მელიის ლეკვის ამბავი
მელიის ლეკვია სიყვარული –
ერთი გუნდა ალისფერი სილამაზე.
მუდამ გულთან ვერ გეყოლება –
გამოაჩენს პაწია ბრჭყალებს,
განუწყვეტლივ მოგთხოვს საკბილოს –
ხორცს, ძვალს, სისხლის პატარა შხეფებს.
თუ ოთახში გამოკეტავ, არ შეწყვეტს ფხაჭუნს.
ძილს დაგავიწყებს –
ნაფტალინში შენახული მელიის ქურქი დაგესიზმრება –
ფაფუკი კუდები, შენს ბავშვობაში ქალებს
ამაყად რომ მოეგდოთ მუქ პალტოებზე –
მათი სასტიკი საიდუმლო –
აპრეხილი ცხვირებით და კომფორტით რომ დაატარებდნენ.
კოშმარი მკვდარი სიყვარულის, თვინიერის,
გულის ნაცვლად მხრებს რომ გაათბობს.
თუ გსურს, გადარჩეს, უნდა კვებო გამუდმებით – მსუყე ჩიტებით,
პატარ-პატარა გრძნობების ბრდღვნა შეძლონ თითებმა,
ამოავსო ყოველდღიური კუთვნილი მსხვერპლით.
და ეს იქცეს მოვალეობად.
ბალიშის ბუმბულს, დიდი ხნის ჩამქრალს მიაგნებს ყნოსვა –
მიადგება გადამალულ იმედებს, შიშებს.
დატრიალდება მუქი ფანტელი. არაფერი – რომანტიული თოვისმაგვარი.
ტრიალ მინდორში უნდა გაუშვა
სანამ ასეთი ლამაზია. სანამ ლეკვია.
სანამ მოკლავ ან ორმაგად საშიშ მტაცებელს გამოზრდი მასში.
თოვლში ეძებოს თავისი გზა,
ელვარე კუდით წაშალოს კვალი,
მიყვეს ახალ თავგადასავალს –
სავსეს შიმშილით, საფრთხით, ცხოვრებით.