Nowhere

ერთ-ერთი საუკეთესო კინოწვეულება, სადაც შეიძლება მოხვდეთ, 1997 წელს მოაწყო რეჟისორმა გრეგ არაკიმ ფილმში „არსად“, რომელიც 90-ანი წლების ამერიკული ახალგაზრდობის ყოველდღიურობას აღწერს. რეჟისორი ეხება ახალგაზრდების საკუთარ სექსუალობასთან თვითგამორკვევის, გაუცხოების, შიშების, ერთმანეთთან ემოციების გაცვლის საკითხებს და ამას აღწერს როგორც ფსიქოდელიურ მოგზაურობას თინეიჯერების კოლექტიურ ცნობიერში. ფილმში მრავალი უცნაური რამ შეგხვდებათ, თუმცა ყველაზე დიდი უცნაურობა მაინც მისი ბოლო სცენაა. უცხოპლანეტელების შესახებ ფილმის გმირი მონტგომერი არაერთხელ საუბრობს და ყვება, როგორ გახდა მათი  მსხვერპლი, როგორ გაიტაცეს და ა.შ.  თუმცა, იქიდან გამომდინარე,  რომ ფილმში უამრავი უცნაურობა ხდება, მისი საუბარი არასოდესაა სერიოზული განსჯის საგანი. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მთელი ამ დორის მანძილზე მონტგომერი მართალს ამბობდა და მთავარ პერსონაჟ დარკის გვერდით მწოლარე უცებ ბრონქიტულ ხველებას დაიწყებს, შემდეგ შუაზე გასკდება, მისი ორგანიზმიდან გიგანტური ხოჭო გამოძვრებდა, დაგვემშვიდობება და ფანჯრიდან გადახტება. ამ დროს მთავარი პერსონაჟის და მაყურებლის ყბის იატაკისკენ დესანტირება ერთდროული პროცესია.

The Sting

ჯორჯ როი ჰილის სანიმუშო კრიმინალურ კომედიაში ისეთი ფინალის მომსწრენი ვხდებით, რომელიც თავისი მოულოდნელობით სიხარულს იწვევს. ელეგანტური აფერისტები პოლ ნიუმენი და რობერტ რედფორდი მსხვილი მიწისქვეშა ბანქოს მატჩის დროს კრიმინალი ბანკირის გაცურებას ცდილობენ, კომპლექსური გეგმა და მაქინაციები გაამართლებს, თუმცა საბოლოოდ ორივე მათგანი მოკვდება. თუმცა ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ მათი სიკვდილიც აფერის ნაწილი იყო და ისე, როგორც ფილმის ანტაგონისტი, მაყურებელიც ოსტატურად გააცურეს. მსგავსი სასიხარულო ტყუილები კი ყოველთვის მისაღებია.

The Cabinet of Dr. Caligari

გერმანული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, „ექიმი კალიარის კაბინეტი“ სავარაუდოდ პირველი ფილმია კინოს ისტორიაში, სადაც ე.წ. „თვისთი“ იხილა აუდიტორიამ. ექიმი კალიარი თავის პაციენტ ჩეზარეს ჰიპნოზის საშუალებით ავალებს ადამიანების მკვლელობებს. ეს საკმაოდ ძლიერი მეტაფორა შეიძლებოდა ყოფილიყო ფილმის გადაღების, 1920 წელს, თუ ექიმ კალიარის გერმანულ სახელმწიფოდ, ჩეზარეს კი მის მიერ ბრმად მართულ საზოგადოებად წავიკითხავდით. თუმცა ფილმის ბოლოს ირკვევა, რომ მთელი ისტორია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, პაციენტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ექიმი კალიარი კი ფსიქიატრიულის დირექტორი. მსგავსი ნარატიული ბრუნი შემდეგ არაერთხელ გამეორებულა, თუნდაც ზემოთხსენებულ „იაკობის კიბეში“, თუმცა არასოდეს ისე შთამბეჭდავად, როგორც ეს „ექიმი კალიარის კაბინეტში“ ხდება.

 

1 2 3 4