***

 

როგორც წესი, სასამართლო სხდომაზე ჯერ დაზარალებულებს კითხავენ. ამიტომ პროკურორმა გაქურდული მაღაზიის მესაკუთრე გამოიძახა.

– ბატონო მოსამართლევ,  ჩემი მაღაზია დიდი გარჯისა და შრომის შედეგია. მისი აშენება დეპოს დასახლებაში ბედის ანაბარად მიტოვებული ადამიანების გაჭირვებამ გადამაწყვეტინა, – ასე დაიწყო ჩვენება მან, –  წარმოიდგინეთ, სიდუხჭირეში მყოფი დასახლება! საღამოობით, როცა ელექტროენერგია ითიშება ხოლმე, თითქმის ყველა გამვლელი მაწანწალა ძაღლების და უღმერთო მძარცველების მსხვერპლი ხდება. სანამ მაღაზიას ავაშენებდი, სურსათ-სანოვაგის შეძენა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე იყო შესაძლებელი, რომელიც ოცდაათი, ორმოცი წუთის სავალზე მდებარეობდა. ალბათ, თქვენთვის წარმოუდგენელია, რამდენი ხიფათი ელოდა გზად დასახლების ყოველ მობინადრეს, მშიერი, მაწანწალა ძაღლები რომ აედევნებოდნენ ან მძარცველები დახვდებოდნენ ლუკმაპურის საყიდელი ფულის გამოსაგლეჯად. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი დასახლებისთვის მაღაზიის აშენება იყო. მეგონა, ეს საქმე ყველას გაახარებდა. რამდენ ხიფათს და უსიამოვნებას გადაურჩებოდნენ, მაგრამ უმადურები და ბოროტები არიან ამ დასახლების მაცხოვრებლები, ბატონო მოსამართლევ! ზოგიერთი მათგანი დამიპირისპირდა კიდეც. ისეთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, ჭკუიდან გადაიყვანდნენ ნებისმიერ გონიერ ადამიანს. გაიძახოდნენ, რატომ უნდა გამოიყენოს მაღაზიისთვის ეს ადგილი ამ კაცმა, იქნებ ჩვენც გვინდა მისი გამოყენებაო. მე თავიდან ვეპასუხობდი კიდეც, ადექით და გამოიყენეთ მეთქი, მაგრამ რას გამოიყენებდნენ! სინამდვილეში, ერთი პატარა ატალახებული მიწის ნაგლეჯი იყო, გუბურებით სავსე. ამიტომ, საბოლოოდ, მათ პირდაპირ ვუთხარი, ამ ღვთისგან მიტოვებულ დასახლებაში სიკეთის კეთებაში ხელს ნუ შემიშლით-მეთქი. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც ვერ მივახვედრე, რომ ჩემი წამოწყებული საქმე მათ სარგებელს მოუტანდა. დიახ, ამის შეგნებას ვერ ახერხებდნენ, ან უბრალოდ, შურდათ, პატივცემულო მოსამართლევ! მაგრამ ხომ არსებობს ამქვეყნად ღმერთი და ზოგიერთი გონიერი ადამიანი! საბოლოოდ, როგორც იქნა, გამგეობაში ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მაღაზიის აშენების ნებართვაზე ხელი მომიწერა…

– პატივცემულო დაზარალებულო, ჩვენ, როგორც ადამიანები, მზად ვართ გულისხმიერად მოვისმინოთ თქვენი მონათხრობი დასახლების კეთილ საქმეებზე, მაგრამ დღეს სასამართლო პროცესი ჩადენილი დანაშაულის გამო მიმდინარეობს და გთხოვთ, მაღაზიის ზიანზე, იქ მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე გველაპარაკოთ! – შეაწყვეტინა მას თხრობა მოსამართლემ.

