გულს არ უნდა მოუსმინო

ტყუის, ვინც ამბობს, რომ გულს უნდა უსმინო.

თვითონ ალბათ არასოდეს აკეთებს ამას.

როცა კი გულს მოვუსმინე –

ხალხით გაჭედილ დარბაზში –

სივრცე დაბზრიალდა თავის ნებაზე –

ძრავის გუგუნმა გადაფარა დინჯი ტემბრი მომხსენებელის –

ის ყვიროდა სწრაფი დარტყმებით,

რომ თავი მაქვს გაყოფილი ერთ დიდ აბსურდში,

რომ უნდა ავდგე და დავტოვო ეს აბდაუბდა კონფერენცია

მთელი თავისი ღრმა თემატიკით.

და კარდიოლოგს მივაკითხო.

მერე არავინ დაიჯერა, რომ უბრალოდ, გულს მოვუსმინე

და კონკრეტულად არაფერს არ ვაპროტესტებდი.

გულს არ უნდა მოუსმინო.

როცა ვინმე შემოგყურებს პასუხისათვის,

სხაპასხუპით უნდა თქვა “დიახ”,

ანდაც”არა”, ოღონდ საკუთარ გულს არ უსმინო.

მითუმეტეს, თუ ამ პასუხს ელოდება შეყვარებული.

გული თავისი აწეწილი გრაფიკებით ილაპარაკებს,

ქაღალდზე ვიწრო მწვერვალებს თუ დახატავენ ემოციები.

ცხოვრება კი გაიქცევა თავისი გზებით –

ზუსტი სიტყვები სულ არ ანაღვლებს.

გულს არ უნდა მოუსმინო.

ძილისათვის გამზადებულმა –

ყური არ უნდა დაადო ბალიშს –

ის ნანატრი სიზმრებისკენ აღარ გაგიშვებს.

საშიშ სიმართლეს მოგიყვება იმაზე, რომ წამზომია ჩვეულებრივი,

არავითარი ყვავილებით სავსე ლარნაკი,

არავითარი ჭადრაკის ყუთი –

სიყვარულის და სიძულვილის მოძრავი ქვებით ამოვსებული –

ნებაზე რომ ათამაშონ შენმა თითებმა.

მოგიყვება, რომ თავისი გაჭირვებია –

რიტმულად ურტყამს ყოფნის წერტილს –

სადამდეც შეძლებს.

და მეტი არ მოეთხოვება.

 

1 2 3 4 5