(კაცური კაცის გახსენება)

ახალი წლის შეხვედრა ნიკოლოზ კალაძის ოჯახში: მარცხნივ – დავითი; შუაში იოსები; მარჯვნივ – შოთა შავგულიძე

თვითონვე მიკვირს – რაღას არ ინახავს ჩემი მეხსიერების მიჩქმალული კუნჭულები. რო მგონია, ესა თუ ის სახელი სამუდამოდ ჩაიძირა და ლექმა დაფარა, უეცრად ამოტივტივდება, შემეხმიანება და გარდასულს მყისვე გამიცოცხლებს. მენანება ახლად მოლანდებულის უყურადღებოდ მიტოვება, მაგრამ ათასნაირ წვილმანებში გახლართულს, ამდენი მიდებ-მოდების თავი აღარა მაქვს.

იმ ტანდაბალი, პირმრგვალი (გვერდზე გადავარცხნილი თმა შეთხელებული ჰქონდა, ულვაშებიც – მეჩხერი) მოძრავი, თვალებგაბრწყინებული, მუდამ მოღიმარი კაცის, მამაჩემის გადასახლების უახლოესი მეგობრის იოსებ (იოსკა) ქავთარაძის სახე კი  ჩემი გულიდან და ტვინიდან არასოდეს ამოიშლება და მთხოვს, რამდენადაც შემეძლება, დავხატო, სული ჩავუდგა. მისი არსებობა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ, უკიდურესი ჩრდილოეთის ქალაქ ვორკუტიდან (კომის ავტონომიური რესპუბლიკა) გამოგზავნილი მამაჩემის წერილებიდან ვიცოდი. ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი, რის ვაი-ვაგლახით სამშობლოში დაბრუნებული, მრავალ მისნაირთა მსგავსად, დააპატიმრეს და ტუნდრაში უკრეს თავი. საპატიმროდან გამოსვლის მერე, მეშახტეთა ქალაქში (იქაურობა ოთხმოცდაათი კოლომეტრითაა დაშორებული ყინულოვან ოკეანეს) იოსებ ქავთარაძე შეხვედრისთანავე დაუახლოვდა მასავით თავისუფალ გადასახლებაში მყოფ მამაჩემს, ბავშვთა ექიმს დავით კვიტაიშვილს და ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.

იოსები (ყველანი იოსკას ეძახდნენ) სიჭაბუკეში ნიჭიერი, წარმატებული მოცეკვავე იყო, მაგრამ ჭკვიანი კაცი, ვისაც სწავლისაკენ მაინცდამაინც არ მიუწევდა გული, მარტო ცეკვის ილეთებს ვერ დასჯერდებოდა და მამამისის, ძირძველი თბილისელის, ეფრემ ქავთარაძის რჩევით, დურგლობას დაეუფლა. მალე გაიწაფა ხელი და შემდგომში ეს უნარი დიდად გამოადგა. იოსკა და მამაჩემი, როგორც აღვნიშნე, ხასიათით შეეწყვნენ ერთმანეთს, შეხმატკბილებულები იყვნენ. ნათქვამი აქვს მამაჩემს – ისეთი კოხტა ავეჯი დაამზადა (მაგიდა, სკამები, კარადა), დატოვება დაგენანებოდაო. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდა მათი გულითადი მეგობრობა. მშვიდი ბუნების, უბრალო, გამრჯე ბორჯომელი ქალი შეირთო, ქეთო ჩუხრუკიძე და მიყოლებით ორი ბიჭუნა შეეძინათ, იოსკასავით მოძრავები, ხალისიანები.

მამაჩემმა, მახსოვს, ერთხელ წვეულებაში წამიყვანა იმათთან. სვანეთის უბანში ბინადრობდნენ, კუკიის მახლობლად, აგურის ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე (თუ არ მეშლება, სიღნაღის ქუჩა იყო № 3). თვალში მომხვდა კედელს მიბჯენილი ორი ერთნაირი საწოლი, ლამაზები, წითელზურგიანები, ოჯახის უფროსს თავისი ბიჭებისთვის რომ გაეკეთებინა. იოსკასა და მისი მეუღლის გაწყობილ სუფრას წუნს ვერავინ დასდებდა, ყველაფერი უხვად ელაგა და საუკეთესო იყო – ღვინიდან დაწყებული, ხორაგით დამთავრებული. მალე ახლობლებმა მოიყარეს თავი და მამაპაპური ქეიფი გაჩაღდა. ის დღე ერთ ყველაზე სასიამოვნოდ დამრჩა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთანაც, როცა კი სამეგობრო სუფრა გაიშლებოდა, სხვა კატორღელებთან ერთად, ძია იოსკაც მუდამ მოწვეული იყო და ჩუმად მჯდომი, გაღიმებული, მისებურად ნეტარებდა.

მთელ ქალაქში ნასიარულევ და მუშაობისგან დაქანცულ მამაჩემს ძველ, დანჯღრეულ, უშნოდ გამოჩორკნილ ტახტზე უყვარდა წამოწოლა და გაუხდელი გვერდულად იძინებდა. იოსკას, ეტყობა, თვალში არ მოუვიდა ის ჯაბახანა და ცოტა ხნის მერე მისი ხელით გაკეთებული ფართო, საუცხოო ტახტი მოაყენა ჩვენს სადარბაზოს. ძვირფასი საჩუქარი, ცხადია, აღუნიშნავი არ დარჩენილა. საერთოდაც, არასოდეს გვაკლდა მისი ყურადღება.

