ქალაქი

ყველა ნაბიჯი აქ ერთ წრეზეა –
სურვილის ტკეპნა ყოველდღიური.
ქალაქში ღმერთი ოქროს თევზია
და ეკლესია – აკვარიუმი.
ოკეანიდან ბადით მოზიდეს,
მოპირკეთებულ ჭურჭელში ჩასვეს.
და ყველა ნოე თავის მორზე ზის
და გადარჩენის გეგმებით სავსე
თავზე გადასდის ზღვა. წყლის შიშინი
ყურებში. ქუჩის ხმაურის სიგრძე.
ვინც გადაფარავს თავის სიშიშვლით
სხვებისას, იქნებ წმინდანად იქცეს.
და წმინდა წყლები ნიაღვრებისა
მიაქვს დროს, რადგან დრო არის წარღვნა.
და კორპუსების სიმაღლეები
ვეშაპებივით მოუჩანს საზღვარს.

 

გოგონა ველოსიპედზე

რა არის ქვეყნად უფრო ლამაზი
ვიდრე გოგონა ველოსიპედზე –
მიქრის და ქარი ქერა თმაში ისე ფრიალებს
თითქოს არ არის სამყაროში სადარდებელი
და მსუბუქია თხელი ტერფით პედლის ტრიალი.
გზის გადაღმა კი –

რკინის ყალიბს – მატარებელი –
ურტყამს ბორბლების დაფდაფებით, მეტალის მარშით.
და მიყავს ქალი, ვისაც ქარი გასთავებია
წარსულში, გზაში, მომავალში,

სურვილში, თმაში.

 

1 2 3 4 5