ჩაკ პალანიკი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია მსოფლიოში.

ის  1962 წლის 21 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ პასკოში დაიბადა. დღეს მას გამოცემული აქვს 20 ზე მეტი რომანი და 20-მდე მოთხრობების კრებული. მისი წიგნების მიხედვით გადაღებულია ფილმები.

როგორც კრიტიკოსები აფასებენ, მისი წიგნები ძირითადად ნიჰილისტურია, თუმცა ის ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი წიგნის გმირები რომანტიკოსები არიან, თუმცა, გამოხატავენ ისეთ იდეებს, რომლებსაც სხვები არ იზიარებენ.  “თუ სიკვდილი ნიშნავს სცენის დატოვებას  მხოლოდ იმ დროით, რაც კოსტუმების გამოცვლასა და სცენაზე ახალი გმირის სახით დაბრუნებას სჭირდება… დროს გააჭიანურებდით? თუ აჩქარდებოდით?“ – ამ შეკითხვით მიმართავს მწერალი „უხილავი მონსტრების“ ფურცლებიდან  მკითხველს და ამ ერთი შეხედვით თითქოს ნიჰილისტური განცხადებით მკითხველს ცხოვრების კუთხე-კუნჭულების საგულდაგულოდ მოჩხრეკას აიძულებს.

ჩაკ ალანიკის მიზანი არასოდეს ყოფილა მკითხველისთვის საყვარელი ან მისაბაძი გმირების შექმნა. შეიძლება პირიქითაც ითქვას, რომ ყველა მისი გმირი საზოგადოებისგან გარიყული სულიერად გატეხილი ადამიანია. „რთულია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფრო რთულია სიტკბოს დამახსოვრება.  ბედნიერება ჩვენ  არ გვიტოვებს იარას, რომელსაც მერე სხვებს ვაჩვენებთ“.  – ამბობს ჩაკ პალანიკის ერთ-ერთი პერსონაჟი და ტკივილისგან მიყენებული იარების ყველასთვის ჩვენებას ცდილობს და საპასუხოდ, მკითხველისგანაც იგივეს ელის.

მისი გმირები არც ტყუილს ერიდებიან,  არც სარგებელის მიღებას ცდილობენ ყოველთვის  პატიოსანი გზით. მაგალითად, „ხრჩობაში“,იმისთვის რომ ავადმყოფ დედას საავადმყოფოს ხარჯები გადაუხადოს, მთავარი გმირი  რესტორნებში სცენებს აწყობს, გარშემომყოფთ თავს ისე აჩვენებს, თითქოს ლუკმა ცდება და იხრჩობა. რა თქმა უნდა, იქვე მხსნელიც გამოჩნდება, რომელიც მოგვიანებით მას ფულსაც უგზავნის.

როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ალბათ ესაა, რაც მკითხველს ჩაკ პალანიკის წიგნებში იზიდავს – მისი გმირები გამუდმებით ეძებენ მხსნელს და სწამთ, რომ ადრე თუ გვიან, მათ ის აუცილებლად მოევლინებათ.

ჩაკ პალანიკის პოპულარობას ხელი განსაკუთრებით შეუწყო მისი რომანის მიხედვით 1999 წელს რეჟისორ დევიდ ფინჩერის  გადაღებულმა ფილმმა – „მებრძოლთა კლუბი“, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ასრულებენ.

ჩაკ პალანიკმა წერა უკვე 30-ს გადაცილებულმა დაიწყო, როცა მან მწერალ ტომ სპენბაუერის „სახიფათო წერის“ ვორქშოფი გაიარა.  როგორც თავად ამბობს, ამ ვორქშოფმა და ეომ სპენბაუერთან შეხვედრამ განაპირობა მისი პროზაიკოსად ჩამოყალიბება. “სახიფათო წერა“ გულისხმობდა იმ სახიფათო თემების შესახებ წერას, რომელიც ავტორს აშინებდა ან უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. წერა სახიფათო ხდებოდა, რადგან ადამიანს წერის დროს თავისი შიშები სხვადასხვა ხერხით დაუფარავად უნდა გამოეხატა. ამ ვორქშოფის შემდეგ დაწერა პალანიკმა „უხილავი მონსტრები“ და „მებრძოლთა კლუბი“ და შეიძლება ითქვას, მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ჩაკ პალანიკი 2020 წლის 10 იანვარს ელ ნეშთან ინტერვიუში ამბობს: „როგორც ყველა დამწყები მწერალი, მეც ამ ვორქშოფამდე სტივენ კინგის ასლი ვიყავი. ხან სკოტ ფიტჯერალდის ასლი. იმას ვამბობ, რომ დიდ მწერლებს ვბაძავდი. ტომმა კი მასწავლა, რომ აუცილებელია, ჩემი საკუთარი ხმა და სტილი შევქმნა.“

