ანგელა მერკელიც ზუსტად მაგის გამო არ დამარცხდა, მან ხომ ლტოლვილთა საკითხში მაქსიმალურად ქრისტიანულად მოქცევა მოინდომა?

სინამდვილეში მერკელი სულ სხვა საკითხში ჩაიჭრა. იგი ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მეთაურზე მეტად გაიჭედა პოლიტიკურ როლში, რასაც საერთოევროპული პასუხისმგებლობის აღება ჰქვია. ყოველთვის ასე იყო: მის გარეშე არაფერი არ გამოდიოდა. და ეს არის სწორედ ევროპაპოლიტიკა. მერკელი სწორედ ამ საკითხში ჩაიჭრა: მას არ ჰქონია ევროპაპოლიტიკური ხედვა. მან არ იცოდა, საით უნდა წასულიყო, მაგრამ იცოდა, რომ სულ ფხიზლად უნდა ყოფილიყო, რომ ყველაფერი არ დანგრეულიყო. მან შეინარჩუნა სტატუს კვოს რთული ბალანსი. შეიძლება ასეც ითქვას: მერკელისათვოის არ არსებობდა ხვალ, მისთვის სულ იყო დღეს.

გერმანიის ეკონომიკური წარმატება, როგორც ჩანს, უფრო მაინც გრძელვადიანი სტრატეგიიდან მოდის.

გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ექსპორტში, მაგრამ ქვეყანაში ინგრევა ინფრასტრუქტურა. რაღაც მომენტში ხალხმა თქვა: საკმარისია. ბევრ რამეში საჭიროა ევროპაპოლიტიკური ხედვა, და რას აკეთებენ ცალკეული ქვეყნები?  ნაციონალურ კარტებს ათამაშებენ.

არც ავსტრიაა გამონაკლისი. მასაც იგივე კურსი აქვს აღებული კანცლერ კურცისა და ვიცეკანცლერ შტრახეს ფირუზისფერ-ცისფერ კოალიციასთან ერთად.

ჩემთვის ამ მთავრობის ერთადერთი შეთავაზებაა ცნობილი და ისიც ასე ჟღერს: ჩვენ შევაკავებთ მიგრაციას და უკვე ჩამოსულ უცხოელებსაც შეძლებისდაგვარად უკან გავუშვებთ. ამ შეთავაზებამ იმუშავა.

შეიძლება ამან ხანგრძლივად იმუშაოს?

არა, არც ერთ ნაციონალურ სახელმწიფოს არ შეუძლია მიგრაციის პრობლემის მარტო გადაწყვეტა. ყველა პრობლება, რაც კი დღეს გვაქვს, იქმნება პოსტნაციონალურ დონეზე, ეს ღირებულების დარიცხვის მექანიზმი იქნება თუ ფინანსური ნაკადებისა და კაპიტალის სხვა ქვეყნებში გადატანა გადასახადების თავიდან აცილების მიზნით. ამას გარდა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და დიგიტალიზაციის უზარმაზარი კომპლექსიც ხომ არსებობს? ხომ არ შეიძლება, რომ იძახო: პრობლემები? ჩვენ არ გვეხება! ჩვენ ხომ საზღვრები აღვმართეთ! გლობალური დათბობა? ეს ავსტრიას არ ეხება!

სად არის ნაციონალურად ორიენტირებული პარტიების მომავალი? რა მოუვა მათ პროგრამებს?

არჩევნების შედეგად აუცილებლად იქნება იმედგაცრუება, შესაძლებელია კიდევ უფრო სახიფათო რამეებიც. ვისკენ წავლენ ამომრჩევლები, როდესაც ფრუსტრაციის დონე კიდევ უფრო მოიმატებს? ეს არის მომავლის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ეს გადაწყდება ევროპარლამენტის მომდევნო ორივე უფლებამოსილების ვადაში.  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების თვალთახედვიდან კრიტიკული ნიშნული 30 პროცენტზეა. როცა რადიკალური პარტიები ამ ნიშნულს გადალახავენ, საქმე შეიძლება გაფუჭდეს. ცენტრის პარტიები ინტერესების მიხედვით ძალიან დაყოფილია, ამდენად მათ საპირწონედ ვერ გამოდგებიან.

და არსებობს კიდევ ერთი მისწრაფება ავტორიტარიზმისაკენ მემარცხენეთა შორის.

