მანიფესტმა კი ამ პროცესს ახალი დინამიკა უნდა მიანიჭოს?

ამ სიტუაციაში მანიფესტი და „აივნის პროექტი“ (Balcony Project) უნდა იყოს სტიმული ევროპის მომავალზე ძალიან კონკრეტული დისკუსიისა და პოლიტიკურ ელიტებზე  გამომაფხიზლებელი ზეწოლისა, რათა მათი მთვარეულობა ღამის კოშმარად არ გვექცეს.

დღეს არა ვართ ჩვეულნი მანიფესტებს. რაიმეს მოთხოვნის ეს ფორმა ასეთი იშვიათი იმიტომაა, რომ დიადი მიზნები აღარ არსებობს?

მანიფესტი ჩვეულებრივი რამ არასდროს ყოფილა. ბევრი არც არსებულა. მანიფესტები იქმნება ეპოქალური ცვლილებების ჟამს, როცა ძველი, როგორიც ამჟამად ნაციონალიზმია,  სასიკვდილო აგონიაშია და თავის უკანასკნელ, ცრუ ეიფორიას განიცდის, ახალი კი ჯერჯერობით მხოლოდ პლაკატური მონახაზის სახით არსებობს. აი, გზამკვლევი რომ არის, რომელიც მიმართულებას აჩვენებს, მაგრამ ყველა ნაბიჯს არ გიგეგმავს. ბუნებრივია, დიადი მიზნებიც არსებობს და სხვა ბევრიც, რასაც განმანათლებლობა უმიზნებდა, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა, თუმცა საფრთხის ქვეშაა, ან საზეიმო სიტყვებში გამოყენებული ფრაზებივით გაცვდა.

მანიფესტის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ნიშნავს: გაათვალსაჩინო. არსებითად საქმე ეხება იმას, რომ ყველა მოთხოვნამ და სურვილმა ფურცელი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს და ქაღალდზე არ დარჩეს.

დიახ. სულ ამბობენ ხოლმე, ქაღალდი ყველაფერს აიტანს და მოითმენს. მანიფესტი არის მოუთმენელი ქაღალდი. ბოლო ათწლეულებში სულ არსებობდა კარგი საფუძველი იმედიანი მოთმინებისათვის. მაგრამ როცა ზომბები ძალაუფლებას ეპოტინებიან და ამა ქვეყნის ძლიერნი მათ დახმარების ხელს უწვდიან, მოთმინება არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

თუკი მანიფესტს ბოლოდან წავიკითხავთ, წამოყვირებასავით ჟღერს, თითქოს  რევოლუციიისკენ მოუწოდებთ: „გაუმარჯოს ევროპულ რესპუბლიკას!“ ჭირდება კი ევროპას ეს რევოლუციური სულისკვეთება? 

სწორედ ევროპას აქვს რევოლუციური სულისკვეთება. მათ შორის, სწორედ გერმანიას, რომელიც ყველა სხვა ქვეყანაზე უფრო ცნობილია თავისი თანმიმდევრული რევოლუციური აზროვნებით; თუმცა მხოლოდ აზროვნებით.

არსებობს უამრავი ჭკვიანური სტატია ევროპის თემაზე. ნუთუ ყველა ამ „გონიერების მქადაგებელს“ აკლია ემოცია, ან იქნებ პათოსიც?

