– ცნობთ თავს დამნაშავედ? – ისე ჰკითხა მოსამართლემ განსასჯელს, რომ მაგიდაზე გადაშლილი ფურცლებისთვის თვალი არ მოუშორებია, დარბაზში მსხდომთა ყურადღებამ კი განსასჯელის მიმართულებით გადაინაცვლა.

სასამართლოს წინაშე წარდგენილი პირი ადგილიდან არ განძრეულა, თითქოს შეკითხვა არც გაუგიაო. უბრალოდ, მზერა ჭერს მიაპყრო, რომლის ფრიზები და კარნიზები ოდესღაც მსხვილი ორნამენტებით, ეგრეთ წოდებული, ბელადის ამპირის სტილში მოეპირკეთებინათ. თუმცა, ახლა ბევრგან თაბაშირის  დეკორაციები  ჩამოცვენილიყო, აზურისფერი და ზეთისხილის მწვანე გახუნებულიყო და იმიტირებული სვეტების თავზე ბათქაშის ფრაგმენტები გაძვალტყავებულ-გაშიშვლებული სხეულებივით მოჩანდა.

–  უპასუხეთ სასამართლოს, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? – ხანგრძლივი დუმილის  შემდეგ სათვალის ზემოდან გახედა მოსამართლემ განსასჯელს, რომელიც ისევ ზევით, უმისამართოდ იყურებოდა და ხმას არ იღებდა.

– ბატონო მოსამართლევ, განსასჯელის დუმილი მართლმსაჯულების აშკარა უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა! – წარმოთქვა პროკურორმა და წამოდგა,  – მისი გამომეტყველება იმას გამოხატავს, რომ  იგი არაფრად გვაგდებს, შეხედეთ, თქვენი შეკითხვის შემდეგ როგორ გულგრილად იყურება ჭერისკენ, თითქოს სასამართლოს დარბაზში არც იმყოფებოდეს…

– ნება მომეცით, მე გიპასუხოთ, – წამოდგა ადვოკატი, რომელიც აქამდე საქმის მასალებსა და დავთრებს ჩასცქეროდა,  –  ბატონო მოსამართლევ, არანაირი შეურაცხყოფა! ჩვენ სასამართლოში იმ რწმენით ვიმყოფებით, რომ აქ სამართლიანობა დადგინდება და  როგორ შეიძლება, რწმენით განწყობილ ადამიანს შეურაცხყოფის განზრახვა უჩნდებოდეს?!  ჩემი კლიენტი უპატივცემულობას კი არ გამოხატავს, უბრალოდ, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამიტომ, მოვუწოდებ პროკუროს, ასე აღშფოთებით ნუ რეაგირებს განსასჯელის მიერ კანონით მინიჭებული დუმილის უფლების გამოყენებაზე!

– ბატონო მოსამართლევ, მე როგორც პროკურორი, ვადასტურებ პატივისცემას დუმილის უფლებისადმი, მაგრამ განსასჯელის მზერაში მართლმსაჯულებისადმი რწმენა კი არა, აგდებული უყურადღებობა იკითხება. დუმილის უფლება გულისხმობს კითხვებზე უარს და არა – სასამართლოსადმი ცინიკური უყურადღებობის გამოხატვას, მისი პატივის შელახვას! ახლა იგი დუმილით მართლმსაჯულებას შეურაცხჰყოფს და არ იყენებს მას, როგორც უფლებას, – არ ცხრებოდა პროკურორი.

– ბატონო პროკურორო,  როგორც მოსამართლე, ვალდებული ვარ, განსასჯელის დუმილის უფლებასთან ერთად, მისი მართლმსაჯულებისადმი რწმენაზეც ვიზრუნო, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება მისი მზერა! ამიტომ, სხდომის მდივანს ვთხოვ, შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი სხდომის ოქმში და საქმის განხილვას დავუბრუნდეთ, – თქვა მოსამართლემ. – დანაშაულს ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანები სჩადიან, ამიტომ მათ უფლება აქვთ უკმაყოფილოები იყვნენ განაჩენის მოლოდინშიც, – გაიფიქრა მოსამართლემ, – პროკურორი კი უსაფუძვლოდ შფოთავს. დუმილის უფლება მხოლოდ სასამართლო პროცესის ხანგრძლივობას ამცირებს.

