რამდენი ფილმი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რომლის დასასრულსაც გაოგნებული დარჩენილხართ, იმდენად არ მოელოდით სიუჟეტის ისე დაგვირგვინებას, როგორც  რეჟისორმა შემოგთავაზათ? დაწყებული კლასიკური „ლუკ, მე მამაშენი ვარ“ („იმპერიის საპასუხო შეტევა“) თუ ბრედ პიტის სასოწარკვეთილი კივილით „რა დევს ყუთში?“ („შვიდი“), კინემატოგრაფი მრავლად ინახავს ეფექტურ და დასამახსოვრებელ მოულოდნელ დასასრულებს; ზოგი მათგანი შოკისმომგვრელია, ზოგი მხიარული, ზოგიც იმდენად აბსურდული, რომ ამით ქმნის მოულოდნელობის ეფექტს. დღეს წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მოულოდნელ დასასრულს კინოში. სია ისეთი ფილმებითაა დაკომპლექტებული რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ფართო მასებში. ხო, რასაკვირველია ტექსტი სპოილერებითაა სავსე.

Spoorloos

ჰოლანდიური ტრილერი ახალგაზრდა გოგონას, სასკიას გაუჩინარების შესახებ გვიყვება, რომლის გამტაცებელსაც მალევე ვეცნობით. გატაცებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწია  სასკიას, მის შეყვარებულ რექსს არ ასვენებს მისტიკური გარემოების შეცნობის სურვილი. მალე რექსს გოგონას გამტაცებელი უკავშირდება და აქედან იწყება მთავარი ფსიქოლოგიური განტოლება. იმისთვის, რომ რექსმა გაიგოს, თუ რა მოუვიდა სასკიას, უნდა შეასრულოს გამტაცებლის მითითებები. რომანტიკულ პასაჟებს დამატებული ძლიერი სასპენსი საკმაოდ სანახაობრივს ხდის სურათს. ბოლოს გამტაცებელთან პირისპირ შეყრილი რექსი არჩევანის წინაშე დგება, ან მოკლას დამნაშავე, ან პოლიციას ჩააბაროს, ან მის წესებს დამორჩილდეს და ბოლოს და ბოლოს შეიტყოს, რა ბედი ეწია  სასკიას.  რექსი ამ უკანასკნელ მოცემულობას თანხმდება, გამტაცებლის მიწოდებულ დამაძინებლებით სავსე ყავას სვამს და მიწაში ჩაფლულ კუბოში ეღვიძება. რექსი საკუთარ თავზე გამოცდის, თუ რა დაემართა სასკიას. დამნაშავე დაუსჯელი რჩება, მაყურებელი ფრუსტრირებული.

Invasion of the body snatchers (1978)

ფილიპ კაუფმანის ფილმში უცხოპლანეტური რასა, ჩუმად ახდენს ადამიანების ჩანცვლებას მათი კლონებით, რომლებიც დაცლილი არიან ემოციებისგან. მთავარი პერსონაჟები მეთიუ და ელიზაბეტი ცდილობენ ამოხსნან, მათ ირგვლივ მყოფი ადმაიანების უცნაური ცვლილებები და საბოლოოდ კონსპირაციის საფუძველსაც მიაკლევენ. დასასრულს, სამსახურში მიმავალი მეთიუ ხედავს ბავშვების ჯგუფს, რომლებიც კლონირებისთვის მიყავთ, სამსახურში კლონირებული ელიზაბეტი ხვდება, რომელიც უცხოსავით უყურებს. ლანჩზე გამოსულს მას ნაცნობი ქალი, ნენსი ეძახის, რომელიც კლონირებას გადაურჩა. მის დანახვაზე მეთიუ მოულოდნელად პირს აღებს და არაამქვეყნიურ ხმას გამოსცემს, რითაც ვხვდებით, რომ ისიც კლონირებულია და მთელ ქალაქში მხოლოდ ნენსი დარჩა შეუცვლელი.

Enemy

დენი ვილნევის „მტერი“ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც იდენტობის პოლიტიკებზე, ტოტალიტარიზმის ბუნებაზე, პირად ურთიერთობებზე, ისტორიის კვლავწარმოებაზე გვესაუბრება და ამას ძალიან საინტერესოდ აკეთებს. თუმცა მისი დასასრული ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მოულოდნელი საფინალო კადრია კინოს ისტორიაში. ობობები მთელი ფილმის მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელთაც  არაერთხელ ვხვდებით სხვადასხვა სიტუაციებში. დასკვნით სცენაში ჯეიკ ჯილენჰოლის მთავარი პერსონაჟი გააცნობიერებს, რომ  ინსტინქტები და ვნებები ისევ ძლევს და კვლავ განაგრძობს ცოლის მოტყუებას. მეუღლის ოთახში შესული ხედავს, რომ ქალი გიგანტურ ობობადაა გადაქცეული, რომელიც შეშინებული ეკვრის კედელს. სახეზე გვაქვს დაუვიწყარი მეტაფორა და შთამბეჭდავი დასასრული.

 

 

1 2 3 4