ხუთშაბათი. ვენერას დღე. თეთრი ტაბლეტები.

საღამოს ტაბლეტების მორიგი პორცია მივიღე და დილით ისევ ახალი შეგრძნებით გამეღვიძა. თვალის გახელისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც აშკარად და მნიშვნელოვნად შეცვლილიყო. გვერდით ხელი რომ გადავწიე, მეუღლის ადგილი საწოლში ცარიელი დამხვდა.

„მევლუდ-კოლაზე წასულან…“ – გამახსენდა წინა დღის რადიო-მოგებები. თავში ისევ FM-დიაპაზონის რადიო-სადგურთა ზრიალი მედგა, ამიტომ თვალი დავხუჭე, პირი მოვკუმე, ენა სასას ავაჭირე და უცებ რომელიღაც რელიგიური რადიო-სადგური დავიჭირე.

„მამაო, ძალიან ცუდად ვარ იმიტომ, რომ დიდი ცოდვა ჩავიდინე. მე და ჩემს შეყვარებულს ქორწინებამდე გვქონდა ურთიერთობა და ვმალავდითჯვარი ისე დავიწერეთ, მოძღვრისთვის სიმართლე არ მითქვამს. ჯვრისწერისას გვკითხა, ახლა ხდებით ცოლქმარიო? – მოთქვამდა ვიღაც გოგო პირდაპირ ეთერში.

„Mitä ihmettä?“ – ფინურად შევეკითხა თავს და ანის სასაზე აჭერით სხვა რადიოსადგურზე გადავრთე. იქ უკვე დამამშვიდებელი სამედიტაციო მუსიკა გადიოდა. საწოლზე წამოვჯექი თუ არა, მაშინვე მეცა თვალში საკუთარი ზედმეტად ბალნიანი ფეხები. მერე ხელებზე დავიხედე. ისინიც უცხოდ და უხეშად გამოიყურებოდნენ.

„რა ჯანდაბაა?“ – ფეხზე წამომდგარმა კედლის სარკეში ჩავიხედე და გავხევდი:

იქიდან ვიღაც ათლეტური აღნაგობის, სიმპატიური მამაკაცი შემომცქეროდა.

„რა ხდება?“ – აღმომხდა მოულოდნელობისგან და მაშინვე მივხვდა: ტაბლეტების მორიგ ულუფას მე არც მეტი და არც ნაკლები, მამაკაცად ვექციე.

-ვაიმე! ბრედ პიტის და ბენისიო დელ ტოროს ნაჯვარს გავხარ, დე! – მომახალა სახლში მობრუნებულმა თიკომ მამაკაცად ქცეულს და სიხარულისგან ადგილზე ხტუნვა დაიწყო.

ჩემი ასეთი ცვლილება გოჩას და ნიკას დიდად არ გაკვირვებიათ.

-მაგარი კაცი ხარ, დე! – მითხრა ნიკამ და საკუთარი წილი, ლუდის  ათბოთლიანი შეკვრა მაგიდაზე დადო. – დილას შეგისწავლეთ უკვე, სანამ ტკბილად გეძინა! ძაან მაგარია!

-თავიდან პოლიციის გამოძახება მინდოდა… – დაიწყო გოჩამ ნერვიულად. – კინაღამ გული გამიხეთქე… ვიღაც უცხო კაცთან ერთად გაღვიძება როგორია? მაგრამ მერე გამახსენდა – ექსპერიმენტი!.. ხომ არ მივწერო ბარემ „ნ.ა.ს.ა.“-ს? რას აღარ მოიგონებენ!

-ჯერ არა! – ავიქნიე ხელი კაცად ქცეულმა და აბაზანაში შევედი.

სხეული კარგად დავითვალიერე, ახალი ორგანოები გულდასმით მოვისინჯე და ხალათში გახვეული კმაყოფილი სახით გამოვედი გარეთ.

მოგებულ ლუდთან ერთად ოჯახობას თევზი და შავი პურიც მოეტანა. სუფრაც უცებ დაიყარ-გაიშალა. თიკო ძაან აბრწყინებული თვალებით შემომყურებდა ასე ერთბაშად განკაცებულს და ადგილზე ცმუკავდა.

