იოსებ ქავთარაძე, ბუნებით უაღრესად მოკრძალებული, თავი წარსულსა და გადატანილ გასაჭირზე არასოდეს არავისთან ლაპარაკობდა და არ მეგონა თუ სადმე მის სახელსა და გვარს წავაწყდებოდი. ესეც ჩემთვის მეტად სამწუხარო შემთხვევასთან არის დაკავშირებული.

2015 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა ჩემი ოჯახის უახლოესი ადამიანი, ძმის მაგიერი, საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება, რაინდულობის განსახიერება ამირან წეროძე და მასზე დაწერილი ნეკროლოგი გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 2015 წლის 10 ოქტომბრის ნომერში. იქვე დაბეჭდილი იყო (რუბრიკა – „კვირაძალის საკითხავი“) ძალზე საინტერესო მოგონება „უსამშობლოთა სამშობლო“, რომელიც მოამზადა საუკეთესო ლიტერატორმა და კინოდოკუმენტალისტმა ნინო ხოფერიამ. იგი წარმოგვიდგენს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ქართველი ტყვეებისგან ჩამოყალიბებულ სამოცდათხუთმეტკაციან სიმღერისა და ცეკვის გუნდს, სახელგანთქმულ მუსიკოსს, ჩვენს გამოჩენილ ხელოვანთა, კახი და იმედი კავსაძეების მამას, დათაშა კავსაძეს რომ შეუქმნია. „უსამშობლოთა სამშობლო“ გახლავთ ყოფილი სამხედრო ტყვის ნიკოლოზ ჯანელიძის მონათხრობი. ნიკოლოზ ჯაფარიძე, მისახვედრი მიზეზის გამო (სასტიკი რეპრესიების შიში), საქართველოში აღარ დაბრუნებულა, გერმანიაში დარჩენილა. იქვე გარდაიცვალა და ქალაქ ჰამბურგშია დასაფლავებული. მისი არქივი გადაურჩენია და შემდგომ ნინო ხოფერიასთვის გადაუცია ჰამბურგშივე მცხოვრებ ქართველ მუსიკოსს მარიკა ლაფაურს, ვინაც უთუოდ მადლობის ღირსია.

ნიკოლოზ ჯაფარიძე სადად, გულშიჩამწვდომად ყვება გუნდის ღირსებებსა და საქმიანობაზე, მის ბედზე. დათაშა კავსაძე ვესტჰაუში გაუცნია, თავისუფალ ბანაკში. საბჭოთა ტყვეები ყველაზე უფლებააყრილები იყვნენ, ვინაიდან ისინი ხელისუფლებამ მოღალატეებად გამოაცხადა და სამშობლოში დაბრუნებულებს სასიკეთო არაფერი ელოდათ. ტყვეების გარეშე ომი სად გაგონილაო, კითხულობს ერთგან განცვიფრებული ნიკოლოზ ჯაფარიძე. გერმანიაში დათაშა კავსაძეს, როგორც ლოტბარს ცალკე ოთახი ჰქონია და ეტყობა, ხელს უწყობდნენ, უფლება მისცეს ანსამბლი შეედგინა, რომელსაც ყოველნაირად ეხმარებოდნენ, მხარში ედგნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ქართველი ემიგრანტები. დიდად გავიხარე, როდესაც ნიკოლოზ ჯაფარიძის მონათხრობში ჩემთვის ესოდენ სასურველ ადგილს წავაწყდი:

„ქართულ გუნდს ჰყავდა დათაშა კავსაძის საუკეთესო მომღერლები და კარგი მოცეკვავეები. ქორეოგრაფი იყო იოსებ (იოსკა) ქავთარაძე, თბილისური კილოთი ქართულად ლაპარაკობდა. იოსკა ტანმორჩილი იყო, კეთილი სახით და თვისებებით.

