_ შეიძლება თქვენს მცენარეებს ორიოდ ფოტო გადავუღო? _ ჰკითხა ბაჭიამ მირეს და მობილური ამოიღო.

მირემ მშვენივრად იცოდა, რომ ბაჭია კადრში მოახვედრებდა და ასეც მოხდა.

როცა ბაჭიამ მცენარეებთან ერთად მირეს მესამედაც გადაუღო, ჰამაკში ჩაძინებულ შაქარას გამოეღვიძა და თავისი ამღვრეული თვალები რატომღაც პირდაპირ ბაჭიას მიაპყრო. ბაჭიას საბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ შაქარა გონებასუსტი იყო, იფიქრა ჩემზე იმიტომაა გაბრაზებული, რომ მისი დის მოხიბვლას ვცდილობო, ცოტა არ იყოს დაფრთხა, მირეს თავი დაუკრა, ეზოში ჩამოვიდა და ხალხს შეერია.

მირემ ბაჭიას ქცევის მიზეზი ვერაფრით ახსნა, ოთახში შევიდა და იქიდან ადევნებდა თვალს. ცოტა ხანში, უჩვეულოდ აძგერებულმა გულმა წყენა გადაავიწყა და ეზოში გამოვიდა, რომ რჩეულთან უფრო ახლოს ყოფილიყო. მაგრამ, ამ დროს ბაჭიასთან საუბარი მისმა მეზობელმა გოგონამ გააბა, რომელიც ტიპიური მარჯვენელი იყო. მირემ იეჭვიანა, ცივად შებრუნდა უკან, თავის ოთახში ჩაიკეტა და ატირდა.

 

სამ საათზე ამბაკომ აივანზე ტელევიზორი გამოატანინა და ჩაართვევინა. საინფორმაციოში პირველივე სიუჟეტად ამბაკოს მიერ მოკლული ყაჩაღები უჩვენეს და თავად ამბაკოც. სიუჟეტის სანახავად მირეც გამოვიდა. ბაჭია მაშინვე მასთან გაჩნდა და კვლავ ხელისგულები აუოფლიანდა. ამჯერად მირემ ზედაც არ შეხედა. ბაჭია აიწურა, შემდეგ ეზოდან გავიდა, ერთხანს აკვრიდებოდა, როგორ უღებდა ხალხი ერთმანეთსფოტოებს მოკლულ ყაჩაღებთან და როცა ვიღაცამ თავისი მობილური გაუწოდა, გვამებთან ჩავიცუცქები და თუ შეიძლება ჩამასურათეო, შეტრიალდა და შინისკენ მიმავალ გზას დაადგა.

გასცდა წისქვილს, სოფლის ცენტრს, დენის მოზუზუნე ტრანსფორმატორს, კიდევ ერთ წისქვილს სოფლის ბოლოს, ტყუპებივით ერთნაირ სამ ძროხას, მრავალგზის ნამეხარ ფიჭვთა კორომს და შედგა, რადგან თვალწინ მირე დაუდგა თავისი სავსე მკერდით, მწვანე თვალებითა და ქერად შეღებილი თმებით.

უკან გაბრუნდა და სოფლის ცენტრამდე მივიდა, შეისვენა და სკოლის შენობას გახედა.

სკოლას სახურავი ახალი გამოცვლილი ჰქონდა და ნაადრევი შემოდგომის მზეზე უდარდელად ლაპლაპებდა.

ბაჭია სკოლაში შევიდა და ზარი დარეკა.

ზარის ხმა, რა თქმა უნდა, ამბაკოს სახლშიც გაიგეს, მაგრამ იფიქრეს, ბავშვები ონავრობენო. მხოლოდ მირეს უგრძნო გულმა, რომ ბავშვები აქ არაფერ შუაში იყო და თავისი რვა წლის წინანდელი, გათხოვებამდე ერთი წლით ადრე ნანახი სიზმარი მოაგონდა, რომელშიც მას საქორწინო კაბა ეცვა, თმები სწორედ ისე შეეჭრა და შეეღება, როგორც ახლა ჰქონდა და სკოლის ზარს რეკავდა.მიატოვა ყველა და სკოლის შენობისკენ გაემართა.

 

როგორც კი შენობას მიუახლოვდა, იქიდან ბაჭია გამოვიდა და კარებთან დადგა.

მირემ დაიმორცხვა და შედგა.

ბაჭიაც დაიბნა, შემდეგ როგორც იქნა მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა: მირეს მისი ძალიან რომ არ მორიდებოდა, შენობაში შებრუნდა.

მირემ სიმორცხვე დაძლია და ბაჭიას უკან მიჰყვა. ის კი კარს უკან დამალულიყო, სტაცა მირეს ხელი და გულში ჩაიკრა.

ორივემ ერთდროულად დიდის ნეტარებით შეყნოსეს ერთმანეთის სუნი. მირეს თავბრუ დაეხვა. ბაჭიამ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და ტუჩებში აკოცა. მირემ სილა სტკიცა და ბიჭი ხელის ერთი კვრით მოიშორა. იმან პატარა ბავშვივით დახარა თავი.

_ ქმარს ოფიციალურად ჯერ არ დავშორებივარ! _ კბილებიდან გამოსცრა მირემ.

_ ქმარი გყავს?! _ ჯერ განცვიფრდა, შემდეგ გაბრაზდა კიდეც ბაჭია.

_ კი… თავის დროზე პატარა გოგოს თავბრუ დამახვია… და… და…

ბაჭიამ ამოიოხრა, უფრო სწორად ამოიქშინა სოფლის სამჭედელოს საბერველივით.

