რას ამბობ, ბიჭო, მაგ ურჯულოებზე ამბობ, რომ

მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან-მეთქი? – გადავირიე.

ჰო, ეგეც ბებიაჩემის ნათქვამებიდან მახსოვსო.

გიჟი იყო ეტყობა ბებიაშენი-მეთქი, ავუქნიე ხელი,

და იმან, გიჟი კი არა, ის იყო, თუ იყო

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანიო.

დღე და ღამე ლოცულობდა,

პატიებას ითხოვდა,

სანთლით ხელში ხატის წინ მუხლმოდრეკილი იდგაო.

რომელი ხატის წინ,

ქრისტე იარაღით ხელში სინას მთაზე რომ ქადაგებს-მეთქი?

არა, ეგ ხატი ყალბია,

ბებიაჩემმა რომ ნახა, საერთოდაც დახიაო – მიპასუხა.

ვაჰ, ძალიან უცნაური ბიჭი იყო ეს იაშკა,

ასეთ დაუჯერებელ და საშიშ რაღაცებს მეუბნებოდა,

ოღონდ მთლად ბოლომდეც არა,

სულ მალავდა, მალავდა იმას, რაც ვითომ იცოდა.

მე კი არ მეჯერებოდა მისი მონაჩმახის,

მაგრამ უცნაურად ამანერვიულა მაინც

და გამიჩინა სურვილი,

ბოლომდე გავრკვეულიყავი, თუ რაში იყო საქმე,

მაგრამ ვერ მოვასწარი,

რადგან იაშკა სულ ორიოდე დღეში ბრძოლაში მოკვდა,

სნაიპერმა მოარტყა ტყვია

თავის ზარბაზანთან ჩაწოლილს.

ძალიან შემეცოდა, ამეტირა კიდეც,

ბიჭებს ვთხოვე, იქნებ რამენაირად დავმარხოთ-მეთქი,

მაგრამ იმ ადგილს ვტოვებდით და არაა ახლა მაგის დროო,

უხეშად შემომიღრინეს.

დარჩა ასე იაშკა ქალაქის შესასვლელთან,

თოვლსა და ლაფში ყორნების დასაკორტნად დაგდებული,

ისე, რომ ვერ მოასწრო ეთქვა ჩემთვის,

თუ რომელია მეათე მცნება,

თუკი ის მართლა არსებობს სადღაც

და ბებიამ, როგორც საიდუმლო,

დიდი ხნის წინ, ბავშვობაში, მართლა გაუმხილა.

ახლა ალიონია, სიმშვიდეა, გამომეღვიძა,

მიუხედავად იმისა, რომ სულ გამოუძინებელი ვარ,

მაინც ასე მეღვიძება ხოლმე,

ჩემით, სულმუდამ რაღაც ორიოდე საათში,

აფორიაქებულს და  გულშეწუხებულს.

 

 

 

 

1 2 3 4