მთვრალი პოეტი

(დღისით გენიოსი),

ვინც ღამის სამ საათზე შორეული ქალაქიდან რეკავს და იძულებულს გხდის

ყურმილით ხელში იჯდე და

უსმინო, როგორ არწყევს

(თავად ამას უწოდებს

„გრძელი დანების ღამეს“***)

და ვისაც სიკვდილის ძახილი აღაგზნებს –

გაგიგებს.

 

ინსომნიით დაავადებული ადამიანი,

რომელსაც თავისი გულის

ივნისის ხოჭოსავით ფართხალი ესმის,

ტრანსისტორში უსმენს ლონგ ჯონ ნებელის საუბრებს ნიუ იორკიდან,

და წევს ლოგინში, ისე, თითქოს ქვის მაგიდაზე იწვეს –

გაგიგებს.

 

ღამის მორიგე ექთანი,

ვენეციური ჟალუზებივით მოჭუტული თვალებით,

ის, ვინც შედგება მილებისა და პლაზმისგან,

უსმენს გულის მონიტორის,

სიკვდილის ჭრიჭინის წრიპინს.

ის, ვისთვისაც შენ ხარ „ჩვენ“

და ბალისტიკური რაკეტასავით ფხიზლობს –

გაგიგებს.

 

დიდი ხნის წინ

ერთ მეფეს ჰყავდა თორმეტი

ერთიმეორეზე პირმშვენიერი ქალიშვილი.

მათ ერთ ოთახში საერთო საცხოვრებელივით

ჩარიგებულ საწოლებზე ეძინათ.

ღამით მეფე ოთახს ურდულით კეტავდა.

შეძლებდნენ გოგონები ოდესმე გაქცევას?

და მაინც, მეფეს ყოველ დილას თავისი ასულების ფეხსაცმელი ცეკვისგან დაგლეჯილი ხვდებოდა.

ყველა ფეხსაცმელი ისეთი გაცვეთილი იყო,

როგორც ძველი სუსპენზორიუმი.

თავად რომ ვერაფერი გაარკვია,

მეფემ მთელ სამეფოში გამოაცხადა, რომ

ვინც მიაკვლევდა, თუ სად ცეკვავდნენ ღამით

მისი ასულები, მეფე ნებას დართავდა,

ნებისმიერ მათგანზე  დაქორწინებულიყო.

 

თუმცა, მეფემ იქვე მახეც დააგო:

თუ ვინმე საიდუმლოს ამოხსნას ითავებდა,

მაგრამ პასუხს ვერ იპოვიდა,

სიცოცხლეს გამოემშვიდობებოდა.

ასე დაიწყო ეს ამბავი.

 

 

 

 

1 2 3 4 5