***

 

პროცესი ზოგჯერ მშვიდად მიმდინარეობდა, ზოგჯერ ხმაურით ცდილობდნენ დამატებითი შეკითხვების დასმას. ხან განვლილ თემებს უბრუნდებოდნენ და მოითხოვდნენ საკითხების დაზუსტებას.

პროკურორი პროცესის მონაწილეებს მოუწოდებდა კანონის ზედმიწევნითი დაცვით წარმართულიყო ყველა პროცედურა. მან კატეგორიულად გააპროტესტა სასამართლოში მოწმის მიერ  გამოთქმული მოსაზრება – თუ მაღაზია არ აშენდებოდა, დანაშაულს არავინ ჩაიდენდაო. ადამიანი თუ დამნაშავეა, იგი დანაშაულს სხვა დასახლებაშიც ჩაიდენდაო, მოწმე საერთოდ ვერ ერკვევა იურისპრუდენციაში და მისი მოსაზრებები საქმის შეფასებას ხელს ვერ შეუწყობსო.

მხოლოდ იმის გამო, რომ მაღაზიას ზარალი მიადგა, უდანაშაულო ადამიანი არ უნდა დაისაჯოსო, ასევე კატეგორიულად აცხადებდა ადვოკატი.ფული რომ  მოეპარა, საადვოკატო მომსახურების საფასურს მაინც გადაიხდიდა, მე კი მხოლოდ სახაზინო წესით ვიცავ მის ინტერესებს. საერთოდ, აბა, რისი მაქნისია მაღაზია, თუ იმასაც ვერ მოახერხებს, საკუთარ შენობაში შესულ ადამიანებს რომ თვალი ადევნოსო.

პროკურორი ცდილობდა ადვოკატის მხილებას პროფესიულ ტენდენციურობაში, რადგან კანონის დამცველებმა ზუსტად იქ აღმოაჩინეს განსასჯელი, სადაც მოწმე ქალბატონი მიუთითებდაო.

ნუთუ ქუჩაში გამვლელის დასადანაშაულებლად მხოლოდ ის უნდა იყოს საკმარისი, რომ მაღაზიის მახლობლად ამოიცნეს და მისი საცხოვრებელი მისამართი მიუთითესო, ასე ხომ ნებისმიერი ადგილობრივი გამვლელის ამოცნობა შეეძლო მოწმეს. ნუთუ, შეიძლება ასეთ ჩვენებას ვენდოთო, ამბობდა ადვოკატი. რატომ უნდა ვენდოთ ქალბატონ მოწმეს, რომელსაც გული აუჩვილდა ატირებულ გამყიდველ გოგონაზე და ყველა აჩქარებული ნაბიჯით მოსიარულე ადამიანი დამნაშავედ შეიძლებოდა მოჩვენებოდაო. განსასჯელს ხომ დაკავების დროს არც ფული და არც ნისიების რვეული არ აღმოაჩნდაო.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ განსასჯელს ჩხრეკის დროს ნაქურდალი ფული ვერ უპოვეს, ეს მის უდანაშაულობას არ ამტკიცებს. რა თქმა უნდა, გადამალა, ნუთუ ამ აზრს დამაჯერებლობა აკლია? მან, უბრალოდ, ფულის გადამალვა მოასწრო. უგუნურება იქნებოდა დამნაშავის მხრიდან, რომ ნაქურდალი ფული არ გადაემალაო, ამბობდა პროკურორი.  ადვოკატი ყოველთვის ეცდება, ყურდღება გადაიტანოს ფაქტებიდან შთაბეჭდილებებზე, დააკნინოს გამოძიების როლი და ამ გზით გაამართლოს განსასჯელი, მაგრამ არ შეიძლება შთაბეჭდილებები გავითვალისწინოთ, რადგან კანონის ზედმიწევნით დაცვა გვევალდებულებაო.

 

მაგრამ ფული ჩხრეკის დროს ვერ იქნა ნაპოვნიო, გაიძახოდა ადვოკატი.

 

სასამართლო არც განსასჯელის გამართლების ადგილია და არც დადანაშაულების, აქ სიმართლე უნდა დავადგინოთ, მოგიწოდებთ, საკამათო საკითხებზე პაექრობის დროს მყარი არგუმენტები მოიშველიოთო, ამბობდა მოსამართლე.

 

განსასჯელი კი თითქოს ფიქრებშიც დუმილის უფლებით სარგებლობდა და შემწეს ბელადის ამპირის სტილში მოპირკეთებულ, ნახევრად ჩამოცვენილი თაბაშირის დეკორაციების გაძვალტყავებულ ნარჩენებში ეძებდა.