 

                                                                                                                   მთარგმნელისაგან

 

 

ჰაი-სქულის მეორე კურსზე ვიყავი. იმ საღამოს სპორტის გაკვეთილზე კალათბურთი ვითამაშეთ და მერე ყველანი გასახდელში შევედით. ჩვენს კარადებს ვხსნიდით და პირსახოცებს ვიღებდით, როცა მწვრთნელმა დამიძახა და უკან, მოედანზე გამიყვანა, კარგად არ მახსოვს, რისთვის,  საჯარიმო დარტყმებში თუ ცალი ხელით ფარის ქვეშიდან ბურთების ჩაგდებაში სავარჯიშოდ. ჩემი კარადა ღია დავტოვე და მოედანზე გავედი.

 

მაშინ ორი მეგობარი მყავდა: ფრედ რუთზი და რობერტ კრაუზი და მიმაჩნდა, რომ ორი მეგობარი სრულიად საკმარისი იყო. ჩვენ სკოლაში პოპულარული არ ვიყავით. მე და ფრედი იმის გამო, რომ სპორტში არ ვბრწყინავდით და რობერტი კი, იმიტომ, რომ ახალი გადმოსული იყო კოლუმბიის ჰაი სქულში, და თანაც, როგორ გავიგეთ, მშობლები ბალეტზე სიარულს აიძულებდნენ. წარმოიდგინეთ – კოლგოტი ეცვა. და მაინც, დარწმუნებული ვიყავი – ჩვენ სამიდან  რობერტს პოპულარობის ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა.

 

როდესაც გასახდელში დავბრუნდი, ბიჭებს უკვე წყალი გადაევლოთ და ტანთ იცვამდნენ. მეც ჩქარ-ჩქარა დავიბანე და ფეხები ტრუსებში ჩავყავი. თუ არ ვცდები, მაშინ მეცვა ხოლმე Sears თუ Penney ფირმის თეთრი ვიწრო ტრიკო.   ტრუსებს უბეში ოდნავ მუქი მოყვითალო ლაქა ეტყობოდა. შიშველი ფეხები რომ გავუყარე და ტრუსი ბანჯგვლიან მუხლებამდე ამოვიწიე, ჩემთვის დავასკვენი: „ალბათ დედას მათეთრებელი დაავიწყდა“.

ჩვენ უდაბნოში ვცხოვრობდით და ისეთი მძიმე, მინერალებით გაჯერებული წყალი გვქონდა, რომ თეთრ სარეცხს – ტრუსებს, მაისურებს, თუ სპორტულ წინდებს, ჟანგის ფერი ედებოდა.  მაშინ, როცა ჩემი ტრუსის რეზინის სარტყელი ის-ის იყო მუხლებს ასცდა,  უბეზე გაჩენილ მოყვითალო ლაქასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი მზად მქონდა – „დედამ მათეთრებელი დააკლო“.

მაისური გადავიცვი, შარვალიც ჩავიცვი, პერანგიც და წინდებიც.

ფეხსაცმლის ზონარები შევიკარი და სველი თმის დავარცხნას შევუდექი. ვჩქარობდი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ გასახდელი სავსე იყო ბიჭებით, რომლებიც წასასვლელად მზად კი იყვნენ, მაგრამ ფეხს არ იცვლიდნენ. რაღაცას ელოდნენ. წყნარად.

 

 

 


Spanish Fly*  აფროდიზიაკი,  სექსუალური მოთხოვნილების ასამაღლებლი საშუალება.

Hustler*- პორნოგრაფიული ჟურნალი.

 

 

 

1 2 3 4