– განსასჯელის უფლება დაოქმებულია, ბატონო მოსამართლევ, – წარმოთქვა ამ დროს სხდომის მდივანმა.

– კარგი, ბატონ პროკურორს მოვუსმინოთ, – თქვა მოსამართლემ და საქმის მასალების შეკვრა საბრალდებო დასკვნაზე გადაშალა.

 

პროკურორს ისევ სურდა ელაპარაკა დუმილის უფლებაზე, თუ როგორ იოლად შეიძლებოდა გადაქცეულიყო იგი მართლმსაჯულების უპატივცემულობად, თუ მას განსასჯელები არასათანადოდ გამოიყენებდნენ, მაგრამ მოსამართლის მოთხოვნას უნდა დამორჩილებოდა და ზოზინით შესაბამისი ფურცლების ძებნას შეუდგა.

 

– მოგახსენებთ, ბატონო მოსამართლევ! – დაიწყო მან, – დანაშაული მოხდა სავაჭრო დაწესებულებაში, რომელიც დეპოს დასახლებაში მდებარეობს. იმის გარდა, რომ მაღაზიაში დასახლების მაცხოვრებლები  სურსათ-სანოვაგეს ყიდულობენ, იგი თავშეყრის ადგილიც იყო ახალგაზრდა მამაკაცებისთვის. ისინი მთელი დღის განმავლობაში  მაღაზიის წინ კიბეებზე ისხდნენ, ლუდს სვამდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ ხოლმე. განსასჯელიც არაერთხელ შეუნიშნავთ მათთან ერთად. დანაშაული ჩადენილია გვიან საღამოს, როცა სამუშაო დრო მთავრდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცებიც უკვე დაშლილიყვნენ. მაღაზიის მესაკუთრე თავის ოთახში იმყოფებოდა და ანგარიშებს აღრიცხავდა. გამყიდველი გოგონა ამ დროს საპატიო მიზეზით სალარო მაგიდა მიეტოვებინა, უკან დაბრუნებულს კი ფულის შესანახი უჯრა გამოღებული დახვდა. უჯრაში აღარ იდო მთელი დღის ნავაჭრი თანხა. ადგილზე აღარ ჩანდა ნისიათა რვეულიც, რომელშიც მყიდველთა დავალიანებებს საკუთარი ხელით იწერდა ხოლმე. საქმე ისაა, რომ მაღაზიის მესაკუთრე დიდსულოვნად ეპყრობოდა დასახლების მაცხოვრებლებს და ნისიად ატანდა საჭირო პროდუქტებს. ამ რვეულში მთელი დასახლების დავალიანება იყო აღრიცხული, მათ შორის, იმ ახალგაზრდა მამაკაცებისაც, მაღაზიის წინ რომ იკრიბებოდნენ, – ყვებოდა პროკურორი, – გამყიდველი გოგონა თავზარდაცემული გამოვარდა გარეთ. თუმცა, იქ მხოლოდ ერთადერთი გამვლელი ქალბატონი დახვდა. საბედნიეროდ, ამ კეთილშობილ ქალბატონს ორიოდე წუთის წინ შეხვედროდა მაღაზიის მხრიდან აჩქარებული ნაბიჯით მიმავალი განსასჯელი. მათ სასწრაფოდ ტელეფონით შეატყობინეს სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც განსასჯელი მალევე საკუთარ სახლში დააკავეს. მაგრამ, დაკავების დროს მას ფული და ნისიების რვეული ვერ აღმოუჩინეს. ბატონო მოსამართლევ, ახლა ამ საქმის ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა მოგახსენოთ:

პირველი – მაღაზიის შესასვლელთან, კიბეებზე დღის განმავლობაში, დასახლების არაკეთილსაიმედო  წარმომადგენლები ისხდნენ ხოლმე, სასმელს და სიგარეტს ისინი მაღაზიიდან, ძირითადად, ნისიად იღებდნენ და დავალიანებას არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდნენ. ანუ, საფასურს თითქმის ყოველთვის დაგვიანებით იხდიდნენ.  განსასჯელი კი სწორედ იმ არაკეთილსაიმედო შემადგენლობაში არცთუ იშვიათად შეუნიშნავთ.

