ვინ იცის, იქნებ ყველაზე მთავარიც,

რაკი მოჭრეს, რაკი დამალეს, –

თუკი მართლა არსებობს

და არ იტყუებოდა იაშკა,

თუკი მართლა არსებობდა ბებიამისი,

რომელმაც იცოდა ამის შესახებ

და საიდუმლოდ გაანდო თავის პატარა შვილიშვილს,

მე ხომ ბებია არ მყოლია,

არც ბაბუა, და არც დედა და მამა,

მე ხომ სინამდვილეში ღვთის შვილი ვარ,

შენი შვილი ვარ,

და ამიტომ, ნუ დამიმალავ,

ვითომ იაშკას ბებია ხარ და

ჩამჩურჩულე ყურში მეათე მცნებაც,

თუკი ის მართლა არსებობს,

რომ მივყვე მასაც,

ისევე როგორც იმ ცხრას მივყვებოდი ამდენი წელი,

ყოველდღიურად ვიმეორებდი და

ვცდილობდი, ერთგული ვყოფილიყავი.

ღმერთო მაღალო, მეუფეო ზეცათაო,

სანამ ჯერ კიდევ პირში სული მიდგას,

სანამ მზეს ვხედავ, ახლახან ამოწვერილს

და თოვლის შარიშური მესმის,

სანამ გული ბუშლატის ქვეშ მიცემს და

მტრის ტყვიას საიქიოში არ გავუსტუმრებივარ,

გევედრები, არ დამიმალო და,

თუკი მართლა არსებობს, გამიმხილე,

რომელია მეათე ცოდვა,

გევედრები,

გევედრები,

გამიმხილე,

არ დამიმალო!

 

 

 

 

 

 

1 2 3 4