ამბაკომ ქალიშვილს დიდებული ქორწილი მოუწყო და უამრავი ხალხი დაპატიჟა. მირეს მდიდრული საპატარძლო კაბა ეცვა და, მიუხედავად იმისა, რომ ფეხსაცმელები უჭერდა, ბედნიერი გახლდათ.მაშინ „ბომბორა“ პატარა ლეკვი იყო, მირეს კუდში დასდევდა და სულ იმას ცდილობდა მისი კაბის შლეიფი გაეწეწა.ბევრს შურდა მირესი და ეს თვალბშიც ეტყობოდათ,განსაკუთრებით მის ბიძაშვილ ლამზირას.

„კიდევ ერთხელ უნდა გაგხეთქოთ შურით, თქვე გლეხუჭებო! _ გაიფიქრა მირემ. – მართალია, მეორედ გათხოვებისას თეთრი საპატარძლო კაბა და ცოცხალი ვარდები მეკრძალება, მაგრამ, ყვითელსაც არანაკლებ მოვიხდენ და პლასტმასის ყვავილებიც არანაკლებ დამხატავს!“

 

მოგონებებში წამიერად გადავარდნილი მირე ამჯერად ბებერ ბომბორას შესცქეროდა, რომელიც ხალხს შორის გაჭირვებით დალასლასებდა და სავარაუდოდ მას ეძებდა.

„ღმერთოშენი სახელის ჭირიმე, რა კარგია რომ ეს ბიჭი გამოჩნდა, რომ მან ჩემი გული და სული უცებ დაიპყრო, თორემ ქმართან დაშორებით გახარებული მოშურნეების დამცინავი მზერა გამანადგურებდა და მომიღებდა ბოლოს… განსაკუთრებით კი იმ ბოზანდარა ლამზირასი!“ _ ამჯერად ფიქრს ტუჩებიც ააყოლა მირემ და ბაჭიას, რომელსაც ეგონა რამე მელოდიას ღიღინებსო, ხელზე კოცნის უფლება მისცა.

როცა ვაჟის ცხელი ტუჩები იგრძნო, ლამის იყო ეძგერა და გახდა დაუწყო.

_ არ ვიცი, მოგეხსენება თუ არა, რომ ქმარს შვილი ვერ გავუჩინე! _ თქვა მან, როცა თავს მოერია და ვნება ოდნავ დაიოკა.

_ არა, არ ვიცოდი, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მე შენ მიყვარხარ. მორჩა და გათავდა! _ გადაჭრილად განაცხადა ბაჭიამ.

_ დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ გაგვწირავს და შვილს გვაჩუქებს! _ გაუბედავად წარმოთქვა მირემ.

_ მეც ასე მგონია! _ აჰყვა ბაჭია.

_ ღმერთი გულწრფელი ხალხის მხარესაა! _ თავი დაიიმედა მირემ.

_ დასტურ რომ ეგრეა! _ მირეც და საკუთარი თავიც დაიიმედა ბაჭიამ.

_ ეს რა უსაშველოდ მაღალ ქუსლებზე წამოკოსებულა, რომ ჩამოვარდეს, სანამ მიწაზე დაეხეთქება, სამჯერ მოასწრებს „მიშველეთო“ დაყვირებას! _ ვიღაცის მისამართით წამოსცდა მირეს.

ბაჭიას გაეღიმა.

_ გამოდის, რომ ქალაქში შვიდი წელი გვიცხოვრია ერთ უბანში და ერთმანეთისთვის შორიდანაც არ მოგვიკრავს თვალი! _ დანანებით წარმოთქვა ისევ მირემ._ გამოდის რომ ყაჩაღებს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს შეხვედრას!

_ ეგრეა! _ დაუდასტურა ბაჭიამ.

_ არადა, ამბაკომ გასულ კვირას მაჩვი ვერ მოკლა. ვაზნა გამოდგა უხარისხოო, გვითხრა. ოცი ნაბიჯის სიშორიდან უსვრია, ცუნცულამ გადაამოწმა. ასე თქვა, დარწმუნებული ვარ, ვაზნა არაფერ შუაშია, თავს დავადებ, რომ ააცილებდაო! _ მირეს გაეცინა.

ბაჭიამ კიდევ ერთხელ გადაიფინა სახეზე ვაჟკაცური ღიმილი.

_ ახლა კი ორი ყაჩაღი ერთად გააგორა ჩემმა მამიკომ! _ სიამაყე ვერ დამალა მირემ._ წარმომიდგენია როგორ იგესლებიან ახლა ჩვენი ოჯახის მოშურნეები!

