***

პირველს რომ ხუთი აკლდა, სავაჭრო ცენტრის გვერდითა კარი შევაღე და შენობაში ჩაპიჯაკებული შევედი. ლიფტი მალევე ვიპოვე, ვიღაც კატიან კაცთან ერთად ვიმგზავრე და მეოთხე სართულზე მარტო გავედი ბაქანზე. 310-ე კარზე ზარი ორჯერ, წყვეტილად დავრეკე. კარი ვერცხლისფერ უნიფორმაში გამოწყობილმა ბოლო თაობის რობოტმა გამიღო, რომელიც ძალიან ჰგავდა ლამაიზმისკენ გადახრილ უთმო-უწარბო კრიშტიანო რონალდოს.

-ექსპერიმენტის თაობაზე გახლვართ!.. დადებითი პასუხი მივიღე! დღეს დამიბარეს, პირველზე! მგონი, სწორად მოვაგენი…

-მობრძანდით-მობრძანდით! თქვენი ჰოლო-პასპორტიც, თუ შეიძლება!

-აგერ, ინებეთ! – გავუწოდე ვერცხლისფერ რობოტს გამჭვირვალე პასპორტი და ფართოდ გამოღებულ კარში შევაბიჯე.

ოფისში ყველა ვერცხლისფერებში დაიარებოდა. კედლებზე საშპალერო ადგილას უზარმაზარი სენსორული ეკრანები იყო დამონტაჟებული, სადაც მთვარის, მარსისა და სხვა პლანეტათა ცოცხალი, მაგრამ მდუმარე ლაივები გადიოდა.

-ესე იგი, მზად ხართ ერთკვირიანი ექსპედიციისთვის! – წამიკითხა ექსპერიმენტის სათაური ვერცხლისფერმა რობოტმა.

-როგორ? სად ეგა? – დავიბენი უცებ. – მე ოჯახი მყავს, გენაცვალე!

-საკუთარ თავში! ოჯახს არ მოგწყვეტთ! იქ ყველაფერი ეწერა! კი მაგრამ კითხვარი – სხვამ შეგივსოთ?

-როგორ გეკადრებათ… – დავიძაბესავით. – მაგრამ მაინც… ექსპერიმენტის შინაარსზე ხომ ვერ მეტყოდით უფრო დეტალურად?

-რაღა თქმა უნდა! – მიპასუხა რობოტმა და ექსპერიმენტის არსის მომცველი საქაღლდე გადმომცა.

ეს იყო მომავალი ფარმაკოლოგიური კვლევის ოქმი, რომელშიც ასახული იყო  კვლევის საფუძველი, მიზანი, ამოცანა, კვლევის მეთოდოლოგია, ორგანიზება და პირობები. შემდეგი თავების ქვეშ დაწვრილებით იყო აღწერილი (ცალ-ცალკე ფურცლებზე) შემდეგი ინფორმაცია:

.. ფარმაკოლოგიური კვლევის დასახელება;

.. ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური პროცედურების აღწერა;

.. იმ კვლევის ცენტრების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს კვლევა;

.. კვლევის მიზანი;

.. კვლევის განხორციელების აღწერა;

.. დონორის მიერ პრეპარატის მიღების წესი და შემდგომ მოქცევის წესები;

.. ფარმაკოლოგიური კვლევის ფაზა;

.. დონორთა კვლევაში ჩართვისა და გამორთვის კრიტერიუმები;

.. კვლევის საერთო ხანგრძლივობა;

ა.კ  მოსალოდნელი შედეგები;

ისე დავებეჩავებინე უსამსახუროდ დარჩენის პერსპექტივას, რომ ვითომ-განდობილის მობრიყვო იერით ყოველი პუნქტის წაკითხვაზე თანხმობით ვიქნევდი თავს, თუმცა საერთოდ არ მესმოდა, რას ვკითხულობდი.

-ახლა კი, საჭირო და აუცილებელი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ანალიზი! – თქვა რობოტმა და დაბინდულ-შუშიანი განყოფილებისკენ გამიძღვა.

-ნემსი უნდა გამიკეთოთ? – ვკითხე გზად ფრთხილად.

-ეგ არ იქნება საჭირო! – დამამშვიდა რობოტმა და შემინულ ლაბორატორიაში შემიყვანა. – თმის ღერიც საკმარისია… სრულ ანალიზს ნახევარ საათში მოვრჩებით. თუ თქვენმა მონაცემებმა დაგვაკმაყოფილა, თანხის მცირე ნაწილს (აქ რობოტმა თანხა თითებით მაჩვენა) ხელზე გადმოგცემთ, ასევე გაგატანთ ყოვედღიურად ძილისწინ მისაღებ აბებს თავისივე ინსტრუქციით. აქ დამიტოვებთ ხელისგულის ჰოლო-ანაბეჭდს და გაგიშვებთ. – რობოტმა წინ ქაღალდების დასტა დამიდო და ყველა ფურცელზე ცერა თითის ანაბეჭდი დამასმევინა. თანხის ეს მცირე ნაწილი საკმაოდ მემსუყა და ყველაფერი კიდევ უფრო მორჩილად აღვასრულე.

