ამბაკომ ორი ყაჩაღი მოკლა უბრალო სანადირო თოფით.

ეს ამბავი გამთენიისას მოხდა. მანამდე კი მისი სახლის უკან, სიმინდის ყანას მაჩვები დაეჩვივნენ და ნება-ნება აჩანაგებდნენ. ამბაკო მათ ღამით ყანის თავში დაუდარაჯდა. დილაბნელამდე იჯდა საფარში, ყაჩაღები მამლის პირველივე შეყივლებაზე გამოჩნდნენ – აშკარად ყანის პატრონის სახლისკენ მიემართებოდნენ.

ამბაკოს ბევრი არც უფიქრია და ორი კოხტა გასროლით ორივე დაუპატიჟებელი სტუმარი საიქიოს გაისტუმრა. შემდეგ მან და მისმა ვაჟმა მოკლულები ჭიშკრამდე მიათრიეს და იქ დააგდეს, რათა ცხედრები ყველა მსურველს ენახა.

ყაჩაღები უცხოები აღმოჩნდნენ. ერთი ორმოცდაათის იქნებოდა, მეორე კი ოცდახუთის. უფროსს, კოხტა წვერი და დიდი ცხვირი ამშვენებდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს იღიმისო. სოფლელებმა ცხედარს „მოღიმარი“ შეარქვეს – წესისამებრ სიმბოლოურად ფეხსაცმლის წვერს წაკრავდნენ, თითქოს იმ კუპრის ქვაბს, რაშიც უკვე იხარშებოდა ჯოჯოხეთში, შეშა შეუკეთესო. უმცროსი ტანდაბალი გახლდათ, დაკუნთული სხეული ჰქონდა და მარჯვენა ყური აკლდა. ამიტომაც მას „უყურო“ შეარქვეს.

ამბაკოს ცოლი, ცუნცულა, გვამებს ბუზები რომ არ დასეოდნენ, დრო და დრო „დიხლოფოსს“ ასხურებდა. ამბაკო ეზოს შუაგულში სკამზე იჯდა და ყველა მსურველს იმაზე უყვებოდა, თუ როგორ ჩააძაღლა ყაჩაღები.

ეს რა ძალიან გაუმართლა ჩემს ქმარს, ამ მხრივ მადას არასოდეს უჩიოდა, ახლა კი შეხედეთ, როგორ გაიკრიფა ენადო, შენიშნა ცუნცულამ. სინამდვილეში ამბაკო დიდი ლაქლაქა და ბაქია არასოდეს ყოფილა, მეტად დაუზარელი და ფუტკარივით მშრომელი კაცი გახლდათ (ისევე როგორც თავად ცუნცულა). სოფელს კი ყაჩაღებზე არანაკლებ აინტერესებდა ამბაკოს ქალიშვილის, მირეს ხილვა, რომელიც ქალაქში ერთს მდიდარ კაცზე იყო გათხოვილი და იმის გამო, რომ შვიდი წლის განმავლობაში შვილი ვერ გაუჩინა, ქმარმა თვენახევრის წინ სახლში გამოისტუმრა. მირე და მისი მშობლები ამ ამბავს ჯერ-ჯერობით არ ამხელდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველამ ყველაფერი იცოდა.

ორი თვით ადრე ყაჩაღი სხვასაც მოეკლა, მაგრამ, მეზობელ რაიონში, თანაც ერთი, გასაცოდავებული და გაძვალტყავებული ბოგანო ვინმე, თავიდან მხოლოდ დაიჭრა და გვამი ერთი კვირის შემდეგ იპოვეს შემთხვევით შეშის მჭრელებმა ტყეში. მისი მკვლელი ლამის გმირად იქცა.

ამბაკოს ყაჩაღებს კარგად ეცვათ. ქალაქის ყაჩაღებს გავდნენ, რომლებსაც თანამოძმეებმა მათი დაუწერელი კოდექსის დარღვევის გამო იქიდან გუდა-ნაბადი ააკვრევინეს არც ისე დიდი ხნის წინ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, გაძევებულები შარაგზის ყაჩაღებად ემწესებოდნენ, მაგრამ მოღიმარსა და უყუროს რატომღაც გადაეწყვიტათ ყველაზე დაბალი კასტის, სოფლის ყაჩაღების რიგი შეევსოთ. ეგენიც მირესავით ყოფილან, ქალაქიდან პირდაპირ სოფელში ჩამოქვეითებულან, უცნაური დამთხვევა კი არისო, უხეშად გაიხუმრა ბევრმა.

ინდაურივით გაფხორილი ამბაკო ყველა მომსვლელს შინ ეპატიჟებოდა და მამაკაცებს თითო ჭიქა ღვინოს ასმევდა. ქალებს და ბავშვებს ცუნცულა და მირე თითო კოვზ თაფლს უდებდნენ პირში და წელში მოხრით მადლობას ეუბნებოდნენ სახლში შემოსვლისა და დაფასებისთვის. მირეს ხელში ყაჩაღების მობილურები ეჭირა და ქალებსაც და კაცებსაც სთხოვდა წარმოეთქვათ ის სიტყვა, რომელიც მათი ვარაუდით ტელეფონის პატრონებს კოდად ექნებოდათ დადებული. თუ პაროლი მოეწონებოდა, მაშინვე აკრეფდა ხოლმე მობილურის ეკრანზე, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.