– დიახ, პატივცემულო, ახლა ამის შესახებ ვაპირებდი ლაპარაკს! – უპასუხა მან მოსამართლეს, – ჩემი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ დეპოს გაჭირვებულ მოსახლეობას დავხმარებოდი. მათი უსახსრობა და ხელმოკლეობა ძალიან მაწუხებდა. ვფიქრობდი, რომ ნისიად გავატანდი ხოლმე ოჯახისთვის აუცილებელი სანოვაგეს, სანამ შემოსავალს მიიღებდნენ და დავალიანების დაფარვას შეძლებდნენ…  გამყიდველადაც ისეთი გოგონა ავიყვანე, მათ რომ თანაგრძნობით  მომსახურებოდა. იგი დასახლებაში ცხოვრობდა, სათნოდ და სანდომიანად გამოიყურებოდა, როცა სამსახური მთხოვა. ვიფიქრე, მაღაზიის მუშაობას წაადგებოდა, თუ გაბოროტებულ მოსახლეობას გულს მოუბრუნებდა მისი სათნოება. კარგი გასამრჯელო დავუნიშნე და მშობლიურად ვეპყრობოდი. ანგარიშსაც ვასწავლიდი და იმასაც, როგორ მისდგომოდა მყიდველებს, მაგრამ, ბოლოს შევამჩნიე, ძალიან ხშირად ტოვებდა უყურადღებოდ თავის სამუშაო ადგილს. გადიოდა მაღაზიის უკანა ნაწილში და მთელი საქონელი უმეთვალყურეოდ რჩებოდა. მაღაზიასთან კი დასახლების მთელი ავაზაკი ბიჭები იკრიბებოდნენ ხოლმე. ლუდს სვამდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ, გამყიდველ გოგოსაც თვალებს უჟუჟუნებდნენ. თავიდანვე გამიჩნდა ეჭვი, რომ  ამ გოგოს საქციელის შემხედვარე უსულგულო ავაზაკებს აუცილებლად აღეძვრებოდათ ჩემი მაღაზიის გაძარცვის სურვილი. მერე იმაზე დავფიქრდი, ეს გოგო იქნებ იმიტომ ტოვებს სალაროს ასე ხშირად უყურადღებოდ, რომ მე შემაჩვიოს თავის საქციელს და რომელიმე ავაზაკს როცა გააძარცვინებს ჩემს მაღაზიას, თავად მასზე ეჭვი არ გამიჩნდეს-მეთქი.

მაღაზიის მესაკუთრე ლაპარაკობდა, მოსამართლე საქმის ფურცლებს ჩაჰყურებდა და შიგადაშიგ მას გახედავდა ხოლმე.

– ეს ბებრუხანა გამყიდველ გოგონას სამსახურში სიწუწკით აიყვანდა, – ფიქრობდა იგი, – ალბათ ხელების მოთათუნებაზეც სული მისდიოდა და იქნებ უთათუნებდა კიდეც, მაგრამ შურით ივსებოდა, როცა ხედავდა, ამ გოგოს ბიჭები  თვალებს რომ უჟუჟუნებდნენ.

– საერთოდ, როცა ადამიანებს ზიანის მოყენება უნდათ, ამისთვის სუსტ ადგილებს ეძებენ. მე კი მაღაზიაში გამყიდველი გოგონა მყავდა, – ამბობდა მოწმე, – რა თქმა უნდა, მას გამოიყენებდნენ ჩემს წინააღმდეგ. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო, ბატონო მოსამართლევ, დასახლება ხომ დაუნახავი და ავაზაკი მაცხოვრებლებითაა სავსე?!

ანუ, ფიქრობთ, რომ გამყიდველი გოგონა პასუხისმგებელია თქვენს ზარალზე? – ჰკითხა მოსამართლემ.

– დიახ, დიდი ზიანი მივიღე ბატონო მოსამართლევ, იმდენად დიდი ზიანი მომაყენეს, რომ ყველაფერზე შეიძლება ვიფიქო! – უპასუხა მაღაზიის მესაკუთრემ, – ზუსტად ამის ახსნას ვცდილობ! მაღაზია როცა გავხსენი, ამ უპატრონოდ მიგდებულმა დასახლებამ შვებით ამოისუნთქა. ჯერ ერთი, ჩემი მაღაზიის წყალობით მათ მაწანწალა ძაღლებით  და მძარცველებით სავსე  ქუჩებში  მთავარ გზამდე სიარული აღარ უხდებოდათ და კიდევ, პირველივე დღიდან ვაწარმოებ ნისიის რვეულს. უამრავ ადამიანს უჭირს, ბატონო მოსამართლევ, ხშირად პურის და შაქრის ფულიც არ აქვთ და ჩემი მაღაზიით საზრდოობენ. ყოველთვის ვაძლევ შესაძლებლობას, რამდენიმე დღის, ხანდახან კვირების შემდეგაც კი გადაიხადონ დავალიანება. ისე უსულგულოდ კი არ ვექცევი, როგორც მთავარი გზის მაღაზიაში. დასახლების ავაზაკები კი შურით უყურებენ ჩემს ქონებას. ყოველი მათგანი მზად არის, თავზე ხელი აიღოს და ამწაპნოს ყველაფერი, ორცხობილის შეკვრა იქნება, საპნის ნაჭერი თუ მთელი ჩემი შემოსავალი. გამყიდველი გოგო კი ამ საკითხს გულისყურით არ ეკიდებოდა.