-ერთ კვირაში პროცესი დასრულდება… ჩვენი ჯგუფი მოგაკითხავთ და უკვე მთლიანად მიიღებთ დარჩენილ ჰონორარს! თუ რამე გადაუჭრელი პრობლემა შეგექმნათ ექსპედიციის განმავლობაში, გვამცნეთ ელ-ფოსტით და მაშინვე ჩახსნილი იქნებით ექსპერიმენტიდან! ანუ, მყისიერად დაგაბრუნებთ ძველ ობივატელურ ორბიტაზე! აგერ, კონტრაქტის ერთი პირი თქვენ. ორიგინალი ჩვენთან დარჩება…

 

 

ორშაბათი. მთვარის დღე. ყვითელი ტაბლეტები.

იმავე საღამოს, ვახშმობის შემდეგ, “ნ.ა.ს.ადან” გამოტანებული ტაბლეტების პირველი, ყვითელი წყვილი მივიღე და მეორე დილით  ძალიან გასიმპატიურებულს გამეღვიძა.

-ვაიმე, ლელაკო!!! – აღტაცებისგან სამჯერ შემოჰკრა ტაშს ლოგინში მუხლებზე წამომჯდარმა გოჩამ. –  რა მოგივიდა?

-რა არი? – ვერაფერს მივხვდი. – მომივიდა არა ისა… – ჩავიხედე თან ფრთხილად ქვედა საცვალში. – ჯერ არ მიწევს…

-აი რაღაც ძაან ლამაზი ხარ…

კედლის სარკისკენ გატრიალებულს მაშინვე მეცა თვალში საკუთარი ფიზიკური ცვლილება უკეთესობისკენ.

-აუ! ექსპერიმენტი! – გამახსენდა იქვე და გოჩას მაშინვე „ნ.ა.ს.ა.“-ს იმეილი ჩავაწერინე:

-რამე ისეთი თუ დამემართა, ჩემი მეილიდან მიწერე – და ჩამხსნიან! პაროლი ხომ გახსოვს?

-ამაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოს… – გაეცინა გოჩას.

-ეს არ ითვლება! ეს კაია!

ფიზიკურმა ცვლილებამ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა – ერთ ღამეში მართლაც ძალიან გავლამაზებულიყავი, ანუ სარკეში, საკუთარი თავის თითქოსდა იდეალურ ვარიანტს ვუყურებდი: აღარსად იყო ქალური ღიპი, ტრაპეციასავით ჩამოყრილი დონდლო მხრები და გომბეშოსებრი ღაბაბი. წელიც მნიშვნელოვნად დამვიწროებოდა, მკერდს მსხლისებრი ფორმა მისცემოდა და ფეხებიც დამგრძელებოდა. ნაკვთები და კანიც სახეზე იდეალურად დალაგებული და გასწორებული მქონდა.

-მოდი მერე ბარემ, რაღას მიყურებ? – გადავშალე ფეხები და ქმარი საჩვენებელი თითით მივიხმე. – ოღონდ კივილ-წივილი არ იყოს! რაც შეიძლება მოგუდულად!

-ასეთი არასდროს ყოფილხარ! – შემაქო აქტის დასრულების შემდეგ გოჩამ. – ასე მეგონა სხვასთან ვიყავი!

-სხვა არ გამაგონო იცოდე, თორემ დაგალეწავ ყველაფერს თავზე! – უკვე ძალიან ცხვირაწეული ვიყავი.

-დეე, ნუ ძაან ფირმა ვიდზე ხააარ! – აღტაცდა სამზარეულოში ჩემს დანახვაზე თიკო და ტაშისკვრა ატეხა.

-ვახ, ჩემიიი! – როგორც ვინმე უცხო ტურფა, ისე მსუნაგად ჩამათვალიერა ნიკამაც. – ეგეთი რა გიქნეს სიზმარში, ლელა მასწ?

-წესიერად ილაპარაკე! – ამაყად მივუგე შვილს და გოჩას მივუტრიალდი. – არ ვისაუზმოთ, გოჩი?

-რა თქმა უნდა, ძვირფასო! – კეკლუცად მომიგო გოჩამ და ჩაის დასხმას შეუდგა.

შვილები პირდაღებულები შემომყურებდნენ ასე ერთბაშად გალამაზებულს.

-დროზე ახლა! ლიცეუმში გაგვიანდებათ! – სიმკაცრე გაუკრთა ხმაში გოჩას.

-ცოტა ხანი ვიქნებით რა, დე! გიყურებთ! – ყელის გამოჯიჯგვნით შემეხვეწა თიკო.

-აუ, რა ლიცეუმი? – აიშვირა გამარჯვების ნიშნად ორი თითი ნიკამ. – დედა ხარ თუ მის კავკასია, ვერ გავიგე, ჩემი დედა ვატირე!

 

 

 

 

1 2 3 4 5