუნი ასდიოდა. მათგან განსხვავებით, მე ძალიან გულმავიწყი ვარ.

თქვენ ერთხელ დაწერეთ, რომ ლიტერატურის დანიშნულება გრძნობებისა და აღქმების გამოგონებააო.

თან უნდა ავრცელებდე ამას, პირველ რიგში, ხალხში უნდა გაგქონდეს. მონატრება, ნოსტალგია – ამას ხომ ნეანდერტალელი ვერ მოიფიქრებს. თუმცა ეს მარტო პოეტებს როდი გამოსდით, ფანტაზიის ნაკლებობას არც რელიგია უჩივის: სინანული, სინდისი, ცოდვა, ჯოჯოხეთი – განა ეს ბუნებრივი მოვლენებია?

დღეს ალბათ კომპიუტერული თამაშებია ის ველი, სადაც ახალი გძნობების გამოგონება ხდება.

დიახ, მაგრამ ეს რაღაცაზე უნდა დაშენდეს… თან კომპიუტერამდე ხომ ჰოლივუდი იყო. ეს ყველაფერი  არსებული მასალის უცერემონიო ექსპლუატაციის ხარჯზე ხდება. თუნდაც ავიღოთ ე. წ. Science-Fiction. ეს სხვა არაფერია, თუ არა უკვე არსებული მითოლოგიური იდეების, ვთქვათ აპოკალიფსის,  ხელახლა ფორმულირება, ამას მერე კვებავენ ფულით და ვარსკვლავებით.

თქვენც იგონებთ ხოლმე შეგრძნებებს, როცა ლექსებს წერთ?

ასე არ არის, ლექსები არ იწერება წინასწარი განზრახვით.

ყოველთვის წინასწარი განზრახვის გარეშე ხდება გრძნობების გამოგონება?

რომანტიკოსებმა გამოიგონეს სიყვარულის იდეა. ადრე ხალხს ჰქონდა საკმაოდ ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რატომ უნდა დაახლოებულიყვნენ: ვიღაც საყასბოს პატრონი იყო, ვიღაცას დინასტიას გაგრძელება უნდოდა.   რომანტიკოსები კი სულ ამას იმეორებდნენ: ასე არ ვარგა, ეს ძალიან ცოტაა, ზედმეტად გონივრულია, მე მინდა ვიმოძრაო, ჩემს გულს მივსდიო, წინ თუნდაც მთელი მსოფლიო გადამიდგეს. მათ ეს შეძლეს – ასეც დამკვიდრდა: დღეს ასეთ რომანტიკულ გამონათქვამებს ნებისმიერ საქორწინო ფიცში ნახავთ. როცა ჩემი ბებია-ბაბუის თაობის დროინდელ სასიყვარულო ბარათებს სხვენში პოულობენ, ხედავენ, თუ როგორი ინფიცირებულები იყვნენ ისინი    იმ პოეტებისგან, ვისაც მაშინდელ სკოლებში კითხულობდნენ. ინტიმურობა იქიდან მოდიოდა.

 

1 2 3 4