გაუშვი

ყოფნის საცობში მოთმენაა

ცხოვრების აზრი.
მოთმენის ბოლოს ალბათ გზაა

სულ სხვა, საფრენი.
და საცობებში მანქანები

მიდიან ზლაზვნით.
საკუთარ თავებს ვერ უსწრებენ.

და არაფერი
არ მოჩანს გზის და სახლის მიღმა.

და სამსახურის.
სავაჭრო ცენტრის. და კურორტის.

ხანდახან – სოფლის.
დგახარ საცობში და წინ მყოფებს

ბრაზით გაყურებ.
და იმედისთვის

ერთი გოჯით წაწევაც გყოფნის
წინ. და ცხოვრების აზრი არის

თავის გართობა
თუნდაც საცობში, თუნდაც სახლში

ან სამსახურში.
ჩართე მუსიკა, ფანტაზია,

ჩართე გათბობა.
და საცობიდან შენი თავი

სადმე გაუშვი.

 

 

1 2 3 4 5