დიახ, ეს აშკარაა. საფრანგეთში ესაა ჟან-ლუკ მელანშონი Jean-Luc Mélenchon, რომელიც თავისებურ ნაციონალურ სოციალიზმს ანვითარებს. გერმანიაში ესაა სარა ვაგენკნეხტი Sahra Wagenknecht. ისტორიიდან ვიცით, რომ ბოლოს საჭიროა ხოლმე მხოლოდ ერთი ვინმე, რომელიც იმ ოცდაათ პროცენტს, რომელებიც ამ თემის ირგვლივ გაერთიანდა, ერთ კალაპოტში მოაქცევს. ადამიანები გრძნობენ მზარდ სოციალურ უსამართლობას. საშუალო ფენა სიღარიბეში არ ცხოვრობს, მაგრამ დრამატულად იზრდება სხვაობა იმ ფუფუნებასთან,  რასაც იგი ხედავს. ამ ადამიანებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ ისინი მიატოვეს. სხვები საშუალოზე ნაკლებად ცხოვრობენ, თითქმის სიღარიბის ზღვარამდე არიან მისულები. გაუმჯობესების შანსსაც ვერ ხედავენ, რადგან სამ ადგილას მუშაობენ და თავი ძლივს გააქვთ. საზოგადოება აღარაა გამჭვირვალე. ეს კი აფეთქებასაშიშია.

ბევრი პრობლემა უკვე დიდი ხანია განიხილება. ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ჰქონდა მემარჯვენე პოპულიზმის გამოცდილება. მაშინ იყო იორგ ჰაიდერი (Jörg Haider).

მე მაშინ ძალიან არ შევშფოთებულვარ. ჰაიდერი იყო პოლიტიკური ავანტიურისტი, რომელიც მედიებმა ძალიან ამოსწიეს. დღეს ვხედავთ ბევრად მეტ ცინიზმს ძალაუფლების მხრიდან. ეს კვლავ გლობალურ გარემოებებს უკავშირდება.

ჰაიდერის დროს არ იყო, ზოგიერთი ავსტრიელი ინტელექტუალი ქვეყნის დატოვებით რომ იმუქრებოდა? დღეს უკვე ამ გამწვავებულ  გონება-განწყობილებას გაქცევით  ვეღარ მოაგვარებ.

დიახ, ასეა. ბევრი მათგანი თავს ალბათ სამშობლოდან მოკვეთილადაც კი გრძნობს. ამ დროს სამშობლო არის ადამიანთა უფლებები. მე ნაციონალურ სამშობლოს არაფრად არ ვთვლი. მე ვენელი ვარ და არაფერ საერთოს არ ვგრძნობ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილ ტიროლერებთან, თუმცა მესმის ის მშობლიური გრძნობა, რომელიც გეუფლება იმ ადგილას, სადაც გაიზარდე. იქაური სოციალური კოდები იქ უფრო კარგად გესმის, ვიდრე სადმე სხვაგან. არსებობს სუნები და ფერები, რომლებიც შენთვის ნაცნობია. კულტურის თვალსაზრისით მე ვარ ვენელი და ქვემოავსტრიელი. მე არ ვიცი სხვა რამე გარდა კულტურული სამშობლოსა.

თანაც თქვენ ხომ სულ დადიხართ.

რვა წელი ბრაზილიაში ვიცხოვრე, თან სრულად ვიყავი ინტეგრირებული! თუმცა ბრაზილიელი არ გავმხდარვარ. აი, გულით ბრაზილიელი რასაც ჰქვია…

როგორც რომანის ავტორი, თქვენ ხართ თანამედროვე, რომელიც წერს. უცხო ადგილები აქ დიდ როლს თამაშობს.

ჩემი რომანის „დედაქალაქი“ დასაწერად ექვსი წელი ბრიუსელში ვიცხოვრე. „ჯოჯოხეთიდან განდევნას“ რომ ვწერდი, ნახევარი წელი ლისაბონში ვცხოვრობდი, კიდევ ორი წელი – ამსტერდამში. ჩემი „განხიბვლის ტრილოგია“ ნაწილობრივ ბრაზილიაში შეიქმნა.. აი, ასე ხვდები, დრო როგორ მიფრინავს. ოთხმოციან წლებში ეპოქის ცნების მოძებნას ცდილობდნენ. სამოციანი და სამოცდაათიანი წლები უკვე მთლიანად ახალ კეთილდღეობაში გაზავდა. სამყარო დასავლეთად და აღმოსავლეთად დაიყო და ყველა მხრიდან მშვენივრად თვალმისაწვდომი გახდა. დამკვიდრდა მოხდენილი ჩაცმულობა და შერეული სტილი. ეპოქის ცნება გახდა „პოსტმოდერნიზმი“. ამის შესახებ დისკუსია მიდიოდა! ესთეტიკური ფენომენი!

და დღევანდელი ეპოქის ცნება რა იქნებოდა?

ჩვენ დღეს ეპოქის ცნება არ გვჭირდება. ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად და უპირობოდ საშიშ რეალისტორიაში, რომლისთვისაც არსებობს მხოლოდ ერთი პირქუში სიტყვა: კრიზისი.

 

გერმანულიდან თარგმნა

შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4