– არა, როგორც ჩანს, გამყიდველმა გოგონამ ამას თითიც არ დააკარებინა, – ფიქრობდა მოსამართლე.

– როცა განსასჯელმა მაღაზიიდან სალაროს მთელი ნავაჭრი თანხა წამგლიჯა და ამას ნისიის რვეულიც მიაყოლა, მაღაზია მთლიანად გამინადგურდა ბატონო მოსამართლევ, – განაგრძობდა დაზარალებული, –  შეიძლება ვინმეს მიაჩნია, რომ მხოლოდ სალაროდან მიტაცებული თანხაა ჩემი დანაკარგი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დამემართა ნისიის რვეულის გარეშე! მაღაზია სრულიად გამინადგურდა. რომ იცოდეთ, ბატონო მოსამართლევ, რამდენი საქონელი აქვთ ნისიად წაღებული! ნუთუ არანაირი მეთოდი არ გააჩნია გამოძიებას ამ რვეულის დასაბრუნებლად! – მოწმე ღელავდა, ტუჩები უთრთოდა, განადგურებული ადამიანის იერი ჰქონდა და უჭირდა თხრობის გაგრძელება.

 

***

 

დარბაზში შემდეგ მოწმეს – გამყიდველ გოგონას უხმეს, რომელმაც დაადასტურა, რომ მაღაზიის გაქურდვის დღეს სალარო ნამდვილად მიატოვა, ოღონდ აუცილებელი საჭიროებისთვის გააკეთა.

– ბატონო მოსამართლევ, უსაზღვროდ მადლიერი ვარ მაღაზიის მესაკუთრის, რომელმაც თავის რჩენის შესაძლებლობა მისცა ჩემს ოჯახს. მართალია, დღევანდელ დღეს ყველა გაჭირვებით ცხოვრობს, მაგრამ, გარწმუნებთ, ჩვენ უფრო გვიჭირდა, – თქვა გამყიდველმა გოგონამ, –  რამდენი ხანია, ჩემს ქმარს სამსახური არ აქვს და ზოგჯერ ბავშვისთვის საჭმელსაც ვერ ვყიდულობდით…  მას შემდეგ კი რაც მაღაზიის მესაკუთრემ გამყიდველად მიმიღო, შვებით ამოვისუნთქეთ და სულ მას შევმადლოდით, რომ გადარჩენის ხელი გამოგვიწოდა. ახლა ძალიან მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, რადგან ჩემი მიზეზით მის მაღაზიას ენით აუწერელი ზიანი მიადგა.

– როგორი მგრძნობიარეა ეს გამყიდველი გოგონა, – გაიფიქრა მოსამართლემ, – ზიანი მართლაც განუზომელი იქნება დამნაშავე თუ ვერ დავადგინეთ! ესენი მაღაზიებსა და სახელოსნოებში გამოიმუშავებენ თავის სარჩოს. მოსამართლემ რა უნდა გამოიმუშაოს, იმას თუ არ დაადგენს ვის აქვს ნაქურდალი ფული მითვისებული! – დიახ, გეთანხმებით, მძიმეა სასამართლოში ჩვენების მიცემა, მაგრამ აქ სამართალის აღსრულებისთვის ვიმყოფებით. – თქვა მოსამართლემ, – გთხოვთ, გაიხსენოთ ყველაფერი მაღაზიაში მომხდარი ქურდობის შესახებ!

