ჩემ მეგობარ ბობის ასეთი ჰობი აქვს – შინ საპონს ამზადებს და ზუსტად ისეთ ფორმებში ასხამს და ისე ფუთავს, როგორც ფილმ „მებრძოლთა კლუბშია“ ნაჩვენები. ბობმა სწორედ იმ დღეებში მომიტანა საპონი დიდი ყუთით. იდეალური საპონი იყო, მიხაკისა და დარიჩინის არომატით, თუმცა, გამაფრთხილა, რომ ჯერ არ გამომეყენებინა. როგორც მითხრა, საპონი უნდა დადგეს, დაიწრიტოს, რადგან ის კაუსტიკურ სოდას შეიცავს, და თუ არ დააცდი, კანს დაგწვავს.

ჰოდა, ავიღე ორი ცალი საპონი და რობერტს გავუგზავნე ტეხასში. წიგნს კი წავაწერე:

„რობერტს. კვერცხები დაიბანე …“

 

ჩემი ესე ეხება „ავტორიტეტის მოპოვებას.“ თუ მოახერხებ და მკითხველის თვალში ავტორიტეტს  მოიპოვებ, მაშინ ის ყველგან გამოგყვება. ავტორიტეტის მოპოვებით  მკითხველის ნდობას მოიპოვებ, ის დაგიჯერებს, ხოლო შენ კი თხრობას ნებისმიერი მიმართულებით წაიყვან.

როცა ამბავს იწყებ, ავტორიტეტი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია.

 

მე ავტორიტეტის მოპოვების  ორ ყველაზე ეფექტურ მეთოდს ვიყენებ. ესენია:

  1. გულწრფელობა და გულახდილობა.
  2. ცოდნის გამოვლენა.

მოკლედ რომ ვთქვათ, გულისა და გონების მეთოდი.

 

ამ ესეში პირველი მეთოდი გამოვიყენე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენც გამოიყენებთ ამ მეთოდს,  დიდ რისკზე წახვალთ, რადგან ყველას გაუზიარებთ ისეთ ამბავს, რომელიც  თქვენ არც ისე სახარბიელო კუთხით წარმოგაჩენთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ თავს არა გმირის, არამედ სულელის მდგომარეობაში აყენებთ.  როცა ასე იქცევით, თქვენი მკითხველი ემოციურად ერთვება თქვენს ამბავში. თქვენი გულწრფელობა არწმუნებს მკითხველს, რომ თქვენი თვითმიზანი არ არის ქვეყანას საკუთარი დიდებულება აჩვენოთ. თქვენ წარუმატებლობაზე საუბრობთ, ხედავთ და აღიარებთ საკუთარ სისუსტეებს და ამით მაგალითს აძლევთ მკითხველს, მათაც თვალი გაუსწორონ საკუთარ სისუსტეებს. თქვენ თქვენი გულწრფელობით აცხადებთ, რომ საკუთარი თავის დიდებულად წარმოჩენა, არც თხრობის და არც ცხოვრების მთავარი მიზანი არ უნდა იყოს.

 

მეორე მეთოდი, რომელსაც მე წერის დროს ვიყენებ, არის ცოდნის დემონსტრირება: დაანახეთ მკითხველს, რომ იმ თემაზე, რომელზეც წერთ, თქვენ საფუძვლიანი კვლევა გაქვთ ჩატარებული, რომ თქვენი მთხრობელი არის საქმის პროფესიონალი და მას  წიგნში მოყვანილ საკითხებზე თავისუფლად  შეუძლია საუბარი. მართალია,  ამ შემთხვევაში მკითხველი თხრობაში ემოციურად ვერ ჩაერთვება, მაგრამ თქვენი ცოდნა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე და თავადაც ცოდნის შეძენას მოანდომებს.

 

ის ამბავი, რაც მე საილუსტრაციოდ მოვყევი,  არის ჩემი, როგორც ავტორის გულწრფელობის მანიშნებელი.

ხოლო ამ ესეს მეორე ნაწილში კი „გონების მეთოდი“ გამოვიყენე.

ემოცია ინტელექტის წინააღმდეგ.

 

ჩემს ერთ-ერთი წიგნის, „გადარჩენილი“, ორმოცდამეექვსე თავში გამოყენებულია „გულის მეთოდი“. ამ თავში ნაჩვენებია, რომ მთხრობელი თვითმკვლელთა დახმარების ყალბ სამსახურს ქმნის იმისთვის, რომ თავისი მსგავსი სულიერად განადგურებული ადამიანები გაიცნოს.

თუმცა, ორმოცდამეოთხე თავში, სადაც მოცემულია ოჯახური გაურკვეველი რჩევების ქორო, გამოვიყენე „გონების მეთოდი“.

 

რომ შევაჯამოთ, „გულის მეთოდი“ მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას გულახდილობითა და პიროვნული სისუსტის აღიარებით ახდენს, ხოლო „გონების მეთოდი“ – ცოდნით.

 

შეგიძლიათ თქვათ, რომ სტივენ კინგი ძირითადად „გულის მეთოდს“ მიმართავს. გაიხსენეთ, როგორ შემოდის თითოეული პერსონაჟი –  ნელა, ფრთხილად, ისე, რომ მკითხველში სიმპატია გამოიწვიოს და თავისად მიიღოს. არც ისე ხშირად გადააწყდებით მის რომანებში სტატისტიკას, ფაქტებს, თუ ცოდნის დემონსტრირებას.

 

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია დენის ჯონსონის „იესოს ვაჟი“,  სადაც ბრუტალური მომენტები ისე პირდაპირ და შეულამაზებლადაა აღწერილი, რომ ხელიდან ვერ ვაგდებ და სულ ვკითხულობ და ვკითხულობ. თანაც, ყოველ ჯერზე გული მიჩუყდება და თავზარი მეცემა.

 

თქვენ შეიძლება ისიც თქვათ, რომ ტომ ქლენსიც „გონების მეთოდს“ იყენებს. ის აღწერს სამხედრო და სამთავრობო პროცედურებსა და ტექნოლოგიებს, რათა მკითხველი იმაში დაარწმუნოს, რომ წიგნის გმირი ნიჭიერი და განსწავლულია, რის გამოც, მასთან გატარებული დრო დაკარგულად არ ჩაითვლება. ამასთან, ის წიგნში ქმნის ტერმინთა სისტემას, რაც მკითხველზე შთაბეჭდილების მოხდენისა და ცოდნის გამომჟღავნების ერთ-ერთი ხერხია.

 

 

1 2 3 4