მირეს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ბაჭიამ ყელსახვევი პირთან მიიტანა და სანუკვარი სურვილი ტუჩების ცმაცუნით ჩაუთქვა.

_ დარწმუნებული ვარ, რომ მამაჩემი ამ ყაჩაღების იარაღებს შენ გაჩუქებს, როცა მისი სიძე გახდები! _ თქვა მირემ, როცა ბაჭია სურვილის ჩათქმას მორჩა, ყელსახვევი სათუთად დაკეცა, ეამბორა და გულის ჯიბეში შეინახა. _ თუმცა, ერთს მაინც თავისთვის დაიტოვებს, ალბათ, სატრაბახოდ. სიხარულისგან ჭკუაზე არ არის კაცი!

_ იარაღი ისედაც მაქვს, ასე რომ ყაჩაღები ვერ შეგვაწუხებენ! _ თქვა ბაჭიამ. _ შეიძლება ხვალაც გნახო?

მირემ თავი მორცხვად ჩაღუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბაჭიას ნახვა მასაც სურდა.

_ ერთი წუთით გაიკეთე ყელსახვევი და ისე მეჩვენე! _ სთხოვა მირემ გულის სწორს.

ბაჭიამ თხოვნა შეუსრულა.

_ დაგხატა პირდაპირ! _ წამოიძახა მირემ და ტაში შემოჰკრა. _ შენს ქურთუკსაც მოუხდა, რომ იცოდე, ახალს ხომ, ალბათ, პირდაპირ ზედ დააკვდება. აბა ახლა თავზე წაიკარი, თუ შეიძლება!

ბაჭიამ ყელსახვევი თავზე წაიკრა.

_ ის ხარ, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი! _ აღმოხდა მირეს. _ ახლა კი წასვლის დროა. ჯერ შენ გადი შენობიდან, უკანმოუხედავად იარე. თვალს რომ მიეფარები მეც გავალ შენობიდან, რომ არც ეშმაკის ავი თვალი გვეცეს და მისი კარნახით არც ადამიანებმა იეჭვონ ჩვენი ერთად ყოფნა!

_ ასე მალე უნდა დავიშალოთ? _ იკითხა შეცბუნებულმა ბაჭიამ.

_ კი! _ გადაწყვეტილად მიუგო მირემ.

 

ბაჭია სკოლის შენობიდან გამოვიდა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და სახლისკენ გასწია.

ასე ძალიან ჯერ ქალს არ მოეხიბლა. ერთი სული ჰქონდა სკოლის შენობისკენ მიეხედა, მაგრამ, რადგან მირემ დაუშალა, როგორღაც ახერხებდა თავს მორეოდა.

ჩაუარა დენის მოზუზუნე ტრანსფორმატორს, ნომერ მეორე წისქვილს სოფლის ბოლოს, ტყუპებივით ერთნაირ სამ ძროხას, ნამეხარ ფიჭვთა კორომს და შედგა.

_ მირე… მირე… მირე… _ ზედიზედ სამჯერ წარმოთქვა მან საყვარელი ქალის სახელი.

მირე კი ამ დროს ბაჭიას გეოგრაფიის კაბინეტის ფანჯრიდან აკვირდებოდა.

_ ბაჭია… ბაჭია… ბაჭია… _ ზედიზედ სამჯერ წარმოთქვა მანაც საყვარელი კაცის სახელი.

 

ბაჭიამ გადაწყვიტა მირე იმავესაღამოს ენახა, ამიტომ შინ წასლვა გადაიფიქრა და ნამეხარ ფიჭვთა კორომში შეუხვია. იქაურობა ზაფხულის ხვატისას ჩრდილს შეფარებული საქონლისა და ცხენების გამომშრალი და გაქვავებული ნეხვით იყო მოფენილი. ბაჭიამ ერთი შეიკურთხა, ისევ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, გამოვიდა ფიჭვთა კორომიდან, ხელმარცხნივ გაუხვია და ფოთლოვან ტყეს მიაშურა. იქ ერთი წიფლის ძირას ჩამოჯდა. გადაწყვეტილი ჰქონდა საღამოს დადგომას აქ დალოდებოდა.საღამოს კი მირეს დაურეკავდა და სადმე სოფლის განაპირას, ან სულაც მისი სახლის უკან სიმინდის ყანაში შეხვედრას სთხოვდა.

თუმცა, მირე ხომ ისე ძალიან იყო შეყვარებული ბაჭიაზე, როგორც ბაჭია მასზე და ისევე გრძნობდა ბაჭიას გულის ნადებს, როგორც ბაჭია გრძნობდა მისას. ამიტომ, შეიძლება ისიც ეგრძნო, რომ ბაჭია შინ არ წასულა.