– ბატონო მოსამართლევ, იმის მიუხედავად, რომ ამ სამსახურით ოჯახში ცოტა ამოვისუნთქეთ, ჩემი ქმარი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი, გამყიდველად რომ ვმუშაობდი, რადგან მაღაზიასთან ყოველთვის ბიჭები იკრიბებიან  ლუდის დასალევად. ქმარი სულ მეუბნებოდა, ისინი ლუდის დასალევად კი არა, შენს საყურებლად იკრიბებიან, დაანებე თავი სამსახურსო. თავი რომ დამენებებინა მაღაზიისთვის, ბავშვს საჭმელსაც ვეღარ ვუყიდდით. ამიტომ ქმარს ვეუბნებოდი, რომ არავინაც არ მიყურებდა, უბრალოდ, ლუდს სვამენ და ეწევიან მეთქი. მაღაზიის მესაკუთრე ნამდვილად კეთილი ადამიანია, რამდენჯერმე შემამჩნია, რომ სალაროსთან არ ვიყავი და ბოლოს თავის ოთახში დამიბარა. მკითხა, ამ ბიჭებს ხომ არ არიდებ თავს და ამიტომ ხომ არ ტოვებ ხოლმე შენს სამსახურეობრივ ადგილსო. არა მეთქი, ვუპასუხე. არაფერს მიშავებენ მეთქი, – ყვებოდა მაღაზიის გამყიდველი.

– აი, ზუსტად, როცა თავის ოთახში იბარებდა, ყველაზე მეტად მაშინ ფიქრობდა მაღაზიის მესაკუთრე ხელების მოფათურებას, – ფიქრობდა მოსამართლე.

– ბიჭებთან დაკავშირებით ბევრს მელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც ძალიან მადლიერი ვიყავი, რადგან სამსახურში მიმიღო, – ამბობდა მაღაზიის გამყიდველი, შეიძლება, ჩემი ქმარიც ეჭვიანობდა, რადგან მეუბნებოდა, მოშორდი შენს ბებერ მევახშეს, სხვა რამე მოვიფიქროთ და თავი ისე ვირჩინოთო. მოიფიქრე-მეთქი ვპასუხობდი, რადგან მეც ვიცოდი, რომ მაღაზიის მესაკუთრეს ყველა მევახშეს ეძახდა.

– ქმარი რომ ეჭვიანობდა და თან მადლიერი ბრძანდებოდით, ეს გასაგებია, მაგრამ ეს საქმის არსს არ ეხება. რატომ ეძახდნენ მაღაზიის მესაკუთრეს მევახშეს? აი, ეს არის საქმისთვის მეტად საინტერესო, – წამოიძახა ადვოკატმა.

– გეტყვით პატივცემულო, – თქვა გამყიდველმა გოგონამ ისე რომ ადვოკატისკენ არც გაუხედავს,  – შეიძლება, ჩემი ქმარი ნაკლებად მადლიერი იყო, რადგან ეჭვიანობდა, მაგრამ შემოსავალი მაღაზიის წყალობით გაგვიჩნდა… გეტყვით, რატომ ეძახდნენ მას მევახშეს. თავიდან ყველა ამბობდა, მაღაზიის ადგილი რატომ მიითვისა ამ კაცმა, ჩვენს ხარჯზე რატომ უნდა გამდიდრდესო, მაგრამ როცა საქონლის ნისიად გაცემა დავიწყეთ, კმაყოფილებასაც გამოხატავდნენ. ამბობდნენ, ეს კაცი ჩვენთვის გაუჩენია ღმერთსო. ყველას უნდოდა საქონლის ნისიად წაღება. რა თქმა უნდა, ნისიის რვეულში მე შესაბამის ჩანაწერებს ვაკეთებდი და ყოველ საღამოს მაღაზიის მესაკუთრესთან ერთად ვანგარიშობდით შემოსავალს და დავალიანებას. ვისი ვალიც ნისიის რვეულში იზრდებოდა, მის სახელს წითელ ხაზს ვუსვამდით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი დავალიანების დაფარვამდე მაღაზიიდან ვეღარაფერს წაიღებდნენ. ბევრი იყო ისეთი, ვინც ამის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა. დავალიანება ხომ მაინც ჩვენი დასაფარია, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გვექნება გადასახდელი, ფული როგორც კი გაგვიჩნდება, დავალიანებას მაშინვე დავფარავთო. მაღაზიის მესაკუთრე კი მეუბნებოდა, ამათ არაფერი გაეგებათ, ამდენ ნისიას მაღაზია ვერ გაუძლებსო. ვინც ვალის დაფარვას დააგვიანებდა, პროცენტებსაც უმატებდა. ფული უფასურდება და მაღაზია წაგებაზე ვერ იმუშავებსო, ასე მეუბნებოდა. ხალხიც ამიტომ ვერ იტანდა მას. ამის გამო ეძახდნენ მევახშეს. მაღაზიასთან შეკრებილი ბიჭებიც ხშირად მეკითხებოდნენ, გოგო, ის შენი მევახშე რითი მოგწონსო! მე კი ვარწმუნებდი, რომ მაღაზია სხვანაირად ვერ იარსებებდა, ზუსტად ისე ვეუბნებოდი, როგორც მაღაზიის მესაკუთრე მიხსნიდა.

