თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმრის სტატუსით, 30 მაისს ცნობილი ავსტრიელი მწერალი და ესეისტი რობერტ მენასე ეწვევა. იგი გამომცემლობა „ინტელექტის“, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩამოდის.

ავსტრიელი მწერალი, ესსეისტი, მთარგმნელი რობერტ მენასე (Robert Menasse) დაიბადა 1954 წ. ვენაში. სწავლობდა გერმანისტიკას, ფილოსოფიას და პოლიტიკურ მეცნიერებებს. იგი არის რამდენიმე რომანისა და უამრავი ესეისტური თუ პუბლიცისტური ნაწარმოების ავტორი. რობერტ მენასე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავგამოდებით იცავს ევროპულ იდეას, მხარს უჭერს ევროპულ რესპუბლიკას, როგორც რეგიონების და არა ნაციონალური სახელმწიფოების კავშირს. ამავე დროს იგი მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირის ნაკლოვანებებს. მისმა ბოლო რომანმა „დედაქალაქი“ გერმანული წიგნის პრემია დაიმსახურა. ეს არის პირველი რომანი, რომელიც ევროკავშირზე დაიწერა. მასში მწერალი აღწერს ბრიუსელის ბიუროკრატიას და ააშკარავებს, რომ უტოპიაა იმაზე ოცნება, რომ ისტორიის გაკვეთილები საზოგადოებას დაეხმარება უარი თქვას ნაციონალურ და სახელმწიფოთაშორის დავებზე. იგი, როგორც პროფესიონალი ისტორიკოსი, ცდილობს იტვირთოს განმანათლებლური მისია, თუმცა ევროპის მომავალთან  დაკავშირებით მისი პროგნოზები საკმაოდ მძიმეა.

ვფიქრობთ, ახლახანს ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მემარჯვენე პოპულისტურმა ძალებმა მოიპოვეს და მწერლის თბილისში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით, ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის საინტერესო იქნება მისი შეხედულებები ევროპის მომავალი მოწყობის, ნაციონალური სახელმწიფოების, სამშობლოსა და ეროვნულობის  შესახებ.

როგორც ვთქვით, რობერტ მენასე არის ევროპული რესპუბლიკის იდეის ერთ-ერთი ავტორი ულრიკე გეროსა (Ulrike Guérot) და მილო რაუსთან (Milo Rau) ერთად. ეს იყო სახელოვნებო, ე. წ. „აივნის პროექტი“ (Balcony Project), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დამთავრების მე-100 წლისთავს მიეძღვნა და მისი მიზანი იყო ევროპის გაერთიანებისა და საერთო ევროპული დემოკრატიის განვითარების გზების შესახებ დისკუსიისათვის ახალი იმპულსის მიცემა.

2018 წლის 10 ნოემბერს, 16 საათზე მთელი ევროპის ასზე მეტი  თეატრის აივნიდან, აგრეთვე ღია მოედნებზე ცნობილმა მსახიობებმა წაიკითხეს ევროპული მანიფესტი,  ე. წ. ევროპული რესპუბლიკა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ.

 

მთარგმნელისაგან

 

დღეს, 2018 წლის 10 ნოემბერს, 16 საათზე, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან ზუსტად 100 წლის თავზე, რომელმაც ევროპული ცივილიზაცია ათწლეულების განმავლობაში წყობიდან გამოიყვანა, ჩვენ არა მარტო ვიგონებთ წარსულს, არამედ საკუთარ ხელში ვიღებთ მომავალს.

ეს არის ჟამი ევროპის დაპირების განხორციელებისა და ევროპული გაერთიანების პროექტის დაფუძნების იდეის გახსენებისა.

ჩვენ ვაცხადებთ ყველას, ვინც კი ამ წუთას ევროპაში იმყოფება, ევროპული რესპუბლიკის მოქალაქედ.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საყოველთაოდ გამოცხადებული ადამიანთა უფლებების უნივერსალურ მემკვიდრეობაზე და პირობას ვდებთ, რომ მას ბოლოს და ბოლოს განვახორციელებთ.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპის სიმდიდრე საუკუნეთა განმავლობაში ემყარებოდა სხვა კონტინენტთა ექსპლუატაციას და სხვა კულტურათა ჩაგვრას. ამიტომაც ჩვენ ვუყოფთ ჩვენს მიწას მათ, ვინც ჩვენ თავიანთი მიწიდან გავდევნეთ. ევროპელი არის ის, ვისაც ეს უნდა. ევროპული რესპუბლიკა არის პირველი ნაბიჯი გლობალური დემოკრატიისაკენ.

