ამასობაში, ჩამობნელდა კიდეც. ზამთარი იდგა, კალათბურთის სეზონი, ის დრო, როცა მაწანწალა ძაღლები ჯგუფ-ჯგუფად დარბოდნენ, რომ არ გაყინულიყვნენ. მათ შორის იყო ჩვენი ძაღლიც, ბორდერ კოლი. მდინარესთან ძაღლები ხშირად თხრიდნენ ორმოებს და ღრმად ფლავდნენ ერთად მონადირებული ირმის ან კურდღლის სისხლშემხმარ ნაგლეჯებს. ბნელოდა, მე კი სახლამდე მისასვლელად დათოვლილ ქვიშის ბორცვებში ამოჩრილი ეკლიანი აბზინდისა და ოპუნციის ბუჩქნარებით სავსე უდაბნო უნდა გადამევლო, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმოდა მაწანწალა ძაღლების ავისმომასწავლებელი ყეფა და კბილების კრაჭუნი. ასეთ უმთვარო ღამეებში ისე ცივა, რომ შენი ფილტვები თეთრ ფუმფულა ღრუბლებს ამოახველებს, ხოლო ყინვა კი გაავებული ძაღლების ღრენას ზედ ყურთან მოგიტანს. კალათბურთის დარბაზიდან ჩემი სახლის სამზარეულოს კარამდე სამიათასექვსასთორმეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა. ჩემი ნაბიჯებით თუ გავზომავდით. ან შემეძლო მერბინა. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ძაღლი თავს არ დამესხმებოდა, მერე რა, თუ ისიც იმ მყეფარე, ბზრიალა, დაკრეჭილი კბილებისა და ბეწვის აზვირთებული ტალღის ნაწილს შეადგენდა.
ფიქრებმა წამიღო და არც კი შემიმჩნევია, რომ მთელი კალათბურთის გუნდი მდარაჯობდა. ბიჭები სახლში არ მიდიოდნენ. იდგნენ და იცდიდნენ. ბუნებრივია, ფრედი და რობერტი მელოდებოდნენ – ჩემი მეგობრები. ჩვენ ერთად ჩავიფიქრეთ, გვეყიდა Spanish Fly* რომლის რეკლამა ჟურნალ Hustler*-ის ბოლო გვერდზე ვნახეთ და როგორღაც სკოლის სასმელი წყლის სისტემაში შეგვერია. ასევე, ვგეგმავდით სამხრეთით, ნევადაში, მუსტანგ რანჩოზე წასვლას ღამით და იმავე ღამით უკან დაბრუნებას, რაც დაახლოებით ათას კილომეტრი გამოვიდოდა. სკოლაში იყვნენ ისეთი უფროსკლასელებიც, რომლებიც ყოველ დილით დერეფანში ჩემ კარადასთან ჩამწკრივებლები მხოლოდ იმისთვის მხვდებოდნენ, რომ ჩემთვის მოემღერათ:
„მომწო-ვე,
პალა-ნიკ, **ე…“
ისინი ისეთი მონდომებით და ამაღლებული განწყობით მღეროდნენ, თითქოს გოგონათა მხარდაჭერის გუნდი რეპეტიციას გადიოდა. ორი მეგობარი შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ჩემთვის საკმარისი იყო. ორი უკეთესია, ვიდრე არცერთი.
როგორც იქნა, ჩავიცვი, წასასვლელად გავემზადე, კარადის კარი დავხურე და ბოქლომი ჩავატკაცუნე.
მერე კვერცხებზე ცეცხლი მომეკიდა. კვერცხები. მე კვერცხები მეწვოდა, გასახდელში კი ყველა ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
შარვალი გავიძრე, პერანგი ისე შემოვიგლიჯე, რომ ჰაერში ყველა ღილი ერთბაშად აფრიალდა, ფეხსაცმელი წინდებიანად მოვისროლე, შხაპში შევხტი და ხეხვა გიჟივით დავიწყე.
ის იყო მათი ხუმრობა, ის – მოყვითალო ლაქა ჩემს ტრუსებზე, ის, რომლის ამოსაყვანად დედას მეტი მათეთრებელი უნდა დაესხა. სინამდვილეში ჩემს ტრუსებს ტკივილგამაყუჩებელი გელის კვალი ეტყობოდა. ეს იყო კუნთების გამახურებელი გელი. ის უფრო და უფრო აგეწვებოდა და გაგახურებდა, თუ დაიზელდი ან გაიხეხავდი. ამ გულისამრევ მაზუთივით ნივთიერებას ვერც წყლით მოიშორებდი, ვერც საპნით. ეს რაღაც ზე-ძლიერი საშუალება სკოლამ შეიძინა და გასახდელში თაროზე დააწყო. ვიდრე მე საჯარიმო დარტყმებში ვვარჯიშობდი, ვიღაცამ ის თეთრი ტუბი აიღო და ჩემს ტრუსებს შიგნიდან უხვად წაუსვა. გასახდელში ბიჭები იცინოდნენ, მე კი შხაპში კვერცხებს ვიხეხავდი. მერე ყველამ ჩაიცვა, ქურთუკები შეიკრა, ქუდები ჩამოიფხატა, ზურგჩანთები მოიკიდა. მე ისევ კვერცხებს ვიხეხავდი. ყველა გაიკრიფა, მწვრთნელმა სინათლე ჩააქრო, მე ისევ ვიხეხებოდი, კვერცხებზე ისევ ხანძარი მენთო.
სიბნელეში გასავლელი სამიათასექვსასთორმეტი ნაბიჯი წინ მიდევს. ჩემი გაქცეული ძაღლი შემზარავ სიბნელეში ყეფს, მაწანწალა ძაღლების ხროვასთან ერთად დაძრწის და რომელიღაც ცხოველს ბრდღვნის.
რობერტ კრაუზი აღმოჩნდა. მან წაუსვა ის გამახურებელი ჩემს ტრუსებს. მხოლოდ იმისთვის, რომ უფროსკლასელებს შორის ავტორიტეტი აემაღლებინა. გამყიდველი აღმოჩნდა ის, ვისაც ვენდობოდი. ამის მერე მან პოპულარობა მოიპოვა – მთელს სკოლაში გავარდა ჩემი ამბავი.
შემდეგ ზამთარს კალათბურთს თავი დავანებე. სამსახური დავიწყე კინოთეატრში: ბილეთებს გვერდს ვახევდი, პოპკორნს ვამზადებდი, კინოფირს ვაწებებდი. შორს წავედი. იქ, სადაც არავინ მიცნობდა. ყოველ საღამოს გზაში რადიოში ოცი სიმღერის, ან კასეტაზე რვა სიმღერის ორჯერ მოსმენას ვასწრებდი. დედამიწა უფრო დიდია, ვიდრე ბარბაკი, პატარა ქალაქი ვაშინგტონის შტატში და მეც, სკოლის დამთავრების შემდეგ გზა გავაგრძელე.
წელს ტეხასიდან წერილი მივიღე. წერილი აღმოჩნდა რობერტ კრაუზისგან, რომელსაც თურმე ავტოგასამართი სახელოსნო ჰქონია და იმისთვის მომწერა, რომ გაეგო, ბოლო ოცდასამი წელი რას ვაკეთებდი. წერილში მითითებულია, რომ ის „უკეთესი ბიზნესის ბიუროს“ წევრია. მე რობერტს „გაქცეულები და დევნილები“ და „სამოგზაურო წიგნი“ გავუგზავნე „ღია ბარათის“ ესეებთან ერთად.