ტახტის ძირს, ოთხივე განაპირა კუთხეში ყავისფერი, ერთი თითისდადება (სქელი დააუშნოებდა) ოთხკუთხა ფიცრის ფირფიტა აქვს დატანებული; სიგრძეში მტკაველიც არაა, სიგანეში – უფრო ნაკლები. ეს, საჭიროების დროს, აადვილებს მის გაჩოჩებას. თან ჰაერსაც ატარებს. იქეც-აქეთაც ყავისფერივე, მოშავო ტალღებით გაწყობილი პლასტიკატია მოვლებული. ქვეშაგების და ტანისამოსის ჩასალაგებელ სათავსოს, შიგნიდან, სხვა, უფრო მხიარული ტონების პლასტიკატი შეუხამა ოსტატმა (იგი ყველაფერში სილამაზეს აქსოვდა); წვრილი, ღია შინდისფერი ხაზები გასდევს სიგანეზე. ნაკეთობას ხაოიანი, დაბამბული ნაჭერი აქვს გადაკრული, რის გამოც დასაწოლად მოსახერხებელია, გვერდებს არ გატკენს. ზემოდანვე დედაჩემმა მუქლურჯად და ოქროსფრად დაფოთლილი, დასირმული, შუა აზიის ორნამენტებით დამშვენეული, ფარდად გამოსადეგი დეკორატიული ქსოვილი გადააფარა. კარგა ხანია მას მერე გასული და ამ გადასაფარებელს, რამდენიმე ადგილას, გვერდები შემოაცვთა, ფოჩები ჰკიდია.

მამაჩემმა არ იცოდა ციხისა და გადასახლების ამბების მოყოლა. უფრო სხვებისგან ვიგებდი, რა ჯოჯოხეთიც გამოიარა. იოსკას გაკეთებულ ტახტზე ჩაძინებულს, ზოგჯერ სახე შეუტოკდებოდა, ოხვრას ამოუშვებდა: მეჩვენებოდა – ტახტის ჩაბნელებულ მუცელში იმიერპოლარეთის ქარბუქი, დაუცხრომლად მოთარეშე პურგა იყო ჩამწყვდეული და იმისი წივილი უფორიაქებდა ყურთასმენას. იმ დროს ახსენებდა, როცა მარხილში შებმული რქებდატოტილი, გავაგანიერი ჩრდილოური ირმები პატარა, სიცხისგან გათანგულ ავადმყოფთან მიაქანებდნენ. ვინ მოსთვლის, რამდენი ბავშვი გამოსტაცა სიკვდილის კლანჭებს და რამდენი მადლიერი მშობელი დარჩა ქვეყანაზე. მე ამ ზმანებებს ვაბრალებდი მის შფოთიან შმუშვნას, თუმცა შეიძლება თავისი ჯვარცმული ცხოვრების ბევრად საშინელი წუთები ელანდებოდა, რაზედაც აქ აღარას ვიტყვი.

ეს ტახტი, ახლა ღია აივანზე მაქვს გატანილი. ჰაერში დატრიალებული მტვრით და დაცვენილი, მოფარფატე ფოთლებით იფარება. ხანდახან თუ გადავფერთხავ ხოლმე. წესრიგისა და სისუფთავის დამცველი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იგი ჩემთვის მეტისმეტად ფასეულია – ორი, ერთმანეთის უსაზღვროდ მოყვარული მეგობრის სახეს მიცოცხლებს. სხვა რაღა უნდა მოვთხოვო.

ამ ტახტმა გამახსენა ერთი თავი ტოლსტოის სიყრმის მოგონებებისა, მის აღმზრდელს, შორეულ ნათესავს, მასავით ობლობაში გაზრდილ ღვთისმოსავ, შეუდარებელი ნებისყოფის ქალბატონს, ტატიანა ერგოლსკაიას რომ ეძღვნება. ყმაწვილქალობაში, როცა ლეგენდარული მუციუს სცევოლას განსაცვიფრებელი გმირობის ამბავს კითხულობდნენ, რომელიღაცას უთქვამს, ასეთ ტანჯვას ვერავინ გაუძლებსო. მაშინ ტატიანას განუცხადებია, ამის გაკეთება მე შემიძლიაო და მართლაც უდრტვინველად აუტანია, როცა მკლავზე გახურებული რკინის სახაზავი დაადეს და ამოუშანთეს.

იასნაია პოლიანაში, ამ ქალის ოთახში იდგა დასასვენებელი სავარძელი, რომელზედაც ტოლსტოი ჯდებოდა და კითხულობდა. წლების მერე, „ომისა და მშვიდობის“ ავტორი უდიდესი სიამოვნებით იგონებს ხსენებულ სავარძელს, ადგილშეუნაცვლებლად რომ იყო მის სახლში. თვით ეს ქალბატონი, ვისაც სიცოცხლეში არავისთვის უწყენინებია და მომდურავიც არავინ ჰყავდა, რამდენიმე გვერდზე ისეა დახატული, თვალნათლივ დაინახავ. უმთავრესია ყველასა და ყველაფრის მიმართ განუზომელი სიყვარულის პატრიარქალური გარემო, რისი მსგავსიც რუსეთს აღარასოდეს ეღირსება და მაინც, ოთახის აღწერილობიდან, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა საკითხავად მოსახერხებელი სავარძელი, ჭაბუკ ტოლსტოის იმდენი სითბო და სიამოვნება რომ აგემა.

 

1 2 3 4