(პოსტ -აპოკალიპტო)

როგორც ძველები იტყოდნენ, სწორი არჩევნის გაკეთებას კრიტიკულ სიტუაციაში სპილოსხელა უშიშობა უნდა – ანუ, როდესაც ჩეხური “კარტას” თამაშივითაა საქმე: ორი განსხვავებული კარტიდან  ერთს რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდე და ორიდან ერთ-ერთი მიმართულება მისცე თამაშს.

მე, სპეც-ლიცეუმის დამსახურებულ პედაგოგ ლელა მეთლუყვას სწორედ ეგეთი დამემართა: ერთ  ნარიჟრაჟევს, ლიცეუმში წასვლამდე, ინტერნეტში სოციალური ქსელის თვალიერებისას კვანტური დიეტის სარეკლამო ბანერს მივყევი და კაი ხნის ბოდიალის შემდეგ უცნაურ გარე საიტზე მოვხვდი. საიტი ხასხასა სალათისფერი იყო და წითელი გული ეხატა. თბილისის “ნ.ა.ს.ა.ს” ოფისი, კითხვარის შევსების შემდგომ, პასუხებზე დაყრდნობით იყვანდა საექსპერიმენტო კადრებს ერთკვირიანი კვლევის ჩასატარებლად. ექსპერიმენტს ფარმაკოლოგიური სურნელი ასდიოდა (სპეციალური აბების პრე-ორალური გზით მიღება და ასე შემდეგ), საკუთრივ კითხვარი კი, ერთი შეხედვით, პრიმიტიულად გამოიყურებოდა. ორმოც ტიპობრივ კითხვაზე პასუხების გაცემა არ გამჭირვებია. ბოლომდე შევსებული მაშინვე უკან გადავაგზავნე საკუთარი პირადი მონაცემებითურთ.

-საუზმე მზადაა, ლელა მასწ! – მხიარულად მიხმო წინსაფრიანმა ქმარმა გოჩამ ოთხ სულზე გაშლილ სუფრასთან. ჩვენი შვილები – ნიკა და თიკო უკვე მაგიდას უსხდნენ და ერთმანეთს თვალების დაელმებაში ეჯიბრებოდნენ.

-არ ვიცი… არაფერი არ ვიცი… – ხელების ფშვნეტით ჩამოვუჯექი მაგიდას. – შენ არ მოდიხარ? თუ დაპატიჟების წერილი გამოგიგზავნოთ?.. – გავძახე მეუღლეს.

-ხელსახოცებს და სამარილეს გამოვიყოლებ!

-თქვენ კიდე, რას გავხართ, რას?! – დავუკივლე იქვე დაელმებულ შვილებს და მაგიდას ხელისგული მკაცრად დავკარი.

ბავშვებმა მაშინვე შეწყვიტეს თამაში და მზერა გაისწორეს.

-ჩემი გაკვეთილი გაქვთ დღეს რომელიმეს? – შევეკითხე შვილებს საუზმის დასრულებისას.

თიკომ და ნიკამ ერთდროულად და უარის ნიშნად გადააქნიეს თავები.

-წესიერად მოიქეცით ორივე! არ გავიგონო ვინმემ რამე მითხრას! – წამოვდექი სკამიდან. – წავედით! გახდა ცხრა საათი! სადაა მანქანის გასაღები?

 

 

***

პასუხი მეორე დილით, ელექტრონულ ფოსტაზე მომივიდა. 16:00-ზე ოფისში მიბარებდნენ. მისამართი – უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართული. 310-ე ოთახი. გახარებულმა მსუბუქად გავიქნიე ხელ-ფეხი, მივიღე გრილი შხაპი და სამზარეულოში ხაოიან ხალათში გამოხვეული შევედი. გოჩას უკვე გაეწყო საუზმე ორისთვის.

-ველურები უჭმელი გაუშვი? – ვიგულისხმე შვილები.

-მოგასწრეს და გაშპნენ! – გოჩამ ჩაი ჩამოასხა და პურიანი ლანგარი მომიჩოჩა. – კვირაა დღეს თან! რაო? რა ამბებია?

-თავის მოკვლაზე მეფიქრება სულ, გოჩი! – დავღონდი უცებ. – სექტემბრიდან რობოტიზაციაო! გვიშვებენ ყველას! სკოლების მსოფლიო პროგრამაა! პენსია გვექნება დანიშნული სიკვდილამდე, მაგრამ კაპიკები… ყველა მასწავლებელი დასასვენებლადო!!!

-ესე იგი, მაინც რობოტები მოდიან? – ჩაეცინა გოჩას.

-ნერვები მაგათ არ აუტოკდებათ და არაფერი! თან მთელი სასწავლო პროგრამა ედებათო თავში! და ისეთი ალგორითმებით არიან დაპროგრამებულები, ყველაფერი იციან… ყველაფერი: ფიზიკა, ქიმია, ანატომია, ბიოლოგია, ასტრონომია, ნუმეროლოგია,  კვანტური მექანიკა… ვინ ვარ მე მაგათთან შედარებით?

-შენ ხარ ადამიანი, რომელმაც შექმნა საკუთარი თავი! – მომხვია ქმარმა წელზე ხელი და შუბლზე მაკოცა.

-მოლეკულაც არ გამოვდივარ!.. მტვრის ნაწილაკი! – ლამის ავცრემლდი, მაგრამ იქვე “ნ.ა.ს.ა.” გამახსენდა და მაშინვე მოვხასიათდი. – სამაგიეროდ, მგონი დროებითი სამსახური ვიშოვე, გოჩა! კარგად იხდიან! ერთკვირიანი ექსპერიმენტია… თან  არდადეგების პერიოდი უწევს…

-მგონი რას ქვია?

-ოთხზე გასაუბრებაზე მიბარებენ!

-რა ჭირი უნდათ?

-“ნ.ა.ს.ა.ს” თბილისური ოფისის სპეციალური კითხვარი შევავსე და გავუშვი სივისთან ერთად! რაღაც ფარმაკოლოგიურ ექსპერიმენტს აყენებენ და დონორები ჭირდებათ!

-არ გაგაგიჟონ საერთოდ… წამოგყვე?

-შენ იატაკი და მტვერსასრუტი გელოდება! მიხედე, როგორც იცი! სად უნდა წამომყვე? ავანტყოფი კი არ ვარ! რას იფიქრებს ხალხი?!

 

 

 

 

1 2 3 4 5