უეცრად ერთი მოსაუბრეთაგანი, ბერიკაცი, ვინაც ყველა იქ მყოფს ბაბუად ერგებოდა, წამოიძახებს: ეს პრებენ სვენესა და მისი ცოლის საფლავის ქვა ყოფილა. ისინი სულ ბოლოს დამარხეს მონასტრის სასაფლაოზე.

მოხუცი ყვება უკეთილშობილესი, ყველასთვის ხელის გამმართავი ცოლ-ქმრის ისტორიას, რომელთა გარდაცვალებისას იგი ბავშვი იყო. იგონებს, როგორ ისხდნენ ცაცხვის ძირში და მასლაათობდნენ, გამვლელ-გამომვლელს ალერსიანად ესალმებოდნენ.

მოხუცებულებს წინასწარ შეუკვეთიათ საფლავის ქვა და დასამარხავი ადგილიც შეურჩევიათ. ქვას მხოლოდ გარდაცვალების თარიღი აკლდა. პირველად ცოლი გარდაცვლილა, რასაც უზომოდ დაუმწუხრებია მარტოდ დარჩენილი ღრმა მოხუცი. ერთ წელიწადში კიდევაც მიჰყოლია თანამეცხედრეს.

ასე გაირკვევა თუ ვისი საფლავის ქვა დევს ეზოში და მათი ამბის მთხრობელი, უკვე თავადაც ხანდაზმული, სინანულს გამოსთქვამს, რომ პრებენი და მისი ცოლი აღარავის ახსოვს.

– დაივიწყეს ისინი. ქვეყნად ყველაფერი დავიწყებას ეძლევა! – გულდაწყვეტილი ამთავრებს იგი თავის უცნაურ მონოლოგს.

ამის მერე საუბარი სხვა რამეებზე გადააქვთ, მაგრამ ყველაზე უმცროსი, ჭკვიანი და დიდთვალება ბიჭუნა (იგი უთუოდ პატარაობის ჰანს ანდერსენია) სულით ხორცამდე შეძრა გაგონილმა, სკამზე ახოხდა, ფარდა გადასწია და ეზოში გადახედა მთვარის შუქზე მოქათქათე დიდ ფილას, რომელიც ადრე უბრალო ბრტყელი ქვა ეგონა და თურმე რამდენ რამეს ინახავდა. ახლა მისთვის ეს ქვა „ძველი ქრონიკიდან ამოხეული ფურცელი გახდა“. ბიჭს ისიც მოეჩვენა, რომ კრიალა მთვარე დედამიწას ზემოდან თვით შემოქმედის თვალით დასცქეროდა.

ამ დროს ბიჭს უხილავი ანგელოზი გამოეცხადება, მკერდსა და შუბლს დაუკოცნის და ჩასჩურჩულებს, შეინახოს სულში გაბნეული მარცვლები, სანამ დამწიფდება და პოეტურ ქმნილებად იქცევა. აღუთქვამს, რომ ძველი საფლავის ქვის წარწერა მომავალ თაობათა წინაშე ოქროს ასოებით გაბრწყინდება, მოხუცი ცოლ-ქმარიც გაცოცხლდება, ხელჩაკიდებულები ივლიან და გააგრძელებენ ადრინდელ ცხოვრებას. ისევ დასხდებიან ცაცხვის ჩრდილში.

ცით მოვლენილი ანგელოზის შეგონება ასე მთავრდება: „კეთილი და მშვენიერი არ ეძლევა დავიწყებას, სამუდამოდ ცოცხლობს გადმოცემებსა და სიმღერებში“.

იოსებ ქავთარაძის მიერ უმწიკვლოდ განვლილი ცხოვრებაც „კეთილი და მშვენიერი“ იყო. რატომღაც მჯერა, რომ მთვარიან ღამეში გახმიანებული ანგელოზის ჩურჩული მის სულსაც ესადაგება.