და მეორე საკითხი – როცა ფეხაჩქარებით მიმავალი განსასჯელი კეთილსინდისიერ ქალბატონს  შემოხვდა, მაღაზიასთან სხვა არავინ მოჩანდა, რაც გამოძიებას აფიქრებინებს, რომ ის, სწორედ ის შეიჭრა მაღაზიაში და დანაშაულიც მან ჩაიდინა. მოტივი კი, ფულის დაუფლებასთან ერთად, იმ ნისიათა რვეულის განადგურება იყო, სადაც მისივე დავალიანებები იყო აღრიცხული.

 

– ბატონო მოსამართლევ, პატივცემულმა პროკურორმა აღწერა, რომ მაღაზიასთან უამრავი არაკეთილსაიმედო ახალგაზრდა იყრიდა თავს. მათ ხომ ფულის და ნისიათა რვეულის დაუფლების ისეთივე მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდათ, როგორიც განსასჯელს და  მხოლოდ ჩემს კლიენტს  იმიტომ წაუყენეს ბრალდება, რომ ქუჩაში ფეხაჩქარებით მიდიოდა? იქნებ კეთილსინდისიერმა ქალბატონმა საერთოდ ვერ შენიშნა ნამდვილი დამნაშავე, რომელიც შესაძლოა, საერთოდ, სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა! მით უმეტეს, რომ განსასჯელს დაკავების დროს ვერც ფული აღმოუჩინეს და ვერც ნისიათა რვეული, – წარმოთქვა ადვოკატმა, ამის გარდა, იქნებ თავად მაღაზიის მესაკუთრე იყო დაინტერესებული ფულის მითვისებით, რათა მაღაზიის სავარაუდო დანაკლისი დაეფარა. ან იქნებ გამყიდველი გოგონა აცდუნა ნავაჭრი თანხის რაოდენობამ. ის ხომ ასეთ თანხას მაღაზიაში შრომით ვერასოდეს გამოიმუშავებდა!

– ყველაფერი შეიძლება იკადროს ადვოკატმა, ყველაფერი. მას შეუძლია მოვლენებს სახელები გადაარქვას, შეთხზას ბუნდოვანი წარმოდგენები, მაგრამ, საბოლოოდ, ფაქტებს ის ვერ შეცვლის, – ფიქრობდა პროკურორი.

მოსამართლე პროკურორსაც მშვიდად უცქერდა და ადვოკატსაც. – დამნაშავის დადგენის მარტივი გზა არსებობს, – ფიქრობდა იგი, – ქურდი, რომელსაც დაიჭერენ, ფულს აუცილებლად გადაიხდის სასჯელისგან თავის დახსნის ან მისი შემსუბუქებისთვის. მან ფული პროკურორს უნდა გადაუხადოს ან ადვოკატს, ან ორივეს ერთად და რადგან სასჯელს მოსამართლე ადგენს, ამ ფულის ნაწილის ადრესატი მოსამართლეა. თუ მოპარული ფული სასამართლომდე არ აღწევს, მართლმსაჯულებას სათანადოდ არ აფასებენ! – ფიქრობდა მოსამართლე, – მართლმსაჯულების ამოცანა არა მხოლოდ დამნაშავის, არამედ დანაშაულის მოტივის, ამ შემთხვევაში, მაღაზიიდან მოპარული ფულის და ნისიათა რვეულის ადგილსამყოფელის დადგენაცაა, – მიმართა მოსამართლემ პროკურორს, – როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ ნივთმტკიცებები განსასჯელს არ აღმოაჩნდა?

– სწორედ ამის მოხსენებას ვაპირებდი, ბატონო მოსამართლევ, – განაგრძო პროკურორმა, რომელმაც მაშინვე შეიგრძნო კითხვის პათოსი, – სამწუხაროდ, განსასჯელი დუმილის უფლებას იყენებდა და გამოძიებას ამ კითხვას არ უპასუხა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან ნაქურდალი ნივთმტკიცებების გადამალვა მოასწრო! მას შემდეგ, რაც ის შენიშნეს ქუჩაში, მისი მხრიდან ასეთი მოქმედება კანონზომიერი იყო.

