***
მოსამართლემ დასაკითხად შემდეგი მოწმე, ის კეთილსინდისიერი ქალბატონი გამოიძახა, რომელმაც მაღაზიის სიახლოვეს განსასჯელი დაინახა. მოწესრიგებული ქალბატონი იყო, კდემამოსილი. სასამართლოს მოხელემ იგი დარბაზში, მოწმის ადგილამდე მიაცილა. თავიდან დაბნეული ჩანდა – ვერ გადაეწყვიტა, ხელჩანთა სად წაეღო, საკუთარი ხელებისთვისაც ადგილი ვერ მოეძებნა, მაგრამ, საბოლოოდ, თხრობის დაწყება როცა სთხოვეს, ხელჩანთაც გადაავიწყდა და საკუთარი ხელებიც.
– ბატონო მოსამართლევ, ჩვენ დეპოს დასახლებაში ვცხოვრობთ, – თქვა ქალბატონმა, – დასახლება სწორედ დეპოს მუშებისთვის აშენდა. თავიდან რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ჩადგეს, მაგრამ მერე, დასახლებას უამრავი ბარაკი და ფარდული შეემატა. მუშები სამსახურისთვის მოდიოდნენ და იქვე ცდილობდნენ დასახლებას. ღამ-ღამობით დეპოდან გამოჰქონდათ თუნუქის ფურცლები, ფანერები. ყველანაირ სამშენებლო მასალას ეზიდებოდნენ და თავისუფალ ტერიტორიებს იღობავდნენ. მე დეპოს კანცელარიაში ვმუშაობ და ყველაფერს ჩემი თვალით ვხედავდი. დარაჯები ცოტა გამორჩენის საზღაურად უარს არაფერზე ამბობდნენ. ატანდნენ ყველაფერს, რაც გამოადგებოდათ. დიდი წვალების და შრომის ფასად ახერხებდნენ დასახლებაში დამკვიდრებას ახალი მაცხოვრებლები…
უსმენდა პროკურორი ქალბატონს, თავისი ბავშვობა და მამის მონათხრობი ახსენდებოდა, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული რომ ყვებოდა ოჯახში. სარემონტო ქარხნის ოსტატი იყო. დღეს ოცმანეთიანი კლიენტი გამომიჩნდა. სატვირთოს სამუხრუჭო ხუნდები სჭირდებოდაო. წელზე შემოვიკარი ხუნდები და ზემოდან ბუშლატი მოვიცვი. კარგად მოვირგე, ბუშლატის ქვეშ არაფერი ჩანდაო. ქარხნის გასასვლელს რომ გავდიოდი, ვერავინ მიხვდებოდა, რომ წელზე ამხელა დეტალები მქონდა მიმაგრებული, დარაჯს კი სამი მანეთი მივეცი და აი, ჩვიდმეტი მანეთი დამრჩაო. თუ მაინც ვერ შეგამჩნიეს, რომ ხუნდებს იპარავდი, სამი მანეთი რატომ გადაიხადეო, დედამ ჰკითხა. ზოგიერთი დეტალი ოცდაათ კილოსაც იწონის. კლიენტები ასეთ დეტალებში ას მანეთსაც იხდიან. ფეხზე ძლივს დგახარ ქარხნის გასასვლელს რომ გადიხარ, მაგრამ დარაჯები მაშინაც არაფერს იმჩნევენ. კეთილშობილი ადამიანები არიან. მაგრამ სამი მანეთი თუ დაგენანება, მერე ყველაფერს შეგამჩნევენო.
კარგად ესმოდა მოწმე ქალბატონის მონათხრობის მნიშვნელობა. მე ეს გამოცდილება პროკურორობამდე მიღწევაში დამეხმარაო, ფიქრობდა იგი.