 

***

 

მოსამართლემ დარბაზში მოწმედ განსასჯელის მამა გამოიძახა და როცა სასამართლოს მოხელე ხანდაზმულ მამაკაცს შემოუძღვა, დარბაზი აჩოჩქოლდა.

–  რა ხდება, – ჰკითხა მოსამართლემ სხდომის მდივანს.

– ვერ გრძნობთ პატივცემულო მოსამართლევ? ყარს, – უპასუხა მან.

მოსამართლემ მოწმე ახლაღა შეათვალიერა. ძველი, გაცვეთილი ტვიდის პიჯაკი ეცვა. ერთი შეხედვით, ქსოვილის არაერთფეროვნება ტვიდის ფაქტურას შეესაბამებოდა, მაგრამ დააკვირვების შემდეგ ჩანდა, რომ განსხვავებულ შეფერილობებს ზედ მოცხობილი ექსკრემენტებიც ამძაფრებდა. ახლა მოსამართლემაც იგრძნო ყროლის სუნი..

– სასამართლოში ასე გამოცხადება მართლმსაჯულების შეურაცხყოფაა! – წამოიძახა პროკურორმა. – ნუთუ ვერ ხვდებით, რომ სასამართლოში ასე შემოსვლა მისი უპატივცემულობაა? – მიმართა მან მოწმეს, – დიახ, ექსკრემენტებიანი ტანსაცმლით აქ გამოცხადება სხვას რას უნდა ნიშნავდეს?!

– როცა ადამიანს კედელზე სურათის დამაგრება ევალება, სურათის ფერებზე კი არა, ლურსმნის ჩაჭედებაზე უნდა იფიქროს! – ამ სიტყვებით წამოდგა ადვოკატი. ჩვენ ხომ მართლმსაჯულება უნდა განვახორციელოთ, ბატონო მოსამართლევ! რატომ შეიძლება ვისმინოთ პატივცემული პროკურორისგან გამუდმებული ბრალდებები, რომ ვიღაც ამ დარბაზში მართლმსაჯულებას შეურაცხჰყოფს. მოვითხოვ პროცესის გაგრძელებას აკვიატებული აზრების გამოთქმის გარეშე, – ამბობდა ადვოკატი.

 

– დამნაშავის მამა კი არა, დედა უნდა მოდიოდეს სასამართლო პროცესზე და მოსამართლეს შვილის მსუბუქი სასჯელის სანაცვლოდ ლოგინში ჩაწოლას სთავაზობდეს. – ფიქრობდა მოსამართლე, –  ეს კაცი კი აქოთებული პიჯაკით მოვიდა, მაგრამ განსანჯელს რომ ფული გადაემალა,  პიჯაკს მაინც იყიდდა მამამისი იმ ფულით. მაგრამ, შეიძლება, მან არც კი იცის სადაა ამ საქმიდან გაუჩინარებული ფულის ადგილსამყოფელი და არც  ასეთი კაცის ცოლს ჩაიწვენდა ვინმე ლოგინში. თუმცა, ქალები ისთი სულელები არიან, ხანდახან ყოვლად უბადრუკ კაცებს მიჰყვებიან ცოლად. შეიძლება ამ კაცის ცოლი ღირდეს კიდეც ლოგინში ჩასაწვენად და ამიტომ არ მოიყვანა სასამართლოში. ფულს ალბათ უფრო გაიმეტებდა, ვიდრე ცოლს. იქნებ არც ცოლი გაემეტებინა და არც ფული. რას გაუგებ დეპოს დასახლების მაცხოვრებლებს! – ფიქრობდა იგი, – ვეთანხმები ადვოკატის მოთხოვნას, რომ პროცესი ემოციური შეფასებების გარეშე გავაგრძელოთ, – წარმოთქვა ბოლოს მან.