– ასეთი მორიდებული გოგონა როგორ არ მოაფერებინებდა! ყველაფერს გააკეთებინებდა ამ ბებრუხანას, ხელსაც ჩააყოფინებდა ბაყვებში და დუნდულებზეც მოათათუნებინებდა..  – ფიქრობდა მოსამართლე.

– იმის შესახებ მოგვიყევით, როგორ მოხდა დანაშაული და განსასჯელს თუ იცნობთ? – ჰკითხა ადვოკატმა.

– არა, ბატონო ადვოკატო, მე არ დამინახავს ვინ შემოვიდა მაღაზიაში, მაგრამ ვიცნობ მას. ის ერთ-ერთი იმათგანია, მაღაზიის კიბეებზე  ლუდს რომ სვამდნენ ხოლმე.

– შეგიძლიათ გაიხსენოთ, ისიც თუ ეწერა ნისიების რვეულში და წითელი ხაზით ხომ არ გქონდათ მონიშნული მისი სახელი? – ჰკითხა პროკურორმა.

– არა ბატონო, ზუსტად არ შემიძლია გავიხსენო, რა დავალიანება ჰქონდა მას იმ დროს, ბევრი მყიდველი ჰყავდა მაღაზიას და მათი დავალიანების დამახსოვრება შეუძლებელი იყო, – თქვა გოგომ.

– განაგრძეთ, რა დაინახეთ როცა სალაროსთან დაბრუნდით, – ჰკითხა მოსამართლემ.

– ბატონო პროკურორო, როცა დავბრუნდი, გაძარცვული სალარო დავინახე. გონება დამიბნელდა. ფულის უჯრა ცარიელი იყო. არ ვიცი, გარეთ ჰაერის ჩასასუნთქად გავვარდი თუ გამქურდავის დასანახად. სასოწარკვეთილებაში ვიყავი,  რადგან, როცა დასახლებას გავხედე, მაშინვე ვიგრძენი, რომ ჩემი მშველელი ამ ქვეყნად არავინ იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა დაემართებოდა ჩემს შვილს, ან რა უნდა მეთქვა მაღაზიის მესაკუთრისთვის. მერე მოვიდა ქალბატონი, რომელმაც როცა შეიტყო ჩემი სასოწარკვეთილების მიზეზი, დამამშვიდა და მითხრა რომ ვიღაც დაინახა.

– პატივცემულო მოწმევ, მაღაზიის მესაკუთრემ თქვა, რომ ხშირად ტოვებდით სამუშაო ადგილს უყურადღებოდ და მას ეჭვი გაუჩინეთ, რომ შეიძლება დასახლების ბიჭებს ხელს უწყობდით მაღაზიის გაქურდვაში. რატომ ტოვებდით სალაროს უმეთვალყურეოდ, – ჰკითხა ადვოკატმა..

– არა, პატივცემულო, როგორ შეიძლება, გაქურდვაში ვინმესთვის ხელი შემეწყო?! – თქვა გამყიდველმა გოგონამ, – მე ხომ ჩემი შვილის საზრდოს ამ მაღაზიის საშუალებით ვშოულობდი!  მართალია, მაღაზიის მესაკუთრე ყველას ათვალისწუნებული ჰყავდა, მაგრამ მე არ შემეძლო მისი ათვალისწუნება, რადგან ბავშვის სარჩენ ფულს მიხდიდა. დასახლების ბიჭებთან კი არ მქონია არანაირი სიახლოვე. ისინი ლუდს და სიგარეტს ყიდულობდნენ ხოლმე ჩემთან და როგორც მევალებოდა, ისე ვემსახურებოდი. ხანდახან გარედან მართლაც მიყურებდნენ ხოლმე, ამას ვგრძნობდი და ჩემს ქმარს არ ვეუბნებოდი ამის შესახებ, მაგრამ სალაროს მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის გამო ვტოვებდი. უბრალოდ, უხერხული დაავადებაა და მრცხვენია ამაზე სასამართლოს დარბაზში ლაპარაკი.