დავით კვიტაიშვილი სინჯავს პატარა პაციენტს (დაახლოებით 1955 წელი)

საუკეთესოდ ასწავლა ქართული ცეკვები ახალგაზრდა ქართველებს. მაშინ, როდესაც მომღერლები და მოცეკვავეები შავი ჩოხა-ახალუხით იყვნენ შემოსილი, იოსკა თეთრ ჩოხა-ახალუხში იყო და თეთრი უძიროები ეცვა. მისი გამოსვლა სცენაზე ხიბლავდა ყველას… გერმანელი დამსწრეები დიდი ტაშის გრიალით აჯილდოებდნენ გუნდს, როდესაც ჩვენ ძველ ქართულ ცეკვას სიმღერით ასრულებდნენ – „მუმლი მუხასაო“… მომღერალ-მოცეკვავეთა გუნდში ვაჟები იყვნენ და მხოლოდ ერთი ქალი და ეს ქალი იყო ლამაზი და გონებრივად ძალიან განვითარებული მარიამ კერესელიძე. მარიამი იყო ერთადერთი ქალიშვილი გენერალ ლეო კერესელიძის“.

ქართველ ემიგრანტთა შორის ლეო კერესელიძე განსაკუთრებული ფიგურა გახლდათ. გერმანიაში ქართულ ლეგიონს ხელმძღვანელობდა და ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. თქმა არ უნდა, ამ ანსამბლსაც მეურვეობდა. მისი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი და ევროპულად განათლებული, ცხენოსნობასაც ყოფილა დაუფლებული. თვითონ გენერალი ბერლინის დაბომბვის დროს დაღუპულა.

ნიკოლოზ ჯაფარიძის ნაამბობში იოსებ ქავთარაძე სხვაგანაც ჩანს, როცა შუა ცეკვის დროს შავჩოხიანებში თეთრი სამოსელით ჩახტებოდა და თავბრუდამხვევი ილეთებით ცეცხლს ანთებდა, რასაც მაყურებლები მუდამ აღტაცებით ეგებებოდნენ.

აქვე ნათქვამია თუ რა დიდ პატივში იყვნენ ანსამბლის წევრები; ავსტრიის ქალაქ ედელჰოფის უმშვენიერესი, ზღაპრულად მორთული მონასტრის მახლობლად ცხოვრობდნენ. ევროპის ქვეყნებში როგორაა ნაშენები და ბაღნარში, ხეივნებში ჩაფლული ეკლესია-მონასტრები, ეს საყოველთაოდაა ცნობილი.

ავსტრიაში მყოფ, მიმზიდველი შესახედაობის ქართველებს ეთაყვანებოდნენ იქაური ახალგაზრდა ქალები და აღარ იცოდნენ, რითი გამოეხატათ თავიანთი გრძნობები, ყოველნაირად ცდილობდნენ მათთან დაახლოებას. გუნდის ლოტბარს დათაშა კავსაძეს მკაცრად გაუფრთხილებია ბიჭები, უკეთური, საძრახი საქციელი არ ჩაედინათ ქალების მიმართ, თორემ ვინც იმათ სისუსტეს გამოიყენებდა, დასჯიდა, ანსამბლიდან გარიცხავდა.

ნიკოლოზ ჯაფარიძე აღწერს გერმანელ-ავსტრიელებისა და ქართველების მეგობრულ შეხვედრას, სადაც საზეიმო სუფრა იყო გაშლილი და ერთად შეუსრულებიათ უცხოეთში მეტად პოპულარული აკაკის „სულიკო“. ამის შემდეგ დათაშა კავსაძე დამჯდარა პიანინოსთან და გასაოცარი შთაგონებით უმღერია რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისა“, რის მოსმენისასაც იქ მყოფ ქართველებს ცრემლები წამოსვლიათ. ადვილი წარმოსადგენია, რა ჟრჟოლა დაუვლიდა საწყლებს, როცა კავსაძეთა გვარის უთვალსაჩინოესი ხელოვანი მისებურად დასჭექდა: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“… მათი, მაცოცხლებელ ნიადაგს მოწყვეტილების სამშობლო იმხანად ჩვენი უძველესი, შეუდარებელი სიმღერები და ცეკვები იყო, რითაც შეგვიძლია მთელ მსოფლიოში მოვიწონთ თავი, ვიამაყოთ. „არ გავცვლიო“, ლოტბარი ყასიდად როდი მღეროდა. არც გაუცვლია და საქართველოში  დაბრუნებულს კიდევაც ახეხინეს საპყრობილის კედლები. დედაჩემი, დათაშა კავსაძის მეუღლესთან, ქალბატონ კაკალასთან ერთად დადიოდა ორთაჭალის ციხეში, რათა დაპატიმრებული ქმრებისათვის როგორმე შეზღუდული წონის ამანათი მიეწოდებინათ.