– ბოდიშს გიხდით, პატივცემულებო,  რომ სასამართლოს საზოგადოება შევაწუხე  ჩემი ყოფიერებით, მაგრამ, ყველაფერს აგიხსნით, – მოკრძალებულად ჩაილაპარაკა განსასჯელის მამამ, – ბატონო მოსამართლევ, ჩვენ ერთ პატარა დასახლებაში ვცხოვრობთ. როცა დეპო ააშენეს, ზოგიერთი ადამიანი იქ დასაქმდა. ზოგს კი ეგონა, რომ მის სიახლოვეს ცხოვრების  მოწყობას შეძლებდა. ფიქრობდნენ, რომ  სამშენებლო მასალებს გამოიტანდნენ დეპოდან. დარაჯებთან მოლაპარაკება ყოველთვის შეიძლებოდა. იაფად გამოქონდათ ყველაფერი და სახლდებოდნენ კიდეც, მაგრამ მერე თავი რაღაცით ხომ უნდა გერჩინა. ოჯახს ხომ უნდა გაძღოლოდი. ზოგმა ავტოპროფილაქტიკა მოაწყო, ზოგმა – სახელოსნო. მაღაზიაც აშენდა დეპოს დასახლებაში.  მე ორი ძროხის სადგომი  ავაშენე.  ირგვლივ სათიბი არსად იყო, თივას ვერსად იშოვიდი და ამიტომ საქონელის მოშენებაც არავის გადაუწყვეტია.სარისკო საქმეც იყო. მაგრამ მე ძროხები მოვიყვანე. დეპოს გარშემო ხომ ყველგან რკინიგზა გადიოდა და ლიანდაგებს შორის ვთიბავდი. ასე თუ ისე, ჰყოფნიდათ ჩემს ძროხებს და რძის მყიდველებიც გამომიჩნდნენ. თავის რჩენას ვახერხებდით. ნისიადაც ვატანდი ჩემს კლიენტებს.  არ გავატანდი და რძე გამიფუჭდებოდა. ყველიც რომ გამეკეთებინა, იმასაც ნისიად მომთხოვდნენ. ამიტომ რძედვე ვატანდი ხოლმე. მაღაზიის მესაკუთრე კი ნისიას ყოველთვის პროცენტებს ამატებდა. ჩვენ არ ვამატებდით. ყოველდღე უნდა ვასუფთავო ბოსელი და ტანსაცმელი მეთხვრება. სულ მინდოდა გამოსასვლელი პიჯაკი მეყიდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. ამიტომ ამ პიჯაკს ცოლი მირეცხავს ხოლმე. ახლაც მეუბნებოდა ჩემი ცოლი, გაგირეცხავო…

– გასაგებია, პატივცემულო მოწმევ, გასაგებია! – ისე ჩაილაპარაკა მოსამართლემ, თითქოს ექსკრემენტების სუნსაც შეეგუა,  – გთხოვთ, საქმის შესახებ განაგრძეთ!

– დიახ ბატონო მოსამართლევ, ჩვენც ხშირად გვიხდებოდა მაღაზიიდან ოჯახისთვის სანოვაგის ნისიად შეძენა. მაღაზიის მესაკუთრე რამდენიმე დღეში პროცენტს გვიმატებდა, გვეუბნებოდა, ფული უფასურდება და, თუ დროზე არ გადამიხდით, დავზარალდებიო. ფული მართლაც უფასურდება, ბატონო მოსამართლევ, ზოგისთვის ფული უფასურდება, ზოგს საერთოდ არ აქვს. მე თვითონ ვამბობდი, ვინმე მაღაზიის მესაკუთრეს ნისიის პროცენტებს არ შეარჩენს მეთქი.  ამას ოჯახშიც ვამბობდი და  ჩემი შვილის გასაგონადაც მითქვამს, მაგრამ ნისია რომ არ გადაგვეხადა, ეს აზრადაც არ მომსვლია, რადგან ჩვენც ვატანდით რძეს  ნისიად. მაღაზიაში რომ დანაშაული მოხდა, იმ საღამოს ჩემი შვილი სახლში გვიან დაბრუნდა. მალე სამართალდამცველები შემოვიდნენ და დააპატიმრეს. სახლკარი გაგვიჩხრიკეს და წავიდნენ. როცა თქვეს, ნაქურდალი ფული დაიკარგაო, ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩემს შვილს ღმერთი გაუწყრა და ის ფული მართლა მოიპარა, მაგრამ, რადგან ვერავინ იპოვა, შეიძლება სამართალდამცველებმა  ჩხრეკის დროს მიითვისეს და ნისიების რვეულიც მიაყოლეს, ფულის კვალის გასაქრობად მეთქი.

 

აი, სადაა მართლმსაჯულება! სამართალდამცველები პროკურორს ფულს არ გაუყოფდნენ, რა უსამართლოდ ვეჭვობდი პროკურორზე და ადვოკატზეო, გაიფიქრა მოსამართლემ.

 

– მაშინ ვიფიქრე, რადგან დაიჭირეს, აღარ გამოუშვებენ, მე რა უნდა გავაკეთო მის გამოსახსნელად  მეთქი, – განაგრძობდა განსასჯელის მამა, –  გითხრათ,  ჩემმა ცოლმა, გაგირეცხავ პიჯაკს, სასამართლოში ასე ხომ არ წახვალო. არ გავარეცხინე. მე ნეხვი ცხოვრებამ მომაცხო. იმათ ნეხვის სურნელს მაინც შევაყნოსინებ მეთქი…

 

 

 

 

 

1 2 3 4