გადასახლებიდან ახალდაბრუნებული იოსებ ქავთარაძე

ერთი ამბის გახსენება, ყოველთვის მეხალისება. მაშინ შედარებით ბედნიერ კაცად ვთვლიდი თავს. მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ცალკე ვცხოვრობდი, საბურთალოზე, პროფკავშირების სასახლის უკან (ვაჟა-ფშაველას შესახვევი № 3), ათსართულიანი სახლის ბოლო, მეათე სართულზე. გვერდითა კორპუსში ჩვენი უჭკვიანესი და უსაყვარლესი, დაუვიწყარი ვატა როდონაია ბინადრობდა. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, გულს ვიოხებდით. კარის მეზობლებიც კარგები იყვნენ, ლორთქიფანიძეები. ოჯახის უფროსი, სპეტაკი პიროვნება და სასიამოვნო  მოსაუბრე, ბატონი აპოლონი, სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა. მისი ქვრივი, ქალბატონი იულია ყანჩაველი, ძალზე კეთილი, სანდომიანი მანდილოსანი იყო, ქალ-ვაჟის დედა. მახსოვს, გვითხრა, სამზარეულოში კარადა, მაგიდა და სკამებია გამოსაცვლელი, ხეირიანი ხელოსანი უნდა მოვიყვანოო.

ჩემდა გასაოცებლად და გასახარადაც, ეს ხელოსანი აღმოჩნდა იოსებ ქავთარაძე, ვისაც ოსტატობას ვერავინ დაუწუნებდა. მასაც არანაკლებად გაუხარდა რომ დამინახა. ჩემმა მეუღლემ, სოფიკო კახიანმა და მე გულით ვთხოვეთ ჩვენთან ესადილა, მაგრამ უკიდურესად მორიდებულმა არაფრით არ ქნა. ის კი არადა, ლორთქიფანიძეებთან, სადაც თითქმის ორი თვე დილიდან დაღამებამდე ოფლს ღვრიდა, არავინ შეუწუხებია, შინიდან მოქონდა საგზალი, მოსვლისთანავე ტანსაცმელს გამოიცვლიდა, წელზე ფეშტემალს შემოიკრავდა და თავდახრილი შეუდგებოდა საქმეს. მისი ნახელავი მხოლოდ აღტაცებას იწვევდა. სამუშაო დასასრულს რომ მიუახლოვდა, ვთხოვეთ, ერთი კარადა ჩვენთვისაც გაეკეთებინა. მისებურად ჩაიღიმა და დაგვეთანხმა, მაგაზე როგორ გაწყენინებთო.

დურგლობის ნიჭის გარდა, ინჟინრის გონება და ალღო ჰქონდა მომადლებული. შემოვიდა სამზარეულოში, აზომა ის კუთხე, სადაც კარადა უნდა მოთავსებულიყო. დახაზა გეგმა, ყველაფერი დაიანგარიშა და მასალის საფასური გვითხრა. მეორე დღესვე გავატანეთ ფული. ორიოდე კვირის მერე მანქანით მოგვიტანა ნაწილებად დალაგებული კარადა. ერთად ამოვზიდეთ და აწყობას შეუდგა. ნაკეთობა საკმაოდ მაღალი იყო. ხის მასალად საუკეთესო წიფელი გამოეყენებინა. წინ მოთეთრო-მონაცრისფერო პლასტიკატი გადაეკრა, ლამაზად დაწინწკლული. შიგნით უფრო აჟურული, თვალის გასახალისებელი. სახელურებიც – კარისა და უჯრებისაც ულამაზესი ჩანდა, ოქროსფრად მობრჭყვიალე თითბერი. ფასადის შეხედვას არაფერი სჯობდა. უკანიდან რკინის კონსტრუქცია ამაგრებდა ამოდენა მახინას, ქარჩებმოჭერილი, უამისოდ არ შეიკვრებოდა, სიმტკიცე არ ექნებოდა. ჩვენს ახალშექმნილ ოჯახში არაფერი იდგა იმის შესადარი, როგორც იტყვიან, ავ თვალს არ ენახვებოდა. ვკითხე, რა უნდა მიმეცა. თავი გადააქნია, გაიბრძოლა, თქვენ ფული რანაირად გამოგართვათო. მეც ჩემსაზე დავდექი, ამოდენა ნაწვალებს ისე არ დავიტოვებ-მეთქი. გაიცინა, მაშინ ხელობაშიც იგივე იყოს, რაც მასალა დაჯდაო. სხვას ალბათ ორჯერ მეტს ეტყოდა. მეიაფე არ იყო, იცოდა თავისი ნამუშევრის ყადრი.

ის კარადა ნაჩუქრად ჩავთვალე, მაგრამ ჩვენს ოჯახს დიდხანს არ ეწერა სიამტკბილობა, სამიოდე წელიწადში, გათენებისას, ჩემი მეუღლე გულის უეცარმა შეტევამ იმსხვერპლა. გაოგნებული ბავშვების თვალწინ დალია სული. სახლიდან გავარდნილმა, სასწრაფოს მოყვანაც ვერ მოვასწარი. რა თავზარი დაგვცა ამ ტრაგედიამ მეც და ჩემიანებს, ისედაც ცხადია. 1978 წლის 21 აპრილის მერე იმ ბინაში ღამე  აღარ გამითევია. მთელ ავეჯთან ერთად, ის კარადა ვაკეში გადავიტანე, მრგვალ ბაღთან, სადაც ადრე განსვენეული ცხოვრობდა და ამჯერად მისგან დარჩენილი ქალიშვილია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთი გაუსაძლისი უბედურებისგან წელში გაწყვეტილი, სამუდამოდ დათრგუნული ვიქნებოდი.