უპატრონოდ დარჩენილ, გაპარტახებულ საფლავებზე ბევრი შთამბეჭდავი, წუთისოფლის ამაოების მაჩვენებელი ნაწარმოები წამიკითხავს, მაგრამ აქ ვერ ჩამოვთვლი. გიორგი ლეონიძის ახალგაზრდობაში დაწერილი (1928) უძლიერესი მოთხრობა „ამბავი ესტატე ლაფაჩისა“, სადაც ქართული სიტყვის მადლი, ფერხორციანობა მზის თვალივით ტრიალებს და ერთი მხრივ ამ გახსენებასაც ეხმიანება, შეკუმშულად მაინც უნდა მოვიხსენიო.

იოსები და დავითი უზბეკ ასკარ რახმანოვთან ერთად

ყველასაგან გაკიდეგანებული, უცნაური არსება, წმინდა კვირიკეს ეკლესიის მნათე ესტატე ლაფაჩი თავს დაუძლურებას შეატყობს და გადაწყვეტს საკუთარ საფლავზე წინასწარ იზრუნოს. ეპიტაფია სოფლის მწერალმა შეუდგინა. ქვა ბერძენ ოსტატს, კოსტას შეუკვეთა და როცა იგი საქმეს მორჩა, წარწერიანი, მოჩუქურთმებული ქვა დერეფანში დადო. გაციების, უჟმურის შეყრის შემდეგ ავადმყოფს, მწოლიარეს სოფლელები ნახულობდნენ, ვითომ ჭირისუფლები და თითო რამეს გააყოლებდნენ ხელს, ამას აწი რაღაში დაჭირდებაო. ავადმყოფმა მთელი ავლა-დიდება სოფლის ღარიბებს, ქვრივებს და ობლებს უანდერძა. აღაპის თადარიგიც სიცოცხლეშივე დაიჭირა. ხორაგი, პურ-ღვინო უხვად მოატანინა და ყველანი მიიწვია. ეზოში, მწვანიანზე გაშლილი ჭირის სუფრასთან დამსხდარი მეზობლები არაფერს იკლებდნენ, აშიშხინებული მწვადების მოლოდინში იყვნენ. ასეთ ფონზე მკვეთრ კონტრასტად გამოიყურება ავტორის მიერ დახატული გულსაკლავი სურათი:

„ლაფაჩი კი ჩაწეულ ლამპას გავდა.

იწვა მწუხარედ, როგორც შეჰფერის საფლავის ტუსაღად გამზადებულ სუდარით ხელფეხშეკრულს“.

მალე დროება სავალალოდ შეიცვალა. ძველი ყოფა წარსულს ჩაბარდა. გამოკეთებული ლაფაჩი სახადით გარდაიცვალა. საბჭოთა ხელისუფლება რა ხეირს დააყრიდა ეკლესიის უბადრუკ მსახურს. კომისარმა მიცვალებული განკუთვნილ საფლავში არ დაამარხვინა და იგი სადღაც, სოფლის განაპირას დაფლეს, ტურებისა და მგლების საჯიჯგნად.

ორ თვეში, თითქოს ღვთის წყრომა იყო, იუღბლო მნათეს, სახადითვე სულგავარდნილი ის „მაუზერიანი კომისარი“ მიედევნა, ვინც „უსინდისოდ  დაეპატრონა ლაფაჩის საფლავს“.

მწერალი ერთხანს საგონებელშია, სად გაქრა ისეთი რუდუნებით გამზადებული საბრალო ლაფაჩის საფლავის ქვა და მერე დასძენს – გასულ წელს შემთხვევით მიაგნო მას, სახეშეცვლილსა და თანაც სულ სხვა ადგილას მოთავსებულს. თბილისიდან კახეთში მანქანით მიმავალი, გზად წყაროსთან შეჩერებულა და ახალაგებული კოხტა შენობა დაუნახავს, სოფლის კოოპერატივი რომ აღმოჩნდა. დათვალიერებისას შეამჩნია: „შენობის კუთხის ქვაზე ორი ჭვინტიანი ჩექმა იყო გამოჩარხული“.

სახარებიდან ვიცით – „კუთხის ქვა“ (ქრისტეს სიტყვებია) სიმბოლური მნიშვნელობისაა და იგი მოთხრობაში შემთხვევით არ უნდა იყოს ნახსენები. საერთოდაც, დიდი მწერალი შემთხვევით არაფერს ხმარობს.