ნაციონალური სახელმწიფოების ევროპამ მარცხი განიცადა.

ევროპული გაერთიანების პროექტის იდეას უღალატეს.

საერთო ბაზარი და საერთო ვალუტა – ევროპოლიტიკური სახურავის გარეშე შეიძლებოდა გამხდარიყო იოლი ლუკმა ნეოლიბერალური რეჟიმისა, რომელიც სოციალურ სამართლიანობას ეწინააღმდეგება.

ამიტომაც მოსაპოვებელია ძალაუფლება ევროპულ ინსტიტუციებში, რათა საერთო ევროპულ დემოკრატიაში ჩამოყალიბდეს საერთო ბაზარი და საერთო ვალუტა.

რადგან ევროპა ნიშნავს: ადამიანთა გაერთიანებას და არა სახელმწიფოთა უნიფიცირებას.

ამდენად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის ნაცვლად აქ მნიშვნელოვანია მოქალაქის სუვერენიტეტი. ჩვენ ვაფუძნებთ ევროპულ რესპუბლიკას საყოველთაო პოლიტიკური თანასწორობის საფუძველზე, ეროვნულობისა და წარმომავლობის მიღმა. ევროპული რესპუბლიკის კონსტიტუციის გამტარებლები ქალაქები და რეგიონები არიან.

ბოლოს და ბოლოს  დადგა დღე, როცა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება პოლიტიკურ ერთიანობაში გამოიხატება.

ევროპის საბჭო გადაყენებულია.

ევროპულ პარლამენტს გააჩნია კანონმდებლობითი ძალაუფლება.

იგი ირჩევს ევროპულ მთავრობას, რომელიც თანაბრად ვალდებულია ყველა ევროპელი მოქალაქის წინაშე.
გაუმარჯოს ევროპულ რესპუბლიკას!

 

აქვე გთვაზობთ ორ ინტერვიუს, პირველი ამ ფაქტამდე ერთი თვით ადრე  RP ONLINE-თან 2018 წლის 23 ოქტომბერს შედგა, ინტერვიუს ავტორია ლოთარ შრიოდერი (Lothar Schröder), ხოლო მეორე ინტერვიუ Neue Züricher Zeitung-თან – ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 19 დეკემბერს. ინტერვიუს ავტორია  პაულ იანდლი (Paul Jandl).

 

„ევროპელი არის ის, ვისაც ევროპელობა უნდა“

ლოთარ შრიოდერი 23. ოქტომბერი 2018, 17:34

 

თქვენ ბევრს საუბრობთ ევროპაზე, ამ თემას მიუძღვენით უამრავი წერილი და ერთი რომანი, რომელიც გერმანული წიგნის პრემიით აღინიშნა და ამხელა აუდიტორია მოიცვა. რა გამოიწვია ამან ევროპაში?

ვერ გეტყვით, არ ვიცი, თუ რა გამოიწვია ჩემმა მუშაობამ, ჩემმა მცდელობებმა ევროკავშირის უკეთ დასანახად, თანამედროვე კრიზისების გასაგებად და ევროპის პერსპექტივებზე ხმამაღლა საფიქრელად. ეს იყო ჩვენი წვლილი დისკუსიებში, რომლებიც ყველგან ეწყობა და ძალიან ხალხმრავალია, იმისგან დამოუკიდებლად, აუცილებლად გაშუქდება თუ არა კლასიკურ მედიებში. ჩვენ ვუსმენთ ბევრ აღშფოთებულ, პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეს, მაგრამ (თითქმის) არ გვაინტერესებს ისეთები, რომლებიც ამბობენ: „დავფიქრდეთ“, „ვიკამათოთ“… თუმცა თავად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორი დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, პოსტნაციონალური მომავალი თავად უნდა შევქმნათ თუ პრაქტიკულად ბუნების მიერ თავსმოხვეულ გლობალიზაციად მივიღოთ. ანუ საქმე აღარ გვაქვს თანამედროვეობის უპერსპექტივო გაგრძელებასთან, მით უმეტეს ნაციონალიზმის ისტორიის გამეორებასთან, საიდანაც ევროკავშირმა გაკვეთილი უკვე გამოიტანა.

 

1 2 3 4