მე რუსი ჯარისკაცი ვარ,

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი,

გულანთებული პატრიოტი,

და მარიუპოლთან ჩემი სამშობლოს საზღვრებს ვიცავ.

რახანია ამ ქალაქს ალყა შემოვარტყით და ვბომბავთ,

შეუპოვარი ბრძოლები გვაქვს უკრაინელ ფაშისტებთან,

მაგრამ მე მაინც, ყოველ დილით,

ხანდახან უწყვეტი კანონადის ქვეშაც კი,

ვკითხულობ ლოცვებს,

პირჯვარს ვიწერ და ქრისტეს ცხრა მცნებას ვიმეორებ.

ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული და

ჩვენი უწმინდესი პატრიარქის,

კირილე მეორეს მიერ ნაკურთხი სახარება

სულმუდამ ბუშლატის გულისჯიბეში მიდევს

და უსაზღვროდ მიყვარს,

რადგან ამ სიფრიფანა წიგნში

ძალიან ბევრი სიბრძნეა თავმოყრილი.

როდესაც ბოროტ მტერს გააფთრებით ვუტევთ,

ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ეს წმინდა ბროშურა

დამიცავს სიკვდილისაგან.

ის მე ბავშვობიდან მომყვება –

როცა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი,

მერე ინტერნატში,

ბოლოს კი სამხედრო სკოლაში.

ყველგან იყო სახარების ბროშურები და ბუკლეტები

ლოცვებითა და ცხრა მცნებით.

ისე, რა დასამალია და, ამას წინათ,

როცა სროლების ჩაწყნარების შემდეგ სანგარში ვიწექი,

ვფურცლავდი მას და ლოცვებს და მცნებებს ვიმეორებდი,

მოულოდნელად არტილერისტმა იაშკამ მითხრა,

სინამდვილეში მცნება ცხრა კი არა ათიაო.

რა სისულელეს ბოდავ-მეთქი, გამეცინა,

იმან კი – ბებიაჩემისგან ვიცი ზუსტადო.

მე ბებია არ მყოლია, არც ბაბუა,

პრინციპში არც დედა და მამა,

და რაც ვისწავლე, აი, ასე ვისწავლე,

თავშესაფარში, ინტერნატში, სამხედრო სკოლაში.

არ დავუჯერე იაშკას, მაგრამ ჩავეძიე მაინც:

თუ ათია, მითხარი აბა, მეათე რომელია-მეთქი.

მაგას ვერ გეტყვიო, უცნაურად გამიღიმა,

და რაკი სროლა ისევ ატყდა,

თავის ზარბაზანთან მიჩოჩდა სასწრაფოდ.

რატომ-მეთქი, არ შევეშვი,

და იმიტომ, რომ სამხედრო დანაშაულად ითვლება მაგის გათქმაო,

მიპასუხა გრუხუნის ქვეშ და მომიცილა,

რა დროს ეგაა, ვერ ხედავ, ეს დამპალი უკრაინელები

ისევ ცდილობენ შეტევაზე გადმოვიდნენო.

მერე, საღამოთი, წყალწყალა ბორშს რომ ვხვრეპდით,

კიდევ ერთი უცნაურობა დააბრეხვა იაშკამ:

უკრაინელები ჩვენსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიანო.

 

 

 

 

 

1 2 3 4