ახლა უნდა გავიხსენო უმთავრესი შემთხვევა, რამაც ამ მოგონების დაწერა განაპირობა. ზაფხული იდგა. წელი აღარ მახსოვს. თავისუფლების მოედანზე, სადაც ამჟამად ვეება სასტუმროა წამოჭიმული, შემხვდა იოსებ ქავთარაძე. გაგვახარა ერთმანეთის დანახვამ. იქვე, კუთხეში, სანაყინე იყო და მითხრა, გავგრილდეთ, ნაყინზე გეპატიჟებიო. ბლომად მოატანინა მომსახურე ქალს თეთრად დაგუნდავებული გემრიელი ნაყინი. შევყევით საუბარს. მოულოდნელად მომიბრუნდა: ერთი აუცილებელი საქმე მოვითავე – გარდაცვლილი დედ-მამის გვერდით ჩემი მომავალი საფლავის ფილა დავამაგრე, წარწერაც ამოკვეთილია, დაბადების თარიღიც, ერთი ციფრი აკლია და როცა მოვკვდები, იმას ჩემები ჩასვამენ, არ მინდა ცოლ-შვილს საწვალებელი დავუტოვო და, როგორც იცოდა, გაიცინა.

შევცბუნდი: ძია იოსკა, ეს რა გიქნიათ, რა დროს თქვენი სიკვდილია-მეთქი, შევუძახე, რომ გამემხნევებინა.

ხელი ჩაიქნია, ისევ გაცინებულმა მითხრა. – ეჰ, ემზარჯან, კაციშვილმა არ იცის, ის ოხერი ვის როდის მოაკითხავს…

ხუმრობაში ჩამოვართვი, სხვა რამეზე გადავიტანე სიტყვა, თუმცა შინაგანად შევკრთი, არ მესიამოვნა ამის გაგონება.

რამდენიმე თვე გავიდა და მამაჩემი საშინლად აღელვებული, მწარედ დაღონებული დაბრუნდა შინ. გვითხრა: ცუდადაა საქმე, იოსკას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინდა, სახეზე მთლიანად გაყვითლებულია და არაფერი ეშველებაო.

ახლდა მისი ნათქვამი. გამოეთხოვა სიკეთით აღსავსე, ყველას მომფერებელი კაცი წუთისოფელს. უზომოდ დამწუხრებულ, ცოცხლად დარჩენილ ვორკუტე-ლებთან ერთად მივუსამძიმრეთ ოჯახს მისი მოულოდნელი გარდაცვალება. ყურადღება არ დაკლებია მიცვალებულს, შესაფერი პატივი მიაგეს.

მამაჩემს გავყევი გასვენებაში. იქვე, კუკიისკენ წაიღეს სამგალითო ოსტატის კუბო. უცნაური, ჩემთვისაც აუხსნელი თვისება მაქვს – გაჭრილ სამარესთან მისვლას ვერიდები, ირგვლივ განლაგებულ საფლავებს ვათვალიეებ ხოლმე, წარწერებს ვკითხულობ. წინასწარ გამზადებული ახლობლის საფლავი, მარმარილოს ფილაზე აკრული მისი სურათი არ მინახავს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავდა, რომ ესოდენ საყვარელი კაცის სახე ოდესმე დამავიწყდებოდა ანდა გაფერმკრთალდებოდა.

ჩვენი ოჯახის კეთილისმყოფელის გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადი იყო გასული, რომ მის ქვრივს, ალალ და კეთილ ქეთო ჩუხრუკიძეს შევხვდი გურამ შარაძის უფროსი, ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის, ლაშას გასვენებაში, მცხეთის ქუჩაზე. ისა და გურამ შარაძის მეუღლე სვეტა გახარია სვანეთის უბანში მეზობლები იყვნენ და კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მომხდარი უბედურების გამო, ძალზე შეწუხებულები ვიდექით სადარბაზოსთან და წარსულს ვიხსენებდით. თითქოსდა ეს საშინელება არ იყო საკმარისი, მთელ საქართველოს ახსოვს – უამრავი საშვილიშვილო საქმის გამკეთებელი, დაუღალავი მოღვაწე გურამ შარაძე, ფრიად საეჭვო ვითარებაში, დღისით, მზისით, როგორ მოკლეს ვერაზე. გურამის მეორე ვაჟს, გიორგისაც, მალე მოესწრაფა სიცოცხლე, ახალგაზრდას, საუცხოო გარეგნობის პატრონს. დარჩა სასოწარკვეთილი, ნერვებდაწეწილი ქალიშვილი რუსუდანი, რომელიც გამწარებული იკვლევს მამის საზარელი მკვლელობის გარემოებებს და ვერაფერს მიაღწია. დიდი ხანი არაა, რაც გაუბედურებულმა სვეტა გახარიამაც ქმრის გვერდით ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. იმ ავადმოსაგონარი დღის მერე ქეთო ჩუხრუკიძე, ვისგანაც ყურადღება და გულთბილი მასპინძლობა მახსოვს (მშობლიურ ბორჯომშიც გვეპატიჟებოდა ხოლმე მე და მამაჩემს), აღარსად შემხვედრია. ვნანობ, ტელეფონის ნომერი რომ არ გამოვართვი, დროდადრო შვილების ამბავს მაინც გამოვკითხავდი. მეც ბევრი მოუნელებელი განსაცდელი მარგუნა განგებამ და ძველი ნაცნობ-მეგობრების სანახავად ვეღარ ვიცლი, თუმცა დავიწყებით არავინ და არაფერი მავიწყდება.

 

1 2 3 4