_ დავსხდეთ, ვისაუბროთ! _ შესთავაზა მირემ.

_ მეორე სართულზე ავიდეთ, თუ ვინმე შემოეხეტა არ შეგვაწუხებს, _ თქვა ბაჭიამ.

_ არავინ შემოეხეტება. ჩვენ სოფელში, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ლოთები, უსაქმურები და ცუდმავალები არ გვყავს! _ ამაყად წარმოთქვა მირემ.

მირეს ნათქვამი ისე გამოუვიდა, თითქოს ბაჭიას, როგორც მარჯვენას წარმომადგენელს, ნიშს უგებდა. ამას თვითონაც მიხვდა და დამნაშავესავით გაიღიმა. ბაჭიამ კი ანიშნა, მიბრძანდი და მიგყვებიო. მირეს შეეშინდა, ბაჭია კვლავ არ მეცესო და თავი უარის ნიშნად გადააქნია. მაშინ ბაჭია პირველი თვითონ დაიძრა, კიბეებს რომ მიადგა, შედგა, მირეს ხელი ჩასჭიდა და გზა ერთად გააგრძელეს.

 

მეორე სართულზე ბაჭია მაინცდამაინც მათემატიკის კაბინეტს მიადგა. მირეს უნდოდა ეთქვა, აქ მამაჩემის საასპარეზოა და თუ შეიძლება სხვა ოთახში შევიდეთო, მაგრამ გადაიფიქრა და ბაჭიას ხელი გააშვებინა.

_ კიდევ ერთხელ მაკოცნინე! _ სთხოვა ბაჭიამ.

მირემ უარით უპასუხა და დაჯდომა შესთავაზა.

_ უკვე მიყვარხარ! _ უთხრა ისევ ბაჭიამ.

მირეს უნდოდა ეპასუხა, მეცო, მაგრამ გაიფიქრა, რომ ეს ისედაც ნათელი იყო.

_ როგორც კი გავიგე, ვინმე ამბაკოს მეზობელ სოფელში ორი ყაჩაღი მოუკლავსო, მაშინვე აქეთკენ გამოვწიე… გამოვწიე კი არადა, თითქოს ფეხებმა თავისით წამომიყვანეს, ქურთუკის გამოცვლაც კი არ მაცალეს! _ ეტყობა, ბაჭიას, თავისი ახალი ქურთუკი ძალიან მოსწონდა.

_ მართალია სხვა სამოსში არც მინახავხარ, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ რაც გაცვია ესეც გიხდება! _ შენიშნა მირემ.

_ ჩვენ ერთმანეთსაც მოვუხდებით, მირე! _ თქვა ბაჭიამ.

ბაჭიას პირით წარმოთქმული თავისი სახელის გაგონება მირეს ისე ეამა, ვნება კიდევ უფრო მოეძალა. იფიქრა, რომ ეს სახეზეც შეეტყობოდა, ამიტომ ადგა და ფანჯარასთან მივიდა. იქიდან მისი სახლი, ჭიშკარი და ჭიშკრის წინ დაყრილი ყაჩაღებიც მოჩანდა.

_ ხომ შეიძლება ისინიც ვიღაცას ყვარებოდა?! _ თითქოს საკუთარ თავს დაეკითხა მირე.

_ მოღიმარისთვის სიყვარული გვიანია, უყუროს კი შეიძლება უყვარდა კიდეც! _ ბაჭია მაშინვე მიხვდა თუ ვინ იგულისხმა მირემ.

_ სიყვარული არასოდეს არ არის გვიან! _ იწყინა მირემ.

_ მართალია! _ მაშინვე დაეთანხმა ბაჭია.

_ ხომ შეიძლება რომ ბიცოლაჩემსაც ძალიან ყვარებოდა თავისი პირველი ქმარი?!

_ შეიძლება… მაგრამ, მაშინ სახლიდან არ გააგდებდა… თუმცა, ვინ იცის!.. _ ამჯერად მირეს მიერ გამოთქმული ვარაუდის უარყოფას მოერიდა ბაჭიას.

_ ნახე ერთი… პურასკიების გოგო, ნადია „გაჩხინკული“, როგორ ეპრანჭება ხოხბების ასაფრენელ გურიკო „წრიპას“! _ წამოიძახა მირემ. _ ამ სიშორიდანაც კი შევამჩნიე!

_ სამწუხაროდ არც ერთს ვიცნობ და არც მეორეს! _ ამოიხვნეშა ბაჭიამ. _ ესე იგი, შენ ამბობ, რომ ქმრიანი ხარ?

_ ჯერ არ გაგვიფორმებიაოფიციალაურად განქორწინება-მეთქი, ხომ გითხარი? _ ლამის დაიჩურჩულა მირემ. _ ეჭვი მაქვს, რომ კარგა ხანს არ მომცემს დასტურს ის სასიკვდილე!

_ კი მაგრამ, რატომ?!

_ რომ გამაწვალოს! _ აუხსნა მირემ და ისე გაუღიმა, თითქოს თავი შეაცოდაო. _ პირველი ხუთი წელი თითქოს არა უშავდა, მაგრამ ბოლო ორი, მას მერე რაც კიბიდან დაგორდა, წუწურაქი, ჭინჭყლი და, რაც ყველაზე აუტანელი იყო, ეჭვიანიც გახდა.

სიჩუმე ჩამოვარდა.

_ მაინც რამდენი ხალხი შეიკრიბა ჩვენს სახლში, არა?! _ ხმა ამოიდგა ისევ მირემ, თითქოს გამხიარულდა, მაგრამ იქვე მოიწყინა, რადგან თავისი ქორწილი მოაგონდა.

 

 

 

1 2 3 4