_ როგორ? _ დაეკითხა ბაჭია.

_ ამბაკოს ქალაქელმა სიძემ არ გაუმართლა, მაგრამ ახლა ორი ტუზი ერთად დაეცა ლამისელიტარული ყაჩაღების სახითო!

_ ნუ აქცევ ეგეთებს ყურადღებას! _ გულწრფელად ურჩია ბაჭიამ.

_ ჩვენ ამბავს რომ გაიგებენ ხომ უარესად ჩაუვარდება ყველას ენა მუცელში?!

_ რა თქმა უნდა!.. მაკოცნინე! _ სთხოვა ისევ ბაჭიამ.

_ ვერა, საყვარელო… კოცნა მერე სხვა რამეშიც გადაიზრდება, მე კი ოფიციალურად განქორწინებულიც არ ვარ. ვინმემ რომ მოგვისწროს, მიუხედავად იმისა, რომ ამბაკოს ოჯახს დიდ პატივს სცემენ და ყველას ვუყვარვათ, იძულებული იქნებიან ჩვენს ჭიშკარს თითოჯერ მაინც შეაფურთხონ. არ მინდა მამაჩემს დღევანდელი ბედნიერება ჩავამწარო, ამას ნამდვილად ვერ აიტანს!

_ კარგი ერთი, ვინ უნდა მოგვისწროს?! _ გაეცინა ბაჭიას.

_ ვინმემ ეჭვი რომ აიღოს და მითხრას, ხატზე დაიფიცე, თუ ბაჭიასთანთან არ გიმრუშიაო, მაშინ რა ვქნა?! _ მირეს, ეტყობოდა, ყველაფერი გაეთვალისწინებინა.

შეყვარებულებმა ერთმანეთს შეხედეს.

_ თუ შეიძლება შებრუნდი და თვალები დახუჭე! _ სთხოვა ბოლოს მირემ.

ბაჭია შებრუნდა და თვალები დახუჭა, მირემ კი საკინძე შეიხსნა და აზღუდში ჩამალული აბრეშუმის წითელი ყელსახვევი ამოიღო.

_ აი! _ თქვა მან და ყელსახვევი ბაჭიას გაუწოდა. _ დედაჩემს მოვპარე. თუ არ ვცდები მოღიმარისაა, თუმცა, შეიძლება უყუროსიც იყოს. დედიკომ გადამალა ორივე, ჩემი დაუფიქრებელი ქმრის კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი, იმას კი არ გაითვალისწინებს, რომ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს მოკლული ყაჩაღის ყელსახვევის შოვნის ბედნიერება, დათვრება და სხვა ვინმეს აჩუქებსო. მოკლედ, ერთი შენთვის ავწაპნე… ხომ გაგიგია, ყაჩაღის ყელსახვევის ქურდი ცხონდაო, რომ იტყვიან?!

ბაჭიას თვალებში სინაზე ჩაუდგა, ცალ მუხლზე დაიჩოქა და ისე გამოართვა მირეს ძვირფასი საჩუქარი.

_ უმაღლესი ხარისხის აბრეშუმისაა, მარტო ბეჭედში კი არა გაეტევა, სათითეშიც ჩაეტევა მთლიანად. დიდ ბედნიერებას მოგიტანს! _ უთხრა მირემ.

_ ჩვენ, ორივეს მოგვიტანს დიდ ბედნიერებას! _ შენიშნა ბაჭიამ.

_ მაგრამ ჯერ მაინც ნუ გამოაჩენ, სანამ ქმარს ოფიციალურად არ დავშორდები!

_ არ გამოვაჩენ! _ დაჰპირდა ბაჭია. _ ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია, თუ არ ჩავთვლით ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლეს!

_ შენთვის არაფერი მენანება! _ უთხრა მირემ.

_ ვიცი, საყვარელო! _ მიუგო ბაჭიამ. _ ხომ შეიძლება, ჩავუთქვა?

_ რა თქმა უნდა, სიცოცხლევ, მაგრამ ჯერ კარგად დაფიქრდი და მერე ჩაუთქვი ყველაზე სანუკვარი რამ.

_ დასაფიქრებელი არც არაფერი მაქვს. მას შემდეგ რაც გიხილე, ჩემი სანუკვარი სურვილი ისედაც ნათელია!

 

 

 

 

1 2 3 4