მირესაც ქალაქურად ეცვა, დეკოლტედან გათხოვების შემდეგ ერთი-ორად გაზრდილი მკერდის მისადგომები უჩანდა. ქალები იმასაც ქირქილებდნენ, ძუძუები ხელოვნურად გაიდიდაო, მაგრამ ცდებოდნენ.

ამბაკოს მოსულელო ვაჟს, შაქარას, ჩუმად ღვინო დაელია, დამთვრალიყო და ჰამაკში ეძინა.

 

მთელი სოფელი ამბაკოს ეზოში შეიკრიბა და დაშლას არც აპირებდა, რადგან მეზობელი სოფლებიდან, მარჯვენადან და ხოხბების ასაფრენიდანაც ელოდნენ ხალხს. ხოხბების ასაფრენშიც მოეკლათ სხვადასხვა დროს ყაჩაღები და მარჯვენაშიც, მაგრამ ორი ერთად არასოდეს (ქალაქის ყაჩაღებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო).

არავის ახსოვდა პირველად რომელმა შენიშნა, მოღიმარს წვერი რომ არ ჰქონდეს, ძალიან ემგვანებოდა ამბაკოს რძლის (ძმის ცოლის) პირველ ქმარსო. ამის შემდეგ ყველა კვლავ უფროსი ყაჩაღის ცხედართან მიდიოდა და დაკვირვებით უთვალიერებდა სახეს. იმათგან, რომლებსაც თავის დროზე ამბაკოს ხოხბების ასაფრენელი რძლის პირველი ქმარი ენახა, ეჭვსაც კი გამოთქვამდა, მართლა ეგ არ იყოსო. ხოდა, ახლა ყველაზე უფრო ის აინტერესებდათ, მოვიდოდა თუ არა ამბაკოსთან მისი მეზობელ სოფელში ჩასიძებული ძმა, პიპა ასეთი წარმოუდგენელი ბედნიერების მისალოცად.

პიპა და ამბაკო აგერ უკვე მესამე წელი გადიოდა უბრად იყვნენ. თავიდან მათი ცოლები წაკიდებოდნენ ერთმანეთს უმნიშვნელო რაღაცის გამო, შემდეგ კი უკვე ქმრებსაც ეჩხუბათ სერიოზულად, რისთვისაცზურგს უკან ბევრმა დასცინა.

პიპას ცოლი ლამაზი, მაგრამ დიდი კუდაბზიკა ვინმე გახლდათ და თავისი რიგით მეორე თანამეცხედრე, ანუ პიპა თავის ნებაზე დაყავდა. როგორც ამბობდნენ, პირველი ქმარი, რომელიც ასევე ჩასიძებულის სტატუსით სარგებლობდა, იმიტომ გააგდო სახლიდან, რომ გულისჯიბეში სხვა ქალის ფოტო უპოვა.

ამბაკო და ცუნცულა სოფლის სკოლაში მასწავლებლები იყვნენ. ამბაკო მათემატიკას ასწავლიდა, ცუნცულა კი მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ამბაკო და ცუნცულაც ბავშვებს სახლშიც ამზადებდნენ (გასამრჯელოს ნატურითაც იღებდნენ), საქონელიც ყავდათ, ფუტკარიც, არც სიმინდის ყანის დამუშავება და ლობიოს მოყვანა ეზარებოდათ და შეძლებული ოჯახი ჰქონდათ.

სამართალდამცველები, რომლებიც ჯერ-ჯერობით არ ჩანდნენ, ყოველ ხუთ წუთში რეკავდნენ, ამბაკოს ჰპირდებოდნენ, რომ ძალიან მალე გამოჩნდებოდნენ და თან მედალსაც მოუტანდნენ (ერთხელ ორდენიც კი ახსენეს), თან მკაცრად აფრთხილებდნენ, ყაჩაღების ტელეფონები მათი განბლოკვის მიზნით არ ეწვალებინათ, რათა იქ არსებული ინფორმაცია არ წაშლილიყო. მირე მხოლოდ ერთი წუთით თუ დაოკდებოდა, მერე კი ისევ ორივე ტელეფონის მორჯულებას ერთდროულად ცდილობდა.

 

მალე მეზობელი სოფლებიდან, მარჯვენიდან და ხოხბების ასაფრენიდან იწყეს მოსვლა. ხოხბების ასაფრენელებმა ლამის ერთხმად განაცხადეს, უფროსი ყაჩაღი ამბაკოს რძლის პირველ ქმარს მართლა ძალიან გავსო – ისინი ხომ მას უკეთ იცნობდნენ.