ავტორი იქვე შოფრის ახლობლის, „ატმისფერ ძალუასგან“ შეიტყობს, რომ სოფლელები ამას „ლაფაჩის ქვას“ ეძახიან და ყველაფერი თვალწინ დაუდგება, დანაღვლიანდება. წარმოსახვაში წარმოიდგენს, რომ ხელოსანმა, შენობის აგებისას, მიცვალებულის ფიგურა და უმეტესი ნაწილი ეპიტაფიისა ქარსით წაშალა. მერე რატომღაც (ალბათ უცებ სხვა საქმეზე დაუძახეს) ჩექმები წაუშლელი დატოვა, მიავიწყდა.

ამის გამგონე მწარედ დაფიქრდება ყოველივეს წარმავლობაზე და თითქოსდა გულგრილად, სასხვათაშორისოდ წერს მოთხრობის დასკვნის სტრიქონებს, მაგრამ მოჩვენებითი გულგრილობის მიღმა აშკარად იგრძნობა რაოდენი ვნებათაღელვა. დაგუბებული მოთხრობის ფინალურ ნაწილში, მითუმეტეს, ბოლო შეძახილში, რასაც არაფრის დამატება და განმარტება არ ესაჭიროება:

„ასე თუ ისე, ქვაზე გამორჩეული ორი ჩექმა – ნაშთი ლაფაჩის გამოსახულებისა – დაცულია თავისი პირვანდელობით და ისე კარგად, თითქოს ჩექმები მზად არიან ახლავე ფეხი აიდგან და თავისთავად გასწიონ დიდ გზაზე!

ნუთუ ლაფაჩის სახსოვრად ეს ორი ჩექმა-ღა დარჩა, ისიც ქვაზე, სხვა არაფერი?

ხომ დარჩა, მეტი რაღა უნდა დარჩენილიყო!“

დიდი ბელგიელი პოეტის ჟორჟ როდერბახის (გიორგი ლეონიძემ მისდამი თაყვანისცემა ნატიფი სონეტით გამოხატა) ლექსებსა და პროზაულ ქმნილებებში, განსაკუთრებით, სულისშემძვრელ მცირე რომანში „გაძევებული ხელოვნება“ მიცვალებულთა აჩრდილებისა და უპატრონოდ დარჩენილი საფლავების, წაშლილი ეპიტაფიების უჩვეულო სიმრავლეა, რომელთაც ბინდში ასვეტილი მაღალი სამრეკლოებიდან სამგლოვიარო ზართა დაგუდული ხმები შემოდგომის ფოთლებივით აცვივა. შეღამებულზე პირქუში აკლდამების, მიცვალებულთა საუფლოს პოეტურ აღწერაში „მკვდარი ბრიუგეს“ ავტორს ძნელად თუ ვინმე შეედრება.

ამ გახსენებას როცა ვწერდი, ვცდილობდი, თავდაჭერილობა გამომეჩინა, თხრობიდან არ გადამეხვია. იოსებ ქავთარაძე უბრალო, პირდაპირი კაცი იყო და ნაირნაირი პარალელები აქ არ ივარგებდა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივყევი განაზრახს. იმასაც ვუფრთხოდი – სადმე მოუზომავი, გადაპრანჭული წინადადებები და შედარება-ეპითეტები არ გამპარვოდა, თუმცა ასეთი რამეები ნაკლებად მჩვევია. დიდი ხნის სურვილი მაწვალებდა, ცხონებულის სახე შეძლებისდაგვარად გამეცოცხლებინა.

მამაჩემის ყველა გარდაცვლილი მეგობარი, გაუხარელი, უპატიოსნესი ადამიანები, ჩემგან ყოველგვარი ყურადღებისა და მადლიერებით მოგონების ღირსნი არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამომივა. ვაგლახ, რომ ამას ჩემი უკვე ყუაზე დაყვანილი, სიცოცხლე აღარ ეყოფა.

 

1 2 3 4