ამის გაფიქრებაზე, ბედნიერ ბაჭიას გაეღიმა, ჯიბიდან წითელი ყელსახვევი ამოიღო, გაიკეთა, შემდეგ კი მობილურით სელფი გადაიღო, ნახა რომ ყელსახვევი მართლა უხდებოდა.

„დაგხატა პირდაპირ” _ ჩაესმა მას მირეს ხმა და ახლა ყელსახვევი თავზე წაიკრა. შემდეგ ტელეფონზე პაროლი შეცვალა – რა თქმა უნდა მირეს სახელით.

_ რა ცოტა რამ უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის! _ აღმოხდა მას და თვალები დახუჭა, რათა ეს ბედნიერება სრულად შეეგრძნო. _ სახლში ხომ არ გავიქცე, ქურთუკი გამოვიცვალო და მაშინვე დავბრუნდე?! _ დაეკითხა საკუთარ თავს. _ მირეც მაშინვე მიხვდება, როგორ გავისარჯე რომ მისთვის კიდევ უფრო მომეწონებინა თავი!

სწორედ ამ დროს გაისმა გასროლის ხმა: მესამე, ცოცხლად დარჩენილმა ყაჩაღმა მისი მეგობრის ყელსახვევით თავწაკრულ ბაჭიას რევოლვერიდან გულში ესროლა და თვალდახუჭულივე მოკლა.

 

ყაჩაღი, რომელმაც ბედნიერი ბაჭია გამოასალმა სიცოცხლეს, მოღიმარისა და უყუროს ძმადნაფიცი გახლდათ. როდესაც ამბაკომ ძმაკაცებიდახოცა, თვითონ იმ ადგილიდან კარგა შორს, ტყეში ეძინა – მანამდე მთელი ერთი დღე და ღამე კბილი ტკიოდა და მხოლოდ თანამზრახველების საყაჩაღოდ გასვლამდე ერთი საათით ადრე ჩაუცხრა. ისე ტკბილად დაეძინა და თან ძილში ისე ბედნიერად იღიმებოდა, რომ მოკლულებს არც გაუღვიძებიათ – იყოს, საქმეს ჩვენ მივხედოთ და ნადავლიც გავუყოთო, უთხრეს ერთმანეთს.

 

მესამე ყაჩაღმა მოკლულ ბაჭიას მისივე მობილურით სამი ფოტო გადაუღო სამი მხრიდან და ყველა იმათ გაუგზავნა, ვისი ნომერიც ტელეფონში ეწერა (ბაჭიას მობილურის განბლოკვა არ გასჭირვებია – მან ხომ გასროლამდე ერთი წამით ადრე მირე ახსენა). შემდეგ მოკლულს ყელსახვევი ააცალა და გაურკვეველი მიმართულებით გაქრა.

მირე ბაჭიას დაღუპვას ვერ გადაიტანსო, ამბობდნენ, მაგრამ მან ამ მწუხარებას გაუძლო _ მხოლოდ იმიტომ, რომ გონება აერია. მთელი დღეები ბანდბიტონს ეთამაშებოდა შაქარასა და შაქარასავით ჭკუამხიარულ რძალს (თავისი მომავალი, ხოხბების ასაფრენელი მეორე ნახევარი შაქარამ სწორედ იმ დღეს გაიცნო, რა დღესაც მირემ და ბაჭიამ იხილეს პირველად ერთმანეთი), შემდეგ კი ძმისშვილებს, როცა ისინი წამოიზარდნენ. მხოლოდ ზოგჯერ და ისიც რამდენიმე წამით თუ მოვიდოდა სრულ ჭკუაზე და იტყოდა, დედაჩემისთვის ყაჩაღის ყელსახვევი რომ არ ამეწაპნა, არაფერიც არ მოხდებოდა, ახლა ბაჭიას ცოლი ვიქნებოდი, ასე რომ ნუ ჩაიდენთ ქურდობას თუნდაც ძლიერი სიყვარულის სახელითო.

ყანის თავში, იმ ადგილას, სადაც ამბაკომ ყაჩაღები დახოცა, ლეღვის ხე ამოვიდა. ითვლება, რომ მისი გამორჩეულად გემრიელი ნაყოფი ჯანმრთელობისა და ბედნიერების მომტანია. ამბაკო და ცუნცულა ლეღვით, რა თქმა უნდა, სრულიად უანგაროდ უმასპინძლდებიან მეზობლებს, მაგრამ მათ რამე მაგიერი ძღვენი მაინც მოაქვთ .

ხოლო, რაც შეეხება წიფლის ხეს, რომლის ძირშიც ყაჩაღმა ბაჭია მოკლა, იმ შემოდგომას მეხი დაეცა, გახმა და ორიოდე წლის შემდეგ ქარმა წააქცია. იმ ადგილას სხვა ხე აღარ ამოსულა, რომ მისთვის ხალხს ბაჭიას სახელი დაერქმია.

 

 

 

 

 

1 2 3 4