– მაგრამ, ბატონო მოსამართლევ, სამართალდამცველებს ყოველგვარი შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემოწმებინათ და დაეთვალიერებინათ ეჭვმიტანილის დაკავების ადგილსამყოფელი. ცხადია, მათ გაჩხრიკეს კიდეც ყველა საეჭვო კუთხე-კუნჭული, მაგრამ ნაქურდალი ნივთმტკიცებები ვერ აღმოაჩინეს. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დანაშაული განსასჯელს არ ჩაუდენია – ამბობდა აღელვებით ადვოკატი, – ამასთან ერთად, გამოძიებამ ჩაატარა დაქტილოსკოპიური კვლევა სალაროს მაგიდაზე, მაგრამ ვერ აღმოაჩინა განსასჯელის ანაბეჭდები.

– მართლაც, პატივცემულო მოსამართლევ, განსასჯელის ანაბეჭდები სალაროზე არ აღმოჩნდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ, რომ მას შეეძლო ანაბეჭდები წაეშალა ჩვრით, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო, – წამოიძახა პროკურორმა.

თითქოს დამპალ პომიდორს ფეხი დააბიჯეს და გაჭყლიტეს, ისე  აღიძრა აზრების შხეფები ადვოკატის გონებაში. – მაგრამ თქვენ თქვით, რომ განსასჯელი აჩქარებული ნაბიჯით შენიშნეს ქუჩაში. ანუ, თქვენი აზრით, იგი ცდილობდა სწრაფად გასცლოდა დანაშაულის ადგილს, როგორ უნდა ეზრუნა მას ანაბეჭდების წაშლაზე მაშინ, როცა ყოველწამს შეიძლებოდა მისთვის ვინმე მყიდველს შემოესწრო, ან გამყიდველი გოგონა დაბრუნებულიყო.  მაღაზიის მესაკუთრეც ხომ იქვე, თავის ოთახში  იმყოფებოდა, – განაგრძობდა ადვოკატი, – ბატონო მოსამართლევ, იქნებ გამყიდველი გოგონა სწორედ იმას ელოდა, ვინმე შესულიყო მაღაზიაში, რათა თუ გამყიდველის არყოფნის გამო უკან გაბრუნდებოდა, თავად მოეპარა ფული, ნისიათა რვეული და შემდეგ მსხვერპლის როლი გაეთამაშებინა. მტკიცებულებების გარეშე ასეთ ვერსიებს ხომ თანაბრად აქვთ არსებობის უფლება? რატომ გადაწყვიტეთ მხოლოდ ჩემი კლიენტის დადანაშაულება?

– სიმართლე გითხრათ, მოველოდი კიდეც ადვოკატის მხრიდან ასეთ თავდასხმას, ბატონო მოსამართლევ, – წარმოთქვა პროკურორმა, – სინამდვილეში, რაც უნდა მონდომებული და მოხერხებული იყოს ადვოკატი, მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ფაქტებს ადგილები გადაუნაცვლოს, ეჭვი შეიტანოს მტკიცებულებებში, იმსჯელოს ერთმანეთთან მათ შეუსაბამობაზე, მაგრამ, დიახ, თავად ფაქტებს ის ვერ შეცვლის! მართალია, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ განსასჯელის ანაბეჭდები სალარო მაგიდაზე, მაგრამ მაღაზიის საგულდაგულო დათვალიერების მიუხედავად, მაღაზიაში ვერ მივაგენით ნაქურდალ ფულს და ნისიათა რვეულს, რაც არანაირად არ ამყარებს ადვოკატის ალტერნატიულ ვარაუდებს, რომ მაღაზიის მესაკუთრე ან გამყიდველი გოგონა შეიძლებოდა ყოფილიყვნენ დანაშაულთან დაკავშირებულნი.

– იქნებ, პროკურორის მსჯელობა არც ჟღერს დამაჯერებლად, მაგრამ წარმოუდგენელია, ფულის სანაცვლოდ გამოერიცხა მას  გამყიდველი გოგონას ან მაღაზიის მესაკუთრის მონაწილეობა დანაშაულში და მოსამართლის როლი არ გაეთვალისწინებინა! ის გამოცდილი პროკურორია. აი, ესაა უფრო დამაჯერებელი, – ფიქრობდა მოსამართლე. – დავიწყოთ მოწმეთა დაკითხვა, – თქვა ბოლოს მან და საქმის მასალების ფურცვლას შეუდგა.

 

 

 

1 2 3 4