იგი უსმენდა კეთილსინდისიერ ქალბატონს და ნათლად წარმოედგინა, როგორ აყოლებდნენ მას თვალს, როცა დეპოს კანცელარიისკენ მიდიოდა ხოლმე. – მოწიწებით ეპყრობიან და გუნებაში მხოლოდ მისი ჩაჭრილი ქვედაბოლოდან გამოჩენილი სხეულის ნაწილებზე ფიქრობენ. ალბათ თვითონაც გრძნობს მუშების ნაფიქრალს, როგორ უყურებენ მისი კაბის ქვედაბოლოს და მათი ოფლიანი, გაზინთული თაყვანისცემა ასაზრდოებს მის კდემამოსილებას. რა უნდა იცოდეს ამ ქალმა იმის შესახებ, თუ ვინ მოიპარა ფული, – ფიქრობდა მოსამართლე..
ადვოკატი, რომელიც დასტებად ახოხოლავებულ დოკუმენტებთან იჯდა, ცდილობდა ამოეხსნა, სჯეროდა თუ არა მოსამართლეს, რომ ნაქურდალი ფულიდან არანაირი სარგებელი არ ჰქონდა მიღებული. მოსამართლის ამაში დარწმუნება უმთავრესი მიზანი იყო. – რა თქმა უნდა, არცერთი მოსამართლე არ გადაიხრება ლმობიერი გადაწყვეტილებისკენ, სანამ თავადაც არ მიიღებს წილს ნაქურდალი ფულიდან, – ფიქრობდა ადვოკატი.
– ქალბატონო, მაღაზიაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ უნდა მოგვითხროთ, – უთხრა მოწმეს მოსამართლემ, – თქვენ ხომ მაღაზიის გაქურდვას შეესწარით! მოგვიყევით, რაც დაინახეთ.
– არა ბატონო მოსამართლევ, მე მაღაზიის გაქურდვას არ შევსწრებივარ! მხოლოდ გამყიდველი გოგო დავინახე მაღაზიის კიბეებზე, რომელიც სასოწარკვეთილებაში იმყოფებოდა. და მისგან შევიტყვე, რომ მაღაზია გაექურდათ, – უპასუხა მოწმემ, – დასახლებაში ბევრს არ მოსწონდა, ამ მაღაზიას რომ აშენებდნენ. მის მესაკუთრეზე ამბობდნენ, ამ კაცმა ჩვენს ხარჯზე რატომ უნდა მოიწყოს ცხოვრებაო. ზოგი მშენებლობის დროს მოჭრილი ხეების გამო იყო უკმაყოფილო, ზოგი ამბობდა, ეს ერთადერთი ადგილია სასეირნოდ და მოსასვენებლად ამ ღვთისგან მიტოვებულ დასახლებაშიო. მე კი ვფიქრობდი, რომ ამ კაცსთვის ხელი არ უნდა შეგვეშალა საქმის კეთებაში… იქნებ მართლა არ უნდა შეგვეშალა ხელი, ბატონო მოსამართლევ, რადგან მაწანწალა ძაღლებით და ვერაგი მძარცველებით სავსე დასახლებას მაღაზია ნამდვილად სჭირდებოდა. თანაც დეპოს მოსახლეობა სურსათს ნისიად იღებდა. მართალია, პროცენტები ემატებოდა თუ მევალეები საფასურის გადახდას აგვიანებდნენ, მაგრამ ყველა თავისებურად ცდილობს ამ ცხოვრებაში თავის გატანას. მე ასე ვფიქრობ ბატონო მოსამართლევ. ამიტომ, როცა მაღაზიასთან ატირებული გამყიდველი გოგონა დავინახე, რომელიც გულგახეთქილი იყურებოდა აქეთ-იქით, მაშინვე ვიგრძენი, რომ ყველაფერი დასახლების ავაზაკებს უკავშირდებოდა. მაშინვე გოგონასთან მივედი დასამშვიდებლად. ის კი ტირილით მეუბნებოდა, რა დამამშვიდებს, მთელი თანხა მომპარესო. მაღაზიის მესაკუთრეს ადამიანის ფერი არ ედო, სალაროს ცარიელ უჯრასთან იდგა თავზარდაცემული. მერე მის ოთახში შევედით და დავრეკეთ. გვიპასუხეს, მალე მოვალთ და ყველაფერს გავარკვევთო. მართლაც მალე მოვიდნენ და ყველაფერი მოვუყევი. განსასჯელის გარეგნობაც აღვწერე და ისიც, სადაც ცხოვრობდა. სულ იმას ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, ადამიანმა ფულისთვის დანაშაული ჩაიდინოს მეთქი! შურისძიება გასაგებია, შეიძლება ადამიანი აღეგზნოს ხანდახან და რამე ჩაიდინოს მიუღებელიც. თუმცა, იქნებ მეც არასწორად ვფიქრობდი, რომ მაღაზიის მშენებლობაში ხელი არ უნდა შეგვეშალა. იქნებ მაღაზია რომ არ აშენებულიყო, დანაშაულიც არავის ჩაედინა, მაგრამ ფულისთვის სხვისი გაწირვა ალბათ ყველაზე მდაბიო საქმიანობაა! – ამბობდა კეთილშობილი ქალბატონი.