– მოწმევ, თქვენ ვალდებული ხართ კითხვებს უპასუხოთ. სამწუხაროდ, სირცხვილის გრძნობა არ გათავისუფლებთ პასუხის გაცემის ვალდებულებისგან! – უთხრა მას მოსამართლემ, – უნდა მოგვიყვეთ ყველაფრის შესახებ, რაც დანაშაულს შეიძლება უკავშირდებოდეს!

– ბატონო მოსამართლევ, არაფერი ჩემი ქმედებიდან დანაშაულს არ უკავშირდება. ჩვენ ხომ დეპოს დასახლებაში ვცხოვრობთ. ჩემი ქმარი არ მუშაობდა და ყოველწამს შეეძლო მაღაზიასთან მოსვლა, რათა რამეში გამოვეჭირე, რის შემდეგაც სამსახურისთვის თავის დანებება მომიწევდა. მაღაზიასთან მყოფ ბიჭებთან რომ სიახლოვე მქონოდა, ქმარი ადვილად შეამჩნევდა. იმაზეც მიფიქრია, რომ ჩემს ქმარს ახლომახლოდან შეეძლო ეთვალთვალა და შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, სამსახურს მიმატოვებინებდა. შემოსავალს კი საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი ბავშვისთვის. თუნდაც ამიტომ არანაირი სიახლოვე არ მქონია ბიჭებთან, გარდა იმისა, რომ ლუდის საყიდლად შემოდიოდნენ.

– რატომ ტოვებდით სალაროს უმეთვალყურეოდ გოგონავ, ამ კითხვაზე მიპასუხეთ! – კატეგორიულად ჰკითხა ახლა მოსამართლემ.

– პატივცემულო მოსამართლევ, ხომ გითხარით, ეს ძალიან უხერხული საკითხია!

 

– მე გიპასუხებთ ბატონო მოსამართლევ, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი – წამოდგა პროკურორი, –  გოგონას დაავადება აქვს, რომელსაც  პოლაკიურია ეწოდება. შარდის გახშირებულ გამოყოფას ნიშნავს. მას უბრალოდ, სირცხვილის გრძნობის გამო არ შეეძლო ამის შესახებ ელაპარაკა მაღაზიის მესაკუთრესთან. იგი, უბრალოდ, ხშირად დადიოდა საპირფარეშოში.

– არა, ასეთი დაავადებით ეს გოგო მაღაზიის მესაკუთრეს თითს არ დააკარებინებდა, – გაიფიქრა მოსამართლემ, – ფარული ნახვრეტი რომ დაეტანებინა საპირფარეშოს კედელზე, როცა გოგო კაბის კალთებს აიკეცავდა, მისი ბარძაყებს დაინახავდა, თან როგორი სავსე თეძოები აქვს, გამოკვეთილი. კაბის აწევის დროს თეძოები ალბათ არ გამოუჩნდებოდა, მაგრამ ბარძაყების დანახვას მოახერხებდა და თან იმასაც მიხვდებოდა, რატომ ტოვებდა ეს გოგო ხშირად სალარო მაგიდას… – ადასტურებთ პროკურორის ნათქვამს? – ჰკითხა გამყიდველ გოგონას მოსამართლემ.

– პატივცემულო მოსამართლევ, სულ მეშინოდა, რომ ამ დაავადების გამო სამსახურს დამატოვებინებდნენ, რადგან ყოველთვის ვატყობდი, როგორ ღელავდა მაღაზიის მესაკუთრე, როცა სალაროსთან არ ვხვდებოდი. ვიცოდი, იგი დასახლების ბიჭებს არ ენდობოდა. მე რომ სალარო  არ მიმეტოვებინა, მაღაზიას ალბათ არ გაქურდავდნენ. ვიცი, რომ ჩემი მიზეზით დაზარალდა იგი. მაგრამ მეც ცუდ დღეში აღმოვჩნდი. თუ დანაკარგის ანაზღაურებას მომთხოვენ, ვერც თანხის შეგროვებას მოვახერხებ და ჩემი შვილიც უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდება.

 

 

 

1 2 3 4