იოსებ ქავთარაძესაც როგორ თავდავიწყებამდე უნდა ყვარებოდა საფიცარი თბილისი, საქართველო, რომ ავსტრიული მონასტრის სამოთხისებური გარემო დაეთმო და სამშობლოში დაბრუნებული, უსამართლოდ სასჯელდადებული, ყინულეთში მოხვედრილიყო. ძია იოსკას ყმაწვილკაცობის სურათი (ადრინდელ ფოტოზედაც თეთრი ჩოხა-ახალუხი აცვია, წაბლისფერი თმა გვერდზე აქვს გადავარცხნილი, იღიმება) მის ოჯახში სტუმრობისას მაქვს ნანახი, სერვანტის ვიტრინაში გამოდებული. მისი ღიმილის შუქი დღემდე მახლავს და არც მომშორდება.

ბოლოს, მცირე ხნით, კვლავ მამაჩემის უებრო მეგობრის წინასწარ გამზადებულ საფლავს უნდა მივუბრუნდე, ახირებული ჩვევის გამო ჩემგან უნახავს, რომლის ხსენებამაც ზაფხულის ცხელ დღეს, სოლოლაკის კუთხესთან, ნაყინის დაცვარულ რკინის ჯამს ჩაჩერებული, ძალზე დამაღონა.

ამგვრი რამის მოსმენისას უნებურად მოგაგონდება გენიალური დანიელი მეზღაპრის ანდერსენის სევდიანი ისტორია „ძველი საფლავის ქვა“, ავტობიოგრაფიული იერი რომ გადაჰკრავს. ზამთრისპირია, გრძელი ღამეების დრო, მაგრამ მოკრიალებული ციდან პატარა, პროვინციულ ქალაქს სავსე მთვარე დანათის. ერთ კერძო სახლში შეკრებილები ტკბილად მუსაიფობენ. მალე საუბარი ჩამოვარდება ძველ დიდ ქვაზე, სამზარეულოს ზღურბლთან რომ იდო და მოსამსახურე, გასაშრობად გარეცხილ ჯამ-ჭურჭულს ალაგებდა. სახლის პატრონი იტყვის, რომ ეს ქვა ძველი მონასტრის სასაფლაოდან უნდა იყოს მოტანილი, როცა  დაფხავებული მონასტერი დაანგრიეს და სასაფლაოც გაუქმდა. ყველაფერი გაუყიდიათ. ოჯახის უფროსმა ისიც თქვა – მამამისს ბევრი ასეთი ქვა უყიდია. უმრავლესობა დაუტეხიათ, რად აღარ გამოუყენებიათ – ქუჩაშიც დაუგიათ, ეზოში დაგდებული ეს ლოდიღა გადარჩენილა.

საუბარში ყველაზე უფროსი ბიჭი ჩაერთვება: აშკარად ეტყობა, საფლავის ქვაა. ახლაც ჩანს ზედ ამოტვიფრული სილის საათი და ანგელოზის ფიგურის ნაწილი. წარწერა თითქმის წაშლილია. შეიძლება გაარჩიო მხოლოდ სახელი – „პრებენ“ და იქვე ერთადერთი დიდი ასო – „ს“, ქვემოთ კი – სახელი „მარტა“.

 

1 2 3 4