ქალაქიდან პოლიციელებზე ადრე რეგიონალური ტელევიზიის წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, მოკლულ ყაჩაღებს გადაუღეს და ამბაკოსაც ჩამოართვეს ინტერვიუ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ყაჩაღების ლიკვიდირებისას ხომ არ შეგეშინდათო, ამბაკო სერიოზულად განაწყენდა, ეგღა მაკლია საზოგადოების ხორცმეტები მაფრთხობდნენო. ცოტათი რომ დამშვიდდა, პათეტიკურიგანცხადებაც გააკეთა, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, დავირაზმოთ, ჩვენში გავრცელებული ოცდამეორე საუკუნის გარიჟრაჟის სამარცხვინო ეპიდემიას, ყაჩაღობას და ყაჩაღებს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადოთ და უკანასკნელამდე ამოვჟუჟოთო. საუბრისას ადგილზე ირწეოდა და შიგა და შიგ ენაც ებმობდა, რაც საერთოდ არ სჩვეოდა, ისევე როგორც ადგილზე რწევა.

სწორედ იმ დროს, როცა ამბაკო ინტერვიუს იძლეოდა (ჟურნალისტმა ისიც ჰკითხა, ყაჩაღების შურისძიება ხომ არ გაიფქრებთო, რის შემდეგაც ამბაკო მეორედ განაწყენდა), გამოჩნდა კიდეც მარჯვენელი ბაჭია.

მარჯვენელები საერთოდ მეტად თავისებური ხალხი გახლდათ და თითქმის უკლებლივ შავგრემნები, ლოთები, მცონარები, ხმამაღლა ლაპარაკი სჩვეოდათ და საუბრისას ხელებს ერთნაირად იქნევდნენ. სხვებისგან ადვილად გამოარჩევდი.

მირემ მაშინვე შეამჩნია ბაჭია და, რადგან ის სხვა მარჯვენელებთან იდგა, იმასაც მიხვდა, თუ რომელი სოფლიდან იყო; იმასაც, რომ ის თავის თანასოფლელებს ერთი ბეწოთიც არ გავდა და რომ ეს ბიჭი თავდავიწყებით შეუყვარდებოდა. სწორედ ბაჭიას ნახვის შემდეგ გააცნობიერა, რომ თვითონ ნამდვილი სიყვარული ჯერ არ განეცადა და თუ აქამდე ეგონა, რომ ის გრძნობა, რომელიც ყოფილ ქმართან აკავშირებდა, სიყვარული იყო, მწარედ ცდებოდა.

ბაჭია მარჯვენელი კი იყო, მაგრამ ქალაქში იზრდებოდა უშვილძირო ბიძასთან, რომელიც, თურმე, იმავე რაიონში ცხოვრობდა, რომელშიც მირეს ყოფილი ქმარი და თვითონ მირეც მთელი შვიდი წელი.

შეხედა თუ არა მირეს, ბაჭიასაც აუჩქარდა გული, ხელისგულებიც აუოფლიანდა და მიხვდა, რომ გოგო პირველივე ნახვით შეუყვარდა.

 

მალე ამბაკოს დიდ ეზოში ტევა არ იყო. მასპინძელს ერთი კასრი ღვინო თითქმის გამოეცალა და მომსვლელებს უკვე აღარ სთავაზობდა დასალევს, ბაჭია კი, თვითონაც ვერ იტყოდა რატომ, მაშინვე დაპატიჟა. ბაჭიამ ღვინო დალია და პირდაპირ მირესკენ გაემართა, რომელიც აივანზე თავის ქოთნის მცენარეებთან იდგა.

_ ეს რა ლამაზი ქოთნის მცენარეები გქონიათ! _ უთხრა მირეს ბაჭიამ.

მირემ თავი მორცხვად დახარა. ბაჭიამ დრო იხელთა და მკერდის მოშიშვლებული მისადგომები შეუთვალიერა.

_ თქვენც ლამაზი ხართ! _ თქვა მან ისევ.

მირემ კვლავ მორცხვად დახარა თავი და ბაჭიასაც აბა სხვა რა დარჩენოდა გარდა იმისა რომ ისევ გაეხარებინა თვალი.

ამ დროს ჭიშკარს მირეს ბიძა, პიპა, მისი ცოლი, ციალა და შვილი ლამზირა მოადგნენ. ციალას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მირეს დედას არასოდეს წაკიდებოდა და არც გაეგო, რომ ყაჩაღებიდან ერთ-ერთს ბევრი მის პირველ ქმარს ამსგავსებდა. ლამზირას კი თავი ისე ეჭირა, თითქოს არც უწყოდა მირეს ქმართან გაყრის ამბავი და ეს არ ახარებდა.

დახედა თუ არა მოღიმარის გვამს, ციალა აღელდა, უზარმაზარი მარაო გაშალა და ნერვიულად დაინიავა (ქალებმა ერთმანეთს გადაუჩურჩულეს, წინასწარ იცოდა, რომ განცდებში ჩავარდებოდა და მარაოც იმიტომ წამოიღო ამ შემოდგომის ჟამსო), მაგრამ, რამდენიმე წამში თავის ხელში აყვანა და გაღიმებაც შეძლო.

პიპას კი, ეტყობოდა, რომ არაფრის ბაიბურში არ იყო.

 

 

 

 

1 2 3 4