იცით, ემოციებთან დაკავშირებით ერთი რამე უნდა ვთქვა: მე მაქვს ემოციები ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის, ჩემი მეგობრების მიმართ, ასევე ჩემს საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებით. ემოციები შემიძლია მქონდეს გარკვეულ საგნებთან მიმართებაში, რომლებიც ჩემთვის გარკვეულწილად სამშობლოს ნიშნავს: ესა თუ ის სუნი, სინათლისა და ფერთა ურთიერთშეხამება, მეტყველების მელოდიურობა, ხასიათის ახირებულობა – ყველაფერი, რაც რამენაირად ქალაქ ვენას უკავშირდება. ნაციონალიზმის პათოსი ჩემთვის უცხოა და ამიტომ მას კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვეღარ გამოვიგონებ. ვაღიარებ, როცა „სიხარულის ოდას“ ვუსმენ, ცრემლების დამალვას ვცდილობ. მაგრამ რაც შეეხება ჩვენი ცხოვრების საყოველთაო ჩარჩო-პირობებში მოქცევას, მოხარული და მადლიერი ვარ კონსტრუქტივიზმისა და გონივრულობისათვის. შეიძლება ვინმეს ევროპის ადამიანთა უფლებების ქარტია შეუყვარდეს? დიახ, ოღონდ სრულიად სხვანაირად, ვიდრე ნაციონალისტს უყვარს თავისი განსაკუთრებულობის გამომხატველი ნაციონალური სიმბოლოები და  დაბადების ამა თუ იმ ადგილით სიამაყე.

მანიფესტს ბევრი რამ ევალება:  მან უნდა აჩვენოს გზა საერთო მომავლისაკენ, თან არც  კონტინენტის ცოდვებით დამძიმებული წარსული არ უნდა დაივიწყოს. ნუთუ ერთი მეორეს გარეშე  არ გამოვა?

როგორ არა, ერთი მეორის გარეშე გამოვა. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ასე გამოვიდეს. ვინც წარსულის შეცდომებზე არ სწავლობს, მას მომავლში იმ ისტორიის გაკვეთილზე  მოუწევს სწავლა, რომელსაც ახლა გადის… და ეს გაკვეთილი სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ  ევროპის ნაციონალურმა სახელმწიფოებმა მარცხი განიცადეს. საიდან ასკვნით ამას?

ნაციონალურ სახელმწიფოთა შორის არსებულმა კონკურენციამ მეორე ოცდაათწლიანი ომი გამოიწვია, ვგულისხმობ 1914-დან 1945-მდე პერიოდს. ერთაშორის სამშვიდობო შეთანხმებებმა არ იმუშავა, ომები გაგრძელდა, ერების კოალიციებად გაერთიანებებმა მშვიდობა ვერ უზრუნველყო, ისინი კვლავ ესხმოდნენ ერთმანეთს. მარტო ესეც კი უკვე საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ გადაილახოს ნაციონალური სახელმწიფობანა. ამას ემატება გლობალიზაცია, ანუ  ნაციონალური სუვერენიტეტის ნგრევა. ყველა ნაციონალური სახელმწიფო მარცხდება იმ გამოწვევების წინაშე, რაც აქედან გამომდინარეობს. ყველა მათგანი უკვე დიდი ხანია ტრანსნაციონალურია, დაწყებული ფინანსური ნაკადებით, ღირებულებათა დარიცხვის მექანიზმით და ეკოლოგიური პრობლემებით, დამთავრებული უსაფრთხოების მოთხოვნებით და სოციალური სამართლიანობით. ჩვენი მოთხოვნა არის ამის დემოკრატიულად გაფორმება. ეს არ არის უალტერნატივო. თუმცა ამის ალტერნატივა მხოლოდ უბედურება და კატასტროფაა.

„ევროპელი არის ის, ვისაც ეს უნდა“-ო, წერია. იმ რთული დებატების შემხედვარე, რომელიც ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში  მიმდინარეობს, ეს „ძირძველი ევროპელებისგან“ ბევრ დამოუკიდებლობას მოითხოვს. მეტისმეტად  ბევრს ხომ არა?

დიახ, მეტისმეტად ბევრს და უფრო მეტსაც. ისეთივე ბევრს, რასაც ათი მცნება, კატეგორიული იმპერატივი და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

რამდენად ეიფორიული ხართ?

საერთოდ არა ვარ ეიფორიული. თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის უფლება რაიმე ნარკოტიკი კი არ არის, არამედ ძირითადი მოთხოვნილებაა. ხშირად ეს უფლება დასაცავი ხდება ხოლმე. ეიფორულია? როგორც გენებოთ.

 

 

1 2 3 4