-ბარემ ნაშებიც ხომ არ ამოგვეყარა? – ჩამიკრა თვალი თევზის ფცქვნისას ნიკამ.

-ისევ ერთად უნდა დავწვეთ ღამით? – გადმომიჩურჩულა გოჩამ და მკვრივ ტორსზე ხელი მომხვია.

-ბებიაშენისამ! არა, იატაკზე დავწვები!.. – გამეცინა მამაკაცური ბარიტონით და  ჭიქაზე ჭიქა მივუჭახუნე. –  ხერხემალი კი არ მაქვს გამრუდებული…

-იცოდე, ღამით არ მომეკარო! – გამაფრთხილა ქმარმა.

-ეგ მე კი არა, შენ არ მომეკარო, გოჩი! ხომ იცი, ვერ მომერევი! ნახე რა ბიცეპსები მაქ!

-ამის მერე როგორ უნდა ვიყოთ, ლელა?

-აწი შეგიძლია მანუჩარი დამიძახო!

 

პარასკევი. იუპიტერის დღე. მწვანე ტაბლეტები

წინა საღამოს დალეული მწვანე ტაბლეტების გამო, მეორე შუადღით კიდევ უფრო უცნაურად გამეღვიძა:

ნაძვის კუბოში ვესვენე და ზედ თეთრი სუდარა მეფარა, რომელიც სახიან-ტანიანად ყველაფერს მიფარავდა. მაშინვე მივხვდი, რომ გასულ შუაღამით, ძილის დროს მოვმკვდარიყავი და ოჯახის წევრებს უკვე ყველაფერზე ეზრუნათ. იქვე იმასაც მივხვდი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მესუნთქა, სახლში ალიაქოთი რომ არ გამომეწვია. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, წამოვდგები და ცირკს მოვაწყობ-მეთქი, მაგრამ მაშინვე წარმოვიდგინე ამ საქციელის სავალალო გაგრძელება და შედეგი. ვინმეს მართლა დაზიანება და „იმერული ესკიზები-2“-ის ჩატარება ჩემ გეგმებში არაფრით შედიოდა, ამიტომ ვარჩიე ისევ თავი მომემკვდარუნებინა და სხვა რამით გამერთო გასვენებამდე თავი.

კუბო სასტუმრო ოთახში იდგა. გარშემო ჭირისუფლებს ყვავილებისგან შეკრული გვირგვინები შემოეწყოთ, თავად კედლებთან მდგარ სკამებზე ისხდნენ, სისულელეებზე ჭორაობდნენ და მხოლოდ ოთახში ახალი შემომსვლელის დანახვაზე ჩუმდებოდნენ.  თიკო თავისთვის ქვითინებდა და ცხვირი გასწითლებოდა. გოჩა და ნიკა შავ შარვალ-კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილი და ოთახის შესასვლელთან მდგომები  ყოველ მოსულს ხელს მგლოვიარე სახით ართმევდნენ.

„ვიზიარებ… ვიზიარებ… ვიზიარებთ!“ – მესმოდა კუბოში მწოლსა და მამაკაცად მომკვდარს ხანგამოშვებით და მახსენდებოდა „ვიზეარით“ პირველი გადაფრენა ბუდაპეშტისკენ გოჩასთან ერთად. „ვიზიარებ… ვიზიარებ… ვიზიარებთ!“ – არ წყდებოდა მომსვლელთა ნაკადი, რომელიც თითქოს ამ სიტყვით მიღმიერ სამყაროში შესაბიჯებელ ვიზას მაძლევდა.

-ვიზე ამბობ? ააა, უი! დედა, რა კაი ბასანოშკებია? – მესმოდა კუბოში მწოლს ასევე მსხდომიარე ჭირისუფალთა გადალაპარაკებები.

-მღვდელი როდის მოვა ნეტა?

-მე ახალი ცხვრის ხორცის გარეშე არ შემიძლია…

-ჯართში რო გადაგცვლიან ეს უნამუსოები!

-მთელი ცხოვრება სპეც-ლიცეუმს შესწირა საცოდავმა! მერე რამდენი დიდებული პიროვნება გაუზარდა ქვეყანას, და ამათ კიდევ – რობოტიზაციაო!

