თვალმოკრული

თვალი ნოემბრის დილას აეკრო
და ცალ კუთხეში ფანჯარას ეკვრის
ვაზის ფოთოლი, ცხვირაბზეკილი,
წითური, როგორც მელიის ლეკვი.
ქალაქის ფსკერზე აირეკლება
შემოდგომის ტყის ფერმკრთალი ხილვა.
ზემოთ – ფოთოლიც არ ეკარება
ცათამბჯენების ეკრანის ყინვას.

 

წიგნიერი

ყველა თავის ამბავს ყვება. ყველა თავის
ამბავს ყვება. ყველა თავის ამბავს ყვება.
და სწრაფსწრაფად გადაფურცვლა ყველა თავის,
ყველა გვერდის, ყველა წიგნის – წყება-წყებად –
უკვე გარდაუვალია. ყველა ბლოგი,
ყველა სტროფი და სტატია – ყველა თავის
ამბავს ყვება. და გაბმულა მონოლოგი –
ასე ბგერაგაუმტარი – ყველასათვის.

 

1 2 3 4 5