– ამ მოწმისგან ფულის შესახებ ნამდვილად ვერაფერს გავიგებთ. იგი უფრო მიმზიდველია როგორც ქალი, თეძოზე მომდგარი ჩაჭრილი ქვედაბოლოთი და გამჭვირვალე წინდებით. მას მხოლოდ დეპოს მუშები კი არა, ყველა სიამოვნებით წამოხდიდა ქვედაბოლოს, რა თქმა უნდა, თავიდან ქვემოთ ჩამოიქაჩავდა კაბის კალთას, ასეთია ქალის ბუნება, მაგრამ შეუცურებდი, ხელისგულებით შეიგრძნობდი მის შიშველ თეძოებს და მერე ყველაფერს თვითონ გააკეთებდა! შეგეხებოდა, აღგაგზნებდა, მაგრამ ამ ქალზე უფრო მნიშვნელოვანი ის ფულია, რომელიც თვალსა და ხელს შორისაა გამქრალი. არ შეიძლება დეპოს მაცხოვრებლებმა ისე დაგვახვიონ თავბრუ, რომ ვერ გაიგო, სად გაქრა ნაქურდალი ფული – ფიქრობდა მოსამართლე.
– ახლა ალბათ იმაზე დარდი სტანჯავს მოსამართლეს, მერგო თუ არა რამე წილი ნაქურდალი ფულიდან. გამყიდველ გოგონაზე ალბათ არ უნდა ეჭვობდეს, რადგან მას ყველაზე ნაკლებად შეეძლო ფულის მოპარვა. თან იგი ფულს მაღაზიის მესაკუთრესაც ხომ ადვილად გამოსცინცლავდა, რომ მოენდომებინა. მაღაზიის მესაკუთრეზეც არ უნდა ეჭვობდეს მოსამართლე, რადგან ნისიების რვეულზე უარი მას არანაირი ინტერესის საფასურად არ უნდა ეთქვა. შეუძლებელია, მოსამართლემ იფიქროს, რომ მოპარული ფულიდან განსასჯელმა წილი მომცა, რადგან მე ხომ ამ შემთხვევაში, განსასჯელის სასჯელის შემსუბუქებაზე უნდა მეზრუნა. მე რომ ნაქურდალ ფულთან კავშირი არ მაქვს, ამას მოსამართლე უნდა ხვდებოდეს! – ფიქრობდა პროკურორი, – ამიტომ მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია. ფულის გარეშე ბევრი გაუგებრობა იქმნება, მაგრამ, თუ ფულს არავინ იხდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დამნაშავე არავინაა, მთავარია, ეს იცის მოსამართლემ და მართლმსაჯულებაც აღსრულდება!
– ძნელია უდანაშაულო განსასჯელის დაცვა. უდანაშაულო განსასჯელს ფული საიდან უნდა ჰქონდეს! ან რომც ჰქონოდა, ნებისმიერ უდანაშაულო განსასჯელს დაენანებოდა ფულის გადახდა ადვოკატისთვის. დამნაშავე განსასჯელს უფრო დიდი არჩევანი აქვს. შეუძლია პროკურორს გადაუხადოს ან ადვოკატს. ორივე მათგანი მოახერხებს მოსამართლესთან დალაპარაკებას. როცა ფული არსებობს, ლაპარაკი მოსამართლესთანაც ადვილია, – ფიქრობდა ადვოკატი საქმის მასალებსა და დავთრებში თავჩარგული.