რომ არ მომეწყინა, პირი მოვკუმე და ოდნავ გავიჭინთე.

-გაზები გასდის! – მომესმა ვიღაცის გადალაპარაკება.

ღამით, როცა მომსვლელი დაილია და ქმარ-შვილიც დასაძინებლად მიწვა –  ფრთხილად წამოვდექი კუბოდან და გემრიელად გავიზმორე. მოშიებულს მთელ სხეულში უცნაური ჟრუანტელი დამიდიოდა. მაცივართან ფეხაკრეფით მისულმა იქიდან წინა დღის მორჩენილი „მევლუდ-კოლა“ და თევზი გამოვიღე და კარგადაც მოვულხინე. თან წამდადაუწუმ ენას სასას ვაჭერდი და რადიოებსაც რიგრიგობით ვუნაცვლებდი ერთმანეთს: ხან ნეპალურად ვღიღინებდი „რესან ფირირის“ და ხანაც მანუჩაოს ფრანგულ-ბასკურ სიმღერებს ვრეპავდი. კარგად რომ შევზარხოშდი, ტაბლეტების მორიგი წყვილი მივიღე. დარჩენილი ორი ტაბლეტი გულის ჯიბეში ჩავიდე, ისევ კუბოში ჩავწექი, სუდარა ბოლომდე გადავიფარე და თვალები დავხუჭე.

 

 

შაბათი. სატურნის დღე. შავი ტაბლეტები

მეორე დღეს რომ გამეღვიძა და თვალი გავახილე, ძალიან შემეშინდა:

უკვე დამარხული ვიყავი. დახურულ კუბოში მწოლს და სრულ სიბნელეში მყოფს ჰაერი არ მყოფნიდა. მივხვდი, რომ კუბო საფლავში ჩაესვენებინათ და უკვე ამოევსოთ საფლავი მიწით. მაშინვე შევეცადე კუბოსთვის თავსახური ამეხადა. ხელისგულებით ავაწექი კიდეც ქვემოდან, მაგრამ არაფერი გამომივიდა – მიწის მასა ძალიან მძიმე იყო. ავაბრახუნე კიდეც, მაგრამ ასევე უშედეგოდ.

-მიშველეეეთ! – ვიყვირე მთელ ხმაზე, მაგრამ ვის რას გავაგონებდი. მერე ჯერ ერთ გვერდზე გადავტრიალდი, შემდეგ – მეორეზე. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ვატყობდი, კუბოში ჰაერი სულ უფრო ცოტავდებოდა, ამიტომ გულისჯიბიდან დარჩენილი ორი ტაბლეტი ამოვიღე, ბოლომდე გავღეჭე, მერე ენა ისევ სასას ავაჭირე, რამაც FM-დიაპაზონის ერთ-ერთ სიხშირეზე მომმართა და თვალები დავხუჭე. რადიოსადგურზე ახალ ქართულ სიმღერას წარადგენდნენ. შემსრულებელი ბევრს საუბრობდა ქართული ანბანის უნიკალურობაზე, რომლისთვისაც სიმღერა სახელწოდებით „ანბანთქება“ მიეძღვნა. რეპერულ-ფოლკლორულ სტილში შესრულებული ტექსტი სასაცილო და ორიგინალური კი იყო, თუმცა თავიდან ვერაფრით მივხვდი – რა საერთო ჰქონდა ამ სიმღერას ქართულ ანბანთან. მერე გადაცემის წამყვანმა გაშიფრა ეს აკროსტიხი და აღმოჩნდა, რომ სიმღერის ყველას სიტყვის პირველი ასო ქართულ ალფაბეტს თანმიმდევრობით იმეორებდა:

„ალექსამ ბოზბაში გაუშვა დამკაში

ევერესტს ვუყურებ ზემოდან თვალებით

ილიკომ კროსვორდი ლოგინში მოხაზა

ნასკებში ომია პატარა ჟანგბადის

როგორი საწყალი ტიპია უშანგი

ფელამუშს ქუჩაში ღორები ყიდიან

შე ჩემა ძალიან ცუდია წამალი

ჭანჭური ხურმაზე ჯგიროა ჰამლეტ!“

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5