ვთქვი დილის ლოცვა,
სახარების ბროშურაც ამოვიღე ბუშლატის გულისჯიბიდან
და იმ გვერდზე გადავშალე,
სადაც ქრისტეს ცხრა მცნება წერია.
დავაკვირდი ყურადღებით და მომეჩვენა,
რომ თითქოს მართლა აკლდა რაღაც.
ეს ათი ხომ მრგვალი რიცხვია,
და ამიტომ აშკარად უფრო უხდება ღვთის სათქმელს,
თან ადამიანის ხელის თითების რაოდენობაცაა.
თითო მცნება თითო თითივით უნდა იყოს წესით,
აი, რომ დახედავ შენს ხელებს,
რითიც ამქვეყნად საქმე უნდა აკეთო,
კეთილი ან ბოროტი,
და ამ თითებმა უნდა გიკარნახონ, როგორ იმოქმედო,
და რამდენად სწორად გაიგებ მათ ნათქვამს,
იმაზეა დამოკიდებული ყველაფერი…
არადა, თითქოს მოჭრილია ერთი თითი…
აი, ასე მეჩვენება ახლა, ახალგაღვიძებულზე,
როცა ჩემს ჭუჭყიან ხელებს დავყურებ,
ფრჩხილებში რომ მიწა აქვთ გამჯდარი,
ის მიწა, რომლისთვისაც
ასეთი შემართებით პატიოსნად ვიბრძვი,
დავყურებ და ვფიქრობ,
რომელია ის ამპუტირებული თითი,
რომელია ის მეათე მცნება,
რომელიც თითქოს იყო ადრე და მერე რატომღაც გააქრეს,
ვახ, იაშკა, რა გითხარი მე შენ,
რატომ გამიჩინე ასეთი ფიქრები,
რას მერჩოდი,
სად მივაგნო ახლა მე სიმართლეს, როგორ ვიპოვო,
მე ხომ ისეთი ჭკვიანი არა ვარ,
რომ ჩემით ჩავწვდე რთულ რამეებს,
ჩემით ამოვიცნო ქრისტეს სიტყვები…
იმ გვერდზე გადავშალე სახარების ბროშურა,
რომელზეც სინას მთაზე მოქადაგე
იარაღშემართული ქრისტეს ხატია გამოსახული,
ვემთხვიე, და დავუბრუნდი მცნებებს,
კიდევ ერთხელ წავიკითხე დიდი ყურადღებით,
თან ვთხოვ იესოს,
უფალო, მომეცი ძალა და
თუ მართლა არსებობს, მიმახვედრე,
რომელია შენი მეათე მცნება,
შემიწყალე და მიმახვედრე,
რომ მივყვე შენს სიტყვას
და ის გამოტოვებული მცნებაც აღვასრულო, –