კვირა. ნეპტუნის დღე. გამჭვირვალე ტაბლეტები.

სასაფლაოზე ასულ გოჩას, თიკას და ნიკას საფლავი ჩემი გათხრილი დახვდათ, ხოლო ნაძვის კუბო – თავახდილი და ცარიელი.

-ფინიტა ლა კომედია! – აღმოხდა ამის დანახვაზე გოჩას.

-ღმერთო, რა ვანდალიზმია? – აწრიპინდა თიკა.

-ვის უნდა ამოეთხარა? რამე ხომ არ ჩაატანეთ ისეთი? – გადახედა მამას ნიკამ.

-იქ არ იყავი? – ამოიწრიპინა თიკამ. – ცხვირსახოცი, სანთებელა და კარტი… ფეხსაცმლის გამო ხომ არ ამოთხრიდნენ?

-იქნებ გაცოცხლდა, აყვირდა და მესაფლავეებს გააგონა?. – დააბრეხვა უცებ ნიკამ.

თიკამ და გოჩამ ერთდროულად გახედეს ნიკას.

-გაცოცხლდაო!? – აწიკვინდა თიკა. –  როგორ გჯერა ეგეთების კიდევ?

-აბა მაინცდამაინც რობოტების უნდა გვჯეროდეს? – გადაეკითხა ქალიშვილს გოჩა.

-მაშინ ვიღაც მშიერმა ნეკროფილებმა ამოთხარეს და შეჭამეს! – მოუვიდა აზრი ნიკას.

-ნ.ა.ს.ა-ს – ნაჩალიჩები მგონია მაინც!  – ბოლთას სცემდა ადგილზე გოჩა.

ჰაერში მტვრის პატარა ნაწილაკებს უდარდელად ატრიალებდა სასაფლაოს სიო.

მე კიდევ, მართლა სად ჯანდაბაში ვიყავი ამ დროს?

პასუხი ძალიან მარტივია:

„ნ.ა.ს.ა“-სგან მსუყედ და ასე კეთილად დაჯილდოებული, (თან პოლიგლოტ- და თავში რადიოიან, დაკუნთულ მამაკაცად დარჩენილი) სახლში ველოდი ოჯახის დანარჩენ წევრებს და აივანზე მდგომი რკინის უმძიმეს გირებს ჰაერში ჰაერის ბუშტებივით იოლად ვათამაშებდი.

სკოლების რობოტიზაცია უკვე სულ არ მაღელვებდა – ასე დარჩენილს პირადი მომავალი სრულიად  ახლებურ პერსპექტივებს მთავაზობდა.

